მსოფლიო კინოს ოთხი ლეგენდა ერთ ფოტოში — დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი... ერთი საოცარი კადრის ისტორია - მშობლები

მსოფლიო კინოს ოთხი ლეგენდა ერთ ფოტოში — დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი... ერთი საოცარი კადრის ისტორია

2026-10-16 15:43:50+04:00

არსებობს ფოტოები, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიის მოყოლა ზედმეტი სიტყვების გარეშეც შეუძლიათ. ამ კადრში ერთდროულად ოთხი გამორჩეული სახეა თავმოყრილი — ბრიჯიტ ბარდო, ალენ დელონი, კლაუდია კარდინალე და ჟან-პოლ ბელმონდო.ოთხი მსახიობი, რომლებმაც ევროპული კინოს ისტორიაში საკუთარი, განუმეორებელი კვალი დატოვეს.

ეს ფოტო იმ ეპოქიდანაა, როდესაც ევროპულ კინოს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, კანის ფესტივალი კი მსახიობების, რეჟისორებისა და მსოფლიო კინოვარსკვლავების შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ადგილად უკვე ქცეულიყო.

ფოტო 1965 წელს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანშია გადაღებული. ეს იყო დრო, როდესაც კინო მხოლოდ ეკრანზე ნაჩვენები ამბები აღარ იყო — ის მოდას, საზოგადოებრივ გემოვნებასა და ადამიანების წარმოდგენას ცვლიდა.

1965 წლის 3-დან 16 მაისამდე კანი საერთაშორისო კინოფესტივალის მე-18 გამოშვებას მასპინძლობდა. ქალაქში რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიოდნენ.იმ წლის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ოლივია დე ჰავილენდი იყო — პირველი ქალი ამ პოზიციაზე. კანის ფესტივალი იმ დროისთვის უკვე საერთაშორისო კინოკალენდრის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თუმცა მისი ხიბლი მხოლოდ ფილმებსა და ჯილდოებში არ მდგომარეობდა. ფესტივალის დღეებში ქალაქი იქცეოდა ადგილად, სადაც კინო, მოდა, საზოგადოებრივი ცხოვრება და ცნობილი ადამიანების პირადი ისტორიები ერთმანეთს ერწყმოდა.

ეს ფოტოც, მასზე ასახული ოთხი ლეგენდით, რომელთაგან დღეს, სამწუხაროდ, არც ერთი არ არის ცოცხალი, იმ დროის ელეგანტურობასა და ბუნებრივ ხიბლს გადმოსცემს. ეს ადამიანები არა მხოლოდ ნიჭიერ მსახიობებად მიიჩნეოდნენ, არამედ სილამაზის ეტალონებიც იყვნენ.

cannes-1965brigitte-bardot-alain-delon-claudia-cardinale-jean-paul-belmondo-1792153057.heic

ოთხი სახე, ოთხი განსხვავებული ისტორია

ბრიჯიტ ბარდო — ფრანგული კინოსა და მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მისი თავისუფალი სტილი, ქერა თმა და ეკრანული მომხიბვლელობა 1950-იანი და 1960-იანი წლების კულტურის სიმბოლოდ იქცა. ბარდო მხოლოდ მსახიობი არ ყოფილა — ის მთელი ეპოქის ესთეტიკას განასახიერებდა და იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნეოდა. ბრიჯიტ ბარდო 2025 წლის 28 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალენ დელონი — მსახიობი, რომლის ცივი მზერა და დახვეწილი გარეგნობა კინომოყვარულებს დღემდე ახსოვთ, მისი თაყვანისმცემლების არმიას კი მილიონობით ქალი შეადგენდა და დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი დახვეწილი გარეგნობის მამაკაცი კინოს არ ჰყოლია. ალენ დელონი 2024 წლის 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კლაუდია კარდინალე — იტალიური კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, რომელიც თავისი სილამაზითა და ძლიერი ეკრანული ხასიათით გამოირჩეოდა. მისი კარიერა იტალიური და ევროპული კინოს მნიშვნელოვან ნაწარმოებებს უკავშირდება, მათ შორის ფედერიკო ფელინის 8½-სა და ვისკონტის გეპარდს, რომელშიც ალენ დელონთან ერთად ითამაშა. კლაუდია კარდინალე 2025 წლის 23 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჟან-პოლ ბელმონდო — ფრანგული კინოს მეამბოხე სახე, რომლის ბუნებრივმა თამაშმა და თავისუფალმა მანერამ ახალი თაობის მაყურებლების გული მოიგო. ის ე.წ, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო. ჟან-პოლ ბელმონდო 2021 წლის 6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ ფოტოზე ოთხი ლეგენდაა ერთ კადრში და ეპოქა, რომელიც აღარ დაბრუნდება, თუმცა კინოს წყალობით ისინი სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში.

ალენ დელონის შვილები კვლავ იბრძვიან მამის მემკვიდრეობისთვის - კონფლიქტი გამწვავდა
დაწნული კუბო, ერთადერთი ვაჟის ცრემლები და მსახიობის უკანასკნელი ქმრის განცხადება - ბრიჯიტ ბარდო დაკრძალეს (ფოტოები)
ბელმონდოს შვილიშვილს კინოვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ - ცნობილი წინაპრის ღირსეული მემკვიდრე
ის კინოში შვილის გამო მუშაობდა, რომელიც ძალადობის შედეგად ეყოლა და თითქმის მთელი ცხოვრება ქმრის კონტროლის ქვეშ გაატარა - კლაუდია კარდინალეს რთული ცხოვრება, რომელსაც ბრწყინვალე კარიერის მიღმა ფარავდა