ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში რუსეთში "შავი ჭირის" შესაძლო გავრცელებასა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საუბრობს:
- რეალურად დადასტურებული, ალბათ, ჯერ არაფერია. ერთადერთი, რაც რეალისტურად ვიცით, ის არის, რომ ახალგაზრდა ქალი გაურკვეველი პნევმონიით გარდაიცვალა. ამას დადასტურებულად ამბობენ. ამ შემთხვევის გამო რამდენიმე ასეული ადამიანი - როგორც გარდაცვლილის თანამშრომლები, ისე დამატებითი კონტაქტები, იზოლაციაში გადაიყვანეს.
ეს გარემოება, რა თქმა უნდა, სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ ჩვეულებრივ პნევმონიასთან საქმე არ გვაქვს, რადგან ასეთ დროს ამდენ კონტაქტს იზოლაციაში არავინ გადაიყვანდა. გარდა ამისა, დაზუსტებულია, რომ ეს ქალი შავი ჭირის ლაბორატორიაში მუშაობდა.
შესაბამისად, ეს შემთხვევა ჩვეულებრივი არ არის, სერიოზულია და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ფრაზა - "პანიკის საფუძველი არ არსებობს" არ მომწონს. პანიკა არც ერთ რთულ სიტუაციაში საჭირო არ არის, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილეა აუცილებელი. როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მეც იმ ადამიანთა შორის ვიყავი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. თუმცა, რადგან პროცესი ისეთ ქვეყანაში, ჩინეთში, დაიწყო, სადაც ეპიდაფეთქებების დროს ნორმალური კომუნიკაცია ჭირს, პანდემიის ლოკალიზება ვერ მოხერხდა, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახლა მეორე ასეთ ქვეყანასთან, რუსეთთან, გვაქვს საქმე, საიდანაც ამბების რეალურად გაგება და ნორმალური კომუნიკაცია შეუძლებელია. ამიტომ, მშვიდად ყოფნა და იმის მტკიცება, რომ საფრთხე ჩვენამდე ვერ მოაღწევს, არასწორია. რა თქმა უნდა, რისკი დაბალია, თუმცა ისეთი დაავადების დროს, როგორიც შავი ჭირია, მცირე რისკსაც კი მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება.
რაც შეეხება შეშფოთების მიზეზებს: ამ დაავადების პირველადი ამოცნობა ძალიან რთულია. ეს პრობლემა იმ ქვეყნებშიც დგას, სადაც ეპიდემიოლოგების, ექიმების, პოლიციელებისა თუ ჯარისკაცების, მესაფლავეებისაც კი, მზადყოფნისთვის მუდმივი ტრენინგები ტარდება. მსგავსი ბიოლოგიური აგენტების გავრცელების მოდელირებული სცენარები ბევრჯერ მაქვს გავლილი.
ცივილიზებული ქვეყნები მუდმივად ცდილობენ, ნებისმიერი განვითარებისთვის მზად იყვნენ, რადგან პირველი შემთხვევების შემდეგ დროული რეაგირება ძალიან ჭირს.
საქართველოსნაირ ქვეყანაში პნევმონიის დიაგნოზით პაციენტის შეყვანისას, დიდი დრო გავა, სანამ მივხვდებით, რომ საქმე შავ ჭირთან გვაქვს. დაავადება ჩვეულებრივი პნევმონიის სახით მიმდინარეობს და მას მარტივად ვერ გაარჩევ, რომ შავ ჭირთანაა ასოცირებული.
პირველი შემთხვევებიდან ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ იმისთვის, რომ ვითარება სწორად შეაფასონ. ლეტალობაც მაღალია, ინკუბაციური პერიოდიც მცირე აქვს და დაავადებაც სწრაფად პროგრესირებს. ანტიბიოტიკების არსებობა იმედისმომცემია, თუმცა მთავარია, სპეციალისტები ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ. უკეთესია, ეს პრევენციული ზომები ტყუილად გატარებული აღმოჩნდეს, ვიდრე საფრთხეს მოუმზადებლები შევხვდეთ.
- პირდაპირი რეისის არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მგზავრი თბილისში შუალედური აეროპორტით მაინც ჩამოფრინდება. სხვადასხვა აეროპორტში ამ დაავადებაზე მასობრივი სკრინინგი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, იმ რეგიონიდან შუალედური რეისებით ჩამოსული მგზავრები დამატებითი ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ. შავი ჭირი კოვიდთან შედარებით ძნელად გადამდებია, თუმცა მისი შედეგები შეუდარებლად მძიმეა. ამიტომ, ერთეული შემთხვევებიც კი დიდ პრობლემას შექმნის. ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მოძიება და მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება. ისეთ დაავადებაზე ვლაპარაკობთ და ისეთ შესაძლო მძიმე შედეგებზე, რომ თუნდაც უსაფრთხოების ზომების მიღება, ზედმეტი მობილიზება და სიფრთხილე ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაწყენს.