შერონ სტოუნთან რომანი, ქიმია პრინცესა დიანასთან და ერთდროულად ხუთი საყვარელი - მაიკლ დუგლასმა მემუარებში პირადი ცხოვრების დეტალები აღბეჭდა
ჰოლივუდის ბევრმა ვარსკვლავმა სხვადასხვა ასაკში საკუთარი მემუარები გამოსცა. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წიგნი ცოტა ხნის წინ მაიკლ დუგლასმაც გამოაქვეყნა. 25 სექტემბერს მსახიობს 82 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაიხსენა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ კარიერის დასაწყისში მას ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექალთანის სახელი სრულიად დამსახურებულად ჰქონდა. მაიკლ დუგლასის ბიოგრაფიაში მხოლოდ ორი ოფიციალური ქორწინებაა, მისი ყოფილი პარტნიორების სია კი რამდენიმე გვერდს თავისუფლად შეავსებდა.
მსახიობი აღიარებს, რომ არასდროს ყოფილა სანიმუშო პარტნიორი და არც ერთგულებით გამოირჩეოდა. კეტრინ ზეტა-ჯონსთან შეხვედრამდე და 2000 წელს მათ ქორწინებამდე დუგლასის პირადი ცხოვრება ვნებით აღსავსე რომანებით იყო სავსე. შერონ სტოუნით გატაცება "ძირითადი ინსტინქტის" გადაღებებისას, ქიმია პრინცესა დიანასთან და ერთდროულად ხუთი საყვარელი - მაიკლ დუგლასის მემუარები, "შესანიშნავი მგზავრობა", ორგზის "ოსკაროსნი" მსახიობის პირადი ცხოვრების დეტალებს ავლენს:
მაიკლ დუგლასი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ნეპო-ბეიბია" - მსახიობის კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მის ცნობილ ოჯახს ეკუთვნოდა. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც მან სამსახიობო კარიერა დაიწყო, ეს ტერმინი ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. მისი მამა ლეგენდარული კირკ დუგლასი იყო. 21-ე დაბადების დღეზე მან შვილს 10 ათასი დოლარის ჩეკი გადასცა და ამით მიანიშნა, რომ მაიკლს დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაეწყო და კარიერული წარმატებისთვის თავად ებრძოლა.
მაიკლი უკვე ოცნებობდა მსახიობობაზე, ამიტომ ჰოლივუდში გაემგზავრა და კასტინგებზე სიარული დაიწყო. 1971 წელს როლი მიიღო ფილმში "ზაფხულის ხე". სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა სიმპათიურ მსახიობს პირველი რომანი კოლეგასთან - "ოსკარის" ნომინანტ ბრენდა ვაკაროსთან.
მაიკლსა და ბრენდას შორის ძლიერი ვნება გაჩნდა. გაცნობიდან რამდენიმე თვეში მათ არაოფიციალური ქორწილიც გადაიხადეს. დუგლასი ამბობდა, რომ ბრენდა მისი ცხოვრების სიყვარული იყო. ექვსი წლის შემდეგ კი ერთ დღეს საშხაპიდან ჩვეულებრივზე ადრე გამოვიდა და გაიგონა, როგორ ესაუბრებოდა მისი საყვარელი ქალი ტელეფონით სხვა მამაკაცს.
ეს მამაკაცი დონ სტრაუდი აღმოჩნდა, დუგლასის კარგი ნაცნობი. ბრენდა ვაკაროს ღალატის უარყოფა არც უცდია. იგი ჩუმად უყურებდა, როგორ ალაგებდა მისი "ქმარი" ნივთებს. მოგვიანებით მაიკლ დუგლასი ამბობდა, რომ ეს შემთხვევა მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ შემდგომში იმედგაცრუებისგან თავის დასაცავად ურთიერთობაში ღალატს თავად დაასწრებდა.
მაიკლ დუგლასმა პირველი ოფიციალური ქორწინება 1977 წელს გააფორმა. მისი რჩეული ავსტრიელი დიპლომატის ქალიშვილი დიანდრა ლუკერი გახდა. მსახიობი მას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ინაუგურაციაზე შეხვდა. დიანდრა ღონისძიებაზე სხვა მამაკაცთან ერთად მივიდა, თუმცა დუგლასთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ თანმხლები მამაკაცი თითქოს სრულიად დაავიწყდა. რამდენიმე კვირაში მაიკლი და დიანდრა უკვე დაქორწინებულები იყვნენ. მალე მათ ვაჟი, კამერონი შეეძინათ.
მსახიობმა საკმაოდ სწრაფად გააცნობიერა, რომ ქორწინება შეცდომა იყო. დიანდრას ჰოლივუდთან დაკავშირებული ყველაფერი აღიზიანებდა, ამიტომ მეუღლეებს დროის უმეტესი ნაწილის ცალ-ცალკე გატარება უწევდათ. მაიკლ დუგლასი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და იქვე ხვდებოდა მეგობარ ქალებს, დიანდრა ლუკერი კი ნიუ-იორკში იმყოფებოდა და მასაც სხვა პარტნიორები ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მათი ქორწინება ფორმალურად 23 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ამ პერიოდში მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანი ფილმ "ქვის რომანი" სცენარისტ დიანა თომასს უკავშირდებოდა. ქალს საკმაოდ უჩვეულო შემოქმედებითი გზა ჰქონდა გავლილი: "ქვის რომანი" პირველი მნიშვნელოვანი სცენარი იყო, რომელიც ოფიციანტად მუშაობისას დაწერა. მოგვიანებით კი ჰოლივუდში პირველივე მცდელობით სოლიდურ თანხად გაყიდა.
დუგლასსა და თომასს შორის ახლო ურთიერთობა რომანტიკული გრძნობების განელების შემდეგაც შენარჩუნდა. 1985 წელს დიანა თომასი ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. იგი Porsche Carrera-თი ავარიაში მოჰყვა - ავტომობილით, რომელიც ცოტა ხნით ადრე მაიკლმა აჩუქა.
მაიკლ დუგლასი ქორწინების პერიოდში მხოლოდ დიანა თომასს არ ხვდებოდა. ფილმ "ქვის რომანის" გადაღებებისას მსახიობი თავის კოლეგას, ქეთლინ ტერნერსაც დაუახლოვდა.
მემუარებში დუგლასი იხსენებდა, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მთელი გადამღები ჯგუფის დაძინებას ელოდებოდა, შემდეგ კი ქეთლინის სასტუმროს ნომერში ჩუმად იპარებოდა. მსახიობებმა რომანის საიდუმლოდ შენახვა გადაწყვიტეს, რათა დუგლასის ვაჟს ამის შესახებ არაფერი გაეგო.
მსახიობი ამბობდა, რომ ამ ქალის გვერდით ყოფნა თავბრუს ახვევდა და მათ შორის ძლიერი ვნება იყო. თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ ქეთლინ ტერნერმა ურთიერთობის შეწყვეტა მოითხოვა. მან ამ რომანში მომავალი ვერ დაინახა და მალევე სხვა მამაკაცზე დაქორწინდა.
1980-იანი წლების ბოლოს, ფილმ "საბედისწერო ლტოლვის" გადაღებებისას, მაიკლ დუგლასი გლენ კლოუზით მოიხიბლა.
ინტიმური სცენის რეპეტიციის დროს მსახიობი იმდენად გაიტაცა მომენტმა, რომ რეალურადაც სურდა გლენთან ურთიერთობის დაწყება.
1990-იანი წლების დასაწყისში, "ძირითადი ინსტინქტის" გადაღებებისას, შერონ სტოუნის გარეგნობამ დუგლასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, რომანი მან კიდევ ერთ კოლეგასთან, ჯინ ტრიპლჰორნთან გააბა. მსახიობი მას დაჟინებით არწმუნებდა, რომ ცოლისადმი გრძნობები დიდი ხნის განელებული ჰქონდა და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა.
ტრიპლჰორნმა დუგლასს პირდაპირ ჰკითხა, აპირებდა თუ არა განქორწინებას, თუმცა მკაფიო პასუხი ვერ მიიღო. შედეგად, გადაღებების დასრულებასთან ერთად, მათი რომანიც დასრულდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ პრინცესა დიანას პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ დონალდ ტრამპი ეარშიყებოდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, მას დიანას ცოლად მოყვანის სურვილიც კი ჰქონდა. თუმცა, მანამდე "გულების დედოფლით" მაიკლ დუგლასიც მოიხიბლა.
1987 წელს მსახიობი და პრინცესა ერთ-ერთ საზეიმო ღონისძიებაზე შეხვდნენ ერთმანეთს. დუგლასი დიანამ მაშინვე მოხიბლა. მისი მონათხრობის თანახმად, შეხვედრა კინოპრემიერაზე შედგა, სადაც ისინი გვერდიგვერდ დასვეს. კინოთეატრში სავარძლები იმდენად ახლოს იყო განლაგებული, რომ მათი ხელები ერთმანეთს ხშირად ეხებოდა. მსახიობის თქმით, თითოეულ ასეთ შეხებას შორის ნაპერწკლები თითქოს ჰაერში იფრქვეოდა.
ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა ეს ისტორია... იმ დროს პრინცესა დიანა ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, დუგლასს კი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაკავშირებული სკანდალის გამოწვევა არ სურდა. მსახიობი აღნიშნავდა, რომ რეალურ ცხოვრებაში დიანა იმაზე მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა, ვიდრე მას ტაბლოიდები წარმოაჩენდნენ. ამასთან, იმ პერიოდში უკვე აშკარა იყო, რომ პრინც ჩარლზთან ქორწინებაში პრინცესა უკიდურესად უბედური იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ დუგლასი ზოგიერთი რომანის დამალვას ცდილობდა, 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ჰოლივუდში მას მექალთანის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული. მისი ყოფილი პარტნიორების გრძელი სია ბევრ ქალს დააფრთხობდა, თუმცა კეტრინ ზეტა-ჯონსმა იცოდა, როგორ მოქცეოდა მსახიობს, რომ ურთიერთობას უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდა.
დუგლასი კეტრინს 1998 წელს, დოვილის კინოფესტივალზე შეხვდა. მათ შორის მიზიდულობა თავიდანვე გაჩნდა, თუმცა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას კეტრინი არ ჩქარობდა.
"მე ყოველთვის ფიზიკურ სიახლოვეზე პირდაპირ გადასვლისკენ ვიყავი მიდრეკილი. კეტრინთან კი მზად ვიყავი, იმდენ ხანს დავლოდებოდი, რამდენიც საჭირო იქნებოდა", - იხსენებდა მაიკლ დუგლასი.
კეტრინი პირდაპირ ამბობდა, რომ მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა აინტერესებდა. მაიკლიც დაჟინებით ცდილობდა, მისთვის საკუთარი განზრახვების სერიოზულობა დაემტკიცებინა. სანამ კეტრინ ზეტა-ჯონსმა საყვარელ მამაკაცს პირველად მისცა ნება, ღამე მასთან გაეტარებინა, ცხრა თვე გავიდა.
მსახიობისთვის ასეთი ხანგრძლივი თავშეკავება ნამდვილ გამოცდად იქცა. თუმცა ამ გამოცდას წარმატებით გაართვა თავი: დუგლასი ძლიერ იყო შეყვარებული და ასეთი ქალის დაკარგვას არ აპირებდა.
მაიკლ დუგლასის ცხოვრების შეცვლის მიზეზი ერთი სატელეფონო საუბარი გახდა - უფრო სწორად, ზედიზედ ხუთი საუბარი. მსახიობი ამბობდა, რომ კეტრინ ზეტა-ჯონსთან გაცნობისას პარალელურად, ზუსტად ხუთი საყვარელი ჰყავდა. თუმცა ახალი ურთიერთობის დაწყების შემდეგ მათთან კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტა.
კეტრინთან ურთიერთობის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, მაგრამ დუგლასს არ სურდა, ამ ურთიერთობისთვის საფრთხე შეექმნა. ამიტომ ხუთივე ქალს დაურეკა, ვითარება აუხსნა და უთხრა, რომ მათთან შეხვედრას ვეღარ გააგრძელებდა.
მისი თქმით, ქალები ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და ბედნიერი ქორწინება უსურვეს.
2000 წლის ნოემბერში კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი დაქორწინდნენ. 2026 წლის ნოემბერში ისინი ქორწინების 26-ე წლისთავს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად გატარებული წლების განმავლობაში მეუღლეებს არაერთი სირთულის გადალახვა მოუწიათ, მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება. წყვილს ორი შვილი ჰყავს და ისინიც შოუბიზნესში არიან.