მშობიარობიდან ექვს კვირაში Victoria’s Secret-ის შოუზე: "გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახერხებს" - მშობლები

მშობიარობიდან ექვს კვირაში Victoria’s Secret-ის შოუზე: "გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახერხებს"

2026-10-19 11:08:55+04:00

უნგრელმა მოდელმა ბარბარა პალვინმა მშობიარობიდან სულ რაღაც ექვს კვირაში პოდიუმზე დაბრუნება შეძლო. 2026 წლის Victoria’s Secret-ის შოუზე მისი მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მისი მეუღლე, მსახიობი დილან სპრაუსი იყო.

18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გამართულ ვარსკვლავურ ჩვენებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. მედიასთან საუბრისას 34 წლის სპრაუსმა 33 წლის მეუღლე შეაქო და აღნიშნა, რომ პალვინი შოუსთვის მოსამზადებლად საოცრად ბევრს შრომობდა. ეს ყველაფერი წყვილის პირველი შვილის, სილვის დაბადებიდან მხოლოდ ექვს კვირაში ხდებოდა...

bara-palvini-8-1792393952.jpg

პოდკასტ Wildmen-ის წამყვან ზანა რობერტს რასისთან საუბრისას მსახიობმა მეუღლის გამძლეობისა და მონდომების მიმართ აღტაცება გამოხატა.

"გაოგნებული ვარ იმით, როგორ ახერხებს, ყოველ ჯერზე საკუთარი თავი ასე მობილიზებული ჰყავდეს", - განაცხადა სპრაუსმა. მან ისიც აღნიშნა, რომ შოუს დეტალებს მეუღლე ბოლომდე არ უმხელს და მისთვისაც სიურპრიზად ტოვებს.

"არ მიყვება, რა ეტაპზეა ყველაფერი და როგორ მიმდინარეობს მზადება. ერთგვარად, სიურპრიზს მიწყობს", - თქვა მსახიობმა.

bara-palvini-2-1792393966.jpg

სპრაუსმა მამობის პირველ გამოცდილებაზეც ისაუბრა და იუმორით აღნიშნა, რომ მის ახალშობილ ქალიშვილს უკვე გაეცინა მის ხუმრობებზე.

"ასე რომ, ოფიციალურად საქმეში ვარ, ძმაო", - იხუმრა მან.

მსახიობმა ისიც გაამხილა, რომ პატარა გოგონა გარეგნობით დედას ჰგავს და ბარბარას ცისფერი თვალები მემკვიდრეობით მიიღო.

"ბედნიერებაა, რომ ბარბარას ლამაზი ცისფერი თვალები ერგო. თანაც, ძალიან დიდი თვალები აქვს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჩემს იუმორის გრძნობასაც მიიღებს, დანარჩენი კი ყველაფერი ბარბარასგან ექნება", - აღნიშნა მან.

bara-palvini-1-1792393980.jpg

barbara-1792394154.jpg

E! News-თან საუბრისას სპრაუსმა მშობლობის ყოველდღიურობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რამდენად სწრაფად შეეგუა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.

"გაოგნებული ვარ, რამდენად მივეჩვიე. ალბათ, ასეთია ბავშვის ყოლა - ისინი უბრალოდ ყველგან და ყოველთვის არიან", - იხუმრა მსახიობმა.

barbara-palvini-10-1792393996.jpg

სპრაუსი მეუღლის პროფესიული მიღწევებით აღფრთოვანებას არც სოციალურ ქსელში მალავს. მანამდე, სანამ პალვინი პოდიუმზე ვარდისფერ თეთრეულში გამოჩნდებოდა, მსახიობმა Instagram Stories-ში გამოაქვეყნა ემოციური მიმართვა:

"ვამაყობ ჩემი ცოლით, რომელიც მშობიარობის შემდეგ პირდაპირ VS-ის შოუში ჩაერთო. ის სხვანაირადაა მოწყობილი. არ ვიცი, საიდან იღებ ამდენ ენერგიას, მაგრამ, ჯანდაბას, ეს საოცრებაა!"

barbara-palvini-13-1792394010.jpg

მსახიობს ყურადღება წარსულშიც არაერთხელ მიუპყრია მეუღლისთვის მხარდაჭერით. 2024 წელს ის ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოშიც გამოჩნდა, რომელშიც Victoria’s Secret-ის შოუზე პალვინის საყვარელი ძაღლების, პეტისა და სხვა ოთხფეხა მეგობრების, გიგანტური მუყაოს გამოსახულებები მიიტანა.

მიუხედავად დატვირთული პროფესიული ცხოვრებისა, წყვილი ახლა მშობლობის პირველი გამოცდილებით განსაკუთრებულად ტკბება. ამის შესახებ პალვინმა PEOPLE-თან, Victoria’s Secret-ის შოუს კულისებშიც ისაუბრა.

მოდელმა, რომელმაც დედობის შემდეგ პირველი დაბადების დღე 8 ოქტომბერს აღნიშნა, ცხოვრების ახალი ეტაპი ატრაქციონს შეადარა.

"ახლა ყველაფერი ატრაქციონს ჰგავს - სახალისოც არის და ცოტა საშიშიც. ამერიკულ მთებს ჰგავს", - თქვა მან.

barbara-palvini-12-1792394021.jpg

პალვინის თქმით, დილანი ძალიან კარგი მამაა და ახალ როლს შესანიშნავად ართმევს თავს.

"დილანი შესანიშნავია. მას ყოველთვის სურდა მამობა და ვფიქრობ, გოგონას მამობა საოცრად გამოსდის. მგონია, სწორედ გოგონას მამობისთვისაა დაბადებული. ადრე თავადაც არ იცოდა ეს, მაგრამ ნამდვილად ასეა", - აღნიშნა მოდელმა.

მისივე თქმით, ორივე მშობელი ახალ გამოცდილებას თანდათან ეჩვევა და ცდილობს, ცვლილებებს მაქსიმალურად კარგად გაუმკლავდეს.

"ორივე ვსწავლობთ. ეს დიდი ცვლილებაა და მაქსიმუმს ვაკეთებთ", - დასძინა პალვინმა.

ბარბარა პალვინი Victoria’s Secret-ის შოუზე პირველად 2012 წელს, 19 წლის ასაკში გამოჩნდა. 2018 წელს ის ბრენდის პოდიუმს დაუბრუნდა, ხოლო 2019 წელს Victoria’s Secret-ის პირველი უნგრელი "ანგელოზი" გახდა.

მსახიობ დილან სპრაუსს ბარბარა 2023 წლის 15 ივლისს გაჰყვა ცოლად. საქორწინო ცერემონია უნგრეთში, მოდელის მშობლების მამულში გაიმართა. წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს გაიცნო, ნიშნობის შესახებ კი 2023 წლის ივნისში განაცხადეს. 6 კვირის წინ ისინი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ.

Victoria’s Secret-ის გარშემო სკანდალი აგორდა - ბრენდს ანგელოზების ცნობილების შვილებითა და ინფლუენსერებით ჩანაცვლების გამო აკრიტიკებენ
მე არ ვარ ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე გამხდარი და ყველაზე ტანადი - ბიანკა ბალტის Victoria's Secret-მა შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრა