მეგან მარკლის ძმა, თომასი, მათ 82 წლის მამას, თომას მარკლ უფროსს, ბავშვთა პორნოგრაფიის „ასობით“ მასალის ფლობაში ადანაშაულებს.
სასექსის ჰერცოგინიას მამის, რომელთანაც, როგორც ცნობილია, მეგანს გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა, წინააღმდეგ ძიება დაიწყო მას მერე, რაც აღმოაჩინეს ბავშვების მონაწილეობით „დიდი რაოდენობით“ სექსუალური ხასიათის მასალა. ამის შესახებ მისმა საკუთარმა შვილმა, თომას მარკლ უმცროსმა შეატყობინა პოლიციას. ივარაუდება, რომ მეგანის მამამ მასალა ფილიპინებში, საკუთარ სახლში შეინახა, სადაც ისინი შვილმა აღმოაჩინა.
თომას მარკლ უმცროსმა განაცხადა, რომ მამამისის სახლში, სებუ სიტიში, „ასობით, თუ არა ათასობით“ ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალა აღმოაჩინა. მასალები ოთხ დიდ მუყაოს ყუთში იპოვეს, რომლებშიც ოჯახის ნივთები, წიგნები და ძველი ტელეფონები იყო. პორნოგრაფია დაბეჭდილი სურათების სახით და მყარ დისკებზე იყო შენახული, რომლებთან წვდომაშიც IT სპეციალისტი დაეხმარა თომასს. სასექსის ჰერცოგინიას მამამ ფილიპინები მაისში დატოვა და ინსულტის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა.

ფილიპინების პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მტკიცებულებებს აგრივებს. მარკლის ვაჟი ასევე დაუკავშირდა FBI-ის გამომძიებლებს, რომლებიც საკუთარი გამოძიების დაწყებას გეგმავენ, რადგან მარკლ უფროსი აშშ-ის მოქალაქეა. ოფიციალური ბრალდებები ჯერ არ წაუყენებიათ.
როგორც ამბობენ, მეგანის მამის მყარ დისკზე აღმოჩენილ ფაილებში 10 ან 11 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვები არიან ასახული, ზოგი 1-დან 3 წლამდე ასაკისაც კი. ისინი გამოსახულნი იყვნენ შიშვლები ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მეგანის ძმამ ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთ სურათზე გამოსახული იყო ლეპტოპი, რომლის ფონზეც მან ამოიცნო ოთახი მამამისის ძველ სახლში, მექსიკაში. თომასმა თავისი აღმოჩენის შესახებ FBI-ის ცხელ ხაზს 10 ივლისს აცნობა.
მეგანთან დაახლოებულმა წყარომ The Sun-ს განუცხადა: „ახლა, ალბათ, ხალხი საბოლოოდ მიხვდება, თუ რატომ არ ელაპარაკა ის მამამისს 2018 წლიდან“.
მარკლის შვილმა გამოცემასთან კომენტარი გააკეთა: „როდესაც ეს მასალა ვიპოვე, შემზარა და სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ პოლიციისთვის მეცნობებინა. მე მას ვუჭერდი მხარს, ვზრუნავდი და ვეხმარებოდი მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა ეს დასრულდა. მამაჩემს აღარასდროს დაველაპარაკები, თუ მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად არ დამიბარებენ“. „რაც ვნახე, ამან ცუდად გამხადა - ეს ყველაფერი თავზე გადმომეყარა და არ ვიცოდი, რა მექნა“, - ციტირებს The Sun მარკლ უმცროსის სიტყვებს.

2022 წელს ინსულტის და 2025 წელს სისხლის შედედების გამო მარცხენა ფეხის ამპუტაციის შემდეგ, თომას მარკლი ფლორიდაში, მოხუცებულთა და რეაბილიტაციის ცენტრში ცხოვრობს, სადაც მასზე მისი 60 წლის ქალიშვილი, სამანტა ზრუნავს. მან უკვე განუცხადა Daily Mail-ს, რომ მამამისის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის ისტორია მისმა ძმამ, თომასმა, ფულის საშოვნელად შეთხზა და მის ბრალდებებს „ამაზრზენს“ და „სრულიად უსაფუძვლოს“ უწოდებს. „მას ჩვენი მამის განადგურება სურს. სირცხვილი მას! ჩემმა ძმამ ეს ტყუილი პირველად რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა, როდესაც მამამ მისთვის ფულის მიცემა შეწყვიტა. ის წლების განმავლობაში მამას ფულს სძალავდა და როდესაც ეს შეწყდა, დაიწყო ყველაზე აღმაშფოთებელი ტყუილების მოფიქრება, რათა მედიიდან იშოვოს ფული“, - თქვა სამანტამ.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი ძმის ბრალდებები არ შეიძლება იყოს სიმართლე, რადგან მათ მამას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა წვდომა აღდგენილ მყარ დისკებზე. „ყუთები ტომ უმცროსის სახლში იყო. მამას ორი წლის განმავლობაში არ ჰქონდა წვდომა ამ დისკებზე. ვინ იცის, ვის შეეძლო მათზე წვდომა? მე არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ნებისმიერს შეეძლო მამა დაედანაშაულებინა“, - დაასკვნა სამანტამ.
თომასი და სამანტა თომას მარკლის შვილები არიან მისი პირველი ქორწინებიდან მდივან როსლინ ლავლესთან. მეგანი მისი უმცროსი ქალიშვილია მეუღლესთან, დორია რეგლენდთან. მეგანის მშობლები 1988 წელს განქორწინდნენ, როდესაც ის ექვსი წლის იყო. ამჟამად თომასი ურთიერთობაშია ფილიპინელ ექთან რიო კანედოსთან, რომელიც მარკლზე 35 წლით უმცროსია.
მეგან მარკლმა მამასთან კონტაქტი 2017 წლის ნოემბერში პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ მალევე გაწყვიტა. წყვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად მარკლის მედიასთან მუდმივი კონტაქტი დაასახელა. მეგანი დარწმუნებული იყო, რომ პრესისთვის მის შესახებ ინფორმაციას მამამისი ავრცელებდა. თომასმა კი თქვა, რომ ტაბლოიდებთან საუბარი ქალიშვილთან და სიძესთან კომუნიკაციის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება იყო, რომლებმაც მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს. მეგანისა და ჰარის 2018 წლის ქორწილში პატარძალი არა მამამისმა, არამედ პრინცი ჰარის მამამ, მეფე ჩარლზ III-მ მიაცილა. ცერემონიას ერთადერთი ნათესავი ესწრებოდა, მეგანის დედა.