ინფლუენსერი მარიამ ბოლქვაძე "მშობლების პოდკასტში" საუბრობს 13 დედმამიშვილის თანაცხოვრებაზე, მამაოს შვილობაზე, 97 დაკლებულ კილოგრამზე და იმაზე, თუ როგორ მიიღო საკუთარი თავი.
ბავშვობიდან არ მქონია არანაირი წონის პრობლემა. დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ დაახლოებით 16 წლიდან დავიწყე მატება. მანამდე ასეთი დიდი წონა არ მქონია, რომ ოპერაცია დამჭირვებოდა. თუმცა პუტკუნა ბავშვად ვითვლებოდი. მამაოს პუტკუნა მარიამი — ასე მეძახდნენ.
16 წლიდან დავიწყე მომატება. მერე ვიმატებდი, ვიკლებდი, ვაკეთებდი უაზრო დიეტებს, ალბათ ისე, როგორც ყველა ადამიანი, ვისაც წონა აწუხებს. რა არ გამიკეთებია — ისეთი დიეტები მაქვს გამოცდილი, შიმშილიც, მარტო ორ კვერცხსა და ორ ვაშლზე ვყოფილვარ.ერთი კვირა გავძლებდი, დავიკლებდი 10 კილოს, შემდეგ ისევ დავიწყებდი ჩვეულებრივ კვებას და 15-20 კილოს მოვიმატებდი...
აქვე მინდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ შიმშილი ძალიან ცუდია. ამ უაზრო დიეტებითა და შიმშილით დავიზიანე ჩემი ორგანიზმი, საკუთარი თავი...
გარდატეხა კი მოულოდნელად მოხდა... მე და ჩემი ტაისია, ჩემი უფროსი შვილი, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში წავედით. იმ პერიოდში დაახლოებით 140 კილო ვიყავი. ტაისია თამაშობდა, მოვიდა და მითხრა: „დედიკო, გეხვეწები, რა, ბატუტზე იხტუნავე ჩემთან ერთადო“.
მე ვუთხარი: „დედა, ბატუტზე ვერ ვიხტუნავებ, ძალიან ბუთქუნა ვარ და ჩავამტვრევ-მეთქი“. შემომხედა სიყვარულით სავსე თვალებით და მითხრა: „არა, დედიკო, მოვიფიქრე, ვერ ჩაამტვრევ. შენ ხომ იცი, მაშა და დათვში დათუნია რომ ხტუნაობს ბატუტზე?“
საყვარელმა ბავშვმა დათვად აღმიქვა... მახსოვს, რომ მაშინ ტირილი ამიტყდა და ვეღარ ვჩერდებოდი. გამოვედი და ჩემს მეგობარს ვუყვებოდი, ვუზიარებდი ამ ამბავს. ტაისიას ვუთხარი: „დედიკო, ეს დღე დაიმახსოვრე, მომავალ წელს ამ დღეს შენთან ერთად ვიხტუნავებ ბატუტზე“.
ჩემმა მეგობარმა კი ხელი მომკიდა, წამიყვანა და მითხრა: „არ მაინტერესებს, იკეთებ ბარიატრიასო“...
სიმართლე რომ გითხრათ, პირველად მომინდა გახდომა. მანამდე ეს ჭარბი წონა დიდად არ მაწუხებდა. სულ აქტიური ვიყავი, ძალიან კარგი სამეგობრო მყავს და ამ მეგობრებთან ერთად ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტში. ხან რას ვაკეთებდი, ხან რას — წონა არ მაწუხებდა.ზოგისთვის, მაგალითად, დაოჯახებასთან დაკავშირებით შეიძლება წონა პრობლემა იყოს. მე 132 კილო გავთხოვდი. საკუთარ თავთან ძალიან კომფორტულად ვიყავი...
ეს მანამდე, სანამ შვილები არ გავაჩინე. ტაისიას ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ჩემს წონასთან დაკავშირებით. ნერვიულობდა, უნდოდა, რომ სულ გამოპრანჭული დედიკო ვყოფილიყავი. მეუბნებოდა: „დედიკო, წითელი პომადა წაისვი“...
მანამდე თითქოს ყოველთვის მქონდა თავდაცვა საკუთარ თავთან — ვამართლებდი ჩემს წონას, ათას რამეს ვიშველიებდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო...
როცა საოპერაციოდ მივედი, წონა უკვე ძალიან გამექცა. 155 კილო ვიყავი, ჩემს ქირურგთან რომ მივედი. იმდენად დიდი წონა მქონდა, რომ ფიზიკურად ჩემით, ამხელა წონას ვერ დავიკლებდი.
97 კილო დავიკელი. ამ ყველაფრის ძალა ფიქრითაც კი არ მქონდა. როცა ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი სწორი კვებით, საკუთარი ძალებით უნდა გამეკეთებინა...ახლა, ამ ჯანსაღი გონებით, როცა ცნობიერება სრულიად შეცვლილი მაქვს, ვხვდები, რამდენად განსხვავებულად ვფიქრობდი ადრე. კვებაზე ვიყავი დამოკიდებული, ღამეც არ არსებობდა ჩემთვის, საზღვრებიც არ არსებობდა.

...მართლა არ აქვს მნიშვნელობა, პუტკუნა ხარ თუ გამხდარი. ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ. ბუთქუნა ვიყავი და მესმოდა ჩურჩული: „ვაიმე, რამხელაა ეს გოგო“. გავხდი და ისევ ჩურჩულებდნენ: „ვაიმე, როგორ გახდა! მეტი აღარ გინდა? იქნებ თავი გააკონტროლო, რამე ხომ არ გჭირს?“
მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ბუთქუნა ხარ თუ გამხდარი. მთავარია, საკუთარ თავთან იყო კარგად, გრძნობდე თავს და სრულ ჰარმონიაში იყო საკუთარ თავთან...

ერთი წლის შემდეგ მართლა შევასრულეთ ეს პირობა და ბატუტზე ვხტუნაობდით. ვერ აგიხსნით, როგორ გამიხარდა — დავფრინავდი და დღემდე დავფრინავ.ახლა უკვე ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი წესია: როცა გასართობ ცენტრში მივდივართ, მეც ჩემს შვილებთან ერთად ვთამაშობ, ვხტუნაობ და უბედნიერესი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა — ჩემს შვილებთან ერთად ვიყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ.მაშინაც მინდოდა თამაში, საქანელაზე დაჯდომა, მაგრამ იმდენი კომპლექსი მქონდა, ვერ ვახერხებდი. ვერიდებოდი ამ ყველაფერს.
ახლა კი, როცა ჩემი შვილების ბედნიერ და გაბრწყინებულ სახეებს ვხედავ...სკოლის ავტობუსს რომ ველოდები, პირველი, რასაც ვაკეთებ, ის არის, რომ თუ ტუჩსაცხი არ მისვია, ვეძებ და ვისვამ. კარები რომ იღება და ტაისიას ან ანისიას ვხედავ, მეუბნებიან: „დე, რა ლამაზი ხარ!“და აი, ეს არის ჩემთვის უკვე ყველაფერი. სულ ვეპრანჭები ჩემს შვილებს.

ფიზიკურად შეუძლებელია, ადამიანმა 97 კილო დაიკლოს და სხეულმა ეს არ განიცადოს — ასეთი დიდი დეფორმაცია გარდაუვალია. ამაზეც ყოველთვის ღიად ვსაუბრობ.
კანი ძალიან ცუდად, არაესთეტიკურად მქონდა ჩამოწეული. გავიკეთე ოპერაციები: ბლეფაროპლასტიკა — თვალის ზედა ქუთუთოებზე, ასევე ხელებსა და ფეხებზე.
ახლაც პროცესში ვარ. თებერვალში ისევ ვიკეთებ მუცლის აბდომინოპლასტიკას და ერთი სული მაქვს, როდის გავიკეთებ.
ჩემი მამიკო საოცარი ადამიანია. პირველ რიგში, ჩემი მოძღვარია და მას აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვები. ძალიან პროგრესული ადამიანია. არასდროს მიგრძნია, რომ, რადგან მამაოს შვილი ვარ, რაღაც განსაკუთრებულად უნდა მოვქცეულიყავი. ხალხი მეუბნება, რომ მამაოს შვილი ვარ და ამიტომ სოციალურ ქსელშიც მეტი მომეთხოვება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქტიური გავხდი სოციალურ ქსელში.
ჩემთვის მამაოს შვილობა იმდენად ორგანული იყო და ჩემმა მშობლებმა ისე მარტივად და მსუბუქად გაგვზარდეს...არასოდეს უთქვამს მამაოს: „ტაძარში რატომ არ მოდიხარ?“ ან „ლოცვაზე რატომ აგვიანებ?“ ისეთი სიფრთხილით გაგვზარდეს ამ თემასთან დაკავშირებით.რელიგია მამაომ ისეთი დიდი სიყვარულით მოგვაწოდა, რომ ახლა მე თვითონ ძალიან მიყვარს წირვაზე სიარული — ჩემს შვილებთან და მეგობრებთან ერთად, თუნდაც მოსალოცად წასვლა. ეს მამაჩემის იმ რბილი და სწორი მიდგომის დამსახურებაა, ბავშვობაში რომ არაფერს გვაძალებდა.

საოცარ გარემოცვაში გავიზარდე, უამრავ ადამიანთან ერთად. დღემდე ასეა. მყავს საოცარი დედმამიშვილები. სულ ვამბობ, რომ ულამაზესები და უნიჭიერესები არიან. თითოეული მათგანი უნიკალურია, როგორც ყველა ადამიანი. წარმოიდგინეთ, ერთ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი...
ახლა ერთად აღარ ვცხოვრობთ. ჩემი და-ძმებიდან ზოგმა ოჯახი შექმნა, ზოგი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ეს უდიდესი სიხარული და ძალაა. რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ხვდები და გრძნობ ამ ყველაფერს.ჩვენ ხომ ამდენი ვართ და ამას ჩვენი შვილებიც ემატებიან. მამაოს და ნინოს, ჩემს მშობლებს, 22 შვილიშვილი ჰყავთ. 23-ე, 24-ე და 25-ეს ელოდებიან.
სულ მეამაყებოდა და დღემდე მეამაყება, რომ 13 ვართ. ჩემი დედიკო გმირია, სულ ვამბობ. ეს უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა. ბავშვობა სულ სიყვარულსა და სითბოში მახსოვს.ალბათ ამიტომაც არის, რომ ჩემი და-ძმები ბევრ შვილს აჩენენ. დედაჩემი საოცარი ორგანიზატორია. ყველაფერს ისე აბალანსებდა და დღემდე აბალანსებს, რომ არასდროს გვქონია ქაოსის შეგრძნება. ყველამ ვიცოდით, რა გვჭირდებოდა და რა უნდა გაგვეკეთებინა.დედისთვის მთავარი იყო, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვეკეთებინა. არასდროს მახსოვს, დედაჩემს დაევალებინოს: „მარიამ, შენ იმას მიხედე, შენ ეს დაალაგე“. ყოველთვის ორიენტირებული იყო იმაზე, რომ გვესწავლა, განათლება მიგვეღო და საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მივხედოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილით ვეხმარებოდით. როგორ შეიძლებოდა, ჩემი პატარა თეკლა დამენახა და არ ჩავხუტებოდი ან არ გამესეირნებინა? ჩვენც ჩვენი ინიციატივითა და სურვილით ვეხმარებოდით დედას. დედა ყოველთვის ისე აბალანსებდა ყველაფერს, რომ დისკომფორტს არასდროს ვგრძნობდი. სულ მეგონა და დღემდე მგონია, რომ ჩემს მშობლებს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ. ასეა თორმეტივეს შემთხვევაში — ისე ანაწილებენ სიყვარულს, რომ ვერ ვგრძნობთ განსხვავებას. ყველას გვგონია, რომ ცალ-ცალკე ყველაზე მეტად ჩვენ ვუყვარვართ მშობლებს. ეს ალბათ მათი სიყვარულის დამსახურებაა.
მამაჩემს ისე უყვარს დედაჩემი და დედაჩემს — მამაჩემი... ამ ასაკშიც კი ასეა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. სიყვარული უასაკო, უპირობო და უსასრულოა.ისე ზრუნავენ ერთმანეთზე... ნინიკო, შენ დალიე დილას წამალი? — ასე აკონტროლებენ ერთმანეთს. მამაჩემი რომ ქადაგებს, უნდა ნახოთ, დედაჩემი როგორ უყურებს. დედაჩემისთვის მამაჩემი მეფე, პრინცი და ყველაფერი ერთადაა.

მე მარტოხელა დედა ვარ და ეს ორი ამბავია: შენ საკუთარ თავს როგორ უნდა შეხედო? შეიცოდებ საკუთარ თავს, ხომ? შენი შვილებიც მუდმივ სტრესში იქნებიან, სულ რაღაც შიშით გაზრდი მათ. მე გადავწყვიტე, ვყოფილიყავი ძალიან მაგარი, ძალიან ძლიერი დედა. მე, ტაისია და ანისია ერთმანეთს „სამ მუშკეტერს“ ვეძახით. ახლა აუცილებლად ნახავენ ამ გადაცემას და გაეცინებათ ამ ყველაფერზე.
ყოველთვის ვესაუბრები ჩემს შვილებს. სულ ვეუბნები: „დედიკო, რამე კითხვები თუ გაწუხებთ, მითხარით, ვილაპარაკოთ ღიად ყველაფერზე. მამიკოსთან დაკავშირებით იქნება, ჩემთან დაკავშირებით — ყველაფერი მითხარით“. რა თქმა უნდა, ყოველდღე ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ბევრჯერ გვისაუბრია.ხშირად მეკითხებიან: „მამიკო აღარ გიყვარს? რატომ დაშორდით ერთმანეთს?“ ეს ყველაფერი ავუხსენი ისე, როგორც იყო, და სწორად მივაწოდე ინფორმაცია... ტაისია ორი წლის იყო, როცა დავშორდით, ანისია — რამდენიმე თვის.
არაფრის თქმა არ მრცხვენია. სულ ვამბობ, რომ არაფერი არის გოიმობა ან სირცხვილი, როცა შეგიძლია, სხვა ადამიანებისთვის მოტივაცია იყო, სიყვარული გასცე და ადამიანებს დაეხმარო. ამიტომ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობ, მაქსიმალურად, ნორმის ფარგლებში.
132 კილო გავთხოვდი. ჩემი ქმარი სიგიჟემდე იყო ჩემზე შეყვარებული. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ გავხდი, მიმატოვა-მეთქი. რა თქმა უნდა, ამაში სიმართლის მარცვალიც არის, მაგრამ ამ თემაზე ბევრს არ ვსაუბრობ...ჩემს შვილებს ძალიან კარგი მამიკო ჰყავთ.