"ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი... ძალას მაინც პოულობ, რადგან შენს შვილს სჭირდები... ძალიან მეხმარებიან ბებია, დედა, დეიდა..." - ჯორჯინას გულახდილი ინტერვიუ დედობაზე - მშობლები

"ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი... ძალას მაინც პოულობ, რადგან შენს შვილს სჭირდები... ძალიან მეხმარებიან ბებია, დედა, დეიდა..." - ჯორჯინას გულახდილი ინტერვიუ დედობაზე

2026-11-05 14:24:36+04:00

ესპანელი ჟურნალისტის პოდკასტში (En Consciencia con Joss Montiel) სტუმრობისას ილია თოფურიას ყოფილმა ცოლმა ჯორჯინა უზკატეგუიმ, ვრცლად ისაუბრა ბევრ თემაზე - დედობაზე, ქალის მიზნებსა და წარმატებებზე.

- მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობდი. ბავშვობის უამრავი ფოტო მაქვს, სადაც ჩემს წარმოსახვით პატარასთან ერთად ვარ. სულ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ქალიშვილი ჯორჯინა იქნებოდა... ჯერ კიდევ დაორსულებამდე და, ფაქტობრივად, ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი: „მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა“. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამისთვის ბევრი ვემზადებოდი.

რაც შეეხება დედობამდე პერიოდს, ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. უძრავი ქონების სფეროში ვმუშაობდი, შემდეგ კი იმ კომპანიაში, რომელიც დღეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია. ჩვენ სახლების განახლებითა და წყლის სისტემებთან დაკავშირებული საქმიანობით ვართ დაკავებული. ფინანსების სფეროშიც ვმუშაობდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი ჩართული პროექტში, რომლის მიზანიც ბრენდის გლობალურ ბაზარზე გაყვანა იყო. ყოველთვის მიზიდავდა გამოწვევები — რაღაცის ნულიდან შექმნა და მისი წარმატებამდე მიყვანა. ვფიქრობ, ამ მიდგომას ჩემს ქალიშვილთან ურთიერთობაშიც ვიყენებ. მომწონს, სანამ მასთან რაიმეს დანერგვას გადავწყვეტ, ჯერ თავად შევისწავლო საკითხი და კარგად მოვემზადო. მაგალითად, ამ ეტაპზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ აღვზარდო ემოციურად თავისუფალი, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც თვითკმარობის განცდა ექნება. ამასთანავე, როგორ შევინარჩუნო ბალანსი: მე მისი მეგობარი კი არა, დედა ვარ, მაგრამ მინდა, თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს.

jorjina-2-1793874545.jpg

... ვფიქრობ, დედობამდე ყველაფერს უფრო მსუბუქად და ინდივიდუალურად უყურებ. დედობის შემდეგ კი ყველაფერს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები. ჩემი აზრით, დედობა ცხოვრებაში წინ გწევს. ეს არის ის, რაც ღმერთმა ქალისთვის მოამზადა, რათა მან შეიგრძნოს მართლაც შეუდარებელი სიყვარული. ამასთანავე, დედობა გაძლევს ისეთ ძალას, რომელიც მანამდე შესაძლოა არც კი იცოდი, რომ გქონდა. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ხარ — ძალას მაინც პოულობ, რადგან შენს შვილს სჭირდები.

გამიმართლა, რადგან ჩემი ოჯახისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩემთან თანამშრომლობენ, ძალიან დიდ მხარდაჭერასა და დახმარებას ვიღებ. ვფიქრობ, ყოველთვის, როცა რაღაც ნაბიჯს ვდგამდი, მანამდე ამისთვის მომზადებული ვიყავი. ეს კარგი მიდგომაა, რადგან გარკვეული საკითხების წინასწარ გათვალისწინების შესაძლებლობას გაძლევს. ცხადია, ყველაფერი იდეალურად არ წავა, მაგრამ შეგიძლია ბევრი რამ წინასწარ განჭვრიტო. ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემი ქალიშვილია. ხშირად სხვა პასუხისმგებლობებიც მაქვს, მაგრამ ვფიქრობ: შვილთან გატარებულ დროს ვერასოდეს დავიბრუნებ. ვერაფერი დამიბრუნებს იმ წუთებს, რომლებიც მასთან ერთად უნდა გავატარო. ამიტომ ვფიქრობ, როგორ შევქმნა ისეთი სისტემები, რომ სხვა საქმეებიც გამართულად მუშაობდეს, მაგრამ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი რეალურად ჩემს ქალიშვილს დავუთმო. რადგან იმ ემოციურ უსაფრთხოებას, რომელიც მას სჭირდება, ვერავინ მისცემს ისე, როგორც მე. შეიძლება წავიდეს საბავშვო ბაღში, გარკვეული დრო გაატაროს ძიძასთან, ბებიასთან ან სხვა ადამიანებთან, მაგრამ საბოლოოდ დედა მაინც დედაა.

... გამიმართლა, რომ ჩემი ბებია პირველ თვეებში ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ასევე მეხმარებოდნენ დედა, დეიდა და ბიძაშვილი. ბუნებრივია, ეს უსაფრთხოების განცდას მიქმნიდა. როცა ჩემი პატარა მათთან იყო, ვიცოდი, რომ ბედნიერი და კარგად მოვლილი იქნებოდა. ისინი ჩემს ქალიშვილზე უზომოდ ზრუნავდნენ და ეს მეხმარებოდა, ნელ-ნელა უფრო მშვიდად ვყოფილიყავი მისგან მოშორებით.

დასაწყისში, როცა ბავშვს ხელში გაძლევენ, როგორც დედას, გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი საშიშია და მხოლოდ შენ შეგიძლია მისი დაცვა. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ გვერდით მყავდა ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ვენდობოდი. როცა რაიმე საქმის გასაკეთებლად წასვლა მჭირდება, ვიცი, რომ ჩემი ქალიშვილი კარგად იქნება მოვლილი. სწორედ ეს მაძლევს უსაფრთხოების განცდას და შესაძლებლობას, მშვიდად წავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო. ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს მხარდაჭერის ისეთი წრე, რომელსაც ენდობი.

ხშირად, როცა შეყვარებულები ვართ, ყველაფერს იდეალურად წარმოვიდგენთ. ვფიქრობთ: შემიყვარდა, დავქორწინდი, ახლა შვილები გვეყოლება და შემდეგ შესაძლოა ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებსაც კი მოვწყდეთ. მაგრამ რეალურად, როცა ბავშვი იბადება, ყველაზე მეტად ქალის ცხოვრება იცვლება. ქალი ცხრა თვის განმავლობაში ატარებს ბავშვს, შემდეგ მოდის მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. სწორედ ქალს სჭირდება ამ დროს ყველაზე მეტი მხარდაჭერა და დახმარება. ხშირად მამაკაცის ცხოვრება ისე რადიკალურად არ იცვლება, რადგან ის კვლავ სამსახურში დადის და ყოველდღიურ საქმიანობას აგრძელებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს ადამიანები, რომლებიც შენ გვერდით იქნებიან და მხარს დაგიჭერენ. ჩვენთვის ეს საკმაოდ მოწყვლადი პერიოდია.

ვფიქრობ, ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში ანგელოზივით მოვიდა. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმარა, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და უკეთესობისკენ წაიყვანა. შვილის ყოლა გეხმარება, თითოეული გადაწყვეტილება გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით შეაფასო. ზოგჯერ გიწევს, რაღაცას გაერიდო, რადგან ფიქრობ: „არ მინდა, ჩემმა შვილმა ეს დაინახოს“. ან კიდევ: „ასე არ უნდა მოვიქცე, რადგან ჩემი შვილი ყველაფერს აკვირდება, ყველაფერს ითვისებს და ეს მისი აღზრდის ნაწილი გახდება“. ამ მხრივ ჩემმა ქალიშვილმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. დღეს მინდა, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, დადებითი გავლენა ჰქონდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გვერდით არიან.

მე, როგორც ქალიშვილის დედა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ქალებს ვაჩვენო ჩვენი ნამდვილი ღირებულება და ძალა. ეს არის სიცოცხლის ჩუქების ძალა. ვფიქრობ, თუ ქალები ბოლომდე გავიაზრებდით, რამხელა ძალა გვაქვს, უკეთ დავინახავდით ჩვენს მნიშვნელობას. ქალი ერთადერთი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ახალი სიცოცხლე იბადება. თუ ამას ნამდვილად გავიაზრებდით და საკუთარ თავში გავითავისებდით, ქალების მიმართ დამოკიდებულებაც სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ეს არის ის ძალა და პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

jorjina32-1793875996.jpg

... ვფიქრობ, დედობის ერთ-ერთი რთული მხარე ის არის, რომ ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, შვილთან ერთად უნდა იყო. წარმოიდგინე, ბავშვი ორი წლისაა და მთელი დღე არ ჩერდება. ეს ზოგჯერ ძალიან დამღლელია. მაგრამ ამავე დროს ბავშვებს საკუთარი რუტინა სჭირდებათ. მათ აქვთ უზარმაზარი ენერგია და მნიშვნელოვანია, ეს ენერგია სწორად მივმართოთ ისეთი აქტივობებისკენ, რომლებითაც ისინი რაღაცას ისწავლიან.

მაგალითად, ჩემს ჯიოსთან ვცდილობ, რომ მუდმივად რაღაც ახალს სწავლობდეს. მას უამრავი წიგნი აქვს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებზე. დადის მუსიკის გაკვეთილებზე და სხვა აქტივობებშიც მონაწილეობს. ძალიან ცნობისმოყვარე და გონებაგახსნილი ბავშვია. სადაც არ უნდა მივიდეს, ყველას ესალმება, ყველას ეკონტაქტება. როცა ბავშვს სამყაროს შეცნობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევ, ხედავ, როგორ ვითარდება. ამ დროს მან იცის, რომ დედა მის გვერდით არის, აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება, მაგრამ ამავე დროს თავისუფლად შეუძლია სამყაროს გაცნობა და სწავლა. როცა ბავშვებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ხშირად ღიზიანდებიან და ცდილობენ, თავიანთი ენერგია სხვა გზით დახარჯონ. და საბოლოოდ ამ ენერგიის გამოხატვა შენზე გადმოდის.

... უკიდურესად სისტემური ადამიანი ვარ. ცხოვრებაში ასეთი მიდგომა ძალიან მეხმარება, რადგან მოვლენების წინასწარ გათვალისწინების შესაძლებლობას მაძლევს. მაგალითად, სანამ ბავშვი მეყოლებოდა, ვიცოდი, რომ დედობა მინდოდა, მაგრამ შემდეგ დავიწყე ფიქრი: როგორ უნდა მოვემზადო ამისთვის?

მინდა, ჩემი შვილი ჯანმრთელი და ჭკვიანი იყოს და კიდევ ბევრი კარგი თვისება ჰქონდეს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?ყველაფერი, რაც საჭირო იყო, ძალიან სისტემურად დავგეგმე და განვახორციელე.

ასე იყო სკოლიდან გამოსვლის შემდეგაც. ვფიქრობდი: მინდა ლონდონში წასვლა, მინდა ეს გავაკეთო, მინდა ის გავაკეთო, სტიპენდია მოვიპოვო.

ყოველთვის ასე ვუდგებოდი მიზნებს: კარგი, თუ ამ მიზნის მიღწევა მინდა, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?რა თქმა უნდა, ყველაფერს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, რადგან გზად შეიძლება გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდეს. მაგრამ შეგიძლია მოემზადო ისე, რომ როცა ასეთი რამ მოხდება, იცოდე, როგორ გაუმკლავდე და სიტუაცია როგორ დაალაგო.

ეს მიდგომა ახლა ძალიან მეხმარება როგორც დედობაში, ისე სამსახურში და ცხოვრების სხვა სფეროებში.

ეს უკვე ჩემი ბუნების ნაწილია. მაგალითად, როცა ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებით რაიმე სიტუაციას ვაწყდები და ვგრძნობ, რომ მისი მართვა მიჭირს, საკუთარ თავს ვეკითხები: „ვიღაცას ეს უკვე გამოუცდია. ვიღაცას ეს გზა უკვე გაუვლია. როგორ შემიძლია მისგან ვისწავლო?“

რომელი წიგნებია საუკეთესო ამ საკითხზე?

რა უნდა გავაკეთო?

უნდა დაველაპარაკო ფსიქოლოგს, ექიმს თუ სხვა სპეციალისტს?

ვეძებ სხვადასხვა რესურსს, ვკითხულობ, ვუყურებ პოდკასტებს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო. რადგან რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, მით მეტი ინსტრუმენტი გაქვს კონკრეტულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. როცა ადამიანი თავს რაღაც სიტუაციაში გამომწყვდეულად გრძნობს, ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ არ იცის, როგორ მართოს ეს მდგომარეობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. ვიღაცას ეს უკვე გამოუცდია და შეგვიძლია მის გამოცდილებაზე ვისწავლოთ.

ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილად აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს, ჩვენი გონებაა. როცა შეგიძლია საკუთარ ფიქრებს მოუარო, საკუთარ თავს გაეცნო და გააცნობიერო, რატომ რეაგირებ გარკვეულ სიტუაციებში კონკრეტული ფორმით, რა განაპირობებს შენს აზროვნებას, მაშინ საკუთარ თავს უკეთ იგებ. რაც უფრო მეტად იცნობ საკუთარ თავს, მით უკეთ შეგიძლია სამყაროს აღქმა, საკუთარი თავის გაგება და სხვადასხვა სიტუაციის მართვა. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ყველა დედისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს გვიყურებს, ასეთია: თვითშემეცნება თავისუფლებისკენ მიმავალი გზაა. მოგიწოდებთ, დაიწყოთ ეს გზა, რადგან ის სავსეა შინაგანი სისრულით, სიმშვიდითა და საოცარი შესაძლებლობებით.

ჩემო ჰუგიტო, ვფიქრობ, რა იგრძენი, როცა მიყურე, როგორ ვეცემი... გახსოვდეს, ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ... ჩემპიონია, ვინც ყოველთვის პოულობს წამოდგომის მიზეზს... ხასიათი არის ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს - ილია თოფურიას ემოციური წერილი შვილს
ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის დედა, რომელიც მასთან გადაღებულ ემოციურ ფოტოებს ინახავს
განქორწინებამ ის მასწავლა, რომ დედას უნდა დავუჯერო... დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ - ილია თოფურიას მოულოდნელი აღიარება