მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი "სარკასტიკას" სტუმრობდა და პირად ამბებზე ისაუბრა, პირველ რიგში განქორწინებაზე:
- ოფიციალურად გავაწერეთ ხელი...დღეს გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ირგვლივ ურთიერთობა... მისი პირადი ცხოვრება უკვე ჩემი საქმე აღარ არის. ორი წელი გავიდა უკვე...
ახლაც ვსვამ ანტიდეპრესანტებს, თუმცა უკეთ ვარ...
ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი ალბათ ეს იყო, წამოსვლა, ოჯახის დანგრევა, ამ ყველაფერთან შეჭიდება, ამ ყველაფერზე ღელვა, ბავშვებზე ღელვა, ოჯახზე ღელვა... ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, მეშინია, გულის გახეთქვამდე მეზიზღება და... სანამ აქამდე მივიდოდი, ჯერ ამხელა პერიოდი გავიარე მარტო... დაშვებულიც არ მქონდა, რომ ოდესმე ოჯახი დამენგრეოდა.
ყველაზე ურთულესი პერიოდი იყო... პლუს ამას, წამოვედი ტელევიზიიდან, საკმაოდ სტაბილური სამსახური დავტოვე... მე ხომ არ ვარ მარტო, ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს უკან, ვისაც ვეხმარები, ეს ჩემი მოვალეობაა, სხვანაირად არ შემიძლია... დავტოვე ასეთი მნიშვნელოვანი თანხა, შემოსავალი.... უცებ დეპრესიაში რომ ვარდები, გავიწყდება ყველაფერი საერთოდ. ხუთი დღე ლოგინად ჩავვარდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი: „ღმერთო, მე რა მეშველება კი არა... აი, რა ვქნა ახლა, იმ ადამიანებს რა პასუხი უნდა გავცე?“ მე სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია... ასე ვფიქრობდი, თითქოს ახალი სამსახური არ იქნებოდა, სპექტაკლები არ იქნებოდა, გადაღებები, დავამთავრე უცებ ჩემს ტვინში. თვითვგვემა მქონდა... ამიტომ იყო ურთულესი პერიოდი. მერე დაემატა ათასგვარი ჭორი, ოცდაოთხსაათიან პროგრამაში ვიყავი... იმიტომ წამოვიდა, ეს იმიტომ ქნა, ასე ქნა, ისე ქნა. რეალურად, არავინ ხომ არაფერი არ იცის. ძალიან დიდი ხანი საერთოდ ჩუმად ვიყავი...
ეს ყველაფერი დაგროვდა. თან უნდა იმუშაო... დაგროვდა, დაგროვდა და მივედი იქამდე, რომ დამჭირდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ აუცილებლად უნდა იარო ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთანაც... ფსიქიატრთან ვიზიტების შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი დალაგდა, დამშვიდდა. ორი წელი დამჭირდა, რომ დავბრუნებოდი ჩემს ჩვეულ მდგომარეობას... ტვინში ვგრძნობ, რომ ყველაფერი რიგზეა.