"ნამდვილი შეურაცხყოფაა იმ მოდელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ" - კაილი ჯენერმა Victoria’s Secret-ის შოუზე 50-მილიონდოლარიანი Fantasy Bra მოირგო, რასაც კრიტიკა მოჰყვა - მშობლები

"ნამდვილი შეურაცხყოფაა იმ მოდელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ" - კაილი ჯენერმა Victoria’s Secret-ის შოუზე 50-მილიონდოლარიანი ბიუსტჰალტერი მოირგო, რასაც კრიტიკა მოჰყვა

2026-10-19 12:37:35+04:00

რეალითი-შოუს "კარდაშიანების" ვარსკვლავმა, კაილი ჯენერმა, 18 ოქტომბერს Victoria’s Secret-ის შოუში პირველად მიიღო მონაწილეობა. ის გახდა პირველი ქალი, რომელიც ბრენდის "ანგელოზების" რიგებს არ მიეკუთვნება, თუმცა ლეგენდარული Fantasy Bra მოირგო. ძვირფასი თვლებით შემკული ბიუსტჰალტერი პოდიუმზე რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ჯენერს 50 მილიონი დოლარის ღირებულების ბიუსტჰალტერი ეცვა, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც 22 მილიონი დოლარის ღირებულების ყვითელი ბრილიანტი ამშვენებდა. იგი, საერთო ჯამში, კიდევ 4 410 ბუნებრივ ბრილიანტს აერთიანებდა. ამით კაილი იმ მოდელების რიგს შეუერთდა, რომლებსაც წლების განმავლობაში ეს საპატიო შესაძლებლობა მიეცათ. მათ შორის არიან ჟიზელ ბიუნდჰენი, ჰაიდი კლუმი, ტაირა ბენკსი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო და ქენდის სვეინპოლი.

kaili-jeneri-3-1792399214.jpg

კაილის გამოჩენას, დადებით შეფასებასთან ერთად, უამრავი კრიტიკაც მოჰყვა. არაერთი ადამიანი კითხულობდა, თუ რატომ შეარჩია Victoria’s Secret-მა ჯენერი წლევანდელი შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტისთვის.

"კაილი მხოლოდ მოდის, კულტურის ან ტელევიზიის სფეროს არ უკავშირდება - ის ამ ყველაფერს სცდება და მხოლოდ ერთ მიმართულებაში ვერ მოაქცევ. ზუსტად ასეთია ჩვენი შოუც. ის იმდენად მასშტაბურია, რომ ნამდვილ გასართობ სანახაობას წარმოადგენს. ვფიქრობ, კაილი ამ ყველაფრისთვის შესანიშნავი კატალიზატორია", - განაცხადა Victoria’s Secret-ის მთავარმა კრეატიულმა დირექტორმა, ადამ სელმანმა, 18 ოქტომბერს ჟურნალ Vogue-თვის მიცემულ ინტერვიუში.

kaili-jeneri-9-1792399258.jpg

"მან საკუთარი კულტურაც კი შექმნა - რამდენ ადამიანს შეუძლია ამის თქმა?" - განაგრძო სელმანმა.

"ვფიქრობ, საინტერესოა ის წყვილი, რომელსაც გულშემატკივრებს ვთავაზობთ: მათ ვაძლევთ იმას, რაც სურთ - ამ საოცარ Fantasy Bra-ს - და მას მოვარგებთ მოულოდნელად შერჩეულ ვარსკვლავს, რომელსაც უამრავი მიმდევარი და უდიდესი კულტურული გავლენა აქვს. ვფიქრობ, ეს სახალისოა. ეს ნამდვილად სიხარულის მომტანია და სასიამოვნოა, როცა დღესასწაულს განსხვავებული ფორმით აღნიშნავ - ისე, როგორც ხალხი არ ელის", - დასძინა სელმანმა.

kailii-1792399422.jpg

მისივე შეფასებით, წლევანდელი Fantasy Bra "თითქმის სამუზეუმო ექსპონატის დონეზეა" შესრულებული.

ბიუსტჰალტერი დაახლოებით 1,8 კილოგრამს იწონის. მის შექმნაზე საიუველირო კომპანია Jacob & Co.-ს 15 ხელოსანი მუშაობდა და პროცესს 1 000 საათზე მეტი დასჭირდა.

"გახსოვდეთ, ეს ბიუსტჰალტერი მთლიანად ოქროსა და ბრილიანტებისგანაა დამზადებული - მასში ქსოვილი საერთოდ არ არის. ამიტომ სწორი ზომის შერჩევა და იმის უზრუნველყოფა, რომ სამკაული სხეულთან ერთად ბუნებრივად მოძრაობდეს, მარტივი არ ყოფილა", - განუცხადა დიზაინერმა ჯეიკობ არაბომ Vogue-ს.

მისი თქმით, ყველაზე დიდი სირთულე ბიუსტჰალტერის ისე შექმნა იყო, რომ მისი ტარება კომფორტული ყოფილიყო და ამავდროულად თავდაპირველი დიზაინიც შენარჩუნებულიყო.

kaili-19-1792399735.jpg

"ზუსტი ზომების ცოდნის შემთხვევაშიც კი ის, რაც ქაღალდზე კარგად გამოიყურება, სხეულზე ყოველთვის იმავეს არ ნიშნავს. სხეულის თითოეული ნაწილი, თითოეული ბრილიანტი და ოქროს ყველა დეტალი განსაკუთრებული სიზუსტით უნდა განთავსებულიყო, რათა ბიუსტჰალტერი ერთდროულად ლამაზიც ყოფილიყო და კომფორტულიც", - დასძინა არაბომ.

როგორც ჩანს, კაილისა და Fantasy Bra-ს ერთმანეთი იდეალურად შეეფერებოდათ. 18 ოქტომბერს, Instagram-ის სთორიში, ძვირფასი ბიუსტჰალტერით გადაღებულ ახლო კადრს კაილიმ წარწერა დაურთო: "საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში".

კაილის სამოსს გამჭვირვალე მოკლე ქვედაბოლო, ვერცხლისფერი საცვალი, გამჭვირვალე ქუსლიანი ფეხსაცმელი და ანგელოზის თეთრი ფრთები ავსებდა.

რეალითი-შოუს ვარსკვლავს პოდიუმიდან შეყვარებული, ტიმოთი შალამე, და დედა, კრის ჯენერი, გულშემატკივრობდნენ. ისინი შოუს პირველ რიგში ისხდნენ.

kaili-jeneri-2-1792399446.jpg

თუმცა კაილის გამოჩენას მხოლოდ აღფრთოვანება არ მოჰყოლია. მისი არჩევანი არაერთმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს "ნამდვილი შეურაცხყოფაა იმ მოდელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ".

"ანუ ახლა უკვე ყველას შეუძლია მისი მორგება?" - იკითხა კიდევ ერთმა კომენტატორმა, ზოგიერთმა კი ეს გადაწყვეტილება "უპატივცემულობად" შეაფასა.

"წარმოიდგინეთ, პოდიუმზე მანამდე არასდროს გაუვლია და Fantasy Bra მაინც მას მისცეს??? ცოტა არ იყოს, ტრაგიკულია", - დაწერა კიდევ ერთმა მომხმარებელმა.

kaili-jeneri-8-1792399508.jpg
კაილი დედასთან ერთად

"ბარბარას, ადრიანასა და ანოკს ამჯობინეს?" - იკითხა სხვამ და გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ბიუსტჰალტერი გამოცდილ მოდელებს კი არა, ჯენერს მოარგეს.

"აღარ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურ მონაცემებს, მთავარია, ფული და გავლენა", - წერდნენ განაწყენებული გულშემატკივრები.

კაილი ჯენერის ძველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება და აშკარაა, რომ ახალგაზრდა მოდელმა და ბიზნესვუმენმა არაერთი ნაკვთი შეიცვალა. კაილიმ თავად თქვა გულწრფელად, რომ მკერდის ოპერაცია გაკეთებული აქვს.

kaili-jeneri-1-1792399564.jpg

კაილის კარიერა 2007 წელს დაიწყო. ის მაშინ 10 წლის იყო. რეალითი შოუში "კარდაშიანების ოჯახი" მონაწილეობამ მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა ამერიკაში. ამიტომ გადაწყვიტა, დისტანციურად ესწავლა.

16 წლის ასაკში დედას სთხოვა, წაეყვანა კოსმეტოლოგთან. ამის მიზეზი თხელი ტუჩები იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში კაილი იხსენებს, რომ პირველი კოცნის შემდეგ მისი პარტნიორი გაკვირვებული დარჩა, გოგონამ ასეთი ტუჩებით მაინც როგორ საოცრად აკოცა. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მან სპეციალისტს მიმართა და ტუჩები გაიდიდა...

ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში დაიწყო მოდელის კარიერა. მაგრამ მას შესაბამისი მონაცემები არ აღმოაჩნდა და, ფაქტობრივად, სხვა თანატოლებისაგან არ განსხვავდებოდა. ექიმები საუბრობენ, რომ ჯენერს არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.

გოგონა ძალიან მიზანდასახული იყო და უკვე 2015 წელს შექმნა კომპანია სახელწოდებით "Kylie Cosmetics". სწორედ მან მოუტანა მთავარი შემოსავალი. ამავე დროს, უფროს დასთან ერთად გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია "Kendall + Kylie".

kaili-13-1792399619.jpg

თუ უფროსი კარდაშიანი აქტიურად გამოდიოდა ტელევიზიით და ამით თავის თავსა და პროდუქციას რეკლამას უკეთებდა, უმცროსი მალევე მიხვდა, რომ სოციალურ ქსელში გაცილებით უფრო მეტი წარმატების და პოპულარულობის მიღწევა შეიძლებოდა. თავისი პროდუქციის რეკლამისთვის მან ინსტაგრამი აირჩია. ახლა მას მილიონობით გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე და მარტივად შეუძლია, საკუთარი პროდუქცია გაყიდოს.

კაილი ორი შვილის დედაა. 4 წლის ჰყავდა ქალიშვილი სტორმი, რომ ვაჟი გააჩინა. ორივე შვილი რეპერ ტრევის სკოტისგან ჰყავს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა, თუმცა წყვილი შემდეგ დაშორდა.

2023 წლიდან კაილი მსოფლიო ვარსკვლავის ტიმოთი შალამეს გვერდითაა. ჯერჯერობით წყვილი ქორწინებაზე არ საუბრობს, თუმცა კაილი რჩეულს ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გვერდს უმშვენებს.

ამჯერად კი ტიმოთი შალამე მივიდა საყვარელი ქალის საგულშემატკივროდ.

დებმა კენდალ და კაილი ჯენერებმა მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცები გაინაწილეს - გარეგნობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მილიონერი დები ცნობილ მამაკაცებს უმიჯნურდებიან
წლის წვეულება, რომელსაც პრინცი ჰარი, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი და სხვები ესწრებოდნენ - კრის ჯენერის 70 წლის იუბილე
პლასტიკური ოპერაციები, ახალგაზრდა ასაკში ნაშოვნი მილიონები, პოსტსამშობიარო დეპრესიები და ცნობილი მეგობარი მამაკაცები - რას ნანობს ორი შვილის დედა, მილიარდერი კაილი ჯენერი?