15 წლის ქართველი გიტარისტი, ნინო გვილავა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. 2026 წლის 17 ოქტომბერს მან თბილისის კლასიკური გიტარის საერთაშორისო კონკურსში, თავის ასაკობრივ კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა. ახალგაზრდა მუსიკოსი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, "საქართველოს სიმფონიეტას" რჩეულიც გახდა და მომავალ წელს ორკესტრთან ერთად სოლისტის რანგში წარდგება მსმენელის წინაშე.
ნინო 128-ე საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში, სწავლობს. ინტერვიუში უფრო ვრცლად გვიყვება მუსიკისადმი სიყვარულზე, კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და იმაზე, თუ რა ეხმარება განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში:
- გიტარაზე, დაახლოებით, სამი წელია, ვუკრავ. დაკვრა 12 წლის ასაკში დავიწყე. თავდაპირველად, სხვებს ვუსმენდი და მათი შესრულება იმდენად მომწონდა, რომ თავადაც მომინდა სწავლა. ჯერ აკორდებსა და სიმღერებს ვარჩევდი, შემდეგ კი კლასიკური მუსიკით დავინტერესდი. გადავწყვიტე, გიტარა უფრო სერიოზულად შემესწავლა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში ჩავირიცხე. ამჟამად ბადრი ლომსაძის მოსწავლე ვარ.
- არაერთ მნიშვნელოვან კონკურსში მივიღე მონაწილეობა. 17 ოქტომბერს თბილისის კლასიკური გიტარის საერთაშორისო კონკურსში (Tbilisi International Classical Guitar Competition) ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი მოვიპოვე. პირველი ადგილები დავიკავე ასევე FIESTALONIA MILENIO-ს საერთაშორისო ონლაინ კონკურსში "მსოფლიო ხელოვნების თამაშები" (World Art Games) და COLIBRI Art and Music-ის მეხუთე საერთაშორისო ონლაინ კონკურსში. კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნულ კონკურსში "მომავლის ვარსკვლავები" კი მეორე ადგილი დავიკავე.
თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა, "საქართველოს სიმფონიეტამ", თავის რჩეულად ამირჩია. მომავალ წელს მათთან ერთად სოლისტის რანგში წარვდგები მსმენელის წინაშე, რაც ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან მიხარია.
კონკურსზე კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას პიესა "სარკეც" შევასრულე. ეს ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება იყო. ზოგადად, კონკურსებსა და კონცერტებში მონაწილეობა დიდ გამოცდილებას მმატებს და მეხმარება, რომ განვვითარდე.
- მუსიკა ძალიან მიყვარს, გიტარაზე დაკვრა კი თვითგამოხატვის საშუალებას მაძლევს. ყველას შესრულების საკუთარი მანერა აქვს და მეც მუსიკის საშუალებით გამოვხატავ ჩემს ემოციებსა და ხასიათს. გიტარაზე დაკვრა იმდენად მიყვარს, რომ ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ახალ ნაწარმოებებს ვსწავლობ და ვასრულებ.
მომავალში მინდა, ბევრ საერთაშორისო კონკურსსა და კონცერტში მივიღო მონაწილეობა და საქართველოს სახელით წარვდგე მაყურებლის წინაშე. როდესაც სხვა გიტარისტების შესრულებას ვუსმენ, ვხედავ, რამდენად არიან ისინი ჩართულნი მუსიკაში და რამდენად კარგად ფლობენ ტექნიკას. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ მომავალში სასურველ შედეგს მივაღწიო.
- ჩემი ოჯახის წევრები და მასწავლებელი ძალიან მიჭერენ მხარს და დიდ მოტივაციას მაძლევენ. მათ ამ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება აქვთ და ყოველთვის მეხმარებიან. მასწავლებელს კონკურსებზე გავყავარ და ძალიან კარგად მამზადებს. მინდა, მათ ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.
- მთავარია, საკუთარი თავის სჯეროდეთ და სირთულეების არ შეეშინდეთ. თუ თავიდანვე არ გამოუვათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ, რადგან წარმატების მისაღწევად, ისევე როგორც ნებისმიერი საქმის შესასრულებლად, შრომაა საჭირო. შეიძლება, პირველივე ცდაზე სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მაგრამ მონდომებითა და შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება. მთავარია, იმ საქმის მიმართ, რომლის კარგად გაკეთებაც გინდა, მონდომება არ დაკარგო.
- ერთ-ერთი კონკურსის წინ კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო და ძალიან ვინერვიულე. კონკურსის დროს ვერ ვიტყვი, რომ ისე კარგად დავუკარი, როგორც მინდოდა, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. ამის შემდეგ უფრო ინტენსიურად დავიწყე მეცადინეობა. ყოველი მომდევნო გამოსვლის წინ და უშუალოდ დაკვრის დროს ვცდილობდი, მუსიკაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. თანდათან ყველაფერი გამოსწორდა. ვფიქრობ, გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და მის გარეშე განვითარება რთულია.
თამარ იაკობაშვილი