მსახიობი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი მეორე შვილს ელოდებიან. ეს სასიხარულო ამბავი მათ სოციალურ ქსელში ახლახან ამცნეს საზოგადოებას ვიდეოთი, რომელზეც სქესის გაგების შთამბეჭდავი ცერემონიაა აღბეჭდილი.
როგორც ვიდეოდან ჩანს, წყვილი კვლავ ბიჭს ელოდება. პატარა გალას მერე მათ ოჯახში კიდევ ერთი ვაჟი შემოაბიჯებს.
"მარიტა ჩემზე 16 წლით უმცროსია, თუმცა მაშინ ასაკი არ დაგვითვლია. მერე დავთვალეთ... მარიტა 18 წლის იყო, სკოლა დამთავრებული ჰქონდა და უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობდა. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, თეატრის თემაზე, სპექტაკლზე მომწერა რაღაც. მერე დაესწრო სპექტაკლს, სცენაზე მნახა. თუმცა, მე ვერ ვნახე. ისე წავიდა, რომ პირდაპირ არ შევხვედრივარ. მერე ზაფხულში გადავეკვეთეთ ერთმანეთს. ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც ჩემი მეგობრის კონცერტი იყო, შევხვდით. ამ კონცერტზე უკვე ახლოს გავიცანით ერთმანეთი. ძალიან მომეწონა. კარგ განწყობაზე ვიყავით... რომ დავიშალეთ, ნახევარი საათი ვსაუბრობდით. პანდემიის დროს, ნახევრად ონლაინ ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მერე ერთმანეთს ვხვდებოდით, 9-ზე ყველაფერი იკეტებოდა და შეიძლება ითქვას, ამან ჩვენი ქორწინება დააჩქარა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ჩემსა და ჩემს ცოლს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა ყოფილიყო, მაგრამ სიყვარული და გულწრფელი ურთიერთობა ისეთი რამეა, რომ საერთოდ შლის ასაკს.
შეყვარებულობა დღემდე გამოგვყვა. 16 წლით პატარაა, პირველ კურსზე იყო, მე 34 წლის ვიყავი და უცებ კლასიკური ცოლ-ქმარი ვერ გავხდებოდით. როგორც კი რაღაც როლებს მივანიჭებთ ერთმანეთს, მაშინვე მძიმდება, ჩარჩოში ჯდება... მარიტა ძალიან კარგი დედაა. მე არ ვავალდებულებდი იმას, რომ სასწრაფოდ ბავშვი გაეჩინა. კი, მე შეიძლება პატარა არ ვიყავი, მაგრამ არ ვჩქარობდი. საერთოდ ცოლის მოყვანასაც არ ვჩქარობდი.
მარიტას აქვს ის თვისებები, რომლებიც მე ძალიან მომწონს. მე მაქვს ის თვისებები, რომლებიც, ალბათ, მას ჩემში მოსწონს. ამით ერთმანეთს ვავსებთ". - ამბობს გიორგი.
თეკლა ჟვანია