როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა ორგანიზმში თრომბი და რომელი გამოკვლევებია ამისთვის საჭირო? ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს შეცდომაზე, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი პაციენტი უშვებს — თრომბის არსებობის დასადგენად ექიმის კონსულტაციის გარეშე კოაგულოგრამას იკეთებს და პროთრომბინის დროს ამოწმებს.
ექიმი განმარტავს, რატომ არ არის ეს გამოკვლევები თრომბის აღმოჩენის საიმედო საშუალება და რა როლი აქვს D-დიმერის ანალიზსა და ქვედა კიდურების ვენების დუპლექსურ სკანირებას.
„პაციენტების 99%, თუ არა მეტი, უშვებს ერთ კრიტიკულ შეცდომას, როდესაც ჰგონიათ, რომ სხეულში თრომბი აქვთ და თვითნებურად იწყებენ ანალიზების ჩაბარებას.
მიდიან კლინიკაში, აბარებენ კოაგულოგრამას, ამოწმებენ პროთრომბინის დროს და ფიქრობენ, რომ ამით თრომბს აღმოაჩენენ.
სინამდვილეში, კოაგულოგრამისა და პროთრომბინის დროის შემოწმებით ორგანიზმში არსებული თრომბის აღმოჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
თუ მაინც აპირებთ გამოკვლევების ჩატარებას და გსურთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა თრომბი, არსებობს ორი კვლევა, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ.
პირველი არის D-დიმერის ანალიზი. D-დიმერი ცილის დაშლის პროდუქტია. როდესაც ორგანიზმში თრომბი წარმოიქმნება, მის შემადგენლობაში ფიბრინის ბადეებიც შედის. ამ ბადეების დაშლის შედეგად წარმოიქმნება D-დიმერი.
ამ ანალიზს მაღალი მგრძნობელობა აქვს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ D-დიმერის მომატებული მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანს თრომბი აქვს.
მეორე გამოკვლევაა ქვედა კიდურების ვენების დუპლექსური სკანირება. ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით ექიმს შეუძლია დაათვალიეროს ქვედა კიდურების ღრმა ვენები და დაადგინოს, არის თუ არა მათში თრომბი.
რაც შეეხება კოაგულოგრამას, CT-ანგიოგრაფიას, თრომბოფილიებზე გამოკვლევებს, პროტეინ C-ის შემოწმებას, ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე ტესტირებასა და სხვა კვლევებს, მათი საჭიროების განსაზღვრა ექიმის საქმეა. ამას სამედიცინო განათლება სჭირდება.
ძალიან ბევრი პაციენტი აბარებს სისხლის საერთო ანალიზს, კოაგულოგრამას და ფიქრობს, რომ ამით თრომბს აღმოაჩენს. სინამდვილეში, შესაძლოა ორგანიზმში თრომბი არსებობდეს, მაგრამ ამ გამოკვლევებმა ის ვერ გამოავლინოს“, — განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.