„ალბათ, გეამაყებათ, რომ თქვენი შვილი დამჯერია...მაგრამ ამას აქვს ძალიან სერიოზული უარყოფითი მხარე" – ფსიქოთერაპევტი მშობლებს აფრთხილებს - მშობლები

„ალბათ, გეამაყებათ, რომ თქვენი შვილი დამჯერია...მაგრამ ამას აქვს ძალიან სერიოზული უარყოფითი მხარე" – ფსიქოთერაპევტი მშობლებს აფრთხილებს

2026-10-15 12:07:22+04:00

მშობლებისთვის შვილის დამჯერობა ხშირად კარგი აღზრდის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. როცა ბავშვი უფროსების მითითებებს ასრულებს, არ ეწინააღმდეგება მათ გადაწყვეტილებებს და ყოველთვის ითვალისწინებს მშობლების აზრს, ეს ოჯახში სიამაყის საფუძველიც კი ხდება. თუმცა შეიძლება თუ არა, ზედმეტი მორჩილება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს?

ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა მუდმივი კონტროლისა და უპირობო მორჩილების პირობებში აღზრდას ახლდეს. მისი განმარტებით, ბავშვმა, რომელსაც საკუთარი აზრის გამოხატვისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა არ ჰქონია, შესაძლოა მომავალში სხვების ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლოს.

ნინო კანდელაკი:

„ალბათ, გეამაყებათ, რომ თქვენი შვილი დამჯერია. ყველაფერში ანგარიშს გიწევთ, გიჯერებთ, რასაც ეუბნებით, ყველა თქვენს მითითებას ასრულებს.

ეს ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ ამას აქვს ძალიან სერიოზული უარყოფითი მხარე. რადგან როდესაც ბავშვი ასე ყალიბდება, თუნდაც გარდატეხის ასაკში, თუნდაც მანამდეც, ეს ნიშნავს იმას, რომ მას უბრალოდ არ აქვს სხვა ცხოვრებისეული სტრატეგია.

თქვენ იმდენად მიაჩვიეთ ამას, იმდენად თქვენი ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ გაიზარდა და იმდენად მიეჩვია, რომ ვიღაცას უნდა დაემორჩილოს და ეს ვიღაცა არის დედა, ამ შემთხვევაში, რომ უბრალოდ მან ვერ შეიმუშავა და ვერ ისწავლა ცხოვრების სხვა სტრატეგია — რომ შეიძლება რაღაცაში არ დაეთანხმოს და თავისი პოზიცია ძალიან მტკიცედ დაიცვას.

ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც ასე გაზრდილი ბავშვები, რაღაც სიტუაციაში, არაჯანსაღ გარემოში მოხვედრისას, ძალიან ხშირად ექცევიან სხვების ნეგატიური გავლენის ქვეშ.

ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ვიღაცამ ასწავლოს და დაიწყოს ხელების ან ფეხების დასერვა, შეიძლება რაღაც დაჯგუფებაში გაერთიანდეს. არის შემთხვევები, მე არ მქონია, მაგრამ გამიგია სხვა ფსიქოლოგებისგან, რომ ასეთი დამჯერი ბავშვები ვიღაცებს თვითმკვლელობამდეც კი მიუყვანიათ.

ეს იშვიათია, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც. ასევე შეიძლება მოექცნენ სხვა გავლენების ქვეშ — იქნება ეს სიგარეტის მოწევა, მარიხუანას გასინჯვა თუ სხვა მრავალი რამ.

ამიტომ ეს ძალიან დასაფიქრებელია. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, როცა მოზარდი ასეთია, თუ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა არის შესაცვლელი ჩვენს ქცევაში და რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს?

ოღონდ ეს უკვე ჯანსაღად უნდა ვასწავლოთ, რომ მეორე უკიდურესობა არ გამოიწვიოს და ბავშვი არ ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, როდესაც უკვე საერთოდ არაფერში აღარ დაგვემორჩილება.

თუ ამას მიზნად დავისახავთ, ჯანსაღად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციებითაც ან თქვენ თვითონაც დაეხმაროთ მოზარდს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში.

პირველ რიგში, თუ თქვენ არ შეცვლით საკუთარ ქცევას, თუ არ მისცემთ არჩევანის საშუალებას და ყოველთვის მხოლოდ იმას შეეცდებით, რომ არგუმენტებით დაუმტკიცოთ, რომ თქვენ ხართ მართალი და ის აუცილებლად უნდა დაგემორჩილოთ, არაფერი შეიცვლება.

პირველ რიგში, სწორედ ეს არის შესაცვლელი — მივცეთ ბავშვს არჩევანი, მივცეთ საშუალება, რომ თავისი პოზიცია გამოთქვას და დაიცვას.

ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თქვენგან უნდა დაიწყოს. შემდეგ კი ნელ-ნელა, ჯანსაღად, ეკოლოგიურად ეს შეიცვლება და თქვენი შვილი ასეთი დიდი საფრთხის წინაშე აღარ აღმოჩნდება“.

მიაჩვიეთ გოგონები არას თქმას და ნუ შეაქებთ მხოლოდ სისუფთავისა და დამჯერი ხასიათისთვის - როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული ქალიშვილი
უკვირთ, როგორ დაანგრია ოჯახი „მომთმენმა და დამჯერმა“ რძალმა... მამამთილმა გაუსაძლისად აქცია ჩემი ცხოვრება - ახალგაზრდა ქალის წერილი