ამ ქორწილის კადრები, რომელიც გუშინ, 10 ოქტომბერს შედგა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ბევრი გააოცა ამ წყვილმა - რასაკვირველია, პატარძალმა და მისმა უჩვეულო გარეგნობამ. მსოფლიომ ჰილარია ამ ქორწილის შემდეგ გაიცნო, თუმცა მშობლიურ ბრაზილიაში მას „მებრძოლ ჰილარიად“ (Hilária Guerreira) იცნობენ, რომელიც თითქმის სამი ათწლეულია მძიმე დაავადებას ებრძვის. მან კანის კიბოს 73 დიაგნოზი გადაიტანა, სახის ნაწილის დაკარგვა მოუწია, ძალადობრივი ქორწინება დატოვა და ორი ქალიშვილი დამოუკიდებლად გაზარდა. ახლა კი მის ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი ეტაპი დაიწყო — ის ხელახლა გათხოვდა...
ჰილარიას ისტორია მხოლოდ ავადმყოფობასთან ბრძოლაზე არ არის. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც ურთულესი ცხოვრებისეული გამოცდების მიუხედავად, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგა და დღეს თავისი გამოცდილებით სხვა ადამიანებსაც აძლევს იმედს...
ჰილარია მირესკი ბრაზილიის სანტა-კატარინას შტატში, იტაიოპოლისში ცხოვრობს. მისი ბავშვობა სოფლის მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული. ოჯახს ყოველდღიური შრომით გაჰქონდა თავი, ბავშვებს კი ადრეული ასაკიდან უწევდათ უფროსების დახმარება.
სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები შეზღუდული ჰქონდა. მოგვიანებით, როდესაც საკუთარი ოჯახის შექმნა მოუწია, სწორედ ეს გარემოებები კიდევ უფრო ართულებდა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას.
ჰილარია ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაქორწინდა. თუმცა ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა — მისი მონათხრობის მიხედვით, მეუღლე ძალადობდა მასზე და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო: დატოვა ოჯახი, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.
იმ დროისთვის მისი ქალიშვილები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. უფროსი დაახლოებით ოთხი წლის იყო, უმცროსი კი — ორი წლის.
ჰილარიამ შვილების გაზრდა საკუთარ თავზე აიღო. მას არ ჰქონდა კარგი განათლება ან ისეთი პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც ქალაქში კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში დაეხმარებოდა. ამიტომ მეეზოვედ დაიწყო მუშაობა.თითქმის ათი წლის განმავლობაში ის ქუჩებს ასუფთავებდა, მუშაობდა მზის ქვეშ, წვიმასა და რთულ პირობებში. მისი მთავარი მიზანი შვილებისთვის ღირსეული მომავლის შექმნა იყო.
ჰილარიას ჯანმრთელობის პრობლემები 1998 წელს დაიწყო, როდესაც ის მეეზოვედ მუშაობდა.მის კანზე სხვადასხვა წარმონაქმნი და ლაქა გაჩნდა. სამედიცინო გამოკვლევებისა და ბიოფსიების შემდეგ ექიმებმა კანის კარცინომა დაუდგინეს.მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰილარია გორლინ-გოლცის სინდრომით ცხოვრობს — იშვიათი გენეტიკური მდგომარეობით, რომელიც, სხვა გამოვლინებებთან ერთად, კანის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების განვითარების რისკს ზრდის.მის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობდა. სიმსივნური წარმონაქმნები წლების განმავლობაში მეორდებოდა და საჭირო ხდებოდა განმეორებითი გამოკვლევები, მკურნალობა და ქირურგიული ჩარევები.ჰილარიას თქმით, მან კანის კიბოს 73 დიაგნოზი გადაიტანა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ბიოფსია და სამედიცინო პროცედურა დასჭირდა.
ჰილარია წლების განმავლობაში იტარებდა სხივურ თერაპიასა და მედიკამენტურ მკურნალობას. თუმცა დაავადება კვლავ პროგრესირებდა.ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეტაპი მაშინ დადგა, როდესაც სიმსივნემ ცხვირის არე დააზიანა. ექიმებმა მას განუმარტეს, რომ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად რთული ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო.2019 წელს ჰილარიას მარცხენა თვალისა და ცხვირის ნაწილის დაკარგვა მოუწია.

მისთვის ეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ ყოფილა. როგორც თავად იხსენებს, უჭირდა იმის მიღება, რომ სახე შეეცვლებოდა. ეშინოდა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას და როგორ შეხედავდნენ სხვები.
ქალს ფსიქოლოგიური დახმარებაც დასჭირდა, რათა ოპერაციებსა და გარეგნობის ცვლილებებს შეგუებოდა.მიუხედავად ამისა, ჰილარიამ გადაწყვიტა, საკუთარი სახე არ დაემალა. მან დაიწყო თავისი ისტორიის საჯაროდ მოყოლა და სხვებისთვის იმის ჩვენება, რომ ადამიანის ღირსება და სიცოცხლის ფასი გარეგნობით არ განისაზღვრება.

ჰილარიას ბრძოლა მხოლოდ საავადმყოფოს კედლებში არ მიმდინარეობდა. მას მოუწია იმ ადამიანების დამოკიდებულებასთან გამკლავებაც, რომლებიც მის გარეგნობას დასცინოდნენ ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ.ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ადამიანის ისედაც რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თუმცა ჰილარიამ საკუთარი გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა.
მან დაიწყო საჯარო გამოსვლები, რომლებშიც საუბრობს არა მხოლოდ დაავადებაზე, არამედ ძალადობაზე, დედობაზე, რწმენაზე, გამძლეობასა და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რთულ ვითარებაში დახმარების მიღება.
დღეს მას ბრაზილიაში „ჰილარია მეომრის“ სახელით იცნობენ. ის მოტივაციურ შეხვედრებსა და გამოსვლებში საკუთარ ისტორიას უზიარებს ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა თავადაც მძიმე პერიოდი უდგათ.მისი გზავნილი მარტივია: რთული დიაგნოზი ან ცხოვრებისეული კრიზისი ადამიანის მთელ მომავალს არ განსაზღვრავს.
ჰილარიას პირად ცხოვრებაში ახალი ფურცელიც გადაიშალა მაშინ, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა...
2026 წლის 10 ოქტომბერს ის ადაო პერეირაზე დაქორწინდა. ქორწილი ბრაზილიის ქალაქ იტაიოპოლისში, ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში, საჯარო საქორწილო ცერემონიაზე შედგა.


მათი გაცნობის ისტორიაც განსაკუთრებულია: დაახლოებით შვიდი წლის წინ ისინი კურიტიბაში, ერასტო გაერტნერის საავადმყოფოში შეხვდნენ. ჰილარია იქ მკურნალობდა, ადაო კი საკუთარ ავადმყოფ მამას ახლდა.დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ადაო ჰილარიას გვერდით აღმოჩნდა მაშინაც, როდესაც მის ქალიშვილებს საავადმყოფოში მისი თანხლება არ შეეძლოთ. კაცი მას სამედიცინო ვიზიტების დროსაც ეხმარებოდა.
ურთიერთობა, რომელიც თავდაპირველად საერთო გარემოში შეხვედრით დაიწყო, თანდათან მზრუნველობასა და მეგობრობაზე დაფუძნებულ კავშირად გადაიქცა.წლების შემდეგ წყვილმა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება გადაწყვიტა.
2026 წლის 28 ოქტომბერს ის ბრაზილიის ქალაქ ჟარაგუა-დუ-სულში დაგეგმილ ღონისძიებაზეც უნდა წარდგეს, რომელიც კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალთა ორგანიზაციისა და რეგიონული ჯანდაცვის უწყების მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია მისი ისტორიის გაზიარება, ემოციური მხარდაჭერა და იმედის გაძლიერება.