ლიზა ბაგრატიონმა "იმედის დღეში" სტუმრობისას გაიხსენა ცნობილი ბიძა - სპორტსმენი, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და თბილისის კოლორიტი ჯანო ბაგრატიონი და მამა - გიორგი (ტოტოშა) ბაგრატიონი, რომელიც ასევე იყო ქალაქის გამორჩეული კოლორიტი. ძმებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და მათი შვილებიც ფაქტობრივად ერთად იზრდებოდნენ. ლიზა ბაგრატიონი არაერთხელ მდგარა სცენაზე ბიძასთან ერთად, რომელიც ასევე შესანიშვანად მღეროდა.
ლიზა ბაგრატიონი:
- ჩვენთვის, შვილებისთვის, ამ ორი ძმის ურთიერთობა, ის სიყვარული, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ, ის რაღაცა წარმოუდგენელი თანადგომა ერთმანეთის, მეგობრების, ოჯახების, არ ვიცი, ჩემთვის ღირსებების აკადემია იყო, რომელიც არ ისწავლება ალბათ, ამას უნდა ვუყურებდე, ამაში უნდა გაიზარდო და ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ჩვენ ოთხნი ვართ, მათი შვილები და ჩვენ ასე ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ოთხი და. ასე გაიზარდენ ძმები, ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთის გარეშე იყო წარმოუდგენელი მათი ყოფა.
ბიძაჩემი ჯანო ბევრს ჩემი მამა ჰგონია. აღარც ვაპროტესტებ, იმიტომ რომ ასე გაგვზარდეს, დიახაც იყოს ჯანო ჩემი მამა, საწინააღმდეგო არა მაქვს, არც ჯანო იქნებოდა წინააღმდეგი და არც მამაჩემი. მე და მამა როდესაც ერთად სადღაც შევსულვართ, თუნდაც მაღაზიაში და ვიღაცას უთქვამს, მე ისე მიყვარს თქვენი მამა, ისე მომიჭერდა ხოლმე ხელზე მამაჩემი, არ თქვა, რომ მე ვარ შენი მამაო... იმიტომ, რომ ეს რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მამაც აპროტესტებდა საჯაროდ ინტერვიუებში, ტელევიზიაში გამოჩენას. არადა მაშინ, ახალგაზრდობაში, მინდოდა ხანდახან, მამაც გამოჩენილიყო ჩემ გვერდით ინტერვიუში.

...მამაჩემი და ჯანო გაიზარდნენ იქ, სადაც ახლა რუსთაველის მეტროს დიდი სადგურია, საიდანაც შევდივართ ჩვენ რუსთაველის მეტროში, იქ იყო მათი სახლი და როდესაც მეტროს ხაზმა გაიარა, დაუნგრიეს სახლი და გადაიყვანეს ახლა რომ ყაზბეგის ქუჩაა, ადრე იყო პავლოვის ქუჩა, ბოლო სახლში. მაშინ დიდი გადაბმული სახლები იყო, პატარა ბაზარიც იყო. იქ ცხოვრობდა გოგი ცაბაძე, ჯანო, მაია ჯაბუას, ბევრი ჩემი მეგობარი. მაშინ კენჭისყრით იყო, გვარები იყრებოდა. ბაბუაჩემმა მეოთხე სართული ამოიღო, ბოლო კორპუსის. არ იყო არც ლიფტი, არაფერი. ბოლო წლებში იძახდა, ეს ქალაქელი ვერელი კაცი სად წამიყვანესო... არაფერი იყო მაშინ, ეს ბოლო სახლი იყო, სადაც ახლა ქავთარაძე იწყება და სადაც არის ცნობილი მოლი, და ახლა რომ ქუხს და დუღს ცხოვრება, მაშინ იყო საძოვრები, ტყე, საბალახო და შესაბამისად ქალაქის ბოლო იყო და ძაან გაბრაზებული იყო, რომ სადღაც გადამასახლესო და ლიფტი არა მაქვსო, რა იქნება, პირველ სართულზე ვცხოვრობდე სადმეო... მერე როდესაც ბინა გადავცვალეთ, ჩვენც მერე გავიზარდეთ უკვე პირველ სართულზე, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე. მამამ პირველ სართულზე იყიდა სახლი, რაც სულ არ იყო მოდაში მაშინ. მაგრამ მამაჩემმა თქვა, რომ მამაჩემის ოცნებაა და ეეს მაინც შევუსრულოო...
რაც შეეხება ბაგრატიონობას, ბაბუა არ იყო პარტიის წევრი. ბებიაჩემი ყვებოდა, რომ სულ ჩალაგებული ჰქონდათ ბარგი. მაშინ მოგეხსენებათ, მანქანა ჰყავდა პრაქტიკულად მხოლოდ ჩეკას და შესაბამისად, ღამე ძილში მანქანის ხმას რომ გაიგებდნენ, ჩუმად ვსხდებოდითო და არც ვერც ვლაპარაკობდით ერთმანეთში, ველოდებოდითო... თუ გავიდოდა ეს მანქანა, გავხედავდით ერთმანეთს და უღონოდ ვითიშებოდითო... ის კი არა, რომ ვიძინებდითო, უღონოდ ვითიშებოდითო.
მე გავიზარდე ბაბუასთან, და რაც მახსოვს, ეს იყო, რომ მე დაბადებიდან წონის პრობლემა მქონდა, შესაბამისად ოჯახში დედას სულ დიეტაზე ვყავდი, რაც არ ეხებოდა ბაბუას და ჩვენს ურთიერთობას. ბაღში დავყავდი მას და ბაღიდან მოვყავდი მას. ბაღის მერე შევიდოდით მაშინდელ გასტრონომში და ყიდულობდა ჩემთვის ნაყინს. ამ ნაყინს იქვე ვჭამდი იმიტომ, რომ დედას და ბებოს არ დაენახათ.
ისეთი გაწკიპინებული დადიოდა ბაბუაჩემი, დღესაც ფეხზე რომ დავიხედავ და რამე არ მაქვს წესრიგში, მახსენდება ბაბუა. ღამე ჯდებოდა, თითო-თითო ფეხსაცმელი გვქონდა... ღამე ჯდებოდა, თავისი მაზი ქონდა, ჯაგრისი, ხავერდის ნაჭერი. ყველას ფეხსაცმელს გააწიკწიკებდა ისე, რომ გეგონებოდა, იმ დღეს იყიდეს ის ფეხსაცმელი და ასე დილას უნდა ჩაგვეცვა ყველას გამზადებული... დღემდე მახსენდება, როგორ ჯდებოდა, თავისი რიტუალი ჰქონდა... ყველას გააწიკწიკებდა და მხოლოდ მერე დაიბანდა ხელს...