მერაბ დვალიშვილთან ერთად აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირების ეპიცენტრში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, 21 წლის საბა ლაზიშვილი აღმოჩნდა.საბა მერაბთან ერთად იმყოფებოდა აბუ-დაბის სასტუმროს ჰოლში, როდესაც ქართველი მებრძოლი ინტერვიუს იძლეოდა და თავს დაესხნენ დაღესტნელი მებრძოლები.

საბა ლაზიშვილი 21 წლის არის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე.

საბა ოჯახურ სპორტულ ტრადიციებს აგრძელებს. მამამისი, ანზორ ლაზიშვილი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვეტერანთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და ხუთგზის მსოფლიო პრიზიორია. 2016 წელს იგი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ცნობილი ჩემპიონია საბას უფროსი ძმა, ზვიად ლაზიშვილიც, რომელმაც შერეულ ორთაბრძოლებში წარმატებას მიაღწია, MMA-ს მებრძოლია, LFA-ის ჩემპიონი გახდა და UFC-ის ოქტაგონზეც იასპარეზა.



ზვიად ლაზიშვილი ცნობილ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.ზვიადმა საბას მადლობა გადაუხადა მერაბ დვალიშვილის გვერდით დგომისთვის და აღნიშნა, რომ ისინი დიდი ხანია არ იცნობენ ერთმანეთს, თუმცა საბა რთულ ვითარებაში მეგობარს არ გაერიდა. „საოცრად ვამაყობ ჩემი უმცროსი ძმით, საბათი და მერაბით; ბიჭებო, თქვენ ლომებივით იბრძოლეთ“.
მისი თქმით, ექვსი პროფესიონალი მებრძოლის მიერ ორი ადამიანის ზურგიდან მოულოდნელად თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს. ზვიადმა ეს საქციელი ღირსებისა და პატივისცემისგან დაცლილად შეაფასა. ცალკე მიმართა მათ, ვინც აბუ-დაბის შემთხვევას თბილისში მერაბ დვალიშვილის მიერ დაღესტნელი მოჭიდავისთვის სახეში გარტყმას უკავშირებდა. ზვიადის აზრით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, რადგან მერაბი არასდროს მიეპარებოდა ვინმეს ზურგიდან სხვა ადამიანებთან ერთად, თავდასხმის მიზნით.