ბავშვებზე ზრუნვის 30-წლიანი გამოცდილება, დადებითი შეფასებები და მშობლების ნდობა — ამ ყველაფრის მიღმა კი ვითარება, რომელიც სასამართლოში ბავშვების უგულებელყოფისა და მიტოვების აღიარებით დასრულდა.
შოტლანდიის ქალაქ დანფერმლინში მომუშავე 55 წლის ამანდა მეთიუსონი სამი ათწლეულის განმავლობაში ბავშვების მომვლელად მუშაობდა. მშობლები მას შვილებს ანდობდნენ, მისი საქმიანობა კი წარსულში დადებითადაც იყო შეფასებული. თუმცა 2024 წელს დაწყებულმა გამოძიებამ სრულიად განსხვავებული სურათი გამოავლინა: მომვლელი, რომელსაც ერთდროულად მაქსიმუმ რვა ბავშვის მოვლის უფლება ჰქონდა, გაცილებით მეტ ბავშვს იტოვებდა, ზოგჯერ კი ისინი სახლში ზედამხედველობის გარეშე რჩებოდნენ...
2026 წლის 6 ოქტომბერს შედგა პროცესი - მეთიუსონმა კირკკალდის შერიფის სასამართლოში ბავშვების განზრახ უგულებელყოფისა და მიტოვების ბრალდება აღიარა. სასამართლოსთვის წარდგენილი მასალების თანახმად, ერთ-ერთ შემთხვევაში მის სახლში 27 ბავშვი იმყოფებოდა — 19-ით მეტი, ვიდრე რეგისტრაციით დაშვებული ზღვარი იყო. საქმე მხოლოდ ნებართვის პირობების დარღვევას არ ეხებოდა: გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ბავშვები ზოგჯერ სათანადო მეთვალყურეობისა და ზრუნვის გარეშე რჩებოდნენ.
ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი გარემოება ის არის, რომ პრობლემის აღმოჩენამდე მეთიუსონი წლების განმავლობაში მუშაობდა ბავშვების მომვლელად. ის საკუთარ სახლში იღებდა ბავშვებს და მშობლებს მომსახურებას სთავაზობდა. ოჯახებისთვის ასეთი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მშობლებს სჭირდებათ ადამიანი, რომელსაც სამუშაო საათებში შვილების უსაფრთხოდ დატოვებას ანდობენ.
მეთიუსონის საქმიანობის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორმა მშობელმა მიიღო ინფორმაცია, რომ მათი შვილები მასთან არ იმყოფებოდნენ იმ დროს, როდესაც ის სკოლის მოსწავლეების წასაყვანად იყო გასული. ეს გარემოება საეჭვო აღმოჩნდა და მშობლებმა გადაწყვიტეს, თავად გადაემოწმებინათ, რა ხდებოდა მომვლელის სახლში.
მათი გადაწყვეტილება საქმის ერთ-ერთ მთავარ გარდამტეხ მომენტად იქცა. მშობლების მიერ აღმოჩენილმა ვითარებამ საფუძველი მისცა გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ბავშვების მოვლის პირობები და მეთიუსონის რეალური საქმიანობა დეტალურად შეისწავლეს.
2024 წლის 26 აგვისტოს მომხდარი შემთხვევა საქმის ყველაზე მძიმე ეპიზოდად იქცა.სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მშობლები მეთიუსონის სახლთან მივიდნენ, რათა გაერკვიათ, რატომ არ იყვნენ მათი შვილები მასთან ერთად. მათ დაინახეს, რომ მეთიუსონი სახლიდან ეტლით ორ გოგონასთან ერთად გავიდა. ამ დროს უკანა ეზოდან ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა.
ეზოში მშობლებმა ხუთი ბავშვი აღმოაჩინეს. ისინი სკოლამდელი ასაკის იყვნენ და, როგორც სასამართლოს განემარტა, მომვლელს უთქვამს მათთვის, რომ მის დაბრუნებას უნდა დალოდებოდნენ.
შემდეგ მშობლები სახლის შესასვლელთან მივიდნენ. კარი ჩაკეტილი არ იყო და მათ შიგნით შესვლა შეძლეს.
სახლში მათ ორი-სამი წლის ბავშვი დახვდათ, რომელიც სამზარეულოში, მაგიდის ქვეშ იჯდა და ტიროდა. სახლის დათვალიერებისას კი ზედა სართულზე კიდევ ცხრა ბავშვი აღმოაჩინეს. მათ შორის ორი ეტლში იყო დამაგრებული.
მთლიანობაში, მშობლებმა ეზოსა და სახლში რამდენიმე ბავშვი მეთვალყურეობის გარეშე ნახეს. პოლიციას შეატყობინეს, რომ ისინი სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში იყვნენ მარტო დატოვებული. სასამართლოში ასევე ითქვა, რომ იმავე დღეს ბავშვების მიტოვების მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა კარის ვიდეოკამერის ჩანაწერებში.
ეს მხოლოდ დაუდევრობის ცალკეული შემთხვევა არ აღმოჩნდა. გამოძიებამ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული პრობლემები გამოავლინა.
მეთიუსონს ოფიციალურად, სახლის, პირობების და იმის გათვალისწინებით, რომ თავად იყო მხოლოდ, 8 ბავშვზე ჰქონდა ლიცენზია. ამასთან, არსებობდა ასაკობრივი შეზღუდვებიც: არაუმეტეს სამი ბავშვისა სკოლამდელი ასაკის უნდა ყოფილიყო და 12 თვემდე ასაკის მხოლოდ ერთი ჩვილის მოვლა შეეძლო.
2024 წლის 26 აგვისტოს, პოლიციისთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით, სახლში 12 წლამდე ასაკის 15 ბავშვი, სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის10 ბავშვი და ორ წლამდე ასაკის ორი ჩვილი იმყოფებოდა..
გამოძიების ფარგლებში სასამართლომ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ როგორ ცდილობდა მეთიუსონი ზედმეტად ბევრი ბავშვის ერთდროულად მოვლის ფაქტის დაფარვას.საქმის მასალების მიხედვით, ის ზოგჯერ ბავშვებს სახლის სხვადასხვა ოთახში ანაწილებდა. ზედა საძინებელსა და სამრეცხაო ოთახს იყენებდა, რათა სახლში მყოფი ბავშვების ხმაური ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო.
ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მეთიუსონი ხმამაღალ მუსიკას რთავდა და მშობლებს ყოველთვის არ აძლევდა სახლში შესვლის საშუალებას, როდესაც ბავშვები მოჰყავდათ ან მიჰყავდათ.
როდესაც მას ეკითხებოდნენ, რატომ ჰყავდა ნებადართულზე მეტი ბავშვი, ან სად იმყოფებოდა კონკრეტული ბავშვი, ის ამბობდა, რომ ზედა სართულზე სხვა მომვლელი ეხმარებოდა, ან რომელიმე ბავშვის იქ ყოფნა ოჯახური საგანგებო ვითარებით იყო განპირობებული. გამოძიების ფარგლებში სხვა ახლომდებარე მომვლელებიც გამოკითხეს, თუმცა მათ მეთიუსონის დახმარება არ დაუდასტურებიათ.
ეს გარემოებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქმე მხოლოდ იმაზე არ იყო, რომ ერთ ადამიანს ძალიან ბევრი ბავშვის მოვლა დაეკისრა. სასამართლოსთვის წარდგენილი მასალები მიუთითებდა, რომ მშობლებს ყოველთვის არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რამდენი ბავშვი იმყოფებოდა მომვლელის სახლში და როგორ იყო ორგანიზებული მათი უსაფრთხოება.
საეჭვო გარემოებები მშობლებს მანამდეც შეუმჩნევიათ.ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ ბავშვები სახლში დაბრუნებისას მოწყურებულები იყვნენ. მშობლებს უკვირდათ ისიც, რომ ბავშვების ტანსაცმელი სუფთა რჩებოდა მაშინაც კი, როცა მათ ეუბნებოდნენ, რომ ბავშვებმა სადილად ბოლონეზეს სოუსი ან კარის კერძი მიირთვეს.საქმის მასალების თანახმად, ბავშვები ზოგჯერ ამბობდნენ, რომ საჭმელად ორცხობილებსა და ტკბილეულს აძლევდნენ. ასევე არსებობდა ცნობები, რომ ზოგი ბავშვი სახლში ბინძური საფენით ბრუნდებოდა, ზოგს კი საცვლებზე გამხმარი განავალი ჰქონდა.მშობლების შეშფოთებას ბავშვების ქცევაც აძლიერებდა. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ზოგი ბავშვი მომვლელთან წასვლისას ნერვიულობდა, ხოლო მათგან, ვისაც საკუთარი აზრის სიტყვებით გამოხატვა შეეძლო, ზოგი ამბობდა, რომ იქ წასვლა არ სურდა.
მეთიუსონის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ის არის, რომ ის ახალბედა მომვლელი არ ყოფილა. 55 წლის ქალი ბავშვების მოვლის სფეროში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.
გარდა ამისა, 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში შოტლანდიის ბავშვთა მოვლის მომსახურების ზედამხედველმა ორგანომ, Care Inspectorate-მა, მისი მომსახურება რამდენიმე მიმართულებით „ძალიან კარგად“ შეაფასა. ეს შეფასება ხარისხის სკალაზე მეორე უმაღლესი საფეხური იყო. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ბავშვებს თბილ, ოჯახურ გარემოში უვლიდნენ და მათ მიმართ კეთილგანწყობასა და მზრუნველობას იჩენდნენ.
ეს ფაქტი კითხვებს აჩენს: როგორ შეიძლებოდა დადებითი შეფასება და შემდგომში გამოვლენილი მძიმე დარღვევები ერთსა და იმავე მომსახურებას უკავშირდებოდეს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ზედამხედველობის პროცესის შესწავლა. დადებითი შეფასება კონკრეტულ დროს ჩატარებული შემოწმების შედეგია და თავისთავად ვერ უზრუნველყოფს, რომ მომსახურება მომავალშიც მუდმივად უსაფრთხო იქნება. ამასთან, ამ საქმეში მხოლოდ შეფასების ფაქტი არ არის მნიშვნელოვანი — საჭიროა იმის გარკვევაც, რა ინფორმაცია ჰქონდა მარეგულირებელს, როდის მიიღო მან შესაძლო დარღვევების შესახებ შეტყობინებები და როგორ იმოქმედა მათზე.
გამოძიების შემდეგ Care Inspectorate-მა მომხდარს შემაშფოთებელი შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ მიღებული გამოცდილების საფუძველზე ცვლილებები განახორციელა.
სასამართლოში მეთიუსონმა აღიარა ბრალდება, რომელიც 2023 წლის 7 სექტემბრიდან 2024 წლის 26 აგვისტომდე პერიოდს მოიცავდა — დაახლოებით 50 კვირას.
საქმის მასალებში მოყვანილი მაგალითები მიუთითებდა, რომ პრობლემა მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში აღმოჩენილი შემთხვევით არ შემოიფარგლებოდა.
2024 წლის ზაფხული: სასამართლოში ითქვა, რომ მეთიუსონმა სამი ბავშვი სპორტულ ღონისძიებაზე წაიყვანა მაშინ, როდესაც მის მზრუნველობაში 11 ბავშვი იმყოფებოდა.
იმავე ზაფხულს: ის ხუთ ბავშვთან ერთად ახლომდებარე პარკში წავიდა, მაშინ როდესაც მის მზრუნველობაში სულ 13 ბავშვი იყო.
სხვა შემთხვევა: ბავშვების ნაწილი სახლში დარჩა მაშინ, როდესაც მეთიუსონმა რამდენიმე მათგანი დანფერმლინის სახანძრო სადგურში წაიყვანა.
ეს მაგალითები სასამართლოში წარმოდგენილი მასალებიდანაა აღებული და აჩვენებს, რომ ბავშვების რაოდენობასა და მათზე ფაქტობრივ მეთვალყურეობასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა დროსაც იჩენდა თავს.
2024 წლის აგვისტოში მომხდარი შემთხვევის შემდეგ პოლიციამ მეთიუსონი დაკითხა და ბრალი წაუყენა. მოგვიანებით ის სასამართლოს წინაშე წარდგა.
2026 წლის 6 ოქტომბერს კირკკალდის შერიფის სასამართლოში მან აღიარა, რომ სხვადასხვა დროსა და ადგილას განზრახ უგულებელყოფდა და ტოვებდა მის მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს, ასევე აყენებდა მათ ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არასაჭირო ტანჯვა ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი შეექმნა.საქმე რამდენიმე ბავშვს ეხებოდა, რომელთა ვინაობაც სამართლებრივი მიზეზებით არ გასაჯაროებულა.
სასამართლომ განაჩენის გამოტანა 2026 წლის 6 ნოემბრამდე გადადო, რათა მომზადდეს სოციალური სამსახურის ანგარიში და შეფასდეს თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ზომის გამოყენების შესაძლებლობა. ამ დროისთვის მეთიუსონი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, თუმცა მას ბავშვების მოვლის მომსახურების გაწევა ეკრძალება.