საქართველოს სამეფო ოჯახის წევრის, იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის მეუღლე ქრისტინე ბაგრატიონი (ძიძიგური) ახალი ამბის შესახებ წერს - როგორც აღმოჩნდა, მისმა ძმამ, ზურაბ ძიძიგურმა ლიხტენშტეინის პრინცესაზე იქორწინა. ცერემონია ავსტრიაში, ვენაში შედგა.
"ჩემი ძმა ზურაბი და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა დაქორწინდნენ.
დღეს, 2026 წლის 31 ოქტომბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა ჯვრისწერის საზეიმო ცერემონია, რომელიც ქრისტიანული მართლმადიდებლური წესით შესრულდა.
„სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ ეს ქართული გამოთქმა თითქოს ზუსტად აღწერს სიყვარულის ისტორიას, რომელმაც საქართველო და ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტია ერთმანეთს დაუკავშირა.
წყვილის ისტორია ხუთი წლის წინ, თბილისში დაიწყო. მარია-იმაკულატა საქართველოში პირველად 2021 წელს ჩამოვიდა. სწორედ თბილისში შედგა ზურაბისა და ლატას პირველი შეხვედრა. მათი ნაცნობობა მალევე განსაკუთრებულ მეგობრობასა და დიდი სიყვარულში გადაიზარდა.
წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა, რაც ლიხტენშტეინის სამეფო სახლის დინასტიურ წესებს უკავშირდებოდა. ქორწინებას წინ უძღოდა შესაბამისი ფორმალური პროცედურები, მათ შორის ზურაბის პირადი შეხვედრა ლიხტენშტეინის მონარქთან, მისი უმაღლესობა პრინც ჰანს-ადამ II-სთან, რომელიც პრინცესა მარია-იმაკულატას ბიძაა.
იოანესთვის და ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ამ ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მარია-იმაკულატა წარგვედგინა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-სთვის.
ლატა ჩემი მეუღლის იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ნათესავია ევროპული სამეფო დინასტიების ბურბონების, ჰაბსბურგების და ბავარიის ვიტელსბახების მხრიდან. იგი არის პრინცი გუნდაკარ ლიხტენშტეინისა და საფრანგეთის სამეფო დინასტიის შთამომავლის, პრინცესა მარი დ’ორლეანის ქალიშვილი.
დღეს ვენაში გამართული ქორწილი სიყვარულის ზეიმთან ერთად, ქართული და ევროპული კულტურების, ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების სიმბოლური შეხვედრაც გახდა.
ვულოცავ მთელი გულით, ბედნიერების ახალი ეტაპის დასაწყისს.
უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას, მათ მეგობრებს და ჩვენს ძვირფასს სტუმრებს ვენაში ჩამობრძანებისთვის და ამ უძვირფასესი დღის ასე გალამაზებისთვის", - წერს ქრისტინე.
- მარია-იმაკულატა ლიხტენშტაინელი იმ ევროპული არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელია, რომლის ისტორიაც რამდენიმე სამეფო დინასტიას უკავშირდება. მამის მხრიდან იგი ლიხტენშტაინელთა საგვარეულოს ეკუთვნის, დედის მხრიდან კი საფრანგეთის ორლეანელთა სამეფო დინასტიას.

მისი სრული სახელია მარი იმაკულატა ელისაბედ როზა ალდეგუნდა ლიხტენშტაინელი. დაიბადა 1991 წლის 15 დეკემბერს, ვენაში, ავსტრიაში. მამა — პრინცი გუნდაკარ ლიხტენშტაინელი. დედა — პრინცესა მარი ორლეანელი. იგი ხუთშვილიან ოჯახში მეორე შვილია. ჰყავს ორი და და ორი ძმა.
მარია-იმაკულატამ საშუალო განათლება ვენის ფრანგულ ლიცეუმში მიიღო. შემდეგ სწავლა კენტერბერის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა. ავსტრიაში დაბრუნების შემდეგ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო. რამდენიმე ენას ფლობს: გერმანულს; ფრანგულს; ინგლისურს; პორტუგალიურს; ესპანურს; რუსულს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში. მანამდე სტაჟირება გაიარა ლიხტენშტაინის წარმომადგენლობაში გაეროში. კენიასა და გაბონში სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობდა ფილანთროპიული ფონდის ფარგლებში.
ლიხტენშტაინი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, თუმცა მისი სამთავრო ოჯახი ისტორიულად და ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ევროპაში.
- 2 ოქტომბერს ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და ლიხტენშტეინის პრინცესა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო.შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონი იოანე და ქალბატონი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა, ბატონი ზურაბ ძიძიგური და ქალბატონი ლალი ვაშაკიძე.