"სექტა" ჰიმნითა და დამამცირებელი სასჯელებით: რუსი მილიონერი შვილებმა წამებაში დაადანაშაულეს - მშობლები

რუსი მილიონერი შვილებმა წამებაში დაადანაშაულეს - შინაური "სექტა" ჰიმნითა და დამამცირებელი სასჯელებით

2026-10-20 10:50:58+04:00

კომპანიათა ჯგუფ "ვოსტოკ დეველოპმენტის" ყოფილ პრეზიდენტს, სერგეი ივანცოვს შვილები და ყოფილი ცოლები სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, რუსი მილიონერის სახლში ბავშვებს ცემენ, თავს უნიტაზში აყოფინებენ და საათობით წიწიბურაზე მუხლებით ან მუშტებზე დგომას აიძულებენ. გასულ ზამთარს კი, ოჯახში არსებული ვითარების ფონზე, ივანცოვის შვიდი წლის ვაჟმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. სკანდალის დეტალები ტელეკომპანია REN TV-ისთვის გახდა ცნობილი.

შვილების მტკიცებით, ივანცოვმა ოჯახში სექტის მსგავსი გარემო შექმნა. ოჯახს საკუთარი გერბი და ჰიმნი აქვს, რომელსაც ყველანი ფეხზე მდგარნი, სმენის პოზაში ასრულებენ. სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებს ბიზნესმენის უფროსმა ქალიშვილმა, ანასტასიამ გადასცა. იგი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და მამასთან ურთიერთობა არ აქვს.

sergei-ivancovi-2-1792479138.jpg
სერგეი ივანცოვი თავის ერთ-ერთ სავარაუდო მეუღლესთან ერთად

მტკიცებულებების შეგროვება მისმა უმცროსმა, 17 წლის დამ, დაშამ დაიწყო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იგი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ფარულად ინახავდა და დედასა და უფროს დას უგზავნიდა. ამ ზაფხულს გოგონამ პოლიციას მიმართა, თუმცა იმავე დღეს იგი სოციალურ ცენტრ "პლანეტა სემიაში" გადაიყვანეს. მოზარდის დედის, ოლღა შერდიცის თქმით, დაშას იქ ტელეფონი ჩამოართვეს და სტუმრების მიღება აუკრძალეს. მასთან შეხვედრის უფლება მხოლოდ მამას მისცეს. ახლობლებისადმი მიწერილ წერილებში იგი მუქარებსა და ჩვენების უარყოფის მოთხოვნებზე წერს.

ბავშვებისადმი სასტიკ მოპყრობაში ბიზნესმენის ძიძასა და ასისტენტს, ტატიანა ხლისტოვასაც დასდეს ბრალი. იგი ამტკიცებს, რომ ივანცოვთან აღარ მუშაობს, ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერები კი, თითქოსდა, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა შექმნილი. ამასთან, ხლისტოვამ ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებს ისე ზრდიდა, როგორც ეს მათ მამას სურდა. ყოფილი ძიძის აზრით, სკანდალი ივანცოვის მიერ ტაძრის მშენებლობას უკავშირდება. უმცროსი ქალიშვილი კი, მისი თქმით, მამის დისკრედიტაციას დედისა და უფროსი დის გავლენით ცდილობს.

sergei-ivancovi-3-1792479181.jpg
სერგეი ივანცოვი თავის ერთ-ერთ სავარაუდო მეუღლესთან ერთად

სულ ივანცოვს ცხრა ქალისგან 11 შვილი ჰყავს. რვა არასრულწლოვანი ამჟამად მასთან ცხოვრობს, ხოლო მათი დედები მშობლის უფლების გარეშე არიან დარჩენილნი. ზოგიერთმა მათგანმა - ტაილანდისა და ინდონეზიის მოქალაქეებმა - განაცხადა, რომ რუსეთში შუამავლის მეშვეობით მოხვდნენ და ბავშვებზე უარის თქმის დოკუმენტებს ისე მოაწერეს ხელი, რომ მათი შინაარსი არ ესმოდათ. ერთ-ერთმა ქალმა ასევე აღნიშნა, რომ ივანცოვი 16 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც რუსი მილიონერი 60 წელს იყო გადაცილებული და მან იგი, სავარაუდოდ, გააუპატიურა.

Telegram-არხ "112"-ის მონაცემებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სამართალდამცავებმა ივანცოვის სახლის შემოწმება დაიწყეს. თვითონ დეველოპერი ყველა ბრალდებას უარყოფს და შერდიცთან სასამართლოში დავას გეგმავს, რომელიც, მისი აზრით, ამ დავის ინიციატორია.

მამა ოთხ ქალზე იყო დაქორწინებული და ყველა მათგანი ჩემს დედად ითვლებოდა. ოჯახში 44 და-ძმა ვიზრდებოდით - რას ჰყვება მრავალცოლიანთა სექტიდან გამოქცეული ქალი
დები ხაჩატურიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განახლდა - რა ბედი ელით მამის მკვლელ დებს?