"თითქმის ორი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, სიარულისას ვკოჭლობდი... გარე სამყაროს მოვწყდი... ექიმის სიტყვები სულ მახსოვდა: არ გარისკო, ვერავინ მოგცემს გარანტიას" - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური მოგონება - მშობლები

"თითქმის ორი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, სიარულისას ვკოჭლობდი... გარე სამყაროს მოვწყდი... ექიმის სიტყვები სულ მახსოვდა: არ გარისკო, ვერავინ მოგცემს გარანტიას" - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური მოგონება

2026-10-16 20:42:08+04:00

მშობლების პოდკასტის მეორე ეპიზოდის სტუმარი იყო ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი, რომელმაც ისაუბრა დედობაზე, შვილთან დამოკიდებულებაზე, ორსულობაზე და ა.შ. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან.

დედობა

- დაუვიწყარია, ვერაფერს შეადარებ და ყველაზე ღირებულია. ასეთი ემოცია განვიცადე, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა. მის პატარა, ულამაზეს სახეს რომ დავხედე, მივხვდი, რომ მასზე სამუდამოდ ვიყავი შეყვარებული. ვიპოვე ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული და იმ დღიდან განსაკუთრებულად ვუფრთხილდები.

ალბათ, ეს ყველა დედისთვის ბუნებრივი განცდაა, მაგრამ სწორედ ის ემოციაა, რომელზეც ყველაზე ხმამაღლა და ხშირად გვინდა საუბარი. ამას დედები განსაკუთრებით კარგად გაიგებენ...

ყველაფერი შეიცვალა მისი დაბადების შემდეგ და ყველაფერი უკეთესობისკენ. პირველ რიგში, ჩემი პრიორიტეტები მთლიანად გადალაგდა. თითოეულ ნაბიჯს სხვანაირად ვუკვირდებოდი და ყველა გადაწყვეტილებას უფრო დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი.გაჩნდა პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა, რომლისაც თავიდან მეშინოდა კიდეც.

838951234-122324559836221256-1361772509520209004-n-1792172286.jpg

839617579-122324559848221256-8075708998784252948-n-1792172287.jpg

ორსულობა

ბავშვობიდან, ზრდასრულ ასაკშიც კი, ორსულობის შიში მქონდა. ამის მიზეზი დედაჩემის საკმაოდ მძიმე გამოცდილება იყო — ცხრა თვის განმავლობაში საკვებს ფიზიკურად ვერ იღებდა. სულ მეშინოდა, რომ იგივე შეიძლებოდა მეც დამმართნოდა. და მართლაც, პირველივე თვეებიდან ძლიერი ტოქსიკოზი დამეწყო, რომელიც საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით ექვს-შვიდ თვემდე გაგრძელდა.სხვადასხვა საშუალებით ვცდილობდით მდგომარეობის შემსუბუქებას, გადასხმებსაც ვიკეთებდი და მედიკამენტებსაც ვიღებდი. მახსოვს, მეუბნებოდნენ: „ბავშვი გაინძრევა და გადაგივლისო“. მართლაც, როდესაც ბავშვი პირველად გაინძრა, მდგომარეობა შემიმსუბუქდა, თუმცა დისკომფორტი კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში მაწუხებდა.ძლიერი ტოქსიკოზი ძალიან რთულია — ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ფაქტობრივად, დღეების გატარება საპირფარეშოში გიწევს. ამას ემატება შიში და მოლოდინი: რა შედეგი მოჰყვება იმას, რომ სათანადოდ ვერ იკვებები? ხომ არ აკლდება ნაყოფს საჭირო პროდუქტები და ვიტამინები?

როგორც კი ეს პერიოდი დასრულდა, ექიმს დავეკითხე, რა პროდუქტები იყო საჭირო ჩემი შვილის ჯანმრთელი განვითარებისთვის და რა უნდა მიმეღო. რაც მირჩიეს, მაქსიმალურად ზუსტად შევასრულე. ცომეული და შაქარი რაციონიდან ამოვიღე. ტკბილეული ძალიან მიყვარს, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. საბოლოოდ, ჩემი კვების რაციონში დავტოვე ის პროდუქტები, რომლებიც ნაყოფის განვითარებისთვის იყო საჭირო. შაქრის ნაცვლად ვიღებდი თაფლს და მთელი ორსულობის განმავლობაში 37 კილოგრამი თაფლი მივიღე...

წყლის რაოდენობასაც კი ვითვლიდი. დილიდან ვიწყებდი წყლის სმას და დღის განმავლობაში ორ ლიტრს აუცილებლად ვიღებდი. მთელი ორსულობის განმავლობაში მხოლოდ რვა კილოგრამი მოვიმატე. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო. ვცდილობდი, მიმეღო ყველაფერი, რაც საჭირო იყო, და თავი ამერიდებინა იმისთვის, რასაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონოდა.

წონაც დიდად არ მომმატებია და სტრიებიც არ გამჩენია. კანსაც ვუვლიდი, სპეციალურ საშუალებებს ვიყენებდი. წყალს კი იმიტომ ვსვამდი ბევრს, რომ ორგანიზმი კარგად ყოფილიყო დატენიანებული. დედაჩემის გამოცდილების გამო ეს შიში მაინც სულ თან მდევდა. თუმცა დღეს რომ ვფიქრობ, დედობაზე დიდი ბედნიერება ნამდვილად არაფერია.

ბავშვობის მძიმე მოგონება

საკეისრო კვეთა გავიკეთე. ამის მიზეზიც არსებობდა. ბავშვობაში ძალიან სწრაფად გავიზარდე — ძვლებმა და სახსრებმა ზრდა სწრაფად დაიწყეს, თუმცა სხეულის პროპორციებში გარკვეული შეუსაბამობა იყო. ტრავმაც მივიღე და პერტესის დაავადების ნიშნებიც არსებობდა. სიარულისას ვკოჭლობდი...დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რვა წლის ასაკში, ფაქტობრივად, წოლითი რეჟიმი მქონდა. ბევრი ჩარევა და პროცედურა დამჭირდა. მახსოვს, ჩემი ექიმი სულ მეუბნებოდა: „შენს ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუმკლავდები, მაგრამ ერთი რამ უნდა გთხოვო — ბუნებრივად არ იმშობიარო. რასაც გინდა, იმას შეეჭიდე, იცეკვე, მაგრამ ეს რისკი არ აიღო“.

ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვდა. ბავშვობის ის წლები ძალიან რთული იყო. ახლა ჩემი შვილი რვა წლისაა და რომ ვუყურებ, რამდენად აქტიური ცხოვრება აქვს — დადის ცეკვაზე, ტანვარჯიშზე, აქვს თავისი ინტერესები და საყვარელი საქმიანობები — ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ასაკში მე თითქმის ორი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.არც მეგობრები, არც სკოლაში სიარული, ვერც საყვარელ ადამიანებთან მქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა. ჩემ გვერდით მხოლოდ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები — დედა და ბებია — იყვნენ. გარე სამყაროს თითქმის მთლიანად მოვწყდი...ექიმის სიტყვები სულ მახსოვდა: არ გარისკო, რადგან ვერავინ მოგცემს გარანტიას, რა შეიძლება მოხდესო. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკეისრო კვეთა გაგვეკეთებინა.

არ ვიცი, როგორ გავძელი... როცა მიზანი გაქვს, დაბრკოლებების აღარ გეშინია. ჩემი მიზანი იყო, ისევ სცენაზე დავმდგარიყავი, მეცეკვა და ჩემი საქმიანობა გამეგრძელებინა. როცა იცი, რომ მიზნისკენ მიდიხარ, დაბრკოლებების აღარ გეშინია.

დედა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, რომ მე კარგი განათლება მიმეღო... ყველაზე ბედნიერი ემიგრაციაში ვიყავი, როცა დედაც და მამაც გვერდზე მყავდა... - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური მოგონება