აბიტურიენტებო, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მესამე საგნად მათემატიკა ჩააბაროთ თუ ისტორია, გაიგეთ, რომელი საგანი გაძლევთ უფრო მეტ შანსს - მშობლები

აბიტურიენტებო, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მესამე საგნად მათემატიკა ჩააბაროთ თუ ისტორია, გაიგეთ, რომელი საგანი გაძლევთ უფრო მეტ შანსს

2026-10-23 11:22:22+04:00

აბიტურიენტებო, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მესამე საგნად მათემატიკა ჩააბაროთ თუ ისტორია, გაიგეთ, რომელი საგანი გაძლევთ უფრო მეტ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე ჩაბარების შესაძლებლობას და რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევანისას.

2027-2028 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალის მიხედვით, მათემატიკა მესამე სავალდებულო საგნის შესაძლო ვარიანტებს შორის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ისტორია. ამასთან, ერთი და იმავე დასახელების პროგრამაზე სხვადასხვა უნივერსიტეტში შესაძლოა, ჩაბარების განსხვავებული მოთხოვნები მოქმედებდეს. აღნიშნულ მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნების შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ არჩევანმა შესაძლოა, მათთვის სასურველი საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი განსაზღვროს. თუმცა, უნივერსიტეტისა და პროფესიის შერჩევისას მხოლოდ მიმართულების დასახელებით ხელმძღვანელობა საკმარისი არ არის - აუცილებელია კონკრეტული პროგრამის მოთხოვნების გაცნობაც.

მათემატიკა უფრო მეტ პროგრამულ ჩანაწერში გვხვდება

2027-2028 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენილი ჩამონათვალი 55 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 665 პროგრამულ ჩანაწერს მოიცავს.

მონაცემების მიხედვით, მათემატიკა მესამე სავალდებულო საგნის შესაძლო ვარიანტებს შორის 493 ჩანაწერშია მითითებული, ისტორია კი - 395-ში. ეს, შესაბამისად, პროგრამული ჩანაწერების დაახლოებით 74,1% და 59,4%-ია.

ორივე საგანი შესაძლო ვარიანტებს შორის 303 ჩანაწერში გვხვდება. 190 ჩანაწერში მათემატიკაა მითითებული, ისტორია კი - არა, ხოლო 92 ჩანაწერში ისტორია გვხვდება, მათემატიკის გარეშე.

მართალია, წარმოდგენილ ჩამონათვალში მათემატიკა უფრო მეტ პროგრამულ ჩანაწერში გვხვდება, თუმცა აქედან არ გამომდინარეობს, რომ მათემატიკის არჩევა ყველა აბიტურიენტისთვის უფრო ხელსაყრელია. საგამოცდო საგნის არჩევისას გადამწყვეტი კონკრეტული პროგრამის მოთხოვნები და მოსწავლის პროფესიული ინტერესებია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დათვლა პროგრამულ ჩანაწერებს ეფუძნება და არა განსხვავებული პროფესიების რაოდენობას. გარდა ამისა, მათემატიკისა და ისტორიის მაჩვენებლები ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგან ორივე საგანი შეიძლება, ერთი პროგრამის შესაძლო არჩევანს შორის იყოს მითითებული.

ერთ მიმართულებაზე შესაძლოა, განსხვავებული მოთხოვნები დაგხვდეთ

ერთი და იმავე ან მსგავსი დასახელების საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების პირობები უნივერსიტეტების მიხედვით შესაძლოა, განსხვავდებოდეს.

მაგალითად ლოგისტიკის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე საგნად მხოლოდ მათემატიკაა მითითებული, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში კი - ისტორია ან მათემატიკა.

გრაფიკული დიზაინის შემთხვევაში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლო საგნებად მათემატიკა, ისტორია და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაა ჩამოთვლილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კი შემოქმედებითი ტურია მითითებული. ამიტომ, ეს დეტალები კარგად უნდა გადაამოწმოთ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით, საბოლოო მონაცემები აბიტურიენტთა ცნობარში დაგხვდებათ.

თამარ იაკობაშვილი