ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გათბობის ხარჯი ოჯახებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება. როგორ შევინარჩუნოთ სახლში სითბო ისე, რომ კომუნალური გადასახადები ზედმეტად არ გაიზარდოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ გავათბოთ საცხოვრებელი უსაფრთხოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის გარეშე.
ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, გია არაბიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" აღნიშნავს, რომ რამდენიმე მარტივი ჩვევის შეცვლით შესაძლებელია როგორც ენერგიის დაზოგვა, ისე სახლში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება.
"არ არის საჭირო ყველა რადიატორის ჩართვა და გათბობის ქვაბის მაქსიმალურად მუშაობა. დღეს უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ რადიატორებზე სპეციალური სარქველები დაყენდეს, რომლებიც შესაბამისი ტემპერატურის მიხედვით დაგირეგულირებთ ოთახში ჰაერის ტემპერატურას. როდესაც ოთახში ტემპერატურა გაიზრდება, თქვენს რადიატორს გამორთავს, ხოლო როდესაც ტემპერატურა შემცირდება, რადიატორს ჩართავს. რატომღაც ჰგონიათ, რომ რაც უფრო დიდია ქვაბი და რაც უფრო გრძელია რადიატორი, მით უკეთესად და კომფორტულად არიან მოწყობილნი. არა, ბატონო, ასე არ არის.
რადიატორის განსაზღვრას თავისი პატარა ფორმულა გააჩნია. 100-დან 120 კვადრატული მეტრისათვის 24 კილოვატ-საათიანი ქვაბი აბსოლუტურად საკმარისზე მეტია”, - ამბობს გია არაბიძე.
მნიშვნელოვანია სახლის თბოიზოლაციაც. თუ ფანჯრებიდან და კარებიდან ცივი ჰაერი შემოდის, გათბობის სისტემა უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. ამიტომ სასურველია კარ-ფანჯრების ჰერმეტულობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში - სპეციალური საიზოლაციო ლენტების გამოყენება.
გათბობის ეკონომიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რადიატორების სწორად განლაგებასა და გამოყენებასაც. არ არის სასურველი მათ წინ დიდი ავეჯის განთავსება ან ზედ სქელი ტანსაცმლის გაშრობა, რადგან ეს ხელს უშლის თბილი ჰაერის ცირკულაციას.
"გავარვარებული რადიატორი გვაქვს და ამ რადიატორზე კარგი დიდი ორმაგი ფარდა გვიკიდია. ხელს ვერ მოკიდებ, ფარდა ისე ცხელია. ანუ ეს არის სითბოს უზარმაზარი ხარჯი და ტყუილად დაკარგული ენერგია.
რადიატორის უკან თუ მოახერხებთ და გამჭვირვალე ფოლგას დაუგებთ, იქიდან სითბო აირეკლება და მაქსიმალურად შეამცირებთ სითბოს ხარჯს”, - აღნიშნავს გია არაბიძე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა ოთახის სწორად განიავება. ზამთარში ფანჯრის დიდი ხნით ღიად დატოვების ნაცვლად, უმჯობესია, რამდენიმე წუთით ფართოდ გააღოთ, რადგან ჰაერი სწრაფად განახლდეს, კედლებმა და ავეჯმა კი ზედმეტად არ დაკარგონ სითბო.
"განსაკუთრებით გაზქურის ხმარების დროს, ხანდახან ოთხივე სანთურას ანთებენ. თან გაზქურა ცოტა გაზს ხარჯავს, მაგრამ ოთხი ერთად საკმაოდ სერიოზული ხარჯია. გამომდინარე, ერთ საათში ერთხელ ფანჯარა გამოაღეთ. სუფთა ჰაერი თქვენც მოგიხდებათ და გაზის წვასაც მოუხდება”, - ამბობს გია არაბიძე.
ეკონომიაზე ზრუნვისას არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - უსაფრთხოება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების გამოყენებისას. მათი მონტაჟი, შეკეთება და ტექნიკური შემოწმება მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა განახორციელოს. არ შეიძლება სავენტილაციო და საკვამლე არხების დახშობა, ასევე დაუშვებელია გაზის მოწყობილობის თვითნებური გადაკეთება ან გაუმართავი დანადგარის გამოყენება. სპეციალისტები გვირჩევენ ბინებში გაზის დეტექტორების დაყენებას - პრობლემის არსებობის შემთხვევაში ის ცენტრალურ სარქველს ავტომატურად გათიშავს.
"ნუ გაჩერდებით დეტექტორის გარეშე. დაყენების სიმაღლესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახშირორჟანგი, რომელიც გამგუდველი გაზია, ჰაერზე უფრო მძიმეა. ამიტომ, თუ ნახშირორჟანგის გამოფრქვევა ხდება ოთახში, ის ქვედა ფენებს იკავებს. ადამიანი ზის, როგორც წესი, მაგალითად, სამზარეულოში. დამჯდარ მდგომარეობაში 70-80 სმ-ზე მეტი არ არის. შედეგად, ნახშირორჟანგით იფარება, ჟანგბადი, ჰაერი აღარ არის და კაცი იგუდება.
კარმის ხმარების დროს მაქსიმალურ სიმაღლეზე ნუ დააყენებთ კარმას. როდესაც საკვამლი მილი გარეთაა გასული, მიაქციეთ ყურადღება, რა მიმართულებითაა. ქარის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება ეს წვის ნაწარმი გარედან შიგნით შემოიტანოს და ალი მოგიწყვიტოთ. ამიტომ ღამე არ არის აუცილებელი, რომ მაქსიმალურზე დატოვოთ. ფაილას რომ ვეძახით, იმაზე მეტზე არ დატოვოთ.
კარმის კარგად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ის უსაფრთხოა.
თუ გაზის წვის ალი მოლურჯო-მოცისფრო ფერისაა, ჩათვალეთ, რომ ნორმალური წვა მიდის და ეს საშიში CO-ს გამოყოფა არ არის. ხოლო თუ ალი წითელი ფერისაა, ან დავუშვათ წითელი ნაპერწკლებივით რაღაც მოყვა, ეს ნიშნავს, რომ არასრული წვაა და CO გამოიყოფა”, - აღნიშნავს გია არაბიძე.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მხუთავი აირის აღმოჩენა ხშირად ადამიანის შეგრძნებებით შეუძლებელია.
მოწამვლის საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე და ძილიანობა. უფრო მძიმე შემთხვევებში ვითარდება გონების დაკარგვა და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც დადგეს. ამიტომაც, თუ ოთახში გაზის სუნი იგრძენით, დაუყოვნებლივ გადაკეტეთ ცენტრალური სარქველი და დარეკეთ ცხელ ხაზზე - თბილისში ნომერზე 114, ხოლო რეგიონებში 112. აღსანიშნავია ისიც, რომ გამათბობლის მოწყობილობის შემოწმებას თბილისი ენერჯი სრულიად უფასოდ ახორციელებს.