"ექთნად ვმუშაობდი რამდენიმე კლინიკაში, მაგრამ გაუსაძლისი იყო, ექთნის შრომა ხომ დაუფასებელია... ერთი დღე არ დამიტოვებია ჩემი შვილები და მაინც გადავწყვიტე წასვლა... თამაზასთვის "საგულაო" ფული არასოდეს გამომიგზავნია" - თამარ ყველაშვილი - მშობლები

"ექთნად ვმუშაობდი რამდენიმე კლინიკაში, მაგრამ გაუსაძლისი იყო, ექთნის შრომა ხომ დაუფასებელია... ერთი დღე არ დამიტოვებია ჩემი შვილები და მაინც გადავწყვიტე წასვლა... თამაზასთვის "საგულაო" ფული არასოდეს გამომიგზავნია" - თამარ ყველაშვილი

2026-11-05 10:00:58+04:00

ბლოგერი და ტელეწამყვანი თამაზა (თამაზ ლოხიშვილი) დედასთან, თამარ ყველაშვილთან ერთად "მეხუთე ელემენტის" ახალ ეპიზოდს სტუმრობდა. თამაზას დედამ განსაკუთრებით ემოციურად ისაუბრა ემიგრაციაზე. როცა შვილები სტუდენტები გახდნენ, გადაწყვიტა, თავადაც თბილისში გადმოსულიყო სამუშაოდ, რომ მათ გვერდში ყოფილიყო, თუმცა ექთნის შემოსავალი, მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, საკმაოდ მწირი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა, 8 წლის წინ.

— ბოლოს უკვე, როცა გაუსაძლისი გახდა ხელფასების მხრივ... მედიცინა ხომ საერთოდ დაუფასებელია, მით უმეტეს, ექთნის შრომა. ძალიან დატვირთვით ვმუშაობდი. ბევრ კლინიკაში ვმუშაობდი. ფაქტობრივად, სამ კლინიკაში ვიყავი მორიგეობაზე, რეანიმაციაში ერთთან, პლუს მერე ბინაზე პაციენტები. მართლა გაუსაძლისი იყო. სახლში მაინც არ ვიყავი და ამან უფრო გადამაწყვეტინა... რაღაც გამოსავალი უნდა მომენახა, ჩემი შვილების საკეთილდღეოდ რაღაც გამეკეთებინა, დავხმარებოდი, მომავალი შემექმნა და გადავწყვიტე, ემიგრაციაში წავსულიყავი. ძალიან მიჭირდა დატოვება, იმიტომ, რომ არასდროს დამიტოვებია ჩემი შვილები. ერთი დღეც კი არ დამიტოვებია არსად. სულ მათ გვერდით ვიყავი. სადმე წასვლა იყო, მოსვლა იყო, გვერდში დგომა იყო — სულ მათთან ვიყავი.

ძალიან რთული იყო, თუმცა იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემს შვილებში... საზოგადოებაც და სოფელიც, სადაც ჩემს შვილებს იცნობენ, დამეთანხმებიან, რომ იმდენად დიდი იმედი მქონდა ორივესი, ამან უფრო გადამაწყვეტინა წასვლა. არ იყვნენ ისეთი ბავშვები, რომ რამე გაეფუჭებინათ ან ცუდად მოქცეულიყვნენ. შრომობდნენ.თბილისშიც რომ ჩამოვედით, ორივე მუშაობდა. სტუდენტები იყვნენ და საკუთარი შრომით ჰქონდათ შემოსავალი და რაღაცით მეც მეხმარებოდნენ ხოლმე. მერე დავსვი და ვუთხარი: „დედი, ახლა თქვენი იმედი მაქვს. ამის გამო მივდივარ“...რა ვიცი, ძალიან რთული იყო, მართლა ძალიან რთული. როცა შვილები არასდროს დაგიტოვებია და ახლა ტოვებ, მიდიხარ... რომ ჩავჯექი თვითმფრინავში, ძალიან რთული იყო...

ჩემი სოფლიდან ძალიან ბევრია ემიგრაციაში. ახლა უფრო მასიურად. მაშინ ასე არ იყო. რვა წელი მიხდება, რაც ემიგრაციაში ვარ. მაშინ უფრო იშვიათად მიდიოდნენ. ჩემს სოფელში ბევრი არ იყო, ორი თუ სამი ოჯახი იქნებოდა.ახლა თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ემიგრანტია, ანუ ყოველ მეორე ოჯახს ჰყავს ემიგრანტი.

მე პირადად ძალიან რთული გზა არ გამივლია ემიგრაციაში, იმიტომ, რომ იქ ბიძაშვილი დამხვდა. დიდი ხანია იქ ცხოვრობს, 20 წელია. სახლი აქვს, ყველაფერი აქვს. დამხვდა, მიმასპინძლა და დღემდე გვერდში მიდგას.ყველას არ აქვს ეს ფუფუნება. ახლა გოგოებიც მიყურებენ და ჩემი ემიგრანტი გოგოებიც დამეთანხმებიან, რომ ყველას არ აქვს საბუთი და ვერ ჩამოდის. ზოგს ხუთი, ექვსი, შვიდი წელი ენატრება შვილი, ოჯახი.

თამაზა:

— მე, სხვათა შორის, არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ ისეთი მშობლები გვყავს, ორივე — დედაც და მამაც — რომ ძალიან იციან ცხოვრების აყოლა. რაც არ უნდა მოხდეს, იციან გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს.

ზოგი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ეს გააკეთოს თუ ის, მაგრამ ისინი ნებისმიერ დროს სწორ გადაწყვეტილებას იღებენ. იმ პერიოდში დედას წასვლა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა იმ კუთხით, რომ ცოტა ამოვისუნთქეთ. ქირით ვცხოვრობდით და ბინა შევიძინეთ. მერე ისეთი დრო მოვიდა, ვერც განათლებას იღებ და ვერც წესიერ გარემოში ცხოვრობ. სულ ქირით ხარ, სულ რაღაცას ცდილობ და ასე მიდის ცხოვრება. დედამ გადაწყვიტა, რომ ამ მდგომარეობიდან ამოვსულიყავით.ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ეს.

მე 13 წლიდან მაქვს ჩემი შემოსავალი. ჯერ თურქეთში დავდიოდი, თხილის გადამამუშავებელი კომპანიაში. სამ თვეში იმდენს ვშოულობდი, რომ მთელი ერთი წელი მყოფნიდა.გამართული ბავშვი დავდიოდი სკოლაში, რომელსაც ჯიბეში ყოველთვის 100 ლარი ჰქონდა სახარჯოდ.

მერე სოფელში მივყვებოდით ხოლმე ბაზარში მშობლებს. გვქონდა ჩემი ხილი, ყველაფერს ვყიდდით. კვლები გვქონდა, ჩვენი... სულ გვქონდა ფული და ვეხმარებოდით ერთმანეთს. ძალიან დიდი მეურნეობა გვქონდა ბავშვობაში.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ბულინგი მაქვს მიღებული, იცი რაზე? იმაზე, რომ სულ მოგზაურობ, კარგად ცხოვრობ, კარგად ისვენებ. ჰგონიათ ხოლმე, რომ დედაჩემის გამოგზავნილი ფულით დავდივართ და ვმოგზაურობ.მაბულინგებდნენ: „დედაშენი ემიგრანტია და რა გენაღვლება, დედის ფულებით გულაობ“.

თამარი:

- დამეფიცება ჩემი შვილების სული, ორი შვილი მყავს გარდაცვლილი, ამისთვის "საგულაო" ფული არასოდეს გამომიგზავნია.მე თუ რასაც ვშრომობ, რასაც ვწვალობ, რასაც ვაკეთებ, ანუ ოჯახში რომ ვმუშაობ ჩემი ცხოვრება, ჩემი საუკეთესო დღეები და წლები, რომლებიც ჩემს შვილებთან უნდა გამეტარებინა, ემიგრაციაში გავატარე მათი კეთილდღეობისთვის. ვაგროვებ ქონებას, რომ ჩამოვალ და დავბრუნდები, სულ უზრუნველად ვიყო. არსად აღარ მქონდეს იმის ფიქრი, რომ კიდევ სადმე გავიდე და ვიმუშაო. ჩემი შვილია და აბა, მეზობელს ხომ არ გავუგზავნი? პირიქით, რამდენჯერ იქით დამხმარებია, როცა დამჭირვებია.

...ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში და უკან ჩამოსულებს რადიკალურად შეცვლილი გარემო დახვდათ.გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე გოგო მყავს სანაცნობოში, რომლებსაც ოჯახიც კი გაუცხოვებული დახვდათ. ისეთი გულის ტკივილით დაბრუნდნენ, რომ არ ვიცი, ახლა კიდევ თუ დაბრუნდებიან. თქვეს, მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი გავიგეთ და საკუთარი თვალით ვნახეთ, ახლა უფრო სხვანაირად წავიყვანთ ჩვენს ცხოვრებასო. ერთი ქალი რომ წამოვიდა ბარგით, ოჯახი უნდა გაეხარებინა... სახელსა და გვარს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. დიდი ხნის ემიგრანტი — 18 წელი იყო ემიგრაციაში. მოულოდნელად, სიურპრიზი გაუკეთა ოჯახს და რომ შევიდა სახლში... მეუღლემ რომ დაინახა, უთხრა: „ვაი, შენ აქ რა გინდაო?“ — „ჩამოვედი, სულ ჩამოვედიო“.დაწყებული მეუღლიდან, დამთავრებული შვილებით, რძლებით — ყველას სახე შეეცვალა.

ძალიან ბევრს კიდევ ძალიან მძიმე გზა აქვს გავლილი და ახლაც გადის. მე მართლა მადლობა უფალს, რომ ემიგრაციაში გამიმართლა. გამართლებას რას ვეძახი? რომ ქუჩაში არ ვყოფილვარ, როგორც ზოგი ცხოვრობს — ერთ სახლში რამდენიმე ქალი. ესეც არ გამომიცდია. დამსაქმებლებთანაც არ მქონია ცუდი შეხება. მადლობა უფალს. თორემ ჩვენი გოგოებიც ძალიან რთულ გზას გადიან. რამდენი გაგიჟდა, რამდენი უკან დაბრუნდა, ისეთ რთულ ოჯახებში შედიან, გაუსაძლისია, პატრონი გჭირდება ყველგან და დამხვედრი და უკვე მერე შენზეც არის დამოკიდებული...

თამაზა ემიგრანტ დედას საგანგებოდ მისთვის შექმნილი ვარდების თაიგულით დახვდა - ემოციური ვიდეო
მანქანაში ჩაიწვნენ... ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა. კანი მთლიანად დამწვარი ჰქონდა... დედაჩემმა გადაუნერგა... მაგრამ... - თამაზ ლოხიშვილი ოჯახში მომხდარ ტრაგედიებზე