„ერთმა ქალმა მითხრა: „როგორ ბედავ? მეტისმეტად ასაკოვანი ხარ შვილების გასაჩენად" - 52 წლის ოსკაროსანი ჰილარი სვონკი მესამე შვილზეა ფეხმძიმედ და გვიანი დედობისთვის გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს - მშობლები

„ერთმა ქალმა მითხრა: „როგორ ბედავ? მეტისმეტად ასაკოვანი ხარ შვილების გასაჩენად" - 52 წლის ოსკაროსანი ჰილარი სვონკი მესამე შვილზეა ფეხმძიმედ და გვიანი დედობისთვის გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

2026-10-16 15:56:31+04:00

ჰოლივუდის მსახიობი, 52 წლის ჰილარი სვონკი, რომელიც მესამე შვილზეა ორსულად, გვიან ასაკში დედობის გამო გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ორი „ოსკარის“ მფლობელმა მსახიობმა საზოგადოებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ნაცნობმა უთხრა, რომ შვილების გასაჩენად უკვე ზედმეტად ასაკოვანი იყო.

სვონკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფრაგმენტი გადაცემიდან The Drew Barrymore Show, რომელიც ეთერში 20 ოქტომბერს უნდა გავიდეს.

„ქალებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შვილებს შედარებით გვიან ასაკში აჩენენ, კაცების შემთხვევაში კი ასე არ ხდება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, — განაცხადა მსახიობმა.

მისი თქმით, ერთ-ერთმა ნაცნობმა პირდაპირ უთხრა, რომ შვილების გასაჩენად მეტისმეტად ასაკოვანი იყო.

„ერთმა ქალმა მითხრა: „როგორ ბედავ? მეტისმეტად ასაკოვანი ხარ შვილების გასაჩენად. როცა შენი შვილები გაიზრდებიან, შესაძლოა, მათ გვერდით აღარ იყო“. მან მითხრა, რომ მამა ოცდაათი წლის ასაკამდე დაკარგა და ეს მისთვის ძალიან მძიმე გამოცდილება იყო. მამაჩემიც გარდაიცვალა და ის ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი იყო. ამიტომ ამ ისტორიამ ჩემზე იმოქმედა. მაშინ გავიფიქრე: მირჩევნია, დავიბადო, მყავდეს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდეს, ვიდრე საერთოდ არ მქონდეს ეს შესაძლებლობა“, — განაცხადა ჰილარი სვონკმა.

მსახიობმა მესამე ორსულობის შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა. კადრებში ის მომრგვალებული მუცლით მეუღლესა და ტყუპ შვილებთან ერთად ცეკვავს.

ჰილარი სვონკი და ბიზნესმენი ფილიპ შნაიდერი 2018 წლიდან დაქორწინებულები არიან. წყვილი შვილების პირად ცხოვრებას განსაკუთრებულად უფრთხილდება და სოციალურ ქსელებში მათ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

ჰილარი სვონკს საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ორი „ოსკარი“ აქვს მიღებული.

მილიონდოლარიანი გოგონა 48 წლის ასაკში გახდა დედა - ჰილარი სვონკს ტყუპი შეეძინა მამაკაცისგან, რომელიც ბრმა პაემანზე გაიცნო