ილია ვეკუას სახელობის თბილისის №42 საჯარო სკოლის შესაძლო დემონტაჟისა და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა სკოლის დანგრევა და როდის მოუწევთ მოსწავლეებს შენობის დატოვება. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ახალი სკოლის პროექტირებისთვის კონკურსი ჯერ კიდევ ზაფხულში გამოცხადდა.
5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შესაძლოა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეწყდეს.
„ტვ პირველის“ ცნობით, მოსწავლეებსა და მშობლებს აცნობეს, რომ სწავლას №51 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებდნენ. ამ ინფორმაციამ მშობლებისა და პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი განმარტებით, ვეკუას სკოლას სპეციალიზებული ფიზიკა-მათემატიკური სასწავლო პროგრამა აქვს და მეორე ცვლაში გადასვლა სასწავლო პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს.
ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, სკოლის ავარიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ჰქონდათ. მისი თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო შენობის დანგრევასა და ახალი სკოლის აშენებაზე, მოსწავლეების ალტერნატიულ ფართში გადაყვანა კი მომავალი სასწავლო წლის სექტემბრიდან იგეგმებოდა.
„ახლა მოვიდა დასკვნა სამხარაულის და გვითხრეს, რომ უნდა დაიცალოს სასწრაფოდ, გარკვეულ ვადებში“, – განაცხადა მშობელმა „ტვ პირველთან“.
მშობლებისა და მოსწავლეების თქმით, მათ განათლების სამინისტროს რამდენიმე ალტერნატიული შენობაც შესთავაზეს, სადაც სწავლა პირველ ცვლაში იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.
პედაგოგები შიშობენ, რომ მეორე ცვლაში გადასვლა სკოლის სპეციალიზებულ სასწავლო პროცესს დააზიანებს. მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პროტესტსაც არ გამორიცხავენ.
საქართველოს განათლების სამინისტროში პასუხობენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი იგეგმება.
განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი. „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არაა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ არის თუ არა აუცილებელი მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა.
მათივე თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნულ თემაზე შეხვედრა გაიმართება და საკითხს განიხილავენ.
„ვეკუას სკოლას თვითონაც ჰქონდა ძალიან დიდი ხნის წინათ ინფორმაცია, რომ სკოლა არის სარემონტო, უნდა შევიდეს ექსპერტიზა, რათა დაადგინოს, რა სამუშაოები არის ჩასატარებელი. ეს სკოლამაც ძალიან დიდი ხანია იცის. სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნა მიუვიდათ ახლა, თორემ სკოლა რომ ცუდ მდგომარეობაშია და უნდა შეეფასებინათ, თვითონ სკოლამაც ძალიან დიდი ხანია იცის,ისიც იცის, რომ ალტერნატიულ ფრთაზე ვმუშაობთ.
ალტერნატიული ფართო მოძიებულია მათთვის, რემონტდება და მზადდება, თუმცა აქ საუბარია დროებით [შენობაზე]. თუმცა ამბავს ვერ გიდასტურებთ, ალბათ, შეხვედრა გაიმართება და უნდა განიხილონ, არის თუ არა აუცილებელი და თუ გამოჰყავთ, ეს დეტალები ჯერ [ცნობილი არ არის]. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.
თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ცალსახად, შენობა უნდა დატოვონ, მოგვიწევს, რომ გამოვიყვანოთ ხალხი. ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, მაგრამ დასკვნა ცნობილი იყო 21-ე სკოლის შემთხვევაშიც და შემდეგ რაღაცები შეიცვალა და იგივე შენობაში აგრძელებენ სწავლას. 21-ე სკოლის შემთხვევაში დასკვნა რომ მოვიდა, შემდეგ რაღაცები დაზუსტდა და დროებითი გამაგრება ჩაუტარდა“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 3 ივლისს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის დემონტაჟს და მის ადგილზე ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის აშენებას.
ახალი შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო და უსაფრთხოების სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სეისმომედეგობას, ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.
მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და რა ვადით მოუწევთ მოსწავლეებს ალტერნატიულ შენობაში სწავლა.
ამ დროისთვის კვლავ გაურკვეველია, როდის დატოვებენ მოსწავლეები ვეკუას სკოლის შენობას და სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი. მშობლები და პედაგოგები განათლების სამინისტროსგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან