10 წლის ჟან ვან დენ ბერგისთვის დაბადების დღის საჩუქარი ამჯერად არც სათამაშო ყოფილა, არც კონსოლი და არც ახალი ველოსიპედი. ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა და ავტომობილების კოლექციონერმა იერონ ვან დენ ბერგმა შვილს Ferrari 599 GTO აჩუქა — უკიდურესად იშვიათი სუპერქარი, რომლის მხოლოდ 599 ეგზემპლარია გამოშვებული. ავტომობილის კონკრეტული შესყიდვის ფასი საჯაროდ არ სახელდება, თუმცა ამ მოდელის დღევანდელი საკოლექციო ღირებულება დაახლოებით 900 ათასი დოლარიდან 1.5-1.6 მილიონ დოლარამდე შეიძლება აღწევდეს.

ყველაზე უჩვეულო დეტალი კი ისაა, რომ 10 წლის ჟანისთვის 599 GTO პირველი Ferrari არ გახლავთ.
მას უკვე აქვს Ferrari 488 Spider, რომელიც ასევე გამორჩეული მანქანაა.

ეს ავტომობილი ჟანს ჯერ კიდევ პატარა ასაკში აჩუქეს. ამ ამბის შესახებ ჰოლანდიური მედია ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა.
უფრო მეტიც, ჟანის უფროს დას, ამელსაც, ოჯახმა Ferrari აჩუქა — Ferrari 458 Speciale Aperta. ანუ ოჯახში ბავშვებისთვის ძვირად ღირებული სუპერქარების ჩუქება გამონაკლისი არ ყოფილა.
იერონ ვან დენ ბერგი ჰოლანდიელი მეწარმეა და Carlink-ის დამფუძნებელი — კომპანია პრემიუმ და ძვირადღირებული ავტომობილებით ვაჭრობს. დღეს მისი ბიზნესინტერესები ავტომობილებსაც სცდება.


მისი ჰოლდინგის, Gotcha Holding-ის ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია სხვადასხვა სფეროში მოქმედ რამდენიმე ბიზნესში მონაწილეობს. მათ შორისაა Carlink და სამხედრო/თავდაცვითი ტექნიკის მწარმოებელი Defenture, რომელშიც Gotcha Holding საკონტროლო წილს ფლობს.
Carlink-ის მასშტაბზეც არსებობს საჯარო მონაცემები: ჰოლანდიურ ბიზნესმედიაში წლების წინ ვან დენ ბერგი ამბობდა, რომ პრემიუმ ავტომობილების იმპორტისა და ბიზნესკლიენტებისთვის ავტოპარკების მიწოდების მიმართულებით მისი საქმიანობის წლიური ბრუნვა დაახლოებით 100 მილიონ ევროს აღწევდა.
ვან დენ ბერგის სახელთან წლების განმავლობაში არაერთი განსაკუთრებული ავტომობილი იყო დაკავშირებული.მას ჰქონდა Bugatti Chiron, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 3.3 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა. 2020 წელს მასზე საუბრობდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილზე ნიდერლანდებში.მის ავტომობილებთან დაკავშირებულ ისტორიაში გვხვდება ასევე Ford GT, McLaren-ის განსაკუთრებული მოდელები და Ferrari-ს იშვიათი ავტომობილები.ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი იყო Ferrari Sergio — Ferrari-მ ამ მოდელის მხოლოდ ექვსი ეგზემპლარი შექმნა. ვან დენ ბერგი ერთ-ერთ მათგანს წლების წინ დაახლოებით 4.4 მილიონ ევროდ ყიდდა.
ავტომობილებისადმი ასეთი დამოკიდებულება ვან დენ ბერგისთვის უბრალოდ ჰობი არ არის. მისი ბიზნესიც სწორედ იშვიათი და ძვირადღირებული მანქანების სამყაროს უკავშირდება.
2007 წელს გამოქვეყნებულ მილიონერების სიაში ის 35 წლის ასაკში მოხვდა, სადაც მისი ქონება დაახლოებით 6 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ეს, რა თქმა უნდა, თითქმის ორი ათწლეულის წინანდელი მონაცემია და დღევანდელ ქონებას ვერ აღწერს, თუმცა აჩვენებს, რომ მისი ფინანსური წარმატება ბოლო წლების Ferrari-ების ისტორიით არ დაწყებულა.შემდგომ წლებში მისი ბიზნესინტერესები გაფართოვდა — მედიის ცნობით, მას უკავშირდებოდა ღამის კლუბი Club Air, უძრავი ქონება, ენერგეტიკის სფეროს კომპანია Voltiq და მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდიც.
ბიზნესმენის მეუღლე ნიდერლანდებში ცნობილი მოდისა და ტელესამყაროს წარმომადგენელი მარია ტეილორია.


ვან დენ ბერგსა და ტეილორს ორი შვილი ჰყავთ — ჟანი და მისი უფროსი და ამელი. წყვილი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, თუმცა 2018 წელს მათი ურთიერთობა დასრულდა. ჰოლანდიური მედიის ცნობით, ისინი მანამდე იბიცაზეც ცხოვრობდნენ, სადაც ოჯახისთვის სახლი ააშენეს — აუზით, ბაღითა და ხმელთაშუა ზღვის ტიპის გარემოთი.
ვან დენ ბერგს შვილებთან ახლო და აქტიური ურთიერთობა აქვს და ავტომობილების სიყვარულს მათაც უზიარებს.


