რომელი ხალები და წარმონაქმნებია საშიში და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ავთვისებიანი პროცესების განვითარება არ გამოგვრჩეს - ზაზა თელია ვრცლად საუბრობს - მშობლები

რომელი ხალები და წარმონაქმნებია საშიში და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ავთვისებიანი პროცესების განვითარება არ გამოგვრჩეს - ზაზა თელია ვრცლად საუბრობს

2026-11-02 10:05:01+04:00

კანზე გაჩენილ ახალ ხალს, ლაქას ან მცირე ზომის წარმონაქმნს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. გვგონია, რომ ეს უმნიშვნელო ცვლილებაა, თუმცა ზოგჯერ სწორედ ასეთი ნიშნები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. როგორ ამოვიცნოთ საეჭვო წარმონაქმნი, რა უნდა ვიცოდეთ კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო გართულებებისგან - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია საუბრობს:

- ამერიკის შეერთებული შტატების დერმატოლოგთა ასოციაცია პაციენტებს მოუწოდებს, კანის მუდმივი თვითდათვალიერება აწარმოონ. ეს პროცესი კონკრეტული ადამიანის თავისებურებებიდან გამომდინარე გარკვეულწილად განსხვავებულია. სასურველია, ოჯახის ერთ-ერთი წევრის დახმარებით დავათვალიეროთ ის ადგილებიც, რომლებსაც თავად ვერ ვხედავთ.

რატომ არის ეს საჭირო? არსებობს გარკვეული ტიპის ნიშნები, რომელთა ცვლილების შემთხვევაშიც დერმატოლოგს უნდა მივმართოთ, რათა მან კონკრეტული ელემენტი დერმატოსკოპით შეაფასოს. დერმატოსკოპია არის პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით კანის კონკრეტული ელემენტის შეფასება ხდება.

ბოლო პერიოდში კლინიკებში ციფრული დერმატოსკოპია ძალიან პოპულარული გახდა. ამ დროს ფოტოებს ეკრანზე გამოიტანენ და შემდგომი შედარებისთვის ინახავენ. უნდა ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად მარკეტინგული გათვლაა, რადგან პაციენტებს ამ მომსახურებაში ცალკე თანხას ახდევინებენ, მაშინ როდესაც დერმატოლოგის კონსულტაცია თავად დერმატოსკოპიასაც მოიცავს. წარმოიდგინეთ, პაციენტი კონსულტაციის საფასურს იხდის და მე დერმატოსკოპიაშიც ცალკე თანხა უნდა გადავახდევინო? თუ დერმატოლოგს დერმატოსკოპი არ აქვს, ეს წარმოუდგენელია…

- პირველ რიგში ვთქვათ, კანის რომელი წარმონაქმნები შეიძლება იყოს საგანგაშო და შეიძლება თუ არა, ისინი ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს?

- არსებობს ნევუსები, ანუ იგივე ხალები. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი მელანოციტური ხალების სინდრომი - როდესაც სხეულზე დიდი ზომის ხალი ან მრავალი ხალი აქვთ. ასეთმა ადამიანებმა თვითდათვალიერება ექვს თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ.

წარმონაქმნებისა და ხალების შესაფასებლად არსებობს ე.წ. "ABCDE" წესი. A ნიშნავს ასიმეტრიას - თუ წარმონაქმნი ასიმეტრიული გახდა; B ნიშნავს საზღვარს (Border) – თუ მისი საზღვარი შეიცვალა; C ნიშნავს ფერს (Color) - თუ ფერი შეიცვალა და განსხვავებული გახდა; D ნიშნავს დიამეტრს - თუ მისი დიამეტრი ექვს მილიმეტრს აჭარბებს ან გაიზარდა; ხოლო E ნიშნავს ევოლუციას - როდესაც ვამჩნევთ, რომ ელემენტი დროთა განმავლობაში იცვლება.

თუ წარმონაქმნი ამ წესიდან ორ პირობას მაინც აკმაყოფილებს, აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა, რათა მან დერმატოსკოპით შეაფასოს და გადაწყვიტოს, საჭიროებს თუ არა ელემენტი ბიოფსიას ან ციტოლოგიურ კვლევას.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ხალი უვნებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ მაინც რისკის შემცველი იყოს და ჩამოთვლილი ხუთი კომპონენტიდან თუნდაც ერთს არ აკმაყოფილებდეს?

- არსებობს დისპლაზიური ნევუსები, რომლებიც გარკვეულწილად წითელ დროშას წარმოადგენს და შეიცავს რისკს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა, გადაგვარდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დისპლაზიური ნევუსის არსებობა თავისთავად მის უპირობო ამოკვეთას არ ნიშნავს. შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება და ჰისტომორფოლოგიური კვლევა. მორფოლოგმა უჯრედულ დონეზე აუცილებლად უნდა განსაზღვროს, მსუბუქად დისპლაზიურია ის თუ ძლიერ დისპლაზიური. საშუალო ხარისხი არ არსებობს - ან მსუბუქია, ან ძლიერი.

თუ ძლიერ დისპლაზიურია, მისი მოშორება რეკომენდებულია, ხოლო თუ მსუბუქია, შესაძლებელია მისი დატოვება. არსებობს ისეთი დისპლაზიური ნევუსებიც, რომლებიც დერმატოსკოპიული და ვიზუალური შეფასებით შესაძლოა, ორზე მეტ პირობასაც აკმაყოფილებდეს. დისპლაზიურ ნევუსს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმა და არაერთგვაროვანი სიმეტრია. ამ შემთხვევაში ხდება იმის დიფერენცირება, არის თუ არა წარმონაქმნი კეთილთვისებიანი ან შეიცავს თუ არა რაიმე რისკს.

- ბავშვობაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ხალიდან სისხლი არ უნდა წამოვიდეს, რადგან შესაძლოა, ის სიმსივნედ გადაიქცესო. მითია ეს თუ სიმართლე?

- მითია. კანის გადაგვარება მექანიკური დაზიანებით არ ხდება. საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, პაციენტებისგან ხშირად ვიღებ ფოტოებს, რომლებზეც ხალი მექანიკურად არის დაზიანებული და პაციენტებს ამის გამო ეშინიათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანის გადაგვარების ერთ-ერთი ნიშანი და რისკფაქტორი გარუჯვაა, ხოლო სოლარიუმი უმაღლესი რისკის შემცველია და მისი ყოველი გამოყენებისას ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება.

- შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - რუჯს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ ხშირად პიგმენტური ლაქებიც გვიჩნდება. ზოგიერთ ადამიანს ისინი უქრება, ზოგს კი დროთა განმავლობაში უნარჩუნდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზღვაზე დასასვენებლად მივდივართ, ეს პრობლემა ხშირად იჩენს თავს. ამ დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რამდენად საგანგაშოა პიგმენტური ლაქები?

- არსებობს გარკვეული ტიპის ლაქები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ჩნდება. მაგალითად, სოლარული ლენტიგო, რომელსაც ხშირად მზის ლაქებს ვუწოდებთ. ისინი ხშირად ბეჭებსა და იმ ადგილებში ჩნდება, სადაც მზის ინსოლაცია უფრო ინტენსიურია. ეს, კოსმეტიკური თვალსაზრისით, საშიში არ არის, თუმცა მრავლდება და მზის სხივებთან უშუალო კავშირი აქვს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ აქტინური კერატოზი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება მზის სხივებთან. ის ძირითადად 50-60 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად ვითარდება და პრესიმსივნურ ელემენტად ითვლება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს მელანომური და არამელანომური სიმსივნეები. არამელანომური სიმსივნეა, მაგალითად, ბაზალურუჯრედოვანი ან ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც შესაძლოა კანის დაზიანების გარეშეც განვითარდეს.

აქტინური კერატოზის საწყისი ნიშანი კანზე გაჩენილი ელემენტია - ის ხორკლიანია, ზოგჯერ ოდნავ ამოწეულია და უსწორმასწორო ზედაპირით ხასიათდება. ამ ყველაფრის მარტივად შემოწმება ადამიანის გასინჯვით ხდება. მკურნალობის ოქროს სტანდარტად კრიოთერაპია ითვლება - თხევადი აზოტით გაყინვა, რომელიც დაახლოებით ხუთწამიანი პროცედურაა.

- ხალის მსგავს წითელ ლაქებზეც ვისაუბროთ.

- ე.წ. "ჩერი ანგიომას" ხალს ნუ დავუძახებთ, რადგან ეს ალუბლისმაგვარი ანგიომაა. ის სრულიად უვნებელია, არანაირ რისკს არ შეიცავს და მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. მისი მოშორება ელექტროკოაგულაციით ან კრიოთერაპიით მარტივადაა შესაძლებელი.

ბავშვებში ასევე ხშირად გვხვდება სპაიდერ ანგიომა - ობობისმაგვარი ანგიომა, რომელსაც გარშემო დაქსელილი სხივები აქვს. ესეც კოსმეტიკური ხასიათისაა და მშობლებს ხშირად აშინებთ, თუმცა ისიც აბსოლუტურად უვნებელია.

თუ სხეულზე 8 ხალი მაინც გაქვთ, რომლებიც 6 მმ-ზე მეტია, მათი გადაგვარების რისკი იზრდება - როგორ უნდა გაარჩიოთ საშიში ხალები უვნებლებისგან
რატომ ჩნდება მეჭეჭები, როგორი მეჭეჭებია საშიში და რის გაკეთება არ შეიძლება - ზაზა თელიას რეკომენდაციები
როდის არის მეჭეჭები საშიში და რის გაკეთება არ შეიძლება - ცნობილი დერმატოლოგის რეკომენდაციები მშობლებს