დედა-შვილი ეკა ჩხეიძე და ინანო მუშკუდიანი გადაცემა "მეხუთე ელემენტის" ახალ ეპიზოდში დედაშვილობაზე, საქმიანობაზე, წარმატებებზე და ბევრ სხვა თემაზე საუბრობდნენ. მათ შორის, სწორედ ამ გადაცემაში გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რომ ეკა ჩხეიძის ქალიშვილი, დიზაინერი ინანო მუშკუდიანი ჟანრი ლოლაშვილისა და თათული დოლიძის ვაჟს, გიორგი ლოლაშვილს გაჰყვა ცოლად. წყვილი შარშან დაქორწინდა, თუმცა ამბავი არ გახმაურებულა.




ინანო:
- ხელი მოვაწერეთ, მეგობრების წრეში. არ გვინდოდა დიდი ქორწილი. უცებ გადავწყვიტეთ რამდენიმე მეგობრის შეკრება და უფრო წვეულება იყო, ვიდრე ქორწილი...

ყველას გაუკვირდა, იმიტომ რომ არასდროს მდომებია. მერე უკვე ნერვიულობდა ეკა... ქართული სტანდარტებით გვიან გავთხოვდი, 35 წლის...
მე და გიორგიმ ერთმანეთი დაახლოებით ოთხი წლის წინ, მადრიდში გავიცანით. იმის მერე გვქონდა დისტანციური ურთიერთობა - ჩამოდიოდა, მიდიოდა, იმიტომ რომ ვიზის პირობებიდან გამომდინარე დიდხანს ვერასდროს ჩერდებოდა. მეც არასდროს მქონდა საშუალება, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. ურთიერთობის დასაწყისიდანვე სულ ასე ვიყავით — სამ თვეში ერთხელ, ერთი თვით ვნახულობდით ერთმანეთს.
ქორწინების შემდეგ მოვახერხეთ, რომ ტექნიკური საკითხი გადაგვეჭრა ჩვენი სიახლოვისთვის. მე სამსახურიდან წამოვედი,ვინჩენცო დეკოტისში ვიყავი დირექტორი. ვფიქრობდი, რომ უკვე საკმარისი იყო. მინდოდა, თავისუფლება მქონოდა, — როცა მჭირდება ან მინდა, ცოტა ხანი თბილისში ვიყო, მერე მილანში დავბრუნდე. ეს შეზღუდულობა აღარ მინდოდა — რომ არასდროს მეცალა. ის ორი კვირაც კი, როცა შვებულება მქონდა, ტელეფონი სულ ხელში უნდა მჭეროდა, იმიტომ რომ მეილზე, ზარებზე და ყველაფერზე პასუხი უნდა გამეცა... სულ რაღაც პრობლემა იყო, რომელიც უნდა გადაგეჭრა. ბოლომდე ვერ ისვენებდი შვებულებაშიც კი.
ბოლო პერიოდში, სამსახურისგან დამოუკიდებლად რამდენიმე პროექტი გავაკეთე. თავიდან, როცა ერთ-ორ პროექტზე იყო ლაპარაკი, ვახერხებდი მაინც: სამსახურიდან სახლში მივდიოდი და თავს ვაძალებდი, ისევ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი, მეხაზა, მერენდერა და ასე შემდეგ. მერე მივხვდი, რომ უნდა გავრისკო, იმიტომ რომ, თუ არ გარისკავ, ასე არასდროს მოვა ვიღაც და ერთდროულად 20 პროექტს არ მოგცემს. ახლა ისე ვარ ჩამოსული, რომ ცოტა საქმეებიც მაქვს. ამის გამოც უფრო მიხაროდა თბილისში დიდხანს ყოფნა, თან მშენებლობა მიდის ერთი მაღაზიის, მეორე ახლახან დასრულდა...
საბოლოოდ გადავალთ მილანში მე და გიორგი, რომ მშვიდად ვიყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვივლით. მეც უფრო თავისუფალი ვარ ამ მხრივ და გიორგიც, რა თქმა უნდა. ახლა ისე აღარ იქნება, რომ წლები გავიდეს და არ ჩამოვიდეს.
თბილისში თათულისთან და ჟანრთან ერთად ვცხოვრობთ, ერთი დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვართ. მათ შორის, მე და გიორგიც ბოლო სართულზე.
ძალიან მიყვარს თბილისში ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან მენატრება ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ.
გადაცემაში ეკა ჩხეიძემ ისაუბრა მამასთან - ცნობილ რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან ურთიერთობაზეც:
ეკა:
- ეგ კითხვა ზოგადად არ მიყვარს, თუ როგორი იყო თემური სახლში და როგორი მამა იყო თემური ჩვენთვის, შვილებისთვის... ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, მე შვიდი წლის ვიყავი, ჩემი და — მგონი, ცხრა თვის, თეონა... მამა სახლში, მამობის, მამის როლში — ასე არ მახსოვს.
მახსოვს პერიოდი, როცა ძალიან პატარა ვიყავი. ვთქვათ, რეპეტიციიდან მოვიდოდა, ისადილებდა და მერე უნდა დაესვენა, იმიტომ რომ საღამოს ისევ თეატრში მიდიოდა. მე არ უნდა მეხმაურა... აი, ეს მახსოვს — მამა ისვენებსო.


მახსოვს ისიც, რომ როცა რაღაც ახალ სპექტაკლზე ფიქრობდა, დადიოდა ოთახში... ეს კადრებად მახსოვს...
მერე 20 წელი, თუ მეტი, პეტერბურგში ცხოვრობდა. სულ ასეთი, სტუმრად მოსვლა-მოსვლის დონეზე მქონდა მასთან ურთიერთობა. მამა სახლში რომ იყოს, კისერზე შემოგისვას და ზოოპარკში წაგიყვანოს — ასეთი მამა, სამწუხაროდ, არ მახსოვს.
შემდეგ, როცა გავიზარდე, თეატრში შევხვდით ერთმანეთს. თეატრში უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ვიდრე სახლში.
ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა, თუმცა მუშაობის პროცესში ცოტა ვიძაბებოდი. აი, შენიანი რომ გიყურებს, ეს განცდა მქონდა. თემურს სულ ჰქონდა ეს კონტროლი და თავისიანს კიდევ უფრო მეტს სთხოვდა. თან, არ ვიცი, სწორი სიტყვაა თუ არა, ეს მაკომპლექსებდა. იმიტომ რომ შვილი რომ ხარ, ისედაც იტყვიან: რატომ სხვას არ მისცა როლი? თუ შვილი დააკავა, ესე იგი, იმ შვილმა იმ როლში 100%-ით უნდა გაამართლოს. ეს ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა. ვატყობდი, რომ ჩემგან უფრო მეტს ითხოვდა, ვიდრე სხვისგან. იმიტომ, რომ სხვა მსახიობს არ ჰქონოდა სათქმელი: იმიტომ აგიყვანა, რომ შვილი ხარ და არა იმიტომ, რომ კარგი იყავი... ყოველთვის უფრო თავისუფლად ვიყავი, ვთქვათ, სხვა რეჟისორთან, ვიდრე მასთან. მას უნდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება — შვილის როლზე აყვანა — გამართლებული ყოფილიყო.