მასწავლებელს, რომელსაც 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა — საქმე 25 წლის წინ მომხდარ ფაქტებს ეხება - მშობლები

მასწავლებელს, რომელსაც 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა — საქმე 25 წლის წინ მომხდარ ფაქტებს ეხება

2026-11-10 20:27:41+04:00

თბილისის ერთ-ერთი სკოლის სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს, რომელსაც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

"მოსამართლემ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო მასწავლებლის მხრიდან მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის საქმეზე - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა", - ნათქვამია ორგანიზაციის მხრიდან გავრცელებულ პოსტში.

საქმე დაახლოებით 25 წლის წინ მომხდარ სავარაუდო დანაშაულს ეხება.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2000–2001 წლებში თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა არაერთხელ განახორციელა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება მოსწავლის მიმართ, რომელიც იმ პერიოდში 8–9 წლის იყო.

ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით წარედგინა ბრალდება. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 14 წლამდე პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე „საფარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზარალებულმა, რომელიც ამჟამად ზრდასრული ქალია, ორგანიზაციას დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართა. მისი ინტერესების დასაცავად იურისტმა მარი ვარამაშვილმა მტკიცებულებების შეგროვებასა და საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა ბავშვებთან ურთიერთობა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

„საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ საქმე მნიშვნელოვან პრეცედენტად შეაფასა, რადგან ბრალდების წარდგენა სავარაუდო დანაშაულიდან მრავალი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

უფროსკლასელების მიერ გაუპატიურებული ბიჭის ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, დედა კი საზოგადოებას სთხოვს დახმარებას - ბავშვს სამი ოპერაცია ჩაუტარდა... ღმერთს ვევედრები, მსგავსი რამ არც ერთ ბავშვს არ დაემართოს...
პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს
გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს