ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის პოდკასტ სესიის სტუმარი თამო ვაშალომიძე იყო, რომელმაც პირადზე, შვილებზე, დედობაზეც ისაუბრა.
- ბავშვობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილები ახლა იმ ასაკში არიან, როცა პიროვნებად ყალიბდებიან — ერთი რვა წლისაა, მეორე ხუთის. ამიტომ ვცდილობ, სახლში ემოციურად მშვიდი გარემო შევუქმნა. მინდა, სიმშვიდე იყოს, ჩემი ემოციებიც რბილად გამოვხატო და ბავშვებმა ეს სიმშვიდე იგრძნონ.
რა თქმა უნდა, მშობლები ზოგჯერ საკუთარ ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ბავშვებზე ფსიქოლოგიურად დადებითად აისახოს. მე მინდა, მათი მეგობარი ვიყო. უფრო მეგობარი ვარ, ვიდრე მშობელი... ვფიქრობ, იმაზე უკეთესი დედა ვარ, ვიდრე დედაჩემი იყო...
15 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. სახლიდან რომ წამოვედი, თითქმის 16 წლის ვხდებოდი. მას შემდეგ სულ იმის დამტკიცებაში ვარ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შემიძლია. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ რაღაც შემიძლია, შემდეგ — სხვებსაც. ზოგჯერ მინდა, იმ ადამიანებსაც ვაჩვენო, რომლებსაც ჩემი არ სჯერათ, რამდენის გაკეთება შემიძლია. მათ შორის ყოფილ მეგობრებსაც, ადამიანებს, რომლებიც ადრე ჩემს გვერდით იყვნენ, მაგრამ ახლა აღარ არიან.
თითქოს მთელი ცხოვრება რაღაცის მტკიცებაში ვარ. ახლაც ასეა, ეტაპობრივად ისევ მიწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.
არ ვიცი, რატომ არ მაქვს მშვიდი ცხოვრება. ზოგჯერ ხუმრობით ვფიქრობ, იქნებ ჩემი წინაპრების ცოდვები გადმოდის ჩემზე და ახლა მე უნდა გამოვასწორო ყველაფერი-მეთქი. ხანდახან მინდა, უბრალოდ მშვიდად ვიყო. ვიღვიძებ და რაღაც სკანდალი ხდება, ან ისეთი ამბავი ხდება, რომ თავადაც მიკვირს — რატომ მაინცდამაინც მე? არავის ვეხები, სხვისი ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ჩემი გზა მაქვს და არავის გზას არ ვკვეთ.
ჩემი ერთადერთი სურვილია, მშვიდად ვიყო, შვილები გავზარდო და ის პასუხისმგებლობები შევასრულო, რომლებიც საკუთარ თავთან მაქვს აღებული. დედა მყავს, შვილები მყავს, ჩემ გარშემო ადამიანები არიან, გარდაცვლილებიც გვყავს, რომელთა ხსოვნისა და საფლავების მოვლაც საჭიროა. იმდენი პასუხისმგებლობაა...
ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ ამდენ რამეს მარტო. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ თავადაც არ ვიცი. როცა ორი მილიონი ვახსენე, ზოგს გაუჩნდა კითხვა, რატომ ვთქვი ესო. იცით, რატომ ვთქვი? არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიღაც მეხმარება ან ვიღაცის იმედად ვარ. მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, როგორია ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.
მე ვიღვიძებ, ვიწყებ მუშაობას და ზოგჯერ მაშინაც ვმუშაობ, როცა სხვებს სძინავთ. მაგალითად, როცა კორეაში დილა თენდება, იქაური დროის გათვალისწინებით, მეც მუშაობას ვიწყებ. ჩემი გუნდი კი დილის რვა-ცხრა საათიდან მყვება. ძალიან ბევრს ვშრომობ და მინდა, ადამიანებმა გაიგონ, რამდენად დიდია ის პასუხისმგებლობები, რომლებიც საკუთარ თავზე ავიღე.
ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ არ მეშინია, დამატებით რაღაც გავაკეთო. მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ცნობადობა გამოვიყენო, კიდევ რაღაც შევქმნა და ადამიანებს ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება შევთავაზო. რა თქმა უნდა, მინდა, ამან შემოსავალიც მომიტანოს. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ამავდროულად გამოწვევაცაა. რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის.
შეიძლება ცხოვრებამ ვარდისფერი სათვალე ჩამოგხსნას და დაგანახოს, რომ სამყარო ყოველთვის ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც გეგონა. არსებობს ბოროტება, შური და ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ყველაზე ახლობლებად მიიჩნევდი.
ზოგჯერ შეიძლება ნათესავებიდან დაწყებული, არავინ გყავდეს გვერდით. ახალ წელს მარტო შეხვდე, აღდგომასაც მარტო იყო და იგრძნო, რომ ამ ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ასეთ დროს საკუთარ თავს ასწავლი, რომ ძლიერი უნდა იყო. შეიძლება ბუნებით ასეთი არ ხარ, მაგრამ იძულებული ხდები, თავი ისე დაიჭირო, რომ არ დაგჩაგრონ, არ გადაგიარონ და გადარჩე. ზოგჯერ ეს მართლაც გადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავს.
ვფიქრობ, ვინც მსგავს გზას გადის და მარტო უწევს ყველაფერთან გამკლავება, მას ეს განცდები ყველაზე კარგად ესმის. შინაგანად მუდმივად იბრძვი, თითქოს სულ დაჭიმული ხარ. ხანდახან გინდა, მოდუნდე, საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცე, მაგრამ ესეც რთულია.
ბავშვები რომ არ მყავდა, ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რატომ ვიბადებით ადამიანები? არ მინდა, ღვთის საწინააღმდეგო რამე ვთქვა, მაგრამ ყოფილა მომენტები, როცა ვფიქრობდი, რა რთულია ცხოვრება. ალბათ ბევრ ადამიანს აქვს ასეთი განცდა, როცა ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, ვეღარაფერს შეცვლის და გამოსავალი აღარ არსებობს. მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთია — ყველა სფეროში არის აღმასვლაც და დაღმასვლაც.
... როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდება და მიხარია, ბოლომდე მაინც ვერ ვხარობ. მეშინია, რომ მეორე დღეს რაღაც ცუდი მოხდება.
თითქოს იმ წუთის ბედნიერებას თავადვე ვზღუდავ. არ მინდა, ბოლომდე გავიხარო, რადგან სადღაც შიგნით მაქვს შიში, რომ ამის შემდეგ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, რატომ დამჩემდა ეს განცდა, მაგრამ ზოგჯერ ბედნიერების დროსაც კი მიჭირს სიმშვიდის შენარჩუნება.
ასეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ინტუიცია მკარნახობს. კირჩხიბი ვარ და თან ძალიან მაგარი ინტუიცია მაქვს. როცა რამე კარგი ხდება, სულ ვეუბნები საკუთარ თავს: „თამო, ძალიან არ გაგიხარდეს, წყნარად მიიღე, ჩვეულებრივად“. თითქოს მგონია, რომ თუ ძალიან გამიხარდება, რაღაც დამემართება. არ ვიცი, რატომ მაქვს ასეთი განცდა.
იყო პერიოდები, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობდი: „ვაიმე, რა ბედნიერი ვარ! ეს ყველაფერი მაქვს, ეს ადამიანები მყავს, ყველაფერი კარგად არის“. და უცებ ისე დამანარცხა ცხოვრებამ, რომ საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცოდი, რა მექნა.
როცა ცხოვრებაში გეგმები გაქვს და უცებ ეს გეგმები, ადამიანები, ყველაფერი ქრება, გიჩნდება განცდა, თითქოს ის, რაც აქამდე გქონდა, ილუზია იყო. თითქოს ყველაფერი, რაც რეალური გეგონა, არარსებული აღმოჩნდა და ეს სამყარო თავად შექმენი შენს წარმოსახვაში...

ჩემს პირად ცხოვრებას რომ შევეხო, მეგონა, რომ ყველაფერი გარკვეულწილად ასე იქნებოდა: სიბერეში ასე ვიცხოვრებდი, ისე ვიცხოვრებდი, კიდევ რაღაც გეგმები მქონდა, მესამე შვილზეც ვფიქრობდი... ჩვენ ხომ ყველას გვაქვს ჩვენი გეგმები? და უცებ ყველაფერი ჩამოიმსხვრა. ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდე სრულიად მარტო — ყველაზე საყვარელი ადამიანების გარეშეც კი. გვერდით მხოლოდ შვილები გრჩებიან, შენი საყვარელი ადამიანები და ის ხალხი, ვისთან ერთადაც რაღაცები შექმენი, მათ შორის — შენი ბიზნესი. ადამიანები, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება ააწყვე.
ეს ყველაფერი რომ გამოვცადე, მივხვდი, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება. ადრე როგორ დავფრინავდი ბედნიერებისგან, როგორ ვამბობდი: „ღმერთო, მადლობა!“ ახლაც მადლობას ვუხდი ღმერთს. ალბათ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ამ ცხოვრებაში არაფერი ხდება სრულიად უმიზეზოდ. ხანდახან, როცა გაბრაზებულები ვართ, ვამბობთ: „რატომ მოხდა ეს? რატომ დამემართა?“ მაგრამ მერე ხვდები, რომ შესაძლოა, რაღაცები სხვანაირად უნდა მომხდარიყო.
ძალიან გავიზარდე ამ ტკივილის მერე. საკუთარი თავი გავზარდე. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ბევრად ძლიერი გავხდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა თითქმის აღარაფერს შეუძლია, გული მატკინოს. სიკვდილს თუ არ ჩავთვლით — ყველას ჯვარი გვწერია — სხვა რამეს გულთან ახლოს აღარ მივიტან. ემოციებს ხშირად ვბლოკავ და ყველაფერს უფრო გონებით ვუდგები. ზოგადად, ძალიან შევიცვალე.
კაცების მიმართ აგრესიული არ ვარ, არც ვინმეს ვაკრიტიკებ მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია, მაგრამ ქალებს რომ ვუყურებ, ზოგჯერ მინდა, რაღაც ვურჩიო. ვხედავ, როგორ ითმენენ რაღაცებს ურთიერთობებში და ვფიქრობ, რომ ქალებმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდნენ. მე ძალიან შევიცვალე. ჩემს ცხოვრებაში აღარავის მივცემ უფლებას, რომ გული მატკინოს. როგორც კი თავიდანვე რაღაცას შევამჩნევ, აღარ დაველოდები, როდის მივა ყველაფერი იმ მდგომარეობამდე, საიდანაც გამოსვლა უფრო მტკივნეული იქნება. ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან: „რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?“ იცი, რა არის? შეიძლება, ესეც არ იყოს კარგი, მაგრამ მე რადიკალური გავხდი. საერთოდ აღარ მინდა პირად ცხოვრებაზე საუბარი. თითქოს ამ თემის გაგონებაც კი აღარ მინდა. თუ ვინმე რამეს მომწერს ან ახალი ურთიერთობის შესაძლებლობა გამოჩნდება, თითქოს თავიდანვე უარს ვეუბნები საკუთარ თავს.
უბრალოდ, არ მინდა. არ შემიძლია. იმდენად დიდი იყო ეს ტრავმა... მე თუ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს. ბოლომდე მიდიხარ, ყველაფერს დებ ამ ურთიერთობაში. და მერე... ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაშორებული ვიყავი და მხოლოდ დიდი დროის შემდეგ ვთქვი ჩემთვის: „არა არის არა“. მე არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც ურთიერთობებში თამაშობს. ეს მეგობრობაშიც ასეა და სხვა ურთიერთობებშიც. ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვწონი პლუსებსა და მინუსებს. ჩემთვის სიტყვას ფასი აქვს. როცა რაღაცას ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავთან, ჩემს თავმოყვარეობასთან, ჩემს სახელთან, ჩემს ხალხთან და შვილებთან. როცა ვამბობ, რომ რაღაც დასრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასრულდა. არ არსებობს, რომ მერე შევრიგდეთ, გადავიფიქრო ან ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. არასოდეს, არასოდეს მოხდება ისე, რომ დასრულებული ურთიერთობა აღდგეს. ეს მეგობრობიდან დაწყებულ ყველა ურთიერთობას ეხება.
... ყველაფერი ერთად მაინც აღარ გამოვა. იმიტომ, რომ არაფერი შეიცვლებოდა. ისევ ტოქსიკური ურთიერთობა იქნებოდა. ზოგჯერ მარტო ყოფნა ბევრად უკეთესია, ვიდრე ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩენა.
ძალიან ბევრი შიში ახლავს ამას. რთულია, როცა მომავალზე ფიქრობ და მთელი ცხოვრება უკვე წარმოდგენილი გაქვს: გგონია, რომ ერთად დაბერდებით, კიდევ მესამე შვილი გეყოლებათ, შვილიშვილები გეყოლებათ და ასე შემდეგ. მთელი ცხოვრება გათვლილი გაქვს, ყველაფერი დაგეგმილი გაქვს და უცებ ყველაზე საყვარელი ადამიანი შენთვის უცხო ხდება. თითქოს ყველაფერი, რასაც ერთად აშენებდით, ქრება...
მაგრამ მინდა, ობიექტური ვიყო: ის ჩემი შვილების მამაა და კარგი მამაა, საუკეთესო მამაა. მადლობას ვუხდი, რომ ამ მხრივ ნამდვილად კარგი ადამიანია. პირადი ცხოვრება პირადია, მაგრამ ამ საკითხშიც ობიექტური უნდა ვიყო.
მე ზოგადად არ ვფიქრობ, რომ კაცთან ურთიერთობაში აუცილებლად რაღაცნაირად ძლიერი უნდა ვიყო. უბრალოდ ასეთი ვარ. ძალიან ძლიერი ვარ, მაგრამ მინდა, ქალი ვიყო — ისეთი ქალი, როგორიც ჩემს წარმოდგენაში უნდა იყოს. სამწუხაროდ, ძალიან პირდაპირი ვარ. არ ვიცი, ისეთი ლაპარაკი, განაზება... გარშემო ვხედავ, როგორ ეპრანჭებიან კაცებს, როგორ ცდილობენ, რაღაცნაირად მოაწონონ თავი. მე კი ეს არ გამომდის. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა სისულელეაო, მაგრამ ქალებმა ხშირად იციან კაცებთან ურთიერთობის გარკვეული მიდგომები, მე კი ძალიან პირდაპირი ვარ. რაც არ მომწონს, ვამბობ. როგორიც ვარ, ისეთი ვარ. თუმცა მეორე მხარეც მაქვს, რომელსაც ყველა ვერ ხედავს. ზოგჯერ რაღაცაზე თავი დამიხრია, დამითმია კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრინციპები არ მაქვს. პირიქით, ბრძოლაში გამოგყვები, შემიძლია თავი გავწირო ამ ბრძოლაში. არ ვარ ადამიანი, რომელსაც ბრძოლის ეშინია.
თხუთმეტი წლიდან მარტო ვცხოვრობ. ეს იმას ნიშნავს, რომ სუსტი არ ვარ. აქამდე მოვედი, ბევრი რამ გამოვიარე და საკუთარ თავს თავად გავუმკლავდი.
ქალებს ეუბნებიან: „შენ ქალი ხარ, ამიტომ ასე უნდა მოიქცე“. მაგალითად, ვიღაცას ჰგონია, რომ ქალი ღამის თორმეტ საათზე სახლში უნდა იყოს, კაცს კი შეუძლია, დილის ხუთ საათზე დაბრუნდეს. ან ქალი ვალდებულია, შუადღის ოთხ საათზე სახლში იყოს, რადგან კაცს ამ დროს სადილი უნდა. ეს ხომ უსამართლობაა? რატომ უნდა არსებობდეს ასეთი განსხვავებული წესები ქალებისა და კაცებისთვის?
ზოგს რელიგიური შეხედულებებიც აქვს, ზოგს ტრადიციები სჯერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალი აუცილებლად სუსტია. როგორ შეიძლება ქალი სუსტი იყოს, როცა შვილებს ზრდის? ეს ხომ უდიდესი შრომაა!მე ორი შვილი მყავს და ორი დამხმარეც მყავს, მაგრამ მაინც გეუბნებით, რამდენი ენერგია სჭირდება ბავშვების გაზრდას. ხშირად ვამბობ ხოლმე: „ღმერთო, ახალ წელს და დაბადების დღეზე ახალი ნერვები მაჩუქე-მეთქი“. მინდა, მშვიდად ვიყო, ბავშვები გავზარდო და ყველაფერს გავუმკლავდე.

წარმოიდგინეთ, რამდენი რამ უწევს ქალს ყოველდღიურად: ბავშვების მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის საქმეები. თან, თუ მუშაობს, ამას ემატება სამსახური და სხვა პასუხისმგებლობები. დიასახლისსაც უდიდესი შრომა აქვს, მაშინაც კი, როცა ანაზღაურებადი სამსახური არ აქვს...
როცა ჩემს შვილს ვზრდი, მინდა, ისეთი კაცი გაიზარდოს, რომელმაც იცის ქალის ფასი და პატივისცემა. და როცა ვამბობ ქალის დაფასებას, მხოლოდ სიტყვებს არ ვგულისხმობ... ფიზიკური ძალადობა საშინელებაა, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობაც არანაკლებ დამანგრეველია. შეიძლება ადამიანმა ისე იმოქმედოს შენზე, რომ დაგაჯეროს, თითქოს არაფერს წარმოადგენ, საკმარისად განათლებული არ ხარ, საკმარისად კარგი არ ხარ, საკმარისად ბევრი არაფერი გაგიკეთებია. გამუდმებით რაღაცებს გაჯერებენ და ეს ყველაფერი შენს გონებაში ილექება. შეიძლება ხმამაღლა არც კი ამბობდე, მაგრამ თანდათან თავადაც იჯერებ, რომ მართლა ასეთი ხარ.
ეს ძალიან მძიმეა, რადგან ადამიანს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს.
ჩემი ბიჭი იზრდება და მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ სწორად აღვზარდო. მინდა, ისეთი ადამიანი გახდეს, რომელიც მომავალში საყვარელ გოგონას გაიცნობს და დედოფალივით მოექცევა — დააფასებს, იზრუნებს მასზე, პატივს სცემს და აგრძნობინებს, რომ მის გვერდით უსაფრთხოდ არის...