საბჭოთა ოჯახების ცხოვრების 6 წესი, რომლებიც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის გაუგებარია - მშობლები

საბჭოთა ოჯახების ცხოვრების 6 წესი, რომლებიც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის გაუგებარია

2026-10-21 11:32:09+04:00

საბჭოთა წარსულის გახსენებისას უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მაშინ ცხოვრება სხვანაირი იყო — ადამიანები მეტად ურთიერთობდნენ, ოჯახები უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და ტრადიციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. თუმცა ის, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად ჩვეულებრივად მიიჩნეოდა, თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ზოგჯერ გაუგებარი და მიუღებელიც კია.

საბჭოთა პერიოდში ოჯახური ცხოვრება გარკვეულ დაუწერელ წესებს ემორჩილებოდა. საზოგადოება დიდ გავლენას ახდენდა იმაზე, როდის უნდა დაქორწინებულიყო ადამიანი, როგორ აღეზარდა შვილები, როგორ ეზრუნა ხანდაზმულ მშობლებზე და როგორ აღენიშნა დღესასწაულები.

გავიხსენოთ საბჭოთა ოჯახებისთვის დამახასიათებელი ექვსი ჩვევა, რომლებიც დღეს უკვე უჩვეულოდ გამოიყურება. თუმცა ბევრ ოჯახში კვლავ ამ ტრადიციებითა და შეხედულებებით ცხოვრობენ.

1. ქორწინება

საბჭოთა საზოგადოებაში ქორწინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ოჯახის შექმნა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ეტაპად მიიჩნეოდა, ხოლო გარკვეულ ასაკამდე დაუქორწინებლობა ხშირად გარშემომყოფების კითხვებსა და შენიშვნებს იწვევდა.

ახალგაზრდების ქორწინება გარიგებით ძლიან მიღებული და გავრცელებული პრაქტიკა იყო. ქორწინებამდე ერთად ცხოვრებას კი სასტიკად გმობდნენ. ქორწინება დაკავშირებული იყო ბინის მიღებასთანაც.

ახალგაზრდებს ხშირად არ ჰქონდათ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, ხოლო დაქორწინება ზოგჯერ ცალკე საცხოვრებლის მიღების პერსპექტივას უკავშირდებოდა.

დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქორწინებას სხვაგვარად უყურებს. მათთვის მნიშვნელოვანია განათლების მიღება, პროფესიული განვითარება, ფინანსური დამოუკიდებლობა და პარტნიორის კარგად გაცნობა.

2. ბინის მისაღებად მრავალწლიანი ლოდინი

საბჭოთა პერიოდში საცხოვრებელი ბინის შეძენა ან მიღება თანამედროვე სისტემისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. იპოთეკური სესხები დღევანდელი ფორმით არ არსებობდა, ხოლო კერძო საცხოვრებლის ბაზარი შეზღუდული იყო.

ბევრი ოჯახი ბინას სახელმწიფოსგან ან სამუშაო ადგილის მეშვეობით იღებდა. ამისთვის საჭირო იყო რიგში ჩადგომა და ზოგჯერ წლების განმავლობაში ლოდინი.

არსებობდა კოოპერატიული ბინებიც, რომელთა მისაღებად მოქალაქეებს თანხის გადახდა უწევდათ, თუმცა ასეთი საცხოვრებლის შეძენაც ყოველთვის მარტივი არ იყო.

ახალგაზრდა ოჯახები ხშირად მშობლებთან, ნათესავებთან ან საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ. ერთ ბინაში რამდენიმე თაობის თანაცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

შვილის გაჩენისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ შესაძლებელი ხდებოდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა, თუმცა ეს სწრაფად არ ხდებოდა. ზოგიერთ ოჯახს ახალი ბინის მისაღებად 10, 15 ან 20 წელიც კი უწევდა ლოდინი.

დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით უჩვეულოა წარმოდგენა, რომ დამოუკიდებელი საცხოვრებლის მისაღებად ადამიანს შესაძლოა ათწლეულები დაეცადა და საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად სახელმწიფო უწყებებზე ყოფილიყო დამოკიდებული.

3. ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა ოჯახის უპირობო მოვალეობად ითვლებოდა

საბჭოთა ოჯახებში უფროსი თაობის პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. შვილებისგან ელოდნენ, რომ ისინი ხანდაზმულ მშობლებზე იზრუნებდნენ და საჭიროების შემთხვევაში მათთან ერთად იცხოვრებდნენ.

მოხუცთა თავშესაფარში მშობლის გადაყვანა ხშირად ოჯახის სირცხვილად აღიქმებოდა. საზოგადოებაში არსებობდა წარმოდგენა, რომ შვილს მშობლის მოვლა ნებისმიერ ვითარებაში თავად უნდა ეკისრა.

ამიტომ ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვის ძირითადი პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებს ეკისრებოდათ. ისინი უვლიდნენ მშობლებს, ეხმარებოდნენ ყოველდღიურ საქმეებში და საჭიროების შემთხვევაში საკუთარ გეგმებსაც ცვლიდნენ.

დღეს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შეცვლილია. ოჯახური ზრუნვა კვლავ მნიშვნელოვან ღირებულებად რჩება, თუმცა პროფესიონალი მომვლელის დახმარება ან სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობა ყოველთვის მშობლის მიტოვებას არ ნიშნავს.

თანამედროვე მიდგომით, მთავარია ხანდაზმული ადამიანის უსაფრთხოება, ღირსეული პირობები და საჭიროებების გათვალისწინება და არა მხოლოდ ის, თუ ვინ ახორციელებს ყოველდღიურ მოვლას.

4. ოჯახური დღესასწაულები ათეულობით სტუმრით

საბჭოთა ოჯახებში დაბადების დღე, ქორწილი, იუბილე თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა ოჯახებში დიდი თავყრილობებით აღინიშნებოდა.

დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ არა მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები, არამედ შორეული ნათესავები, მეზობლები, მეგობრები და თანამშრომლებიც. ზოგჯერ პატარა ბინაში 20–30 ან მეტი სტუმარიც კი იყრიდა თავს.

სუფრის მომზადება რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა. დიასახლისები წინასწარ აგროვებდნენ პროდუქტებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომელთა შეძენაც დეფიციტის გამო რთული იყო.

საჭმლის მომზადებაში ხშირად ნათესავები და მეზობლებიც მონაწილეობდნენ.

ასეთი შეკრებები მხოლოდ გართობის საშუალება არ ყოფილა. იმ პერიოდში, როდესაც არც სოციალური ქსელები არსებობდა და არც ვიდეოზარები, ოჯახური დღესასწაულები ერთმანეთის ამბების გაგებისა და ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო.

დღეს ბევრი ახალგაზრდა უპირატესობას მცირე წვეულებას, რესტორანში შეკრებას ან მოგზაურობით აღნიშვნას ანიჭებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით სტუმრისთვის საჭმლის მომზადება მათთვის ზედმეტად შრომატევადი შეიძლება ჩანდეს.

5. ბავშვების მკაცრი აღზრდა და ფიზიკური დასჯა

საბჭოთა პერიოდში ბავშვების აღზრდაში დისციპლინას, მორჩილებასა და უფროსების მითითებების შესრულებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ბევრ ოჯახში მიაჩნდათ, რომ ბავშვი მკაცრად უნდა აღზრდილიყო, რათა პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული ადამიანი გამხდარიყო.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ოჯახში აღზრდის მისაღებ მეთოდად ფიზიკური დასჯაც მიიჩნეოდა. ბავშვისთვის წამორტყმა, ყურის აწევა ან ქამრით დასჯა ყოველთვის ისეთ მწვავე საზოგადოებრივ რეაქციას არ იწვევდა, როგორსაც დღეს.

გავრცელებული იყო ბავშვის სხვების თანდასწრებით გაკიცხვაც. უფროსებს ზოგჯერ სჯეროდათ, რომ საჯაროდ შერცხვენა ბავშვს შეცდომის გამეორებისგან შეაკავებდა.

თანამედროვე ბავშვთა ფსიქოლოგია და საერთაშორისო რეკომენდაციები ფიზიკურ დასჯას აღზრდის უსაფრთხო და ეფექტიან მეთოდად არ მიიჩნევს. კვლევები მიუთითებს, რომ ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ემოციური და ქცევითი პრობლემების გაზრდილ რისკთან.

დღეს სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ემოციების გაგებას, მშვიდ კომუნიკაციას, მკაფიო საზღვრების დაწესებასა და ძალადობის გარეშე დისციპლინის ჩამოყალიბებას.

6. უფროსის სიტყვა კანონი იყო

საბჭოთა ოჯახებში უფროსების ავტორიტეტი ხშირად შეუვალი იყო. მშობლის, მასწავლებლის ან ოჯახის ხანდაზმული წევრის გადაწყვეტილების გაპროტესტება უზრდელობად მიიჩნეოდა.

ბავშვს მოეთხოვებოდა უფროსისთვის მოესმინა და მისი მითითებები შეესრულებინა, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

ფრაზები — „უფროსს არ შეეკამათო“, „შენ ჯერ პატარა ხარ“ ან „როცა გაიზრდები, მაშინ გაიგებ“ — ბევრ ოჯახში ყოველდღიური ურთიერთობის ნაწილი იყო.

ამგვარი მიდგომა ზოგჯერ ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვას ურთულებდა. მას შესაძლოა გასჩენოდა განცდა, რომ უფროსთან უთანხმოება დაუშვებელი იყო, ხოლო საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების დაცვა — უპატივცემულობა.

დღეს აღზრდის თანამედროვე მიდგომები ერთმანეთისგან განასხვავებს პატივისცემასა და უპირობო მორჩილებას. ბავშვს შეუძლია პატივი სცეს უფროსს, მაგრამ ამავე დროს ჰქონდეს საკუთარი აზრი, დასვას კითხვები და გამოხატოს უთანხმოება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვის ასაკის შესაბამისად გადაწყვეტილებებში ჩართვა, მისი მოსმენა და აზრის გათვალისწინება დამოუკიდებლობისა და თავდაჯერების განვითარებას უწყობს ხელს.

რატომ შეიცვალა ოჯახური ჩვევები?

საბჭოთა ოჯახური ტრადიციები იმდროინდელი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს გავლენით ყალიბდებოდა. საცხოვრებლის დეფიციტი, საზოგადოებრივი მოლოდინები, ინფორმაციის მიღების შეზღუდული შესაძლებლობები და ოჯახური პასუხისმგებლობების ტრადიციული განაწილება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავდა.

დღეს ბევრი რამ შეიცვალა. ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაწყვიტონ, როდის შექმნან ოჯახი, როგორ აღზარდონ შვილები და როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ უფროს თაობასთან.

თუმცა საბჭოთა წარსულის ყველა ჩვევა უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. ოჯახური შეკრებები, ნათესავებთან მჭიდრო ურთიერთობა და ერთმანეთის დახმარების ტრადიცია ბევრი ადამიანისთვის დღემდე ძვირფასია.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ საბჭოთა ოჯახები ერთნაირი არ ყოფილა — აღზრდის წესები, ურთიერთობები და ცხოვრების პირობები ოჯახების, რეგიონებისა და სხვადასხვა პერიოდის მიხედვით განსხვავდებოდა.

მთავარი განსხვავება ალბათ ის არის, რომ თანამედროვე ოჯახურ ურთიერთობებში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება პირად არჩევანს, ურთიერთპატივისცემასა და თითოეული ადამიანის საჭიროებების გათვალისწინებას.

საბჭოთა ადამიანების მიერ ეკონომიისთვის მოფიქრებული ხერხები, რომლებიც დღესაც მოდაშია