"ისიც არ მახსოვს, რატომ დავშორდი... ნატალია სამი წლისაც არ იყო... ოჯახთან არ მქონია უსიამოვნება, კონკრეტულად - გიორგისთან... დღეს ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გიორგისთანაც" - კრისტი ყიფშიძე - მშობლები

"ისიც არ მახსოვს, რატომ დავშორდი... ნატალია სამი წლისაც არ იყო... ოჯახთან არ მქონია უსიამოვნება, კონკრეტულად - გიორგისთან... დღეს ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გიორგისთანაც" - კრისტი ყიფშიძე

2026-10-27 18:01:25+04:00

მშობლების პოდკასტში ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე საუბრობს დედობაზე, ყოფილ მეუღლეზე - გიორგი ყიფშიძეზე და შვილთან - ნატალია ყიფშიძესთან ურთიერთობაზე:

დედობა

- ნატალია 26 ივლისს გაჩნდა. მაშინ ჯერ 23 წლის ვიყავი და სულ მალე გავხდი 24-ის... ეს უკვე 25 წლის წინ იყო, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. ძალიან აქტიური ორსული ვიყავი. ჩვენებებზეც გამოვდიოდი, სადღაც ხუთ-ექვს თვემდე საერთოდ არ მეტყობოდა, ისეთი პატარა მუცელი მქონდა და მერე უკვე დაიწყო გაზრდა. მახსოვს, ჩვენებაზე მაშინაც გამოვედი, როცა მუცელი უკვე მეტყობოდა...

ექვს თვემდე მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იყო. ამას ფრიფიდინგი ჰქვია — როცა ბავშვს რამდენჯერაც მოუნდება, რამდენჯერაც ოდნავ იტირებს ან პირს გააღებს, ეგრევე უნდა აჭამო. მერე თვითონ ბავშვი რაღაცნაირად აყალიბებს ოთხსაათიან შუალედს.

ექვსი თვე ვიყავით მხოლოდ მე და ნატალია. რამდენჯერაც წაიტირებდა ან ცოტა ცუდ ხასიათზე იყო, ეგრევე ვაჭმევდი. ძალიან მშვიდი, კარგი ბავშვი იყო. ვფიქრობ, ამანაც განაპირობა, რომ ღამის თენება არ მიწევდა. რთული ბავშვი არ ყოფილა.

...ბევრი დამხმარე მყავდა — დედაჩემი, გიორგი, ჩემი დედამთილი.ძალიან ბევრი ხალხი იყო ნატალიას გარშემო. რიგში იდგნენ, ვინ დაიჭერდა, ვინ დააძინებდა. დაძინებას რაც შეეხება, დავაწვენდით და ვეუბნებოდი, ხელი არ მოვკიდოთ, არ დავიჭიროთ, რომ არ მიეჩვიოს... ასეთ რაღაცებს მაინც მე ვხელმძღვანელობდი. აქტიურად იყვნენ ჩართულები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები — რა უნდა ეჭამა, როდის რა უნდა გაგვეკეთებინა, აცრაზე როდის უნდა წაგვეყვანა — ეს ყველაფერი მაინც ჩემი გადასაწყვეტი იყო...

შფოთიც არ მქონდა? აი, დავუშვათ, ნატალიას სიცხემ აუწია და სახლში ისეთი ამბავი ატყდა, რომ სასწრაფოში რეკავდნენ, მე კი ძალიან მშვიდად ვიჯექი. მეუბნებოდნენ, შენ დედა ხარ, რატომ ხარ ასე მშვიდადო? მე ვეუბნებოდი, მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვგრძნობ, ბავშვი კარგად არის-მეთქი. თქვენ კი ახლა ამისგან ამხელა ამბავს ტეხავთ...

თუ რაღაც ისეთი იყო, საშიში და საპანიკო, მაშინ მე თვითონ ვიგრძნობდი. რაღაცნაირად განვითარებული მაქვს ეს ინტუიცია — ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის. მაგრამ აქ იყო ხოლმე ამბავი: „ვაიმე, ბავშვს...“

2025-03-03-12-46-49-773398-1793110477.jpg

ექვსი თვის შემდეგ დავიწყეთ სუპის, ბოსტნეულის მიცემა. შვიდი თვიდან, რა თქმა უნდა, რძე იმდენი აღარ იყო და უკვე დესერტივით, სასიამოვნო პროცესი იყო...

თავიდან ოდნავ მტკივნეულიც იყო, მაგრამ იმაზე არ მიფიქრია, ახლა მკერდი გამიფუჭდება თუ არა. ზოგი ფიქრობს ამაზე, მაგრამ მე არც მიფიქრია.

ერთი წლის რომ გახდა ნატალია, წონით იმაზე ნაკლები ვიყავი, ვიდრე მანამდე. მკერდიც თითქოს გაქრა... მერე თავისით აღდგა ისე, რომ მეკითხებოდნენ, ხომ არ გაიკეთეო... არადა, არასდროს არაფერი გამიკეთებია. 49 წლის ვარ... არც ბოტოქსი მაქვს გაკეთებული. ცუდი გამოცდილება მაქვს ინიექციებთან — არ მიხდება, ჩემმა ორგანიზმმა ვერ მიიღო. ძალიან ელემენტარული ბიორევიტალიზაციაც კი არ მომიხდა. ვფიქრობ, რომ რაღაც გენეტიკის დამსახურებაც არის, შემდეგ სწორი კვება, სწორი ძილი...

გარდატეხის ასაკი

გარდატეხის ასაკი არ ჰქონია განსაკუთრებულად რთული. მაგალითად, იმ ასაკში უნდათ ხოლმე თმის შეჭრა, შეღებვა. მე თბილისში არ ვიყავი და დედაჩემთან ერთად წავიდნენ, თმა ლურჯად შეიღება, მერე - მწვანედ. თან გამომიგზავნეს ფოტო. გული გამისკდა, მაგრამ ვერაფერი ვერ ვთქვი, იმიტომ, რომ ასე უნდოდა და ამ დროს არ უნდა შეზღუდო.ან, მაგალითად, სადღაც უნდოდა წასვლა — ყველგან ვუშვებდი, ოღონდ თვითონაც იცოდა, რომ მე ზუსტად ვიცოდი, სად იყო. კი არ ვაკონტროლებდი, მაგრამ ვიცოდი, იქ, სადაც იყო, ვინ იყო. ვარკვევდი, როგორ იყო. თვითონაც ასე მივაჩვიეთ ნატალია, რომ სადაც არ უნდა მისულიყო, ყოველთვის ეცნობებინა ჩვენთვის. მიეჩვია ამას. ახლა უკვე ისე აღარ, მაგრამ ადრე, ამ ასაკში, გვწერდა: „ახლა აქ ვარ, არ ინერვიულოთ“. ან, ვთქვათ, დაუჯდებოდა ტელეფონი და მეგობრის ნომრიდან გვწერდა, რომ აქ ვარ, არ ინერვიულოთ.

ასე მივაჩვიეთ მეც და დედაჩემმაც. თუმცა უფრო თავისუფლად გავზარდე, ვიდრე მე გამზარდეს, მინდოდა, თავისუფალი ყოფილიყო. აღზრდის დროს ერთადერთი, რაც უნდა გაეთვალისწინებინა, ის იყო, რომ ჩვენ უნდა გვცოდნოდა, სად იყო და როგორ იყო.

განქორწინება

მე, მაგალითად, ისიც არ მახსოვს, რატომ დავშორდი. საერთოდ არ მახსოვს. ასეთი კარგი თვისება მაქვს — ყველაფერს მალე ვივიწყებ... ნუ, რა თქმა უნდა, იყო წყენა ან რაღაც ისეთი, მაგრამ ასე მოხდა და არა უშავს. ყველაფერი ხდება... ბავშვს ეს არ უნდა ეგრძნო, მე ბავშვზე ვფიქრობდი.

ნატალია ჯერ სამი წლის არ იყო. სამის ივლისში გახდა...ოჯახთან არ მქონია უსიამოვნება, კონკრეტულად გიორგისთან იყო და იმდენად ახლოს ვართ ორივე ოჯახი, თითქოს სულ ერთად ვიყავით. ნატალიაც იქაც იყო და აქაც. ყველა ვიყავით ნატალიას ამბებში ჩართული.

ამის გარეშეც ვმეგობრობდით და დღესაც ასე ვართ. ლენუკა, ჩემი ყოფილი მული, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გიორგისთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა ვერ გეტყვით, რომ მეგობრები ვართ და სადღაც ერთად დავდივართ, მაგრამ ჩვენთანაც მოდის, კი, რა თქმა უნდა. გიორგის ბავშვებიც მოდიან.

kristi-1793110928.jpg

snapinsta-1701147816-1706533490-1793110928.app_405759419_18407502625061591_6365608760614359988_n_1080.jpg

კარგია, რომ ნატალია მარტო არ არის. მარტო ისედაც არ იყო, იმიტომ, რომ ლენუკას შვილი, რომელიც მისი მამიდაშვილია, იქ არის და ტყუპებივით გაიზარდნენ. სამი თვეა განსხვავება...ჩემი მხრიდანაც ორი დეიდაშვილი ჰყავს...

გიორგი ყიფშიძემ და მისმა ყოფილმა მეუღლემ შვილი ერთად მიიყვანეს პირველ კლასში - კოსმოს პირველი დღე სკოლაში
რატომ არ კონტაქტობს გიორგი ყიფშიძესთან მისი მეორე შვილი - „როგორც ვხვდები, ვერ მპატიობს...“
იტალიური ოჯახივით ვართ, ძველ ფილმებში როა... ყველა ქოთქოთებს, ყველა თავისას გამოხატავს... მაგრამ საბოლოოდ ძალიან ტკბილი ოჯახი ვართ...' - ყიფშიძეების ყოველდღიურობა, გულისტკივილი და ოცნებები სოფლად ცხოვრებაზე