საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში არმყოფ მიმართულებებზე 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მობილობა და შიდა მობილობა შეიზღუდება. ამასთან, უკვე მოქმედი პროგრამების ნაწილი მილევად რეჟიმში გაგრძელებას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას დაასრულებენ, თუმცა ახალი სტუდენტების მიღება შეიზღუდება.
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტების მიღების წესთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ცვლილებები უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებასა და განათლების მინისტრის 2026 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებას.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ. ამასთან, დადგენილება ითვალისწინებს იმ პროგრამების გაგრძელების შესაძლებლობასაც, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უკვე ხორციელდებოდა, თუმცა დამტკიცებულ ჩამონათვალში არ მოხვდა.
სწორედ ამ პროგრამებთან დაკავშირებით მოქმედებს ახალი შეზღუდვა: მინისტრის ბრძანების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აღარ ექნებათ უფლება, ასეთ პროგრამებზე მობილობა ან შიდა მობილობა გამოაცხადონ.
მობილობა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სწავლა ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გააგრძელოს, შიდა მობილობის შემთხვევაში კი იმავე უნივერსიტეტში შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა.
ახალი რეგულაციის თანახმად, თუ სტუდენტს სურს იმ პროგრამაზე გადასვლა, რომელიც მთავრობის №212 დადგენილებით დამტკიცებულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული, 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამას მობილობით ვეღარ შეძლებს.
შეზღუდვა ეხება როგორც სხვა უნივერსიტეტიდან გადმოსვლის მსურველებს, ისე იმ სტუდენტებს, რომლებსაც იმავე უნივერსიტეტში ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლა სურთ.
პროგრამის ჩამონათვალში არყოფნა მის გაუქმებას არ ნიშნავს.
მთავრობის №212 დადგენილება ითვალისწინებს გარდამავალ წესს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეუძლიათ, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოქმედი, მაგრამ ჩამონათვალში გაუთვალისწინებელი პროგრამები კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით განახორციელონ.
ეს ნიშნავს, რომ შესაბამის პროგრამებზე უკვე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელებისა და დასრულების შესაძლებლობა შენარჩუნებულია. თუმცა ახალი სტუდენტების მიღება, მათ შორის მობილობითა და შიდა მობილობით, შეზღუდული იქნება.
შესაბამისად, პროგრამა შესაძლოა კვლავ ფუნქციონირებდეს და სტუდენტები სწავლობდნენ, მაგრამ უნივერსიტეტს აღარ შეეძლოს ახალი სტუდენტების მობილობით მიღება.
მთავრობის დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტებს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხშიც გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს.
თუ უნივერსიტეტს სურს, ავტორიზაციის პროცესში დაამატოს ახალი პროგრამა ან აკრედიტაციაზე წარადგინოს ისეთი მიმართულება, რომელიც №212 დადგენილებით დამტკიცებულ ჩამონათვალში არ არის, მან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადის წარდგენამდე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს.
ეს მოთხოვნა ეხება სწორედ ჩამონათვალში გაუთვალისწინებელ პროგრამებს და არა ყველა საგანმანათლებლო მიმართულებას.
ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა და სწავლის გაგრძელების მსურველებმა გადაამოწმონ, შედის თუ არა მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამა მთავრობის მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალში.
განსაკუთრებით საყურადღებოა 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, როდესაც ჩამონათვალში გაუთვალისწინებელ პროგრამებზე მობილობითა და შიდა მობილობით მიღება აღარ გამოცხადდება.
ამასთან, პროგრამის ჩამონათვალში არყოფნა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მასზე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას ვეღარ გააგრძელებენ ან უნივერსიტეტი პროგრამას დაუყოვნებლივ დახურავს. არსებული პროგრამების გაგრძელების საკითხი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გარდამავალი წესით რეგულირდება და უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს პროგრამის დასრულების შესაძლებლობას აძლევს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი