"წვისთვის საჭირო ჟანგბადს ეს მოწყობილობა უშუალოდ საცხოვრებელი ფართიდან იღებს… ამ ტიპის დარღვევები, უმეტესწილად, ფატალურად სრულდება" - რა უნდა გაითვალისწინოთ გათბობის სისტემის ჩართვამდე და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად - მშობლები

"ამ ტიპის დარღვევები, უმეტესწილად, ფატალურად სრულდება... წვისთვის საჭირო ჟანგბადს ეს მოწყობილობა უშუალოდ საცხოვრებელი ფართიდან იღებს…" - რა უნდა გაითვალისწინოთ გათბობის სისტემის ჩართვამდე და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

2026-10-20 11:53:14+04:00

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში დედაქალაქის მასშტაბით 252 558 აბონენტი შემოწმდა, საიდანაც გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევა 13 553 აბონენტთან დაფიქსირდა. თბილისში ბუნებრივი აირის არასწორი მოხმარების შედეგად CO-თი 32 ადამიანი მოიწამლა, ხოლო ინტოქსიკაციისა და აფეთქების გამო ორი მოქალაქე გარდაიცვალა. რა უნდა გავითვალისწინოთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები - თემაზე გადაცემაში "იმედის დილა" "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მელანო მაისურაძე და გაზიფიკაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ბალავაძე საუბრობენ:

​- უკვე დგება სეზონი, როდესაც გათბობის სისტემები ირთვება და, შესაბამისად, ამ პერიოდში რისკებიც იზრდება. 14 000-მდე დარღვევა საკმაოდ დიდი ციფრია. ძირითადად, რა სახის დარღვევები ვლინდება ხოლმე? ​

დავით ბალავაძე: - სტატისტიკური მონაცემები მაყურებელს უკვე გავაცანით. ამ 13 500-ზე მეტი დარღვევიდან გვაქვს კონკრეტული ფოტომასალა… ეს გახლავთ სველ წერტილში დამონტაჟებული, დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი. თუმცა, ვინაიდან იგი სველ წერტილშია განთავსებული, მაინც საფრთხეს შეიცავს. ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მასზე დაზიანების კვალი უკვე იკვეთება. ​დარღვევები სხვადასხვა ტიპისაა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარების მოხმარებაზე გვსურს. ამ ტიპის დარღვევები, უმეტესწილად, ფატალურად სრულდება. ​საცხოვრებელ ფართში დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელია. ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაზის სპეციალისტობა ან ენერგეტიკოსის დიპლომი სულაც არ არის საჭირო - მარტივი ლოგიკითაც ნათლად ჩანს შექმნილი საფრთხე. ​

- ალბათ, აბონენტებთან კომუნიკაციისას განუმარტავთ, რომ ასეთი მონტაჟი დაუშვებელია. მათგან თუ მოდის შეკითხვა, თუ რატომ არ შეიძლება?

​დავით ბალავაძე: - რა თქმა უნდა, შეკითხვები ჩნდება და ჩვენც დეტალურად ვუხსნით მიზეზს. ეს გახლავთ ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი. როგორც თვალსაჩინო, ისე შეუმჩნეველი ღია წვის კამერიანი დანადგარების შემთხვევაში, აბონენტებს დეტალურად ვეუბნებით, რომ წვისთვის საჭირო ჟანგბადს მოწყობილობა უშუალოდ საცხოვრებელი ფართიდან იღებს. თუ ოთახში ჟანგბადის რაოდენობა შემცირდება, იწყება გაზის არასრული წვა, რის შედეგადაც გამოყოფილი CO ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჰაერში ნახშირჟანგის 0.5%-იანი კონცენტრაციის შესუნთქვა 20-30 წუთში გარდაცვალებას იწვევს, ხოლო 1%-იანი კონცენტრაცია ადამიანს 1-2 წუთში კლავს. ​

- თუ არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ყველაზე საშიში უბნები ან დარღვევების გავრცელებული არეალები გამოიკვეთება? ​

დავით ბალავაძე: - სტატისტიკურად უბნების გამიჯვნა შესაძლებელია. მაგალითად, გლდანი-ნაძალადევის, ვარკეთილის, სამგორისა და ისანი-ვაზისუბნის რაიონებში დარღვევების მაჩვენებელი შედარებით მაღალია. 13 500-ზე მეტი დარღვევიდან უდიდესი წილი სწორედ ამ რაიონებზე მოდის. ​

- პირდაპირპროპორციულია თუ არა ეს მონაცემები ფატალური შედეგების სტატისტიკასთან?

​დავით ბალავაძე: - პირდაპირპროპორციული ვერ იქნება. ფატალური შემთხვევების სტატისტიკა ცალკე იწარმოება - ეს მოიცავს იმ უბედურ შემთხვევებს, რომელთა ადგილზე მისვლისასაც სპეციალისტებმა ღია წვის კამერიანი დანადგარები დააფიქსირეს. ფატალური შედეგების მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია. ეს რაიონები როგორც დარღვევების რაოდენობით, ისე ფატალური შედეგებითაც გამოირჩევა. ​ცალკე ყურადღების გამახვილება მინდა კიდევ ერთ ფაქტზე. ყველამ კარგად ვიცით ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია დამონტაჟებული და საკმაოდ კომფორტულია. თუმცა, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, სველ წერტილში ორი გათბობის ქვაბია განთავსებული. ზოგადად, სააბაზანოსა და სველ წერტილში ნებისმიერი გაზის ხელსაწყოს დამონტაჟება აკრძალულია. გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით, გამწოვი მილი, რომელიც გარეთ უნდა გადიოდეს, თუ მილი პირდაპირ შიგნით, ოთახშია გამოშვერილი, ნამდვილი კატასტროფაა. ასეთი მონტაჟი კატეგორიულად დაუშვებელია. აქ მარტო CO-ზე არ არის საუბარი, მთელი ნამწვი აირები იქვე გროვდება. ასეთი შემთხვევა შეიძლება შევადაროთ ოთახში ცელიანი კაცის დაყენებას, რომელსაც ცხელი წყლის მოშვებისთანავე ცელის ქნევას დააწყებინებ, რადგან ეს პირდაპირი საფრთხეა. ​

- როდესაც ასეთი მოწყობილობა მონტაჟდება, სავარაუდოდ, მაცხოვრებელი მას დამოუკიდებლად არ აყენებს. მას ხელოსანი არწმუნებს, რომ ასე უსაფრთხოა. საინტერესოა, რატომ აყენებენ დანადგარებს ამ ფორმით?

​დავით ბალავაძე: - გეთანხმებით, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. გაურკვეველია, ვინ მიიჩნია შესაძლებლად დანადგარის ასე დამონტაჟება. პრობლემა სწორედ არაკვალიფიციურ ხელოსნებშია, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და მობინადრეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ​დარღვევის აღმოჩენისას ზოგიერთი მობინადრე თავადაც გაოცებულია და აცხადებს, რომ საფრთხის შესახებ არ იცოდა. როდესაც აბონენტებს ვუხსნით, თუ რატომ არის ასეთი მონტაჟი დაუშვებელი, ხშირად გვპასუხობენ, რომ დანადგარი 10 წელია, აყენია და არაფერი მომხდარა. მოქალაქეები საფრთხეს სათანადოდ ვერ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ თუ აქამდე გადარჩნენ, საფრთხე არც მომავალში დაემუქრებათ.

- სანამ ბინას ვიყიდით ან ვიქირავებთ, სადაც ბუნებრივი აირი უკვე ჩართულია, რა დოკუმენტები უნდა მოვთხოვოთ მესაკუთრეს, რომ უსაფრთხოებაში დარწმუნებულნი ვიყოთ? ​

მელანო მაისურაძე: - ეს თემა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას ეხება, მიუხედავად იმისა, მოიხმარს თუ არა იგი ბუნებრივ აირს. მეზობლის დაუდევრობამ შესაძლოა, გარშემომყოფებიც დააზიანოს, რის გამოც თემის მასშტაბი ძალიან დიდია. ​რაც შეეხება შეკითხვას: მსგავსი დარღვევები, რაზეც დავითმა ისაუბრა, უმეტესად გაქირავებულ ბინებსა და ფართებში გვხვდება. კანონმდებლობით, ჩვენს კომპანიას ეკისრება ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმოს აბონენტის ფართი. მომხმარებელთა დიდი რაოდენობის გამო, ეს პროცესი წინასწარ იგეგმება. ​თუ ბინის შემოწმება, მაგალითად, იანვარში განხორციელდა, ხოლო ფართს დეკემბერში ქირაობთ ან ყიდულობთ, უპრიანი იქნება, მესაკუთრეს კომპანიის მიერ შედგენილი ბოლო შემოწმების აქტი მოსთხოვოთ. ​

- ხანგრძლივ პერიოდში რა დრო იგულისხმება?

​მელანო მაისურაძე: - გეგმიური შემოწმება წელიწადში ერთხელ ტარდება. თუ ბოლო შემოწმებიდან, მაგალითად, 5, 10 ან 12 თვეა გასული, სასურველია, ხელახალი შემოწმება მოითხოვოთ, რადგან გასულ პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე პასუხისმგებელი წინა მომხმარებელი იყო და უცნობია, განხორციელდა თუ არა ქსელზე თვითნებური ჩარევა. ეს მომსახურება უფასოა და სრულად მომხმარებელზეა მორგებული. ​

- რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აკრძალვისა და გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, განმეორებითი შემოწმებისას დარღვევა კვლავ გამოსწორებული არ გვხვდება?

​მელანო მაისურაძე: - გააჩნია დარღვევის ტიპს. შესაძლებელია ფართს ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყდეს ან გაზი კონკრეტულ პრობლემურ დანადგარს გაეთიშოს. ეს მომხმარებელთა უკმაყოფილებას ხშირად იწვევს, თუმცა ეს პროცესი მკურნალობას წააგავს - სამედიცინო პროცედურა შესაძლოა მტკივნეული იყოს, თუმცა შედეგით კმაყოფილი რჩებით, რადგან პრობლემა გვარდება. აუცილებელია, სპეციალისტის მითითებებს დავემორჩილოთ. ​

- ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია, თუმცა დარღვევის გამოსწორება და დანადგარის გადატანა ხშირად სარემონტო სამუშაოებთან და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რა სახით ეხმარებით მომხმარებლებს და თუ გაქვთ კვალიფიციური ხელოსნების მომსახურება, რომლებიც მათ დანადგარების გადაადგილებაში დაეხმარებიან? ​

მელანო მაისურაძე: - სპეციალისტები გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს და მომხმარებლებს პრობლემის გამოსწორების გზებს სთავაზობენ. ​გარდა ამისა, შესაძლებელია ფართში ბუნებრივი აირი საერთოდ არ იყოს შეყვანილი და მისი გაზიფიცირება გსურდეთ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს საკმაოდ შრომატევადი ტექნიკური პროცესია, რომელშიც ბევრი სპეციალისტი მონაწილეობს. ​პირველ რიგში, საჭიროა შიდა ქსელის საპროექტო დოკუმენტაცია. არ გვსურს მომხმარებლები ტექნიკური ტერმინოლოგიით გადავტვირთოთ, თუმცა ამის გარეშე უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ​ტექნიკური დოკუმენტაცია მოიცავს მონაცემებს ფართის მახასიათებლებისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესახებ - თუ სად იგეგმება გაზქურის ან სხვა დანადგარის განთავსება. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ეს ყველაფერი ჯერ ქაღალდზე პროექტდება. ​დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, ხოლო "თბილისი ენერჯი" აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებლებს თავადაც სთავაზობს. ამ დოკუმენტაციით იმ პირთა პასუხისმგებლობა დასტურდება, ვინც შიდა ქსელი გაიყვანა, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის მიხედვით დამონტაჟებული სისტემა უსაფრთხო იქნება.

​- ახლა იწყება გათბობის სეზონი და მომართვიანობაც იმატებს. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე საეჭვო გარემოების, გაზის სუნის ან არასწორი მონტაჟის აღმოჩენისას და რამდენად სწრაფად ახდენს კომპანია რეაგირებას? ​

დავით ბალავაძე: - გაზის სუნის ან საფრთხის შემჩნევისას კომპანიისთვის შეტყობინება თითოეული მოქალაქის ვალია. ​კომპანიასთან დაკავშირება ორ ნომერზეა შესაძლებელი. პირველი გახლავთ 114 - სწრაფი რეაგირების სამსახური, სადაც დარეკვა გაზის სუნის შეგრძნებისთანავეა საჭირო. ჯგუფი ადგილზე, ქალაქში არსებული მოძრაობის გათვალისწინებით, დაახლოებით 15-20 წუთში მიდის. ​ხოლო თუ მომხმარებელს ტექნიკური მომსახურება, ადგილზე კონსულტაცია ან სხვა ინფორმაცია სჭირდება და გადაუდებელი საფრთხე არ არსებობს, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 2 40 40 04. ოპერატორი დავალებას აფორმებს, იგი შესაბამის მომსახურების ცენტრს გადაეცემა, რის შემდეგაც აბონენტთან ვიზიტი იგეგმება. ​შესაბამისად, საფრთხის დროს ვრეკავთ 114-ზე, ხოლო კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის - 2 40 40 04-ზე.

სალათის ფოთოლი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინგრედიენტია... სავალდებულოა მისი სადეზინფექციო ხსნარში გარეცხვა - კვებითი მოწამვლა რომ თავიდან ავირიდოთ
წყალმაც კი შეიძლება მოწამლოს - ყოველდღიური პროდუქტები, რომლებისგანაც დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები ყველაზე ხშირად იწამლებიან
რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ტყვიის დაგროვება ორგანიზმში, რას იწვევს და რა სიმპტომები აქვს ტყვიით მოწამვლას
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დენის, წყლის და გაზის ზედმეტად დიდი გადასახადი მოგივიდათ და ფიქრობთ, რომ თანხა არასწორად დაგაკისრეს - სასარგებლო ბმულები