მაიკლ ჯეკსონის ქალიშვილი, 28 წლის მომღერალი პერის ჯეკსონი, გარდაცვლილი მამის ქონებიდან 600 მილიონ დოლარს ითხოვს და ანდერძის აღმასრულებელს ადანაშაულებს იმაში, რომ მას და მის ძმებს არ აძლევს თანხაზე წვდომის საშუალებას, იუწყება Page Six.
პერისი ითხოვს, რომ გარდაცვლილი მამის ქონებიდან 600 მილიონი დოლარი გადაეცეს მისთვის და მისი ძმებისთვის, 29 წლის პრინცისთვის და 24 წლის ბიგისთვის განკუთვნილ ოჯახურ ტრასტს. გამოცემა იუწყება, რომ ჯეკსონმა სარჩელი ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა. პერისი მამის აღმასრულებელს, ჯონ ბრანკას, ადანაშაულებს იმაში, რომ პოპ მომღერლის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგაც კი არ აძლევს შვილებს თანხაზე წვდომის საშუალებას.
ანდერძის თანახმად, მუსიკოსის შვილებს ტრასტის წილებიდან შემოსავლის მიღება 21 წლის შემდეგ უნდა დაეწყოთ. პერისის თქმით, ეს არასდროს მომხდარა: ისინი გაცილებით მცირე თანხებს იღებენ, რომლის ოდენობასაც ბრანკა განსაზღვრავს. პარისის სარჩელში ნათქვამია, რომ როდესაც მან გასულ წელს ბრანკას ქმედებების გასაჩივრება სცადა, მას „სასამართლო დავა“, საჯარო თავდასხმები და მისთვის და მისი ძმებისთვის გამოყოფილი თანხის შემცირება შერჩა ხელში.
მაიკლის ანდერძის თანახმად, მის შვილებს ქონების ერთი მესამედი 30 წლის ასაკში უნდა მიეღოთ, შემდეგი ნაწილი - 35 წლის ასაკში, ხოლო დანარჩენი - 40 წლის ასაკში.



Page Six-ისთვის მოწოდებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, პოპ-მუსიკის მეფის ქონება 2024 წლის ბოლომდე დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა. მისი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ აქედან მინიმუმ 600 მილიონი დოლარი შეიძლება ოჯახის ტრასტში გადავიდეს. მომღერლის ქონების წარმომადგენლები უარყოფენ მის ბრალდებებს. მათ ასევე პერისის ბრალდებებს, რომ ანდერძის აღმასრულებელმა დამალა ან შეამცირა გადახდები, „სრულიად შეთითხნილი“ უწოდეს. ქონების წარმომადგენელი აცხადებს, რომ 200 მილიონ დოლარზე მეტი უკვე გადანაწილდა პერისსა და სხვა მემკვიდრეებს შორის.
ამ საქმეზე მოსმენა დეკემბერშია დაგეგმილი.

მაიკლ ჯეკსონი 2009 წელს ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა. ის 50 წლის იყო. მუსიკოსს სამი შვილი დარჩა: პრინცი ჯეკსონი, პერისი და პრინცი მაიკლი, რომელსაც ახლა ბიგი ჰქვია (სუროგატი დედისგან, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა).

ადრე პერისმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა, გაამხილა, რომ დეპრესიასთან საბრძოლველად ელექტროშოკური თერაპია გაიარა.