აზერბაიჯანელი ყოფილი ტანმოვარჯიშე ზეინაბ ჯავადლი, რომელიც დუბაის მმართველი ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლეა, კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სამი მცირეწლოვანი ქალიშვილის დედას შვილები 2026 წლის ივნისიდან არ უნახავს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ბრალდებებია წაყენებული, თავად კი შვილების დაბრუნებისა და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას განაგრძობს. ნოემბერში მან დახმარებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალჩინოსანსაც მიმართა...
ზეინაბ ჯავადლი 1991 წელს დაიბადა ბაქოში. ჯავალდა სპორტული გოგონა იყო და ადრეული წლებიდან ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მერე კი პროფესიონალი გახდა.

სპორტული კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო. სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა, ორჯერ მოიპოვა გუნდური ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე მოიგო გუნდური ბრინჯაო და ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე.21 წლის ასაკში ტრავმების გამო შეჯიბრებები შეწყვიტა, მაგრამ პენსიაზე არ გასულა. თითქმის მაშინვე დაიწყო ბავშვთა მწვრთნელად მუშაობა: ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - მშობლიურ აზერბაიჯანში.
შეხვედრის მომენტში ზეინაბი 23 წლის იყო. არაბ შეიხთან შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ზეინაბი და საიდი მალე მოიხიბლნენ ერთმანეთით და საიდმა ხელიც მალევე სთხოვა. ტანმოვარჯიშის ოჯახი ეჭვის თვალით უყურებდა მის გატაცებას და აფრთხილებდა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. მისმა მეგობრებმაც გააფრთხილეს ზეინაბი, რომ შეიხთან ცხოვრება გარედან ვარდისფერი ჩანდა, სინამდვილეში კი ბევრ საფრთხეს შეიცავდა. ბევრი შეშფოთებული იყო საიდ ალ მაკტუმით, რადგან ის არ მალავდა თავის დომინანტურ ქცევებს ქალების მიმართ, თანაც, მას უკვე ორი ცოლი ელოდა დუბაიში და ზეინაბს მესამე ცოლობა შესთავაზა... ქალი იმდენად მოიხიბლა კავალერით და მისი გულუხვი საჩუქრებით, საყვარელი მამაკაცის გამო მან ყველაფერი მიატოვა და დუბაიში გაჰყვა. თავიდან სულაც არ ჩანდა, რომ "ოქროს გალია" ელოდა...
საიდ ბენ მაქტუმი ალ-მაქტუმების დინასტიას ეკუთვნის, რომელიც დუბაის 1833 წლიდან მართავს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის მეთაურია და ასევე წარმატებები აქვს სპორტში. საიდი სროლით არის გატაცებული და ოლიმპიურ თამაშებშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული. სწორედ სპორტმა შეახვედრა მომავალ ცოლებს.





ზეინაბმა განქორწინება მოითხოვა მთავარი პირობით, რომ მისი ქალიშვილები მასთან დარჩენილიყვნენ - და სწორედ ამას მოჰყვა დიდი განსაცდელი. ყოფილი ქმარი შეეწინაარმდეგა ამ სურვილს და უარი უთხრა შვილების გადაცემაზე, ასევე - ქვეყნის დატოვებაზე.
ზეინაბმა დატოვა სამეფო სასახლე და კერძო ვილაში გადასახლდა, შვილებთან და მშობლებთან ერთად. ამაზე ქმარი დათანხმდა, თუმცა ეს უნდა ყოფილიყო მისი მუდმივი კონტროლის ქვეშ. ზეინაბს არ უნდა ეცხოვრა თავისუფლად, არც დუბაი დაეტოვებინა, მით უმეტეს - ბავშვებით...
2020 წელს ტანმოვარჯიშემ სოციალურ მედიაში დაწერა, თუ როგორ ავიწროებდნენ მას და მის მშობლებს უცნობი პირები და მას მუდმივად ემუქრებოდნენ ბავშვების წართმევით. მან მიანიშნა, რომ ქვეყანაში, სადაც საიდის ნათესავები აკონტროლებენ თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას, სამართლიანობის იმედი არ არსებობდა. მას ასევე არ შეეძლო მშობლიურ აზერბაიჯანში დაბრუნება - საელჩოც კი არ ეხმარებოდა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ზეინაბმა ასევე აღნიშნა, რომ ქორწინების დროსაც რეგულარულად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში იყო გამოკეტილი საკვებისა და წყლის გარეშე. დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მეგობრებს ჰქონდათ მტკიცებულებები და გაასაჯაროებდნენ, თუ მას რამე დაემართებოდა.

ზეინაბი ლამის ყვიროდა ვიდეოში და დახმარებას ითხოვდა. ის ყვებოდა, რომ დასდევდნენ ადამიანები, რომლებიც მისი შვილების გატაცებას ცდილობდნენ. თითქმის მთელი წელი ოჯახმა სტრესში იცხოვრა...
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ზეინაბის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ყოფილ ქმარს სურდა, მისთვის მშობლისა და მეურვეობის უფლებები ჩამოერთმიათ. ამ ბრალდებების გასაპროტესტებლად, ჯავადლის ადვოკატებმა საქმე გაეროსაც კი წარუდგინეს...
ზეინაბ ჯავადლის ისტორია, რომელიც წლების წინ ოჯახური კონფლიქტისა და შვილებზე მეურვეობის საკითხის გამო გახდა ცნობილი, 2026 წელს კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა.

ზეინაბის ბრიტანელი ადვოკატის, დევიდ ჰეიგის განცხადებით, 2 ივნისის ღამეს მის საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული და ნიღბიანი პირები შეიჭრნენ. ადვოკატის მტკიცებით, ზეინაბს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააძინეს ან ნარკოტიკული ნივთიერება მისცეს და სამი ქალიშვილი საწოლებიდან წაიყვანეს.
ჰეიგის ინფორმაციით, დედას მას შემდეგ შვილები აღარ უნახავს.
მომხდარის შესახებ დუბაის პროკურატურამ მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, ზეინაბი ბავშვების სავარაუდო გატაცებისა და მამისთვის დაბრუნებაზე უარის თქმის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.8 ივნისს, ექვსდღიანი დაკავების შემდეგ, იგი პოლიციის გირაოთი გაათავისუფლეს.
შეიხ საიდის ადვოკატის პოზიციით, ბავშვებზე მეურვეობის უფლება მამას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა მინიჭებული და დედის წინააღმდეგ სამართლებრივი საჩივრის შეტანა სწორედ ბავშვების სავარაუდო გატაცებას უკავშირდებოდა.ამრიგად, მხარეებს მომხდარისა და ბავშვებზე მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო პოზიციები აქვთ.
საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება 2022 წლიდან იწყება.ზეინაბისა და მისი ადვოკატის მტკიცებით, დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმის ჩარევის შედეგად არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამი ქალიშვილი დედასთან ცხოვრობდა.მათი განცხადებით, ოჯახს საცხოვრებელი სახლი, ავტომობილი და მძღოლი მმართველის ოფისისგან ჰქონდა უზრუნველყოფილი. ბავშვების მამასთან ვიზიტებს კი პოლიცია აკონტროლებდა.
ადვოკატის თქმით, ეს შეთანხმება დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
ზეინაბმა 2026 წლის 20 აგვისტოს დუბაის სასამართლოს საკუთარი განცხადება წარუდგინა, რომელშიც ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასება მოითხოვა.თუმცა დუბაის პოლიცია და პროკურატურა უარყოფენ, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა.
სწორედ ამ საკითხის გარკვევას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის შემდგომი განვითარებისთვის.
ივლისში დუბაის სააღსრულებო სასამართლომ, ზეინაბის ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც დედას შვილებთან ყოველ შაბათს ერთი საათის განმავლობაში ზედამხედველობით ვიდეოზარით უნდა ჰქონოდა კონტაქტი.თუმცა, დევიდ ჰეიგის 2026 წლის 6 ნოემბრის განცხადების თანახმად, ამ დრომდე არცერთი ასეთი ვიდეოზარი არ განხორციელებულა.

ეს ნიშნავს, რომ ზეინაბს უკვე ხუთი თვეა სამი ქალიშვილი არ უნახავს და მათთან პირდაპირი კონტაქტიც არ ჰქონია.მისი ადვოკატი ამ მდგომარეობას დედისა და ბავშვების უფლებების სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს.
შვილების სავარაუდო გატაცების საქმესთან ერთად, ზეინაბის წინააღმდეგ კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებებიც არსებობს.ადვოკატის ინფორმაციით, ეს ბრალდებები უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებსა და მიმართვებს, რომლებშიც ქალი დახმარებას ითხოვდა და საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობდა.მისი თქმით, ზეინაბს დუბაიდან გასვლა ეკრძალება.გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ქალმა საცხოვრებელიც დაკარგა. მისი ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, სახლი, რომელიც მათთვის 2022 წელს იყო გამოყოფილი, უკან დაიბრუნეს და საკეტებიც შეცვალეს.ამჟამად ზეინაბი და მისი ასაკოვანი დედა რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
2026 წლის 6 ნოემბერს ზეინაბ ჯავადლის ადვოკატმა დევიდ ჰეიგმა საზოგადოებას მისი ახალი ვიდეომიმართვა გააცნო.ვიდეოში ქალი პირდაპირ მიმართავს ლანა ნუსეიბეჰს — არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ქვეყნის კანდიდატია.
ზეინაბმა მას სამი მთავარი თხოვნით მიმართა:
დაეხმაროს სამი ქალიშვილის დაბრუნებაში და დედასთან მათი ურთიერთობის აღდგენაში;
უზრუნველყოს მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების სამართლიანი განხილვა;
ხელი შეუწყოს დედამისისთვის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, რათა მან აზერბაიჯანში მძიმედ ავადმყოფი მეუღლის მონახულება შეძლოს.
დევიდ ჰეიგის ინფორმაციით, ზეინაბმა და თავად ადვოკატმა მინისტრს წერილობით 27 ოქტომბერს მიმართეს. 3 ნოემბერს ადვოკატმა წერილი განმეორებით გაგზავნა.6 ნოემბრის განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის მათ პასუხი არ მიუღიათ.
ვიდეომიმართვაში ზეინაბი იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრი მის თხოვნას ყურადღებას მიაქცევს და დაეხმარება შვილებთან შეხვედრაში.
ზეინაბის სამართლებრივი გუნდი საერთაშორისო დონეზე ბრძოლის გაგრძელებასაც გეგმავს.დევიდ ჰეიგის ინფორმაციით, ადვოკატები, მათ შორის ბრიტანელი მეფის მრჩეველი როდნი დიქსონი, ამზადებდნენ ახალ, ვრცელ მიმართვას გაეროს სპეციალური პროცედურებისთვის.Dubai Watch-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასალა დაახლოებით 2 000 გვერდსა და 50 დანართს მოიცავს...
სამი პატარა გოგონას დედისთვის მთავარი სურვილი კვლავ უცვლელია — შვილებთან შეხვედრა და მათთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობის დაბრუნება. სამართლებრივი დავის გაგრძელების ფონზე ბავშვები დედისგან უკვე ხუთი თვეა განცალკევებულნი არიან. შეძლებს თუ არა ზეინაბ ჯავადლი შვილებთან დაბრუნებას და მიიღებს თუ არა მისი საქმე საერთაშორისო დონეზე სათანადო ყურადღებას, ამას მომდევნო მოვლენები გვიჩვენებს.