დღეს ემილი გოგუას ცხოვრება შესაძლოა, სულ სხვაგვარი ყოფილიყო, რომ არა საშვილონოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევა. სკრინინგის დროს გამოვლენილმა კიბოსწინარე ცვლილებებმა და დროულმა მკურნალობამ მას შესაძლებლობა მისცა, თავიდან აეცილებინა დაავადების შესაძლო პროგრესირება.
დღეს იგი საკუთარ გამოცდილებას ათასობით ქალს უზიარებს და მოუწოდებს, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმონ.
ემილი გოგუა ის ადამიანია, ვისი ყოველდღიურობაც სხვების ბედნიერებასა და ზეიმს უკავშირდება. როგორც საქორწინო წვეულებების წარმატებული ორგანიზატორი და წამყვანი, იგი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
„ჩემი ცხოვრება ძალიან მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანია, თუმცა რადიკალურად განსხვავებული რეალობა მექნებოდა, რომ არა ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, სკრინინგის დროს აღმოჩენილი კიბოსწინარე მდგომარეობა,“ - ამბობს ემილი.
ემილის არაფერი აწუხებდა. სრულიად უსიმპტომოდ, ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობდა. მარტის მიწურულს გადაწყვიტა, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაეკეთებინა.აღსანიშნავია, რომ HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებამდე HPV ტესტირების ჩატარება აუცილებელი არ არის, თუმცა აცრამდე ემილიმ მოინდომა ჯერ გადაემოწმებინა, ჰქონდა თუ არა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ინფექცია?
წინა წლის ოქტომბერში ჩატარებული ჩვეულებრივი „პაპ-ტესტის“ პასუხი სრულიად მშვიდი იყო - არანაირი საგანგაშო ნიშანი! თუმცა, ცნობილია, რომ პაპილომავირუსს 200-ზე მეტი შტამი აქვს და მათ შორის განსაკუთრებით აგრესიულია მე-16 და მე-18 შტამები. გადაწყვიტა, პაპ-ტესტთან ერთად HPV ტესტიც ჩაეტარებინა.შედეგმა ყველაფერი შეცვალა: პაპ-ტესტმა კვლავ აჩვენა, რომ „არაფერი სჭირდა“, თუმცა HPV ტესტმა დაადასტურა ყველაზე აგრესიული, მე-16 შტამის არსებობა. დამატებითმა კვლევებმა კი საშვილოსნოს ყელის მძიმე დაზიანება (კიბოსწინარე მდგომარეობა) გამოავლინა. ამ გადაწყვეტილებამ ემილის საშუალება მისცა, დროულად გამოევლინა კიბოსწინარე ცვლილებები და მიეღო შესაბამისი მკურნალობა, რაც ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.
საოპერაციო მაგიდიდან - პირდაპირ სცენაზე!
დაიწყო ბრძოლა, რომელსაც წამითაც არ შეუნელებია ემილის ცხოვრების რიტმი. საჭირო გახდა დაზიანებული ქსოვილის ლაზერული ამოკვეთა (კონიზაცია).
საოპერაციო მაგიდიდან წამოდგომისთანავე, ნარკოზიდან ახლად გამოფხიზლებული პირდაპირ საქორწინო ბანკეტის წასაყვანად გაემართა! ამბობს, რომ სეზონის პიკი იყო და ღონისძიებას ვერ გადადებდა. გაიღიმა, სცენაზე დადგა და სხვისი ბედნიერების აღნიშვნა გააგრძელა მაშინ, როცა რამდენიმე საათის წინ საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინა.
ამოკვეთილი ქსოვილის მორფოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა CIN 2 ხარისხის კიბოსწინარე დაზიანება. ემილის ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და დღეს თავს კარგად გრძნობს.
ამჯერად ემილი თავის მრავალრიცხოვან გამომწერებსა და საზოგადოებას უზიარებს რეკომენდაციებს, რომლებმაც შესაძლოა მათი სიცოცხლეც იხსნას:
„გახსოვდეთ, სკრინინგი ჩვენი ჯანმრთელი და მშვიდი ცხოვრების გარანტია! ნუ დაელოდებით სიმპტომებს. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაუთმეთ ნახევარი საათი საკუთარ ჯანმრთელობას, რათა თქვენმა ცხოვრებამაც ისევე გაგრძელოს დღესასწაული, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა!“ - გვახსენებს ემილი გოგუა. ის აპირებს სამომავლოდ აქტიურად ჩაერთოს კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის კამპანიებში და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
ემილის ისტორია გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, როცა თავს კარგად ვგრძნობთ და საფრთხის არანაირი ნიშანი არ გვაქვს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დავიწყოთ, როცა ტკივილი ან სხვა სიმპტომი გვაიძულებს, ექიმს მივმართოთ.
ემილიმ საკუთარი ისტორია გააზიარა, რათა სხვა ქალებსაც დაეხმაროს დროული გადაწყვეტილების მიღებაში. შესაძლოა, სწორედ ამ ამბის წაკითხვამ გადააწყვეტინოს ვინმეს გამოკვლევაზე წასვლა და ეს გადაწყვეტილება მისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს!