"როგორც ჩანს, არ ვიყავი ქმრის ოჯახისთვის შესაფერისი... მთელი ის პერიოდი მჯეროდა, რომ ზუსტად ის ნაგავი ვარ, რასაც მიწოდებდნენ..." - ბოდიბილდერი ქრისტინე წიკლაური - მშობლები

"როგორც ჩანს, არ ვიყავი ქმრის ოჯახისთვის შესაფერისი... მთელი ის პერიოდი მჯეროდა, რომ ზუსტად ის ნაგავი ვარ, რასაც მიწოდებდნენ..." - ბოდიბილდერი ქრისტინე წიკლაური

2026-10-26 12:03:27+04:00

ქრისტინე წიკლაური ბოდიბილდინგში აქტიურად სულ რაღაც ორი წლის წინ ჩაერთო. მან საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა დღეს საქართველოს ჩემპიონია. იგი ასევე 3 შვილის დედაა და საკუთარი წარმატების ისტორიის შესახებ გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:

- გადაწყვეტილება ნამდვილად უცბად მივიღე. ტრენერობა, მწვრთნელობა ყოველთვის მაინტერესებდა, მიტაცებდა, მომწონდა. თუმცა, ბოდიბილდინგი ცოტა სხვა სფეროა, მით უმეტეს, ქალის შემთხვევაში. მანამდე ვვარჯიშობდი, იოგათი ვიყავი დაკავებული, დავრბოდი, ანუ რასაც ნებისმიერი ქალბატონი აკეთებს.

როდესაც გავდიოდი პერსონალური მწვრთნელის კურსს, ჩვენს ლექციებს ხშირად ესწრებოდა ნუცა ზურაბიშვილი, საქართველოს ფიტნესისა და ბოდიბილდინგის ფედერაციის პრეზიდენტი.

გარეგნობა, დისციპლინა, ასე ვთქვათ, თანამედროვე ვაიბი, რომელიც მოდიოდა ამ ქალბატონისგან, ძალიან მომწონდა. სხვათა შორის, ეს გახდა გადამწყვეტი ჩემთვის, ანუ ამ ქალის გაცნობა და შემდგომ უკვე ნელ-ნელა დავიწყე მზადება. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული ამ პროცესში არის კვების დაცვა, იმიტომ, რომ საკმაოდ სპეციფიკურია.

ვარჯიში თუ უყვარს ადამიანს, ივარჯიშებს. გარკვეული სპეციფიკური ვარჯიშები არის, რა თქმა უნდა, პროგრამაში, თუმცა კვების მიმართულება ბევრად უფრო რთულია.

ჩემ შემთხვევაში, უფროსი ბავშვები უკვე თვითონ დამოუკიდებლად ამზადებენ ყველაფერს. გამიმართლა, ამ პერიოდში მე და პატარა თითქმის ერთნაირად ვიკვებებით. ვაჩვევ, ტანვარჯიშზე დადის ქალბატონი და ამიტომ მასაც სჭირდება რეჟიმი და სწორი კვება.

- 38 წლის ასაკში გადაწყვიტეთ, რომ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი პროფესია და შემდგომი გზა. ვინ იყო, ვისაც პირველად ეს უთხარით და რა რეაქცია იყო იქიდან?

- თავისთავად, შვილები. მათ ჩემი ნებისმიერი წამოწყება უხარიათ. ჩემი შვილები ჩემი გულშემატკივრები, კედელი, ზურგი, მთავარი გუნდია. ამ შემთხვევაშიც, "დედა, მიდი! დედა, გამოგივა! დედა, შენ ამას შეძლებ!" - ეს არის ყოველთვის ჩვენი მუდმივი დევიზი.

kristine-ciklauri-1793004131.jpg
ქრისტინე წიკლაური

- რამდენად რთულია 38 წლის ასაკში ეს ნაბიჯი გადადგა? სხეული ხომ შეცვლილია რეალურად?

- აქ, ალბათ, არის რაღაც მომენტში ფსიქოლოგიური ფაქტორია. იმიტომ, რომ ყველას გვაქვს რაღაცა პატარა ჭია თავში, რომელიც ან არ გვიშვებს სადღაც, ან პირიქით. ბოდიბილდინგის სცენამ, ამ ლამაზმა ბიკინიმ, ამ ვარცხნილობამ, მაკიაჟმა ყველაფერი შეცვალა... ამ დროს ხარ დედოფალი, ამ დროს მთელი სამყარო შენია. ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, გახდები ჩემპიონი, არ გახდები - იმ სამი წუთით სცენაზე, რასაც ატარებ, იმდენად უკან რჩება ყველაფერი, მთელი შენი პრობლემები, რაღაცა ეტაპები ცხოვრებაში, რომლის დავიწყება გსურს და ვერ ივიწყებ - ეს გავიწყებს.

აბსოლუტურად ყველაფერი უკან რჩება ამ სპორტში. წამალივითაა და მერე უკვე შედეგი: ის, რომ შენ შეძელი, ის, რომ შენ ეს გზა გაიარე და გახდი საქართველოს ჩემპიონი, ამაზე მეტი რა უნდა იყოს?!

პარალელურად, ჩემი პოსტების კომენტარებს რომ გადახედოთ... იწერება: " ნორმალური ქალი იყავი და რაც დაემსგავსე!", "ამას უყურე, თინეიჯერი ბიჭივით გამოიყურება!”... ძირითადად, მამაკაცები წერენ. ვურჩევ ხოლმე, რომ დარბაზში ივარჯიშონ. იქნებ, თავადაც დაემსგავსონ მამაკაცს...

- 17 წლის ასაკში გათხოვდით, სიყვარულით გათხოვდით, მაგრამ მეუღლის ოჯახმა არ მიგიღოთ. თან მეუღლე 14 წლით უფროსი იყო...

- ნამდვილად სიყვარულით გავთხოვდი, ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, სამწუხაროდ, რთულ რეალობას შევეჯახეთ. როგორც ჩანს, არ ვიყავი ოჯახისთვის შესაფერისი მაშინ. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე და მეგონა, რომ აი, ასეთ დიდ ოჯახში მოვხვდებოდი, სადაც გვექნებოდა აბსოლუტური იდილია. არ ვიყავი ექიმი... არ ვიყავი იურისტი... საერთოდ არ მქონდა არანაირი განათლება სკოლის განათლების გარდა. როგორც ჩანს, ეს თვალში ხვდებოდათ. არ ვიყავი თავადების წარმომადგენელი და ეგეც იყო, ალბათ, პრობლემა. დედამთილისგან უფრო არა, მულისგან მესმოდა...

ამბობდნენ, პატარაა და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ყველაფერიო. როდესაც უკვე არა მხოლოდ შენ, არამედ შენს მშობლებზეც გადადიან, ეს უკვე პიკი იყო.

სანამ ასე იჯდები, არაფერი შეიცვლება აბსოლუტურად. სულ უფრო ცუდ რამეს დაემსგავსება ეს ყველაფერი. ბავშვები ამ არაჯანსაღ სიტუაციას უყურებენ. იმას, რომ ამ ყველაფერ ითმენ, ისინიც ფიქრობენ, რომ ეს ნორმაა და უნდა მოითმინონ. არა... სხვათა შორის, ბავშვებმა მითხრეს: "დედა, გეყოფა, წავიდეთ." მეშინოდა, რომ 3 შვილთან ერთად სადმე წასვლას ვერ შევძლებდი. 9 წლის წინ ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა. მამა უნდა დაეხმაროს ბავშვებს, რასაც აკეთებდა და აკეთებს. მაგრამ, ამაზე წინასწარ ვერ იფიქრებ. ამ ნაბიჯის გადადგმა რთული იყო და ამიტომაც გაიწელა.

რეალურად, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, სიკვდილის გარდა. ჩემი აზრით, ქალი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ გონებით მოიფიქრებს, რა შეიძლება, გაკეთდეს. ფიზიკურად კი, როდესაც ბავშვს აჩენ, ვინ გაჯობებს?! ამიტომ, ქალისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. იმისთვის, რომ რამე მოაგვაროს, იშოვის თანხა, ისწავლოს, აბსოლუტურად არავინ სჭირდება. მონდომება და შრომა მთავარია. შრომის არ უნდა გეშინოდეს.

მთელი ის პერიოდი, სანამ ვიყავი ქორწინებაში, მჯეროდა, რომ მე ზუსტად ის ნაგავი ვარ, რასაც მიწოდებდნენ. აბსოლუტურად ამის მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფრჩხილის ფასი არ მაქვს.

- ამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ის, რომ შენ შენი ტკივილი აქციე საწვავად, როგორ იმუშავე თვითშეფასებაზე - რა მოხდა შენში, რომ უცბად ლაღი, ულამაზესი გოგონა გვიზის სტუდიაში?

- სხვათა შორის, აქ დედაჩემის დამსახურებაა ეს. ნებისმიერ სიტუაციაში ქალი ყველაფერს უყურებდა იუმორით, აბსოლუტურად ყველაფერს. და ეს იუმორის გრძნობა იმდენად ეხმარებოდა თვითონ და იმდენად მეხმარება მე ყოველდღიურობაში... სხვათა შორის, არასოდეს ვუყურებდი პრობლემას, როგორც პრობლემას. ეს არის ამოცანა და მორჩა.

შეიძლება რაღაც ეტაპზე გაიფიქროთ: ღმერთო, ხვალ რა უნდა ვაჭამო? უცებ რაღაც ხდება და საიდანღაც რაღაც ჩნდება. არ მივუტოვებივარ ამ კოსმოსს, ღმერთს, ძალას არც ერთი დღე ჩემ ცხოვრებაში, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაც პოზიტიურად ვუყურებდი ყველაფერს.

12 წლის ვიყავი, მამა რომ მოკლეს... მერე დედის ინსულტი... სიძე ჩაწოლილია... დის გარდაცვალების შემდეგ ჩემს დისშვილებზე მე ვზრუნავ... - ანი გიუნტერი ცხოვრებისეულ განსაცდელებზე
ტოქსიკური დედამთილის 20 ნიშანი - როგორ უნდა შეეწინააღმდეგოთ