Victoria’s Secret-ის გარშემო სკანდალი აგორდა - ბრენდს "ანგელოზების" ცნობილების შვილებითა და ინფლუენსერებით ჩანაცვლების გამო აკრიტიკებენ - მშობლები

Victoria’s Secret-ის გარშემო სკანდალი აგორდა - ბრენდს "ანგელოზების" ცნობილების შვილებითა და ინფლუენსერებით ჩანაცვლების გამო აკრიტიკებენ

2026-10-16 02:30:23+04:00

ქალის თეთრეულის ცნობილი ბრენდი, Victoria’s Secret, მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც რამდენიმე ცნობილმა მოდელმა განაცხადა, რომ 18 ოქტომბრის ჩვენებაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. მათ შორისაა რომი სტრეიდი, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა. მის მხარდასაჭერად სხვა მოდელებიც გაერთიანდნენ, პარალელურად კი ბრენდის თაყვანისმცემლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ პოდიუმზე პროფესიონალი მოდელების ნაცვლად სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ინფლუენსერები და ცნობილი ადამიანების შვილები.

სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ნიდერლანდელი მოდელი რომი სტრეიდია, რომელიც Victoria’s Secret-ის "ანგელოზებს" 2015 წელს შეუერთდა. მოდელის თქმით, ზაფხულში, ნიუ-იორკში გამართული კასტინგის შემდეგ, იგი დაარწმუნეს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. თუმცა, როდესაც რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენების დეტალებით დაინტერესდა, პასუხის მიღება გაუჭირდა. საბოლოოდ, ოქტომბერში უარი მიიღო.

romi-streidi-1-1792050085.jpg
რომი სტრეიდი

რომი სტრეიდმა აღიარა, რომ სამოდელო ინდუსტრიაში უარი ჩვეულებრივი მოვლენაა და მისთვისაც მისაღები იქნებოდა, ორგანიზატორებს გადაწყვეტილება დროულად რომ ეცნობებინათ. დაგვიანებულმა პასუხმა კი მისი პირადი და პროფესიული გეგმები შეცვალა. მოდელი ეჭვობს, რომ უარის რეალური მიზეზი მისთვის არ გაუმხელიათ და აცხადებს, რომ Victoria’s Secret-ის კასტინგებში მონაწილეობას აღარ აპირებს. მისი თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ემზადებოდა, ვარჯიშობდა და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ეს რუტინა ძალიან რთული იყო.

romi-streidi-2-1792050122.jpg
რომი სტრეიდი

რომი სტრეიდის ვიდეოს კომენტარებში ბრენდის სხვა მოდელებიც გამოჩნდნენ. 36 წლის ლაის რიბეირომ, რომელიც 2015 წლიდან "ანგელოზების" შემადგენლობაში იყო და ჩვენებებში ზედიზედ რვა წლის განმავლობაში მონაწილეობდა, დაწერა, რომ წელს ისიც არ შეარჩიეს. იგივე განაცხადა 31 წლის ფრიდა აასენმა, რომელსაც ბრენდის ჩვენებაში ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული.

"ძალიან ვწუხვარ, რომ არ აგიყვანეს! კასტინგზე მეც ვიყავი და არც მე ამიყვანეს", - დაწერა ფრიდა აასენმა.

prida-aaseni-1792050150.jpg
ფრიდა აასენი

რატომ აკრიტიკებენ Victoria’s Secret-ს?

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ბრენდს წარსულში დამკვიდრებული მოდელისგან დაშორებასა და პროფესიონალი "ანგელოზების" ინფლუენსერებით ჩანაცვლებაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, Victoria’s Secret სულ უფრო მეტად ორიენტირდება TikTok-ის ვარსკვლავებსა და ცნობილ ადამიანებზე, რომელთა პოპულარობა ხშირად სოციალურ ქსელებსა და ოჯახურ კავშირებს უკავშირდება.

victorias-secret-1792050207.jpg

კრიტიკოსებმა გაიხსენეს ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებსაც ბრენდის ჩვენებებში უკვე მიუღიათ მონაწილეობა. მათ შორის არიან მსახიობ ჯუდ ლოუსა და სედი ფროსტის ქალიშვილი აირის ლოუ, მსახიობ ჰარი ჰემლინისა და რეალითი შოუს ვარსკვლავ ლიზა რინას ქალიშვილი ამელია გრეი და ქეით მოსის ქალიშვილი ლილა მოსი. კენდალ ჯენერი, ჯიჯი ჰადიდი და ბელა ჰადიდი კი მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები არიან, რომლებიც Victoria’s Secret-ის პოდიუმზეც გამოჩენილან.

amelia-grei-1792050298.jpg
ამელია გრეი
airis-lou-1792050339.jpg
აირის ლოუ
lila-mosi-1792050380.jpg
ლილა მოსი

ბრენდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს ათასობით კრიტიკული კომენტარი მოჰყვა. მომხმარებლები ორგანიზატორებს მოუწოდებენ, შოუში რომი სტრეიდი და სხვა გამოცდილი მოდელები დააბრუნონ.

"ჩვენ არ გვინდა ინფლუენსერები, ჩვენ გვინდა რომი სტრეიდი", - წერენ მომხმარებლები. სხვები კი კითხულობენ, რატომ არ ითვალისწინებს ბრენდი ერთგული მაყურებლის სურვილებს და რატომ ენიჭება სოციალურ ქსელებში პოპულარობას პროფესიულ გამოცდილებაზე მეტი მნიშვნელობა.

victorias-secret-3-1792050412.jpg
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ

მომხმარებლების ნაწილის აზრით, თუ Victoria’s Secret-ს ჩვენების ფორმატის განახლება სურს, პოდიუმზე უნდა მიიწვიოს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები - სპორტსმენები, აქტივისტები, მეცნიერები და მწერლები - და არა მხოლოდ ცნობილი გვარის მქონე მოდელები.

"ანგელოზების" ეპოქა დასასრულს უახლოვდება?

victorias-secret-2-1792050241.jpg

Victoria’s Secret-ის ჩვენებები 1995 წლიდან იმართება და წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღონისძიებად იქცა. ბრენდის "ანგელოზების" რიგებში სხვადასხვა დროს იყვნენ ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი, ალესანდრა ამბროსიო, ქენდის სვეინპოლი, მირანდა კერი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ტაირა ბენქსი, დაუტცენ კრუსი, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი და სხვა ცნობილი სუპერმოდელები.

2019 წელს ბრენდმა ყოველწლიური ჩვენებები შეაჩერა, რასაც წინ უძღოდა კრიტიკა სილამაზის არარეალური სტანდარტებისა და მოდელების მიმართ არსებული დამოკიდებულების გამო. მოგვიანებით Victoria’s Secret-მა განახლების კურსი აიღო და მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზე გაამახვილა ყურადღება. 2024 წელს კი ჩვენება განახლებული ფორმატით დაბრუნდა.

bela-hadidi-1792050486.jpg
ბელა ჰადიდი
jiji-hadidi-1792050512.jpg
ჯიჯი ჰადიდი

თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ბრენდის ახალი სტრატეგია კვლავ კითხვებს აჩენს. თუ ადრე მოდელების გარეგნობის მკაცრი სტანდარტების გამო აკრიტიკებდნენ, ახლა მომხმარებლების ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას სათანადო ყურადღება აღარ ეთმობა.

ფეშენ-ინდუსტრიაში ცნობილი ოჯახების წარმომადგენლების მონაწილეობა ახალი მოვლენა არ არის, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში მათთვის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, ჯიჯი და ბელა ჰადიდებს კარიერის დასაწყისში კასტინგებზე უარს ეუბნებოდნენ, მოგვიანებით კი მოდის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებად იქცნენ. ამ ფონზე მომხმარებლების ნაწილი კითხულობს, რატომ აღარ ენიჭება გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც ადრე.

adriana-lima-1792050642.jpg
ადრიანა ლიმა
kendis-sveinpoli-1792050723.jpg
ქენდის სვეინპოლი
alesandra-ambrosio-1-1792050805.jpg
ალესანდრა ამბროსიო
zhizel-biundheni-1792050884.jpg
ჟიზელ ბიუნდჰენი

სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ რამდენიმე გამოცდილი მოდელისთვის უარის თქმით Victoria’s Secret-მა საკუთარ რეპუტაციას იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე 2018 წელს, ბოდიპოზიტივთან დაკავშირებული სკანდალის დროს. "თუ ასეთი ქალებიც კი არ შეესაბამებიან მათ მოთხოვნებს, მაშინ მე ამ ბრენდის მაღაზიებში ნამდვილად არაფერი მესაქმება", - ირონიულად აღნიშნავენ მომხმარებლები. მათი თქმით, Victoria’s Secret-ში მოდელების მიმართ ყოველთვის მკაცრი მოთხოვნები არსებობდა. თუმცა, თუ ადრე ბრენდი "ანგელოზებს" გარეგნობის მკაცრ სტანდარტებს უწესებდა, ახლა, როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანის ჩამოშორებასაც ცდილობს.

რადგან წელს უარი ერთდროულად რამდენიმე ცნობილმა მოდელმა მიიღო, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ზოგი მომხმარებელი ბრენდის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მოდელებმა შესაძლოა, ზედმეტად მაღალი ჰონორარი მოითხოვეს. სხვები კი ვარაუდობენ, რომ Victoria’s Secret-ს სურს, ჩვენებაზე ახალი სახეები წარადგინოს და გამოცდილი მოდელები ცნობილი ადამიანების შვილებით ჩაანაცვლოს.

მომხმარებლების უკმაყოფილება მხოლოდ ცნობილების შვილების მონაწილეობას არ უკავშირდება. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლუენსერები და ნეპოტიზმის წყალობით დაწინაურებული მოდელები პოდიუმზე სათანადოდ ვერ წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს და საზოგადოებასაც მნიშვნელოვან გზავნილებს ვერ სთავაზობენ.

ვინ დაიკავებს რომი სტრეიდის, ფრიდა აასენისა და სხვა ცნობილი მოდელების ადგილს, 18 ოქტომბრის ჩვენებაზე გაირკვევა. მანამდე კი გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როდესაც Victoria’s Secret-ის ყოფილმა მოდელებმა ბრენდთან თანამშრომლობისას მიღებულ გამოცდილებასა და იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელთა გადალახვაც პოდიუმზე ადგილის შესანარჩუნებლად უწევდათ:

ლაის რიბეირო - მოდელი, რომელიც პოდიუმზე აღარ გამოჩნდება

lais-ribeiro-1792051006.jpg
ლაის რიბეირო

ბრაზილიელი ლაის რიბეირო Victoria’s Secret-თან დაახლოებით ათწლიანი თანამშრომლობით გახდა ცნობილი. მისი კარიერა მას შემდეგ განვითარდა, რაც ბრაზილიაში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. მოგვიანებით მონაწილეობდა Alberta Ferretti-ს, Bottega Veneta-ს, Christian Dior-ის, Dolce & Gabbana-ს, Givenchy-სა და Gucci-ს ჩვენებებში.

2017 წელს მას განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად: Victoria’s Secret-ის შანხაის ჩვენებაზე მან დაახლოებით ორი მილიონი დოლარის ღირებულების Champagne Nights Fantasy Bra წარადგინა.

ლაის რიბეირო ასევე მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში და ზრდის შვილს. სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ ასეთი გამოცდილებისა და პროფესიული მიღწევების მქონე მოდელების მონაწილეობა ბრენდისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, რიბეირო 2026 წლის ჩვენებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ბიანკა ბალტი - უარი, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია

bianka-balti-1792051062.jpg
ბიანკა ბალტი

Victoria’s Secret-ის მიმართ უკმაყოფილება 2025 წელს იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის შემთხვევამაც გაამძაფრა. მოდელი ბრენდის მუდმივი "ანგელოზი" არ ყოფილა, თუმცა თავად დაუკავშირდა ორგანიზატორებს და შოუში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, რათა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას დახმარებოდა.

2024 წელს ბიანკა ბალტის საკვერცხის მესამე სტადიის კიბო დაუდგინდა. მან რთული ოპერაციები და ქიმიოთერაპიის კურსი გადაიტანა. მკურნალობის შემდეგ თმა დასცვივდა, თუმცა პარიკის ტარებაზე უარი თქვა და საჯაროდ საუბრობდა იმაზე, რომ მძიმე განსაცდელის შემდეგაც შესაძლებელია ცხოვრების გაგრძელება.

მოდელს მიაჩნდა, რომ Victoria’s Secret-ის ფართო აუდიტორია მის გზავნილს მეტ ადამიანს გააცნობდა. იგი ბრენდის განახლებულ მიდგომასაც დადებითად აფასებდა, თუმცა შოუში მონაწილეობაზე უარი მიიღო. ბალტიმ ეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივ მოვლენად მიიღო და საქმიანობა განაგრძო, მაგრამ მისმა მხარდამჭერებმა ორგანიზატორები გააკრიტიკეს.

ბრიჯიტ მალკოლმი - სილამაზის მკაცრი სტანდარტების შედეგები

brijit-malkolmi-1792051115.jpg
ბრიჯიტ მალკოლმი

ავსტრალიელმა მოდელმა ბრიჯიტ მალკოლმმა Victoria’s Secret-ის ჩვენებებში 2015 და 2016 წლებში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით მან ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც ბრენდთან თანამშრომლობისას განიცდიდა.

მალკოლმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება არ ჰქონია, მას წონის დაკლებას მუდმივად სთხოვდნენ. მოდელი იხსენებდა მკაცრ დიეტას, ინტენსიურ ვარჯიშსა და ჯანმრთელობის გაუარესებას. მისი მონათხრობით, წონასთან დაკავშირებულმა მოთხოვნებმა ძილის პრობლემები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული სირთულეები გამოიწვია.

მალკოლმის თქმით, 2017 წელს ბრენდთან თანამშრომლობა მას შემდეგ დასრულდა, რაც მისი თეძოების გარშემოწერილობა დაახლოებით 1,2 სანტიმეტრით გაიზარდა. ეს შემთხვევა ხშირად მოჰყავთ მაგალითად, როდესაც მოდის ინდუსტრიაში გარეგნობის მკაცრ სტანდარტებსა და მათ შესაძლო შედეგებზე საუბრობენ.

ერინ ჰიზერტონი - ზეწოლა წონის გამო

erin-hizertoni-1792051169.jpg
ერინ ჰიზერტონი

ამერიკელი მოდელი ერინ ჰიზერტონი Victoria’s Secret-თან თანამშრომლობას 2010 წელს, 21 წლის ასაკში შეუდგა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ წონის მცირედმა მატებამაც კი ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია.

ჰიზერტონის თქმით, მას კონტრაქტის შეწყვეტითაც ემუქრებოდნენ, თუ წონას არ დაიკლებდა. სასურველი შედეგის მისაღწევად მოდელი მკაცრ დიეტებსა და ინტენსიურ ვარჯიშს მიმართავდა. მოგვიანებით მან ისაუბრა მადის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენებაზეც, რასაც ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვა.

ჰიზერტონის გამოცდილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გარეგნობის მკაცრმა მოთხოვნებმა მოდელების ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ბარბარა პალვინი - პირველი პლუს-საიზ მოდელის სტატუსი

barbara-palvini-1-1792051230.jpg
ბარბარა პალვინი

2019 წელს Victoria’s Secret-თან თანამშრომლობა უნგრელმა მოდელმა ბარბარა პალვინმა დაიწყო. მოგვიანებით იგი ბრენდის პირველ პლუს-საიზ მოდელად წარადგინეს, რასაც კრიტიკა მოჰყვა: მომხმარებლების ნაწილი კითხულობდა, რატომ მიიჩნეოდა მისი აღნაგობა ამ კატეგორიისთვის დამახასიათებლად.

barbara-palvini-1792051261.jpg
ბარბარა პალვინი

ბრენდი კვლავ დაადანაშაულეს სილამაზის არარეალური სტანდარტების დამკვიდრებაში. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გაამწვავა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრავს მოდის ინდუსტრია ქალის გარეგნობის მისაღებ სტანდარტებს.

ბარბარა პალვინი 2026 წლის ჩვენებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მოდელმა ცოტა ხნის წინ პირველი შვილი გააჩინა და კარიერაში პაუზა აიღო.

კაილი ბისუტი - მოდელი, რომელმაც ბრენდთან თანამშრომლობაზე უარი თქვა

kaili-bisuti-1792051317.jpg
კაილი ბისუტი

დღეს ცნობილი ოჯახის წარმომადგენლობა ხშირად მოდის ინდუსტრიაში კარიერის დაწყებას ამარტივებს, თუმცა ადრე Victoria’s Secret-ი კონკურსებსაც ატარებდა, რომლებშიც ნაკლებად ცნობილი გოგოები მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი კონკურსის გამარჯვებული ამერიკელი კაილი ბისუტი გახდა. მან სამოდელო კარიერა მოზარდობისას დაიწყო, 2009 წელს კი Victoria’s Secret-ის კონკურსში გაიმარჯვა.

მოგვიანებით გამოქვეყნებულ მემუარებში ბისუტი იხსენებდა, რომ მას წონის დაკლებას სთხოვდნენ და თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობას აიძულებდნენ. მისი თქმით, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა. საბოლოოდ, მოდელმა ბრენდთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა და ოჯახურ ცხოვრებაზე კონცენტრირდა.

ჟოზეფინ სკრივერი - რას მალავს სარეკლამო ფოტოები?

zhozepin-skriveri-1792051385.jpg
ჟოზეფინ სკრივერი

დანიელი მოდელი ჟოზეფინ სკრივერი Victoria’s Secret-ის სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებულ გამოცდილებაზეც საუბრობდა. მისი თქმით, სარეკლამო ფოტოების საბოლოო შედეგი ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური გარეგნობისგან: მაკიაჟის გარდა, გამოიყენება ფოტოებისა და სხეულის ციფრული დამუშავების სხვადასხვა მეთოდი.

სკრივერი იხსენებდა, რომ როდესაც Victoria’s Secret-თვის გადაღებული ფოტოები მის მშობლიურ ქალაქში გამოჩნდა, ახლობლებმა მისი ამოცნობაც კი ვერ შეძლეს. ამ გამოცდილებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად არარეალურ სილამაზის სტანდარტებს ქმნის სარეკლამო ინდუსტრია.

Victoria’s Secret-ის გარშემო მიმდინარე ახალი დაპირისპირება აჩვენებს, რომ ბრენდის მიმართ საზოგადოების მოლოდინები კვლავ მაღალია. მომხმარებლების ნაწილი ძველი "ანგელოზების" დაბრუნებას ითხოვს, სხვები კი უფრო მრავალფეროვანი და შინაარსიანი მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ. შეძლებს თუ არა ბრენდი კრიტიკის გათვალისწინებას და მაყურებლის ნდობის შენარჩუნებას, ამას მომავალი ჩვენებები აჩვენებს.