2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება აბიტურიენტების ნაწილმა უკვე დაიწყო. თუ თქვენც მომავალი წლის გამოცდებისთვის ემზადებით, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დროულად შეუდგეთ მეცადინეობას, არამედ თავიდანვე სწორად განსაზღვროთ, რომელ საგნებში უნდა მოემზადოთ, რა მასალა უნდა გაიაროთ და როგორ შეარჩიოთ სასურველი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა.
მომზადების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია. აქ განთავსებულია საგამოცდო პროგრამები, წინა წლების ტესტები და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ წინა წლების მასალები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ 2027 წლის მოთხოვნებიც უცვლელი იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვაოთ უკვე გამოქვეყნებული ინფორმაცია და ის საკითხები, რომელთა საბოლოო დაზუსტებაც ჯერ კიდევ საჭიროა.
მომავალი პროფესიის არჩევისას მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ნუ იხელმძღვანელებთ. წინასწარ გაარკვიეთ, რომელი საგნების ჩაბარებაა საჭირო თქვენთვის საინტერესო საბაკალავრო პროგრამაზე მოსახვედრად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით უკვე გამოაქვეყნა. საწყის ეტაპზე, შეგიძლიათ, სწორედ ამ ჩამონათვალით იხელმძღვანელოთ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ საბოლოო ინფორმაცია 2027 წლის "აბიტურიენტთა ცნობარში" გამოქვეყნდება.
მაგალითად, თუ რამდენიმე უნივერსიტეტში ერთი და იმავე მიმართულების არჩევა გსურთ, თითოეული პროგრამის მოთხოვნები ცალ-ცალკე შეამოწმეთ. შესაძლოა, ერთი და იმავე მიმართულების პროგრამებს განსხვავებული ჩასაბარებელი საგნები ჰქონდეს.
თავდაპირველად რამდენიმე საინტერესო პროგრამა შეარჩიეთ, შემდეგ კი ერთმანეთს შეადარეთ მათი მოთხოვნები. ასე სწორად განსაზღვრავთ, რომელ საგნებში გჭირდებათ მომზადება და თავიდან აიცილებთ ისეთ შემთხვევას, როდესაც გამოცდებისთვის მომზადებას დაიწყებთ, მოგვიანებით კი აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე სხვა საგნის ჩაბარებაა საჭირო.
მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ფილოლოგიაზე, გეოგრაფიით ვერ ჩააბარებთ.
2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით ვრცლად იხილეთ ბმულზე.
მომზადების დაწყებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული საგნის საგამოცდო პროგრამის გაცნობაა. ის წარმოდგენას შეგიქმნით, რომელი საკითხების ცოდნა მოგეთხოვებათ გამოცდაზე და რა მიმართულებებით უნდა იმუშაოთ.
საგამოცდო პროგრამა და სასკოლო სახელმძღვანელო ერთი და იგივე არ არის. სახელმძღვანელოში შესაძლოა, იმაზე მეტი მასალა იყოს მოცემული, ვიდრე კონკრეტული გამოცდისთვისაა საჭირო. ამასთან, შეიძლება დაგჭირდეთ საკითხების ისეთი თანმიმდევრობით გამეორება, რომელიც გამოცდის მოთხოვნებს უკეთ შეესაბამება.
ჯერჯერობით, შეგიძლიათ, 2026 წლის საგამოცდო პროგრამით იხელმძღვანელოთ. 2027 წლის პროგრამები მოგვიანებით გამოქვეყნდება. მიუხედავად ამისა, 2026 წლის საგამოცდო პროგრამაზე დაკვირვება გარკვეულ მიმართულებას მოგცემთ და მასალებისა და დროის სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ, ნახოთ წინა წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები. ეს მასალები მომზადების პროცესში ერთ-ერთი პრაქტიკული რესურსია: მათი დახმარებით გაეცნობით დავალებების ტიპებს, ინსტრუქციებსა და გამოცდის ფორმატს.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ წინა წლების ტესტები იმ წლების საგამოცდო მოთხოვნებს ასახავს და არ იძლევა გარანტიას, რომ 2027 წლის გამოცდაზეც ზუსტად იმავე ტიპის დავალებები ან საკითხები შეგხვდებათ.
მაგალითად, 2026 წლის ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ, გამოიყენოთ დავალებების ფორმატის გასაცნობად და საკუთარი ცოდნის შესაფასებლად. მოგვიანებით კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახლებულ ნიმუშებსაც გამოაქვეყნებს.
2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სიახლეა უცხოური ენების ჩამონათვალში იტალიური ენის დამატება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან უცხოური ენის გამოცდის იტალიურ ენაში ჩაბარების შესაძლებლობაც გექნებათ.
აქამდე უცხოური ენის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იყო ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე სპეციალისტები იმუშავებენ, ხოლო საგამოცდო კრებული და პროგრამა NAEC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
თუ იტალიური ენის გამოცდის ჩაბარებას გეგმავთ, ყურადღებით ადევნეთ თვალი ამ მასალების გამოქვეყნებას. ასევე, გადაამოწმეთ, მიიღება თუ არა თქვენთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე იტალიური ენის გამოცდის შედეგი.
სასურველი პროგრამების შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას მიაქციეთ ყურადღება.
პირველი - მინიმალური კომპეტენციის ზღვარი:უნივერსიტეტებსა და კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს შეიძლება, განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეთ. ამიტომ გადაამოწმეთ, რა მინიმალური ზღვარია განსაზღვრული თითოეულ საგანში თქვენთვის საინტერესო პროგრამაზე.
მეორე - კოეფიციენტები:პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობისას ყურადღება მიაქციეთ საგნების კოეფიციენტებსაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კონკურსში მონაწილეობისას კონკრეტული საგნის შედეგის წონა პროგრამის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. გაარკვიეთ, რომელი საგნის შედეგს ენიჭება თქვენთვის საინტერესო პროგრამაზე მეტი მნიშვნელობა და როგორ ხდება საკონკურსო ქულის გამოთვლა მოქმედი წესების მიხედვით.
მესამე - მისაღები ადგილების რაოდენობა:გადაამოწმეთ, რამდენი ადგილია გამოყოფილი კონკრეტულ პროგრამაზე. ეს ინფორმაცია კონკურსის პირობების შეფასებაში დაგეხმარებათ, თუმცა, ადგილების რაოდენობა თავისთავად ვერ განსაზღვრავს, რამდენად მაღალი იქნება საბოლოო გამსვლელი ქულა.
მეოთხე - სწავლის საფასური და ადგილმდებარეობა: წინასწარ გაარკვიეთ სწავლის საფასური და ისიც, რომელ ქალაქში მოგიწევთ სწავლა.
ამ ინფორმაციის მოძიებაში NAEC-ის "ცნობარი აბიტურიენტებისთვის" დაგეხმარებათ. როგორც წესი, განახლებული ცნობარი გაზაფხულზე ქვეყნდება. იქამდე კი, საორიენტაციოდ, შეგიძლიათ, 2026 წლის ცნობარს გადახედოთ, შეამოწმოთ უნივერსიტეტების მისამართები, გადასახადი და სხვა დეტალები, შემდეგ კი განახლებულ ინფორმაციას შეადაროთ.
მომზადების დაწყებისას პირველი პრაქტიკული ნაბიჯები სასურველი პროგრამების ჩამონათვალის შედგენა, ჩასაბარებელი საგნების გადამოწმება, მოქმედი საგამოცდო პროგრამების მოძიება და წინა წლების ტესტებით ცოდნის შეფასებაა. ამ ნაბიჯების თანმიმდევრულად შესრულება დაგეხმარებათ, მომზადება კონკრეტულ მიზნებს დაუკავშიროთ და უნივერსიტეტის არჩევისას მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ.
თამარ იაკობაშვილი