რატომ "ღეჭავს" ბავშვი ფანქრებს, კალმებსა და ტანსაცმელს - რაზე მიანიშნებს ეს ჩვევა და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები - მშობლები

რატომ "ღეჭავს" ბავშვი ფანქრებს, კალმებსა და ტანსაცმელს - რაზე მიანიშნებს ეს ჩვევა და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები

2026-11-10 09:10:09+04:00

ზოგიერთი ბავშვი გამუდმებით ღეჭავს ფანქრებსა და კალმებს, იდებს პირში მაისურის საყელოს ან სახელოს. მშობლები ხშირად ცდილობენ შენიშვნებითა და აკრძალვებით გადააჩვიონ, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ. ზოგჯერ კი პირიქით ხდება — ბავშვი ჩვევის დამალვას იწყებს.

სპეციალისტების განმარტებით, ასეთი ქცევა შესაძლოა, ბავშვისთვის დამშვიდების, ყურადღების კონცენტრაციის ან ემოციურ დატვირთვასთან გამკლავების საშუალება იყოს.

რატომ უჩნდებათ ბავშვებს ნივთების ღეჭვის მოთხოვნილება, როგორ უნდა განვასხვაოთ ჩვეულებრივი ჩვევა პრობლემისგან და როდის არის საჭირო სპეციალისტის დახმარება?

რატომ იდებს ბავშვი სხვადასხვა ნივთს პირში?

ორ წლამდე ასაკში საგნების პირში ჩადება განვითარების ბუნებრივი ნაწილია. ამ გზით პატარები სამყაროს შეისწავლიან, ეცნობიან ნივთების ფორმას, ზომასა და ტექსტურას.

სასკოლო ასაკში კი მსგავსი ქცევის მიზეზები, როგორც წესი, განსხვავებულია. განმეორებითი ღეჭვა შეიძლება თვითრეგულაციის საშუალებად ჩამოყალიბდეს, ისევე, როგორც თმის თითზე დახვევა, ტანსაცმლის წვალება ან ფეხის მუდმივი ქნევა.

პირის ღრუსა და ყბის კუნთებში განლაგებულია პროპრიორეცეპტორები — მგრძნობიარე რეცეპტორები, რომლებიც ტვინს კუნთების მოძრაობისა და დაძაბულობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. როდესაც ბავშვი ძლიერად კბენს ფანქარს ან ქსოვილს, ყბის კუნთები აქტიურად მუშაობს და ნერვული სისტემა დამატებით სენსორულ ინფორმაციას იღებს.

ზოგიერთ ბავშვს ეს დამშვიდებაში ეხმარება, ზოგიერთს კი — ყურადღების კონცენტრაციაში.

სწორედ ამიტომ შეიძლება ბავშვმა ფანქრის ან ტანსაცმლის ღეჭვა განსაკუთრებით ხშირად დაიწყოს გაკვეთილების მომზადებისას, საკონტროლო სამუშაოს წინ, უცხო გარემოში ან დატვირთული დღის ბოლოს.

თუმცა ეს აუცილებლად ძლიერ სტრესს არ ნიშნავს. მიზეზი შეიძლება იყოს მოწყენილობა, დაღლილობა, სენსორული მოთხოვნილება, პირის ღრუში დისკომფორტი ან უბრალოდ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევა.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი გადაღლილია?

დაწყებითი კლასების მოსწავლეს ყოველთვის არ შეუძლია საკუთარი განცდების სიტყვებით გადმოცემა. შესაძლოა, ვერ გითხრათ, რომ დავალებები მეტისმეტად რთულია, შეცდომის დაშინია ან სკოლის შემდეგ დასვენება სჭირდება.

ზოგჯერ გადატვირთვაზე მისი ქცევა მიანიშნებს: ბავშვი იწყებს ფრჩხილების ან კალმების ღეჭვას, მოუსვენრად მოძრაობს, უჭირს დაძინება, უჩივის მუცლის ტკივილს ან ადვილად ღიზიანდება.

მშობლებს შეუძლიათ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ, როდის ვლინდება ეს ჩვევა ყველაზე ხშირად. მაგალითად:

  • საშინაო დავალებების შესრულებისას;

  • ტელევიზორის ან ვიდეოების ყურების დროს;

  • რთული საგნის მეცადინეობისას;

  • კონფლიქტის ან ემოციური დაძაბულობის შემდეგ;

  • ხმაურიან გარემოში ან დღის ბოლოს.

ასეთი დაკვირვება ხშირად უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე შეკითხვა: „რატომ აკეთებ ამას?“ შესაძლოა, ბავშვმა თავადაც არ იცოდეს პასუხი, რადგან მოქმედება ავტომატურად ხდება.

ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად კარგად სძინავს ბავშვს, აქვს თუ არა სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დასვენების დრო და ხომ არ არის მისი ყოველდღიური განრიგი ზედმეტად დატვირთული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტელეფონში ვიდეოების ხანგრძლივი ყურება ყოველთვის სრულფასოვან დასვენებას არ ნიშნავს. ბავშვს სჭირდება დრო, როდესაც არ უწევს დავალებების შესრულება, შედეგზე ფიქრი ან ინფორმაციის უწყვეტი მიღება.

bichi1-1677139214-1794287956.jpg

რატომ არ მუშაობს შენიშვნები და აკრძალვები?

„გამოიღე პირიდან!“, „უკვე დიდი ხარ!“ ან „ნახე, როგორ გააფუჭე ტანსაცმელი!“ — ასეთი შენიშვნები შესაძლოა ბავშვს რამდენიმე წუთით შეაჩერებდეს, მაგრამ ჩვევის გამომწვევ მიზეზს ვერ აღმოფხვრის.

თუ ღეჭვა ბავშვს დაძაბულობის შემცირებაში ეხმარება, აკრძალვამ შეიძლება დამატებითი სტრესი გამოიწვიოს. შედეგად, ის ქცევის დამალვას დაიწყებს.

არ არის რეკომენდებული ბავშვის დაცინვა, სხვების თანდასწრებით შერცხვენა ან კალმებისა და ფანქრების მწარე ნივთიერებებით დამუშავება. ავტომატური ჩვევის შეცვლა მხოლოდ ნებისყოფის დაძაბვით რთულია.

უმჯობესია, მშობელმა მშვიდად უთხრას:

„შევამჩნიე, რომ რთული დავალებების დროს ფანქარს ღეჭავ. შეიძლება, ეს ფიქრში გეხმარება. მოდი, ვიფიქროთ, რით შეგვიძლია მისი ჩანაცვლება“.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სახლში?

1. მოაწესრიგეთ დღის რეჟიმი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ძილს. სასურველია, ბავშვს დაძინებისა და გაღვიძების სტაბილური დრო ჰქონდეს, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროს და ძილის წინ ეკრანებთან დიდხანს არ დარჩეს.

სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მიეცით საშუალება, ჯერ ჭამოს, დაისვენოს ან გაისეირნოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მეცადინეობა.

თუ საშინაო დავალებები მთელ საღამოს იკავებს, სასურველია, დატვირთვის საკითხი მასწავლებელთან განიხილოთ.

2. წაახალისეთ მოძრაობა და ხანმოკლე შესვენებები

ზოგიერთ ბავშვს უჭირს ხანგრძლივად ერთ ადგილზე ჯდომა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მეცადინეობა შედარებით მოკლე მონაკვეთებად დაიყოს.

შესვენების დროს ბავშვს შეუძლია გაიაროს, გაიწელოს, იცეკვოს, რამდენიმე მარტივი ვარჯიში შეასრულოს ან უბრალოდ ოთახში იმოძრაოს.

ეს არ უნდა აღიქმებოდეს როგორც ჯილდო კარგად შესრულებული დავალებისთვის — მოძრაობა ბავშვის ყოველდღიური საჭიროებაა.

3. შესთავაზეთ უსაფრთხო ალტერნატივა

თუ ბავშვს მუდმივად სჭირდება რაღაცის ხელში ტრიალი ან ღეჭვა, შესაძლებელია სხვადასხვა ალტერნატივის მოსინჯვა.

მაგალითად, მეცადინეობის დროს შეიძლება გამოიყენოს ანტისტრესული ბურთი, ხელის სავარჯიშო რბილი ნივთი ან პლასტილინი.

თუ ბავშვს უშუალოდ ღეჭვის მოთხოვნილება აქვს, პედიატრთან ან შესაბამის სპეციალისტთან შეთანხმებით შეიძლება შეირჩეს ასაკისთვის შესაფერისი სპეციალური საღეჭი აქსესუარი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნით არ გამოიყენოთ წვრილი ნივთები ან სათამაშოების პატარა ნაწილები, რადგან არსებობს გადაცდენისა და დახრჩობის საფრთხე.

ასევე არ არის სასურველი, საკვები ბავშვის დამშვიდების მუდმივ საშუალებად იქცეს.

4. ასწავლეთ საკუთარი ემოციების ამოცნობა

მშვიდ გარემოში ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს მაშინ, როდესაც კალმის ან ტანსაცმლის ღეჭვას იწყებს. შესაძლოა, ეს მოწყენილობას, შფოთვას, გაბრაზებას ან დაღლილობას უკავშირდებოდეს.

შეგიძლიათ შეთანხმდეთ შეუმჩნეველ სიგნალზეც, რომლითაც შეახსენებთ, ცოტა ხნით შეისვენოს.

თანდათან ბავშვი ისწავლის საკუთარი მდგომარეობის ამოცნობას და ღეჭვის ნაცვლად სხვა მოქმედების არჩევას — მაგალითად, ღრმად სუნთქვას, ხელების მოდუნებას, წყლის დალევას ან შესვენების თხოვნას.

როდის არის საჭირო სპეციალისტთან მიმართვა?

თუ ჩვევა მოულოდნელად გაჩნდა, განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ან დღის რეჟიმის მოწესრიგების მიუხედავად არ მცირდება, სასურველია, ბავშვი პედიატრმა შეაფასოს.

ექიმი შეამოწმებს, ხომ არ უკავშირდება ქცევა კბილების ცვლას, პირის ღრუში დისკომფორტს ან სხვა ფიზიკურ მიზეზს.

თუ ბავშვი ღეჭვისას კბილებს, ღრძილებს ან პირის გარშემო კანს იზიანებს, საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაციაც.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ბავშვი არა მხოლოდ ღეჭავს, არამედ ყლაპავს ქაღალდს, ქსოვილს, ხეს ან სხვა არასაკვებ ნივთიერებებს.

ასეთი ქცევა შესაძლოა უკავშირდებოდეს მდგომარეობას, რომელსაც პიკა ეწოდება. ის არასაკვები ნივთიერებების განმეორებით მიღების სურვილით ხასიათდება და სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.

ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ღეჭვის ჩვევას თან ახლავს ძლიერი შფოთვა, ძილის დარღვევა, სკოლაში წასვლაზე უარის თქმა, ხშირი აუხსნელი ტკივილები, განწყობის მკვეთრი ცვლილებები ან განმეორებითი მოქმედებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უშლის ხელს.

მთავარია, მშობელმა ყურადღება მხოლოდ გაფუჭებულ ფანქარსა და ტანსაცმელზე არ გაამახვილოს. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა გარემოებებში ჩნდება ეს ქცევა და რა საჭიროებას უკავშირდება.

ყველაზე უფრო გავრცელებული ტიკი თვალების ხამხამია... უმეტესწილად ბავშვობაში აღმოცენებული ტიკები თავისით გაივლის
რა შეიძლება გახდეს უნებლიე შარდვის, ტიკების, ღამის შიშების მიზეზი და როგორ შეიძლება მშობელმა ეს პრობლემა მართოს - გამოცდილი ნევროლოგის რეკომენდაციები