მსახიობი თათული ედიშერაშვილი "შაბათ-კვირის დილაში" შვილებთან ნანიკო და სესილი ჩიმჩიურებთან ერთად სტუმრობდა. მათ დედაშვილობაზე, ურთიერთობებზე ისაუბრეს და თათულიმ აღნიშნა, როგორ შეცვალა დედობამ მისი ცხოვრება:
- ორად გაიყო ჩემი ცხოვრება - დედობამდე და დედობის მერე. სამედიცინო ენაზე ასე მეწერა - ხანდაზმული ასაკში, 30 წლისამ გავაჩინე პირველი ქალიშვილი. მანამდე არც ისე ცოტა ვიცხოვრე, თუმცა მუდმივად მაქვს ეს ამბავი - 30 წლამდე, ნანიკომდე და სესემდე, საერთოდ რას ვაკეთებდი, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში... ბევრი რამეც ხდებოდა, ბევრი პროფესიული და კარიერული წარმატება, ბევრი კარგი ამბავი, თუმცა მერე მათთან ერთად სხვანაირად დაიწყო ცხოვრება. ბედნიერი ვარ და სულ გული მიჩუყდება... წელიწადი და სამი თვეა მათ შორის სხვაობა. მეც მათთან ერთად ვიზრდები და მათთან ერთად ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ...
ორივე კარგად სწავლობს, თუმცა მსახიობობა არც ერთს არ უნდა. ერთი პლასტიკურ ქირურგიაზე ოცნებობს, მეორე - კარდიოქირურგობაზე.
მადლობა სამყაროს და ჩემს წილ ღმერთს, რომ მე მყავს ნანიკო და სესე...
ნანიკო:
- დედა ყველაზე მეგობრული ადამიანია მათ შორის, ვინც მეგულება ჩემ ირგვლივ. რა თქმა უნდა, დედაშვილობის თანმდევია კამათი, მაგრამ უფრო რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს, მარტო თვითონ არ გვაძლევს რჩევებს. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ისე, როგორც მე ჩემს თინეიჯერ, თანატოლ მეგობრებს ვეკონტაქტები.
სესე:
- დედა არის ჩემი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი. ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, რაც მომწონს მასში, უჭირავს ოქროს შუალედი - დედობასა და მეგობრობას შორის.