ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი დედას იხსენებს ემოციურად, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მისი მომავლისთვის:
- ყველას ცხოვრებაში არსებობს რთული ეტაპები, ხომ? დედას ცხოვრებაში ეს რთული ეტაპი დადგა მაშინ, როდესაც ის ცხოვრების სირთულეების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მარტო, ჩემთან ერთად. იყო დაახლოებით 25 წლის. უნდა მოეხერხებინა და რამდენიმე სამსახურში ემუშავა იმისათვის, რომ მე ვყოფილიყავი რაღაც ეტაპზე წარმატებული, კარგი განათლება მიმეღო, ღირსეული ადამიანი დავმდგარიყავი. ვიცოდი, რომ დედაჩემის ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი.
მე მახსოვს, დედა მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა ღამის 12 საათზე სხვა სამსახურში და ღამეს ათენებდა ხოლმე, ბრუნდებოდა დილით გამთენიისას სახლში და რაღაც სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს აკეთებდა იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. არასდროს არ მახსენდება დღე, რომელიმე სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემი მოწყენილი, დაღლილი, რაღაც უხასიათოდ მენახოს. არ მახსენდება ეგეთი დღე. ამიტომ ვარ ხოლმე აღფრთოვანებული მისიით, რომ როგორი საოცარი სიყვარულია დედაშვილობა, რომ სულ რომ თავზემოთ ძალა არ არის, იმასაც გაკეთებინებს...
ყველაზე ბედნიერი ეტაპი ჩემი ცხოვრების უკავშირდება ემიგრაციაში ყოფნას. არა იმიტომ, რომ მე ჩემს მშობლებთან ერთად შორს ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ოჯახს სრულფასოვანი სახე ჰქონდა - დედა, მამა და მე. აი, ეს წლები მახსოვს ხოლმე ყველაზე ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ეს ბავშვობის ტრავმა, დედა და მამა რაღაც ეტაპზე რომ გაშორდნენ ერთმანეთს, დარჩა ტრავმად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, ვერ გადავლახე ეს ეტაპი. ეს დარჩა ჩემს ყველაზე ბედნიერ, ყველაზე ნათელ ცხოვრების ეტაპად. თითქოს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ყველაზე მეტად ჩემთვის ძვირფასი იყო და დავკარგე...