"12 წლის ვიყავი, მამა რომ მოკლეს... მერე დედის ინსულტი... სიძე ჩაწოლილია... დის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი დისშვილები ჩემი შვილები გახდნენ... დისშვილი სპეციალური საჭიროებების არის..." - ანი გიუნტერი ცხოვრებისეულ განსაცდელებზე - მშობლები

"12 წლის ვიყავი, მამა რომ მოკლეს... მერე დედის ინსულტი... სიძე ჩაწოლილია... დის გარდაცვალების შემდეგ ჩემს დისშვილებზე მე ვზრუნავ..." - ანი გიუნტერი ცხოვრებისეულ განსაცდელებზე

2026-10-25 13:19:44+04:00

ჟურნალისტი ანი გიუნტერი გადაცემაში "ჩემი ამბავი" ყვება იმ ტრაგიკულ გზას, რომელიც გამოიარა და სულ ახლახან გარდაცვლილი უფროსი დის ამბავს.

უდიდესი დანაკარგები

- პირველი დარტყმა მივიღე, 12 წლის როცა ვიყავი - მამა მოკლეს. დღემდე არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს... იმ პერიოდში მამასთან ერთად მარტო ვცხოვრობდი. დედა მოსკოვში იყო. ის ჩემთვის ყველაფერი იყო... მე იმ ზღაპრის პერსონაჟი ვიყავი, რომელშიც მშობლები მაცხოვრებდნენ. ყოველდღიურად ძალიან დიდი სიყვარულის ამბავს ვუყურებდი... მკვლელს არც ვეძებ. დიდი ხანია, აღარ ვეძებ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მე აღარ მექნება უფლება, ყველა მიყვარდეს. მე ის უნდა შევიძულო...

წლების განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი ამ ადამიანს. არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა — მხოლოდ სხვების მონაყოლითა და თვითმხილველთა აღწერით ვხელმძღვანელობდი. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა... ყველა მამაკაცში, რომელსაც ფართო მხრები ჰქონდა და თვითმხილველთა აღწერას შეესაბამებოდა, მას ვხედავდი. არ ვიცი, შესაძლოა, ის აღარც იყოს ცოცხალი, შესაძლოა, ჩემ ირგვლივ დადიოდეს კიდეც...

შემდეგ იყო სიძის ამბავი — ძალიან დიდი ტრაგედია. ჩემმა დამ ოჯახი შექმნა. მყავდა არაჩვეულებრივი სიძე. პრინციპში, ის ახლაც არსებობს, რა თქმა უნდა, თუმცა მისი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა — როგორც სტატუსი, ისე ჯანმრთელობა. ის უკვე ქმედუუნაროა. დიდი ხანია, ჩაწოლილია და მეტყველების უნარიც აღარ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი სიმძიმე იყო...

დედა იყო ბურჯი, რომლის გარშემოც ყველა ტრიალებდა, საყრდენი, რომელზეც ჩვენი ოჯახი იდგა. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს მან ინსულტი გადაიტანა...

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ოჯახის სამი წევრი ერთდროულად მყავდა კლინიკაში. მე კი იმ დროს სრულიად მარტო ვიყავი. რომელ კლინიკაში უნდა წავსულიყავი? სია მქონდა ჩამოწერილი, რომ რამე არ გამომრჩენოდა.ეს არ იყო ერთი კონკრეტული მოვლენა. ეს იყო წრე, რომელზეც მუდმივად ვტრიალებდი და რომელიც არასდროს მთავრდებოდა.

ტელეფონის ზარსაც შიშით ველოდებოდი — იმ ენით აღუწერელი შიშით, რომ დამირეკავდნენ და ცუდ ამბავს შემატყობინებდნენ. ტელეფონს მშვიდად ვერ ვუყურებდი. ყოველი ზარი ცუდი ამბის მოლოდინს მიჩენდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი მართლდებოდა კიდეც.

ani3-1792921672.png

ჩემი და ერთ-ერთ კლინიკაში სპეციალურ მკურნალობას გადიოდა. ერთი ეპიზოდი დღემდე თვალწინ მიდგას. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მის შვილს დაბადების დღე ჰქონდა — სრულწლოვანი ხდებოდა. მახსოვს, ბავშვებმა სიურპრიზი მოუწყვეს. ზუსტად თორმეტ საათზე ტორტი მიუტანეს. მე ტორტით ხელში ვიდექი და ბავშვს სურვილი უნდა ჩაეფიქრებინა. როგორც კი სანთლები ჩააქრო, ტელეფონმა დარეკა.

ცხადია, ვიფიქრეთ, რომ კლინიკიდან დედამისი რეკავდა მოსალოცად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ექიმი გვირეკავდა. მან შეგვატყობინა, რომ ჩემს დას სხვა კლინიკაში გადაყვანა სჭირდებოდა... რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადეთ, მაგრამ არ მინდოდა, ბავშვისთვის ეს ამბავი დამთრგუნველი ყოფილიყო. ამიტომ ოპერაციის თემა არ მიხსენებია...

მეორე დღეს ჩემმა დამ თავად დამირეკა კლინიკიდან და მითხრა, რომ თავს ფანტასტიკურად გრძნობდა. ისიც მითხრა, რომ ოპერაცია იმავე ან მომდევნო დღისთვის იყო დაგეგმილი. მოკლედ, ყველაფერი სტაბილურად იყო. დამთხოვა, მისთვის კეფირი და ბანანი მიმეტანა.

რადგან ბავშვის დაბადების დღე იყო, შევთანხმდით, რომ იმ დიდი წვეულებისა და დღესასწაულისთვის მიმეხედა. ჩემი და ამას გაგებით მოეკიდა...თუმცა, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, ამას, რა თქმა უნდა, გაგებით ვეღარ მოვეკიდე. ჩემი დის ბოლო თხოვნა სწორედ ეს იყო — საავადმყოფოში მისთვის ბანანი და კეფირი უნდა მიმეტანა. მე მასთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე... ერთდროულად ვნანობდი და არც ვნანობდი. იმ მომენტში მართლა გაბრაზებული ვიყავი მასზე. შესაძლოა, ცოტა სხვანაირი ტონითაც მესაუბრა — ამას ვაღიარებ. ამიტომ ამით ვიმშვიდებ თავს... რაც შეეხება დედაჩემს, მასთანაც ვერ მოვახერხე დამშვიდობება და წინა დღეს ვერ ჩავეხუტე. ჩემს მეგობრებს ეჩქარებოდათ და გზად უბრალოდ მშობლიურ სახლთან შევიარეთ. ვიფიქრე, რომ მეორე დღეს მივიდოდი და ჩავეხუტებოდი... ზუსტად ასე გადავწყვიტე ჩემს დასთან დაკავშირებითაც — ვიფიქრე, რომ მოგვიანებით ვნახავდი. მაგრამ ვერც დედას ჩავეხუტე და ვერც ჩემს დას.

ჩემი და ჩემზე უფროსი იყო და ერთი პერიოდი დედაც იყო ჩემთვის, დაც, მერე უკვე - შვილიც... ჩემი დის შვილებიც, ასე შეიძლება ითქვას, ჩემი შვილები გახდნენ... თუმცა ვფიქრობ, რომ იქ, სადაც სიყვარულია, ჩემი მხრიდან განსაკუთრებული არაფერია საჭირო. ჩემი დის შვილი სპეციალური საჭიროებების მქონეა. მისგან ხშირად ვსწავლობ, რას ნიშნავს ბედნიერება. ვხვდები, რომ აუცილებელი არ არის, ყველაფერი იდეალურად იყოს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. ზოგჯერ ერთი ჩახუტებაც საკმარისია — როცა ის შენ გვერდითაა და გეხუტება. ჩემს დისშვილებში ჩემი დის სიცოცხლის გაგრძელებას ვხედავ...

ani4-1792921671.png

მძიმე სულიერი მდგომარეობა

რაც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, დილით ჩიტების ჭიკჭიკს მოუსმინო და ამან გაგაძლიეროს, ან ყოველდღე საკუთარ თავს უთხრა, რა მშვენიერია სამყარო, ზოგჯერ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. მე ამას ვამბობდი და ჯიუტად მაინც ვუღიმოდი საკუთარ თავს სარკეში. ახლაც ვიღიმი, მაგრამ რა იმალება ამ ღიმილის მიღმა?.. სწორედ მაშინ, როცა აღარ შეგიძლია, უნდა გადადგა ნაბიჯები, უნდა მოიკრიბო ძალა, რადაც უნდა დაგიჯდეს. საკუთარ თავში ეს ძალა უნდა იპოვო — სხვა გზა არ არის. ისევ შენ უნდა მოერიო ამ ყველაფერს. ამას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება.

...იმ პერიოდში აბსოლუტურად მიჯაჭვული ვიყავი ჩემი დისშვილების ცხოვრებას. ასე იყო საჭირო კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ მომენტში.თუმცა ყველაზე მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი იყო, როდესაც საკუთარ შვილებთან ყოფნას ვერ ვახერხებდი...დედიკო, ბოდიში იმ წუთებისთვის, როცა თქვენ გვერდით არ ვიყავი. ეს მართლაც ყველაზე აუტანელი რამ არის. ეს უკვე ჩემი სულის ტკივილია.ამას ვერავინ შეგიცვლის. დისშვილებზე ზრუნვა, საკუთარ დაზე ზრუნვა — ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა საკუთარი შვილის ნახვის ძალაც კი არ გაქვს, ამაზე დიდი ტრაგედია ცხოვრებაში არ არსებობს... ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად კარგად ან ცუდად ხარ. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია — იმაზე, როგორი ძლიერი ქალი ხარ და როგორ უმკლავდები ყველაფერს...

არ მგონია და არც მინდა, ისეთი რამ მოხდეს, რასაც ჩემი შვილები ვერ მაპატიებენ.ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. დიდხანს ველოდი იმ მომენტს, როცა ჩემს შვილს ყველაფერს მოვუყვებოდი — ჩემს განცდებსა და ტკივილზე. ეს მოულოდნელად მოხდა, ჩვენი საუბრის დროს... იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ, არ ვიცი, თითქოს თავიდან დავიბადე. როცა ცდილობ, შვილს საკუთარი განცდები და ტკივილი დაუმალო, გგონია, რომ ამით მას ტვირთს უმსუბუქებ. ახლაც ვნერვიულობ, როცა ჩემს გარემოცვაში მიყურებენ და ხედავენ, რამდენი პრობლემა მაქვს. ამის მიუხედავად, ვალდებულად გრძნობ თავს, რომ შვილებს ეს ტვირთი შევუმსუბუქო. მაგრამ ყველა ბავშვი გრძნობს, რა ხდება დედის გულში.სწორედ ამიტომ ავაშენეთ ის ძლიერი ხიდი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს მაშინაც კი, როცა მათ გვერდით არ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ მათ ესმით ჩემი...

ბევრჯერ დამირეკავს რეანიმაციის პალატიდან. წარმოიდგინე, როგორი მძიმე მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ საკუთარ შვილთან ვერ იყო — შენი და ხელოვნურ სუნთქვაზეა, შენ კი ექვსი დღე და ღამე რეანიმაციის კართან ათენებ... და მაინც, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ იმ დღეებშიც კი ჩემს შვილებთან ერთად არ ვიყავი...

ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს იგივე ვერ გავუკეთე, რაც ხათუნას, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია... სასაფლაოზე რომ მივდივარ, ბოდიშს ვუხდი... - ნინი ქარსელაძე
თითქმის ორი წელი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, სიარულისას ვკოჭლობდი...გარე სამყაროს მოვწყდი...ექიმის სიტყვები სულ მახსოვდა: არ გარისკო, ვერავინ მოგცემს გარანტიას - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური მოგონება