"ექიმებს მინდა, ვთხოვო, პაციენტებს საკუთარ დიაგნოზზე დეტალურად დაელაპარაკონ, აუხსნან როგორც უარყოფითი, ისე პოზიტიური მხარეები და საუბარი სწორედ პოზიტივით დაიწყონ..." - ნათია დოლიძე - მშობლები

"ექიმებს მინდა, ვთხოვო, პაციენტებს საკუთარ დიაგნოზზე დეტალურად დაელაპარაკონ, აუხსნან როგორც უარყოფითი, ისე პოზიტიური მხარეები და საუბარი სწორედ პოზიტივით დაიწყონ..." - ნათია დოლიძე ონკოპაციენტების რთულ გზასა და უამრავ დაბრკოლებაზე

2026-08-15 11:30:28+04:00

ონკოლოგიურ დიაგნოზთან შეჯახება პაციენტს არა მხოლოდ დაავადებასთან, არამედ ბიუროკრატიასთან, მედიკამენტების მაღალ ფასებთან და ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებთან პირისპირ ტოვებს.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც დაავადებების მკურნალობის პროცესში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მედიაპლატფორმა Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი, ნათია დოლიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ საუბრობს. ძუძუს კარცინომის დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის მიმდინარე ეტაპამდე ის არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. ნათიამ საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერაც დაიწყო და ამ გზით ცდილობს, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვიან, მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიაროს.

რა ბარიერებს აწყდებიან პაციენტები საქართველოში დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის ეტაპზე, რატომ არის აუცილებელი თანამედროვე მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება და რა როლი აქვს რუტინულ სკრინინგს - ამ და სხვა საკითხებზე ნათია დოლიძე ვრცლად გვესაუბრება:

- თავდაპირველად არანაირი სიმპტომი ან ტკივილი არ მქონია. არც ამ ეტაპზე მაქვს. უბრალოდ, ერთ დღეს მკერდში სიმაგრე აღმოვაჩინე. შვებულება მეწყებოდა და უცხოეთში მივდიოდი, ეს სწორედ გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მოხდა. რადგან ორ კვირაში სიმაგრემ არ გაიარა, დაბრუნებისთანავე ოჯახის ექიმს დავუკავშირდი, შემდეგ კი ექოსკოპისტთან მივედი. ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგში არ იყო. ჩემი ვიდეოები თუ გინახავთ, იქაც ვყვები: ჩემთან შემოვიდა ექოსკოპისტი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორად მოიქცა. ფაქტობრივად, გამოიტირა პაციენტი, რომელიც პირველად მივიდა იმის გასარკვევად, თუ რა სჭირდა. ატეხა ვაიუშველებელ, თუ რამხელა და რა ცუდი კვანძი იყო.

ამ დროს ექოსკოპისტს ეს საერთოდ არ ევალება და უფლებაც კი არ აქვს, პაციენტს დიაგნოზზე ელაპარაკოს, მით უფრო ვაების შორისდებულებით. პაციენტს შეიძლება, უთხრას, რომ მამოლოგთან მივიდეს ან ბიოფსია ჩაიტაროს, მაგრამ მეტი არაფერი ევალება.

იქიდან საკმაოდ შეშინებული წამოვედი. მეგონა, რომ მართლა უბედურება მჭირდა, რაღაც განუკურნებელი და გზაში უკვე გეგმებს ვწყობდი, რა უნდა მომესწრო... თუმცა, მეორე დღეს გავიაზრე, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი ექიმები დიაგნოზის დასმისას ხშირად ცდებიან, ექოსკოპისტის ლაპარაკისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია. მეორე დღიდანვე ეს შოკი დავძლიე. ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ის ერთი ღამე არ მძინებია, როდესაც იმ ქალის ხმა ჩამესმოდა ყურში...

შემდეგ უკვე სწორად დავგეგმე ნაბიჯები და ბიოფსიის ჩასატარებლად წავედი. ბიოფსიაზეც არასახარბიელო სიტუაცია დაგვხვდა იმ თვალსაზრისით, რომ კვლევაზე შესასვლელად რიგში 2 საათი ვიყავი. თუმცა, იმ ექიმთან, ვინც კვლევა ჩაატარა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს - არაჩვეულებრივად მიმიღო და პროცედურაც უმტკივნეულოდ ჩაატარა. სტანდარტული ბიოფსიით დასმული დიაგნოზი მკერდის სადინარული კარცინომა აღმოჩნდა, რაც შემდგომ თურქეთშიც დადასტურდა. ასე დაიწყო ყველაფერი. ამ ორი კვლევის შემდეგ საქართველოში სხვა კვლევა არ ჩამიტარებია.

ბიოფსიის პარალელურად, ნაცნობ ონკოლოგებთან კონსულტაციებს გავდიოდი. რეკომენდაციებს ვიღებდი, მათ შორის, იმის შესახებ, თუ რა კვლევები უნდა ჩამეტარებინა. გასაოცარი იყო ის, რომ სხეულის თითქმის ყველა ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT) ცალ-ცალკე უნდა ჩამეტარებინა: მენჯ-ბარძაყის, ფილტვის, მუცლის ღრუს, თავის... ამას ნიშნავდნენ იმის გასარკვევად იყო თუ არა მეტასტაზები სადმე გავრცელებული. ეს მაშინ, როდესაც არსებობს PET-CT კვლევა, რომელიც მთელ ორგანიზმს ერთიანად იკვლევს. მარტო ამ მიდგომითაც მივხვდი, რომ საქართველოში კვლვევები არ უნდა გამეგრძელებინა.

თურქეთში წავედი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პირველ რიგში, დრო დავზოგე - ორ დღეში ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის გენეტიკურიც, რომელსაც საქართველოში ძირითადად არ ატარებენ. ალბათ იმიტომაც, რომ საკამოდ ძვირი ღირს და სახელმწიფო ამას არ აფინანსებს. გარდა ამისა, PET-CT ჩავიტარე, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, თურქეთში უფრო იაფი ღირდა, ვიდრე საქართველოში. თუმცა, სხვა დანარჩენი კვლევა საქართველოზე ძვირი იყო.

ჩემი დიაგნოზი, როგორც აღვნიშნე, სადინარული კარცინომა, სამმაგად უარყოფითი (Triple-negative), მეორე სტადიაა. ეს მაინც საწყის ეტაპად მიიჩნევა. თურქეთშიც და დიდ ევროპაშიც მიიჩნევა, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ეს სრულად განკურნებადია.

კვლევების პასუხები სამ დღეში გვქონდა. სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩავიტარე კვლევები. თურქეთში არანაირი რიგები არ მინახავს - დათქმულ საათზე მივდიოდი და კვლევაზე მაშინვე შევდიოდი. პარასკევს პასუხები უკვე მზად იყო.

პათოლოგიური კვლევის (ჰისტოქიმიის) პასუხი იგვიანებდა. რადგან საქართველოში მალე უნდა გამოვბრუნებულიყავი, ჩემმა ექიმმა პირდაპირ ლაბორატორიაში დარეკა და მოითხოვა, რომ პასუხი დაეჩქარებინათ, რადგან ხუთი სამუშაო დღის ლოდინის დრო არ გვქონდა...

natia-dolize-2-1786779483.jpg
ნათია დოლიძე

- ფინანსური თვალსაზრისით, რა სირთულეებს შეხვდით ამ პროცესში და, რეალურად, რას აფინანსებს სახელმწიფო?

- დავიწყოთ იმით, რომ წინასწარი კვლევები, რომლებიც დიაგნოზის დასასმელადაა საჭირო, საქართველოში საყოველთაო დაზღვევით ძირითადად არ ფინანსდება. თუმცა, არსებობს რეფერალური პროგრამა, სადაც შეგიძლიათ, კალკულაცია და ფორმა 100 წარადგინოთ. ამის შემდეგ შესაძლოა გარკვეული კვლევები დაგიფინანსონ. ზოგს უფინანსებენ, ზოგს - არა. გაუგებარია, რა პრინციპით წყვეტს ამას კომისია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში დიდი დრო იკარგება - პასუხის მისაღებად მინიმუმ ხუთი დღიდან ორ კვირამდეა საჭირო.

ნებისმიერი დაავადებისას დრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ონკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, დროს განსაკუთრებული, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. არსებობს კიბოს ისეთი ფორმები, როდესაც თითოეულ დღეს ოქროს ფასი აქვს.

დაფინანსებას რაც შეეხება, არ მინდა ვთქვა, რომ არაფერი ფინანსდება. დაახლოებით, 3 წლის წინ ქიმიოთერაპიაც კი არ ფინანსდებოდა და პაციენტებს თანხის გადახდა თავად უწევდათ ან მერიიდან და მუნიციპალიტეტიდან მცირე დახმარებებს იღებდნენ. დღეს ქიმიოთერაპიას სახელმწიფო აფინანსებს, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ამაში დიდი როლი ონკოპაციენტების ორგანიზაციებმა ითამაშეს, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ. თურქეთში, მაგალითად, საკუთარი მოქალაქეებისთვის ონკოლოგიური მკურნალობა სრულიად უფასოა.

ქიმიოთერაპიის მედიკამენტებს საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს. მაგრამ, არსებობს მეორე პრობლემა: მედიცინა ონკოლოგიის მიმართულებით სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებების, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს მკურნალობის მიდგომები, ძალიან დახვეწილია. დღეს უკვე არსებობს ისეთი იმუნოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც გვერდით მოვლენებს ამსუბუქებს, იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმს გადაგვარებულ უჯრედებთან ბრძოლაში ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამედროვე მიდგომები საქართველოშიც სტანდარტად იქცეს, რაც ჯერჯერობით ასე არ არის. მაგალითად, სახელმწიფო აფინანსებს ჰერცეპტინისთერაპიას, რაც ძალიან კარგია. ეს არის პრეპარატი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოსა და კუჭის კიბოს მკურნალობაში. თუმცა, ჩემს შემთხვევაში საჭიროა ძვირად ღირებული იმუნოთერაპია, რომელიც ჩემი კიბოს ფორმისთვის გადამწყვეტია.

მეორე შოკი სწორედ მაშინ მივიღე, როდესაც ჩემი იმუნოთერაპიის ღირებულება გავიგე. თურქეთში ექიმმა დამიდასტურა, რომ მეტასტაზები არ იყო, პრობლემა ლოკალური გახლდათ და დიდი ოპერაცია (მასტექტომია) არ მჭირდებოდა. კლინიკურმა ონკოლოგმა მკურნალობის სქემა შეადგინა და კლინიკიდან დაიმედებული წამოვედი. თუმცა, სასტუმროში, როდესაც დავიანგარიშეთ იმ მედიკამენტის ფასი, რომელიც საქართველოში არ ფინანსდება (ერთ გადასხმაზე ორი ამპულაა საჭირო), აღმოჩნდა, რომ ერთი გადასხმა 13 000 ლარი ჯდებოდა. თურქეთში მოცემული სქემით კი 16 ასეთი გადასხმა მჭირდება... შოკირებული ვიყავი. როდესაც საქართველოში ექიმს დავუკავშირდი, მითხრა, რომ თურქეთში ეს წამალი შედარებით იაფი ღირდა და შესაძლებლობის შემთხვევაში, იქიდან წამომეღო. თუმცა, მედიკამენტის ტრანსპორტირებას სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი და პირობები სჭირდება, ასე მარტივად ვერ წამოიღებ. თურქეთში ერთი გადასხმის ფასი, დაახლოებით, 6 000 -მდე ლარი გამოდის, რაც საქართველოს ფასთან შედარებით თითქმის ნახევარია... ეს მედიკამენტია კეიტრუდა (Keytruda), სამედიცინო დასახელებით პემბროლიზუმაბი (Pembrolizumab), არის თანამედროვე ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური და ეფექტიანი პრეპარატი. ის მიეკუთვნება იმუნოთერაპიის ჯგუფს. ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც პირდაპირ ანადგურებს როგორც სიმსივნურ, ისე ჯანსაღ უჯრედებს, კეიტრუდა სულ სხვა პრინციპით მუშაობს: ის აიძულებს ორგანიზმის საკუთარ იმუნურ სისტემას, იცნოს და ებრძოლოს სიმსივნეს. ის ეფექტიანია არა მხოლოდ ძუძუს კიბოს შემთხვავაშია, არამედ, მელანომას (კანის კიბო), თავისა და კისრის სიმსივნეების, თირკმლისა და შარდის ბუშტის კიბოს, კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის და ა.შ. დიგნოზებისას.

საკმაოდ სწრაფად და აქტიურად ჩავერთე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ჯგუფებში. ვცდილობთ, ეს კამპანია გავაფართოოთ და სხვებს დავეხმაროთ. სექტემბრიდან უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ კონკრეტული მედიკამენტები - კეიტრუდა და ენჰერტუ (რომელიც ასევე ძალიან ძვირი და მნიშვნელოვანია ფილტვისა და სხვა სოლიდური ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის) ხელმისაწვდომი გახდეს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ეს საჭიროება გაითვალისწინოს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც უსახსრობის გამო იმუნოთერაპია ვერ ჩაიტარეს. უამრავი ონკოპაციენტი მწერს, რომელთაც კეიტრუდა სჭირდებათ, მაგრამ დაფინანსებას ვერ პოულობენ...

სახელმწიფომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტები საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში უნდა შეიტანოს და დააფინანსოს. საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია, ეს უფლება დაიცვას. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მოგვარდება. ვიცი, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრებიც გაიმართა ამ საკითხეზე, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი...

- გარდა დაფინანსებისა, კიდევ რა დაბრკოლებები შეგხვდათ?

- პაციენტს, პარალელურად, ბევრი ბიუროკრატიული ეტაპის გადალახვა უწევს, რაც ძალიან რთულია. როდესაც დიაგნოზი ისმება და მკურნალობა უნდა დაიწყოს, არჩეული კლინიკა მონაცემებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში აგზავნის. იქიდან მოდის შესაბამისი კოდი, რის მიხედვითაც მოთხოვნილი მედიკამენტები კლინიკას მიეწოდება. მაგრამ, ამის პარალელურად, შესაძლოა, გჭირდებოდეთ ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. ასეთ დროს განაცხადი რეფერალურ პროგრამაში უნდა შეიტანოთ ან კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, დაფინანსება სადაზღვევო კომპანიას მოსთხოვოთ. ჩემმა კერძო დაზღვევამ, მაგალითად, ერთი გადასხმა უკვე დამიფინანსა და ერთი გადასხმაც რეფერალურმა პროგრამამ.

ოფიციალური დიაგნოზის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ წამლის მოსათხოვნად ფორმა 100-ით აფთიაქში უნდა მივსულიყავი, სადაც პრეპარატი კეიტრუდა იყიდებოდა. იქოდან კალკულაციას წამოვიღებდი, რეფერალურ პროგრამაში დავტოვებდი, ორ კვირაში განიხილავდნენ და დაფინანსების პასუხიც მოვიდოდა. ამ ფორმა 100-ით აფთიაქში მართლაც მივედი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაც პროგრამაში არ ვიყავი, არადა საყოველთა დაზღვევის პრიოგრამიდან უკვე მქონდა კოდი მოსული, რომ ვიყავი აღრიცხვაზე... მოკლედ, იქ გავიგე პირველად, რომ პარალელურად, ონკოპაციენტების რეესტრშიც უნდა ვყოფილიყავი დარეგისტრირებული.

ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკე. წარმომადგენელმა მითხრა, რომ ეს პროცესი პარალელურად უნდა მომხდარიყო. თუ ჩემი მონაცემები ბაზაში ჩნდებოდა, რეესტრშიც უნდა ასახულიყო. საკითხი გადაამოწმა და მითხრა, რომ აჯობებდა, ჩემს კლინიკურ ონკოლოგს მონაცემები ონკოპაციენტების რეესტრში ხელით შეეყვანა. აფთიაქში უკვე მისული ვიყავი და წამოსვლა კალკულაციის გარეშე აღარ მინდოდა, მაგრამ ექიმი იმ დროს პაციენტებთან იყო გასული და სატელეფონო ზარს ვერ პასუხობდა. წარმოიდგინეთ, ერთ საქმეზე ორჯერ მისვლა მომიწია, რადგან ჩემი შეტყობინებები საღამოს ნახა და მონაცემების დილით შეყვანას დამპირდა.

მეორე დღეს კიდევ წავედი, კალკულაცია წამოვიღე და რეფერალურ სამსახურში წავიღე. პარალელურად კერძო დაზღვევაშიც გადავაგზავნე, რათა დაფინანსება ეტაპობრივად მომეთხოვა. კერძო დაზღვევას ონლაინ სისტემა ძალიან კარგად აქვს აწყობილი და დასტურის საგარანტიო წერილი მალევე მომივიდა.

რეფერალურ სამსახურში მისულმა კი აღმოვაჩინე, რომ მედიკამენტის მოსათხოვნად ფორმა 100 და პირადობის მოწმობის ასლი საკმარისი არ იყო და კიდევ უნდა მიმეტანა ცნობა იმის თაობაზე, კერძო დაზღვევამ დამიფინანსა თუ არა რაიმე. მოკლედ, ვიდრე ამ ყველაფერში გავერკვიე, კიდევ კარგა ხანი მომიწია ჯანდაცვის სამინისტროში გაჩერება. კიდევ კარგია, რომ ფიზიკური დოკუმენტი არ მოითხოვეს და ელექტრონულად გამოგზავნილი ცნობაც მიიღეს...

მიმაჩნია, რომ ეს სისტემური გაუმართაობაა. თუ პაციენტს საყოველთაო დაზღვევაში ონკოპაციენტად დაარეგისტრირებ, XXI საუკუნეში, ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში, მონაცემები ავტომატურად რატომ ვერ უნდა იტვირთებოდეს კიდევ ერთ - კიბოს რეესტრში? როგორ შეიძლება, მონაცემების ხელით შეყვანა დღესაც საჭირო იყოს? ასევე, როდესაც პაციენტი სხვადასხვა უწყებაში რეკავს, რათა გაარკვიოს, რომელიმე სერვისისთვის რა დოკუმენტი სჭირდება, ეს ჩამონათვალი საჯაროდ და მკაფიოდ გამოქვეყნებული უნდა იყოს.

ახლა მუნიციპალიტეტში დაფინანსების განაცხადის შეტანას ვაპირებ. დიდი დრო დამჭირდა იმის გასარკვევად, თუ რა საბუთები მჭირდებოდა და სად უნდა მიმეტანა. გარდა ამისა, ონკოპაციენტებს გარკვეული დროით ეძლევათ პენსია. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ესეც იცოდნენ.

კარგა ხანს ვარკვევდი, ამისთვის რა პროცედურა უნდა გამევლო. მეგონა, სოციალურ სამსახურში უნდა მივსულიყავი, თუმცა აღმოჩნდა, რომ სპეციალური კომისიები არსებობს, რომლებიც ამას იხილავენ და ეს საკითხი თბილისშიც გვარდებოდა და რაიონში წასვლა საერთოდ არ მჭირდებოდა. არასწორად მიმაჩნია, როდესაც წამლის დაფინანსებისთვის პაციენტებს საბუთებით აქეთ-იქით სირბილი უწევთ. ეს პროცესი სრულად ონლაინ რეჟიმში უნდა გვარდებოდეს. მე ჯერჯერობით ფიზიკურად სუსტად არ ვარ, გადაადგილება და კომუნიკაცია შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ ქიმიოთერაპიულ კურსს გავდივარ. თუმცა, უამრავი პაციენტი ვიცი, რომელთაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვთ და არც ისეთი ახლობლები ჰყავთ, რომლებიც მათ ნაცვლად ირბენენ.

ჩვენს დროში ეს ქაღალდომანია და საბუთების ტარება აღარ უნდა არსებობდეს. საკითხების მოგვარება ონლაინ უნდა იყოს შესაძლებელი.

მოკლედ, ონკოლოგიიური დიაგნოზისას, საყოველთაო დაზღვევის პრიოგრამაში დარეგისტრირების გარდა, საჭიროა დარეგისტრირება ონკოპაციენტების რეესტრშიც და პაციენტებმა მკურნალ ონკოლოგს უნდა შეახსენონ, რომ ამ ბაზაშიც შეიყვანოს. ექიმები ძალიან გადაღლილები არიან და ყველაფრის დამახსოვრებას ვერ მოსთხოვ. პირადად ჩემი ონკოლოგის შრომით აღფრთოვანებული ვარ, რადგან პაციენტების უზარმაზარ ნაკადს უმკლავდება.

თითქმის ყველა კლინიკაში არიან ცნობილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, რომლებთანაც უსასრულო რიგები დგას. იმავდროულად, სხვა ონკოლოგებთან დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე პაციენტი შედის, რადგან მათ კვალიფიკაციას ნაკლებად ენდობიან. კლინიკებმა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნონ, რათა პაციენტთა ნაკადი ყველა ონკოლოგზე თანაბრად გადანაწილდეს. ან ცნობილ ექიმებს საკმარისი თანაშემწეები დაუნიშნონ, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტი დანიშნულების მისაღებად მაინც არ იდგეს ერთი საათი რიგში.

ჩემზე ქიმიოთერაპია ჯერჯერობით მძიმედ არ მოქმედებს. თუმცა, ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ და ეტლით გადაჰყავთ. უხერხულია, როდესაც ასეთ პაციენტს პროცედურის შემდეგ დანიშნულების მისაღებად ექიმის ლოდინი კიდევ რამდენიმე საათი უწევს.

- ახლა მკურნალობის რა ეტაპზე ხართ?

- მკურნალობის საწყის ეტაპზე ვარ, მხოლოდ მეორე გადასხმა გავიკეთე. პირველი სამი თვის განმავლობაში 12 ქიმიოთერაპია და ოთხი იმუნოთერაპია მჭირდება. მომდევნო სამ თვეში - ოთხი ქიმიოთერაპია და ოთხი იმუნოთერაპია. შემდეგ ოპერაცია და კვლავ იმუნოთერაპია მელის, წლის ბოლოს კი, სავარაუდოდ, დასხივებას დავიწყებ.

- ხომ არ გექნებათ რჩევა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ გზას ახლა გადიან ან შესაძლოა, არაფერი აღმოუჩენიათ, მაგრამ ჯანმრთელობის მონიტორინგს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ?

- დიახ, აუცილებლად... რადგან ძუძუს კიბო მაქვს, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი წლებია, უფასოა. ყველა ქალბატონს მოვუწოდებ, აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგი და შეამოწმონ ჯანმრთელობა. ყოველწლიურად დავდიოდი, თუმცა ბოლო ორი წელი გამოვტოვე და დაავადება სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. ამიტომ, პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ გარშემო უამრავი ახლობელი დავაჯერე, რომ მამოგრაფია გადაიღონ. ამაზე ჩემს ვიდეოებშიც აქტიურად ვლაპარაკობ. თბილისში ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაიწყო.

აუცილებელია ყველა შესაძლო სკრინინგული პროგრამის გამოყენება. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ დაავადებას, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად დავამარცხებთ მას. ეს კიბოს მკურნალობისას უმთავრესი ფაქტორია. გარდა ამისა... ვიცი, რომ კიბოს დიაგნოზის გაგება არავისთვის არის მარტივი და ეს დიდ შოკთანაა დაკავშირებული. თუმცა, ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად პოზიტიურად იფიქრონ. კიბო განაჩენი არ არის.

თანამედროვე სამყაროში ურთულესი ფორმებიც კი განკურნებადია, ძუძუს კიბო კი, ფაქტობრივად, სრულად იკურნება.

ექიმებს მინდა, ვთხოვო, რომ პაციენტებს საკუთარ დიაგნოზზე დეტალურად დაელაპარაკონ, აუხსნან როგორც უარყოფითი, ისე პოზიტიური მხარეები და საუბარი სწორედ პოზიტივით დაიწყონ. სამწუხაროდ, არიან ექიმებიც, რომლებიც არასწორად მიწოდებული ინფორმაციით პაციენტებს აშინებენ. ასეთ ექიმებს პაციენტები უნდა მოერიდონ.

ექიმისგან წამოსულ იმედსა და პოზიტიურ განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემმა ექიმმა დიაგნოზის განმარტებისას ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და აღნიშნა, რომ დაავადება განკურნებადია. სტადიაზე დიდად არ უსაუბრია, რადგან ეს ტერმინი შედარებით მოძველებულად ითვლება. როდესაც ვკითხე, მითხრა, რომ მეორე სტადია იყო, თუმცა უფრო შორს წასული პროცესიც რომ ყოფილიყო, ეს ფორმა მაინც განკურნებადიაო.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ექოსკოპისტებმა, ლაბორანტებმა და ექიმებმა უნდა გაიაზრონ, რომ პაციენტი უბრალოდ კონვეიერზე მოსული ადამიანი ან შემოსავლის წყარო არ არის. მის უკან დგანან ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები… პაციენტი შეშინებულია და ექიმისგან იმედისმომცემ სიტყვას ელოდება. ექიმები პაციენტებს ისე უნდა დაელაპარაკონ, როგორც საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს დაელაპარაკებოდნენ. ეს ნებისმიერი დაავადების, განსაკუთრებით კი კიბოს მკურნალობისას, უმნიშვნელოვანესია. ადამიანის განწყობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუ ექიმებს ბევრი განკურნებული პაციენტის ყოლა სურთ, პირველ რიგში, მათში იმედი და ბრძოლისუნარიანობა უნდა გააღვივონ.

ბოლო დროს უამრავი თავზარდაცემული პაციენტი მიკავშირდება, რომელთაც ჩემზე მსუბუქი დიაგნოზი აქვთ, თუმცა მაინც ძალიან შეშინებულები არიან. კიდევ ერთხელ ვიტყვი - კიბო განაჩენი არ არის. ეს არის სიცოცხლის შანსი და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ძლიერი მოტივი. ამ გამოცდილებას ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას, რომ ჩემს რუტინულ ცხოვრებაში ბევრი რამ პოზიტიურად შევცვალო.

საზოგადოებას უდიდეს მადლობას ვუხდი. უამრავი ადამიანი ფინანსურად თუ მორალურად დამიდგა გვერდით და მათი დამსახურებაა, რომ დღეს სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა მაქვს. ამისთვის მადლიერების სიტყვები არ მყოფნის. მადლობას ვუხდი ჩვენს საზოგადოებას იმ გულისხმიერებისთვის, რასაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად იჩენს. ეს დიდ იმედს მაძლევს. მიუხედავად ეკონომიკური თუ მორალური პრობლემებისა, ჩვენს ხალხს ურთიერთთანადგომის უნარი შენარჩუნებული აქვს. სწორედ ამ ურთიერთთანადგომამ გადაგვარჩინა აქამდე და მომავალშიც ეს გადაგვარჩენს.

თამარ იაკობაშვილი

ზაზა თელია ჭარბი ოფლიანობის მიზეზებზე, რაც არ უნდა გამოგრჩეთ - ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინფექცია, სიმსივნე, უპირატესად ღამის ოფლიანობა ახასიათებს
შეიძლება თუ არა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა სიმსივნის, დიაბეტის ან გულის დაავადებების გენი და გარკვეულ ზომებს მიმართოს - გენეტიკოსი დაავადებების პრევენციის შესახებ
ჩვევები და პროდუქტები, რომლებიც კიბოს რისკს ზრდის - ამჯერად საუბარი ძეხვეულს და თამბაქოს არ ეხება
კიბოს სკრინინგი - რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა 40 წლის შემდეგ?
რა სიმპტომები ახასიათებს ნაწლავის კიბოს და რა შეცდომებს უშვებენ დიაგნოზის დასმამდე ყველაზე ხშირად - სპეციალისტი განმარტავს
შეკითხვები ძუძუს ჯანმრთელობაზე, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი სვამს და გამოცდილი მამოლოგის პასუხები