"ბექას პირველი მეუღლის თიკას დედა არის ჩემი მარჯვენა ხელი, კონსერვებს ერთად ვაკეთებთ... დებივით ვართ, ტანსაცმელსაც კი ერთნაირს ვიცვამთ" - ხათუნა ხოფერია საშემოდგომო სამზადისსა და ოჯახურ ურთიერთობებზე - მშობლები

"ბექას პირველი მეუღლის, თიკას, დედა არის ჩემი მარჯვენა ხელი, კონსერვებს ერთად ვაკეთებთ... დებივით ვართ, ტანსაცმელსაც კი ერთნაირს ვიცვამთ" - ხათუნა ხოფერია საშემოდგომო სამზადისსა და ოჯახურ ურთიერთობებზე

2026-11-13 12:24:39+04:00

პოლიტიკოსი ხათუნა ხოფერია გადაცემაში "დღის პოსტი“ საშემოდგომო სამზადისზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე საუბრობს:

- ზოგადად, მე ასე ვთვლი, რომ წელიწადის ოთხი დროა, ხომ? ეს ოთხი დრო ასე ნაწილდება: გაზაფხული არის ემოციების, სიყვარულის, ლექსების, სულიერი ცხოვრების პერიოდი. ზაფხული არის ფიზიკური დასვენების პერიოდი. უნდა დაისვენო, შენს სხეულს უნდა მიანიჭო სიამოვნება, ირბინო, ივარჯიშო, მთაში წახვიდე, ეკლესიებში იარო, ზღვაზე დაისვენო, იცურაო და ასე შემდეგ. შემოდგომა არის ოჯახის - ოჯახს ეკუთვნის, ოჯახზე უნდა იზრუნო. მერე მოდის ზამთარი. ზამთარი ფიქრის დროა - უნდა იფიქრო, გონებრივად უნდა დაიტვირთო. მაგრამ, ეს რომ შეძლო, ამისთვის შემოდგომაზე უნდა მოემზადო.

ისეთი უცნაურია ამ შემოდგომის ყველაფერი თავისთავად. ადრე შეშას აგროვებდნენ, რომ თბილად ყოფილიყვნენ. კონსერვები კეთდებოდა, სხვადასხვანაირი. ჩვენ, ქართველებს, საწებლები გვაქვს ბევრი...

- როგორია თქვენი სამზადისი, ქალბატონო ხათუნა?

- ჩემი სამზადისი ისეთია, რომ მე გაზაფხულზეც ვაკეთებ რაღაცებს. ჯერ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ბექას პირველი მეუღლის დედა, ფატი - ჩვენ დებივით ვართ დღემდე. თიკას დედაზეა საუბარი. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. მერე ვყოფთ - ჩემთანაც რჩება, იქაც. მეგობრებსაც ვუკეთებთ და ვუგზავნით კიდეც. მაგალითად, ირმა ჭკადუას 200 ლიტრი პომიდორი მოვუმზადეთ. არ არის ბევრი. მე და ფატი ვაკეთებთ, ირმაც გვეხმარება. შრომატევადია ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ მთავარია, როგორ აკეთებ. როცა მხიარულებაში აკეთებ… მარტივია.

- თიკაც ხომ არ გეხმარებათ ხოლმე?

- არა, თიკა ძალიან კარგადაც აკეთებს. თიკა ძალიან თანამედროვეა და არ ერევა ამ ჩვენს ტრადიციულ საწებლებში. და რატომ? აი, მაგალითად, ხომ მაქვს ახლა ბლენდერიც, ჩოპერიც და ყველაფერი, ხარჩოს ქვასანაყში ვაკეთებ. ჩემთვის, იცი, რა არის მთავარი? ეს ნიგოზი რომ ინაყება, თავისი ეფექტი უნდა გამოუშვას. იქ სულ სხვა რამ ხდება, ტემპერატურა იმატებს. აი, იმ სუნელსა და მარილს ერთად რომ ნაყავ, იმ ტემპერატურაზე ქინძს სხვანაირი გემო აქვს.

ჰოდა, ახლა უნდა დავიწყოთ უკვე მზადება მომავალი შემოდგომისთვის. იქ თავიანი ქინძი გვინდა, ის გვინდა, ეს გვინდა. რაღაცებს მოვაგვარებთ…

- ძალიან ხშირად წყვილი ერთმანეთს შორდება, მერე კი მხოლოდ წყვილები კი არა, მათი ოჯახის წევრებიც წყვეტენ ურთიერთობას. თქვენ პირიქით - ეს არ შეგხებიათ და აგერ, საოჯახო საქმეებს ერთად აკეთებთ. როგორ ხდება ეს?

- ზოგადად, მე ასე ვცხოვრობ, რომ სხვებთან პრეტენზია არ მაქვს, პრეტენზიები მაქვს საკუთარ თავთან. ასე უფრო მიადვილდება ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა.

აღმოჩნდა, რომ ფატიც ასეთია. მერე ჩვენ გვყავს ნინა, ულამაზესი ნინა, რომელიც 15 წლისაა. ჩვენი გაზრდილია - ჩემი და ფატის. ისე უყვარს ჩვენთან ერთად ყოფნა, როგორ შეიძლება, რაღაცის გამო ბავშვს ვაწყენინოთ.

თიკას მამაც, საოცარი ადამიანია, რომელიც ნინასთვის ცოცხლობს. მეც ისე გვერდში მიდგას, ბურჯივით. გენერალია, სხვა თუ არაფერი, ხომ? ყოფით ცხოვრებაში რაღაც ძალიან კარგად გამოგვდის. დებივით ვართ აბსოლუტურად, ტანსაცმელსაც კი ერთნაირს ვიცვამთ.

- ანუ ხშირად ხვდებით ერთმანეთს, დღესასწაულებზე...

- ყოველდღიური, ჩვეულებრივი, ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ოჯახში უნდა იყოს. მოკლედ, მე ბედნიერი ვარ ამით, რომ ბექამ ბევრი შვილიშვილი და კარგი მძახლები გვაჩუქა, ასევე რეზიკომაც.

არ ღირს ეს ცხოვრება იმისთვის, რომ რაღაცები მოიგონო. მაინც ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ. ასეთი პატიებით, სიყვარულით... ბავშვებიც ამ ყველაფრის ფონზე იზრდებიან. უფრო თავისუფლები არიან, უფრო ბედნიერ გარემოში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში თავიანთ შვილებსაც ჯანსაღ მაგალითს აძლევენ.

- ბექას სხვა მეუღლეების მშობლებთანაც ასეთი ფანტასტიკური ურთიერთობა გაქვთ?

- კარგი ურთიერთობა მაქვს აბსოლუტურად, რეზიკოს მხარესთანაც. კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. უბრალოდ, ფატისთან, ცოტა მეგრული ვარიანტი ჭარბობს, თორემ უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ ჩემი მანჩოს, დედის, რუსოს მიმართ, რომელიც ასევე პოეტია, ლექსებს წერს, ექიმია.

- როგორი საღამოებია ხათუნა ხოფერიას ოჯახში? ძველი თბილისური, ლექსებით, სადღეგრძელოებით, სიმღერებით, გიტარით, ღია ფანჯრებით, თუ უფრო სხვა მხრივ?

- სიმღერები... თემო მოდის, თათარაშვილი, თიკუნა მოდის... სიმღერები, ცეკვები, რაც მთავარია, სიყვარულია. სუფრები კი ჩემთან მრავალსართულიანია. ძალიან მიყვარს, თავადაც ვამზადებ თან. ეგ არის ყველაზე კარგი. ძალიან მსიამოვნებს, როცა მეუბნებიან: "აუ, რა მაგარია, რა გამოგივიდა!“ მთავარი შემფასებელი არის ჩემი შვილი, რეზიკო.

აღსანიშნავია, რომ თიკა ჯამბურიაც ყოფილი დედამთილის მიმართ სიყვარულსა და მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს:

"მე ფეთქებადი ვარ, ხათუნა უფრო თავშეკავებულია. სულ მეუბნება: "გაატარე", მაგრამ არ შემიძლია. აუცილებლად პასუხი უნდა გავცე. თავად თუ ბედავს, მეც შემიძლია, ყველას სათანადო პასუხი გავცე. ამაში მე და ხათუნა ერთმანეთს არ ვგავართ.

ხშირად ბულერი ხალხი ცდილობს, ხათუნას გამო რაღაცაზე ცუდად მიპასუხოს. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების განმავლობაში, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა და რა გზაზეც არ უნდა წავიდე მე, ვერასოდეს "გადავახტები" ჩვენს პატივისცემას, ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულს. ხათუნა არის ისეთი ბებია და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩვენი სიყვარულის ამომავალი წერტილი ეს არის. ხათუნას, როგორც ქალს, ძალიან ვაფასებ. უძლიერესი ქალია. ჩემთვის, სამაგალითოა. შეიძლება ითქვას, რომ დედასავით მიყვარს. ჩემი მეორე დედაა. დღე არ გადის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდეს", - თქვა მომღერალმა გადაცემაში "კულინარიული დუელი".

tika-jamburia-1794559152.jpg

თიკა ჯამბურია გადაცემა "სარკასტიკა" ყოფილ მეუღლეზე - ბექა ხოფერიაზე და მის ნაჩუქარ ნივთებზე დასმულ შეკითხვებსაც პასუხობს, ასევე, ახალ ურთიერთობაზე, რომელიც უკვე, მისივე თქმით, 5 წელია გრძელდება.

- ახალაშენებული სახლი, რომელიც ცენტრშია, ჩემი არ არის, ჩემი შვილის სახლია. ბექამ აჩუქა ჩემს შვილს. მე რუსთაველზე ვცხოვრობ, ჩემს სახლში. ის სახლი ნინასია. მე მანქანა მაჩუქა. ესეც ნინას დამსახურებაა... მანქანა გამიფუჭდა და ფაქტობრივად აღარ მყავდა. იმისთვის მიკეთებს მე ყველაფერს, რომ თავისი შვილი იყოს კომფორტში... ძალიან სწორადაც იქცევა, ყველა თავის დანაშაულებს ასწორებს... ეგ დავიმსახურე ჩემი კარგი ცხოვრებით, რომ ასეთი ყოფილი მყავს!.. სხვათა შორის, მე და ნინას საახალწლოდ ბექამ Cartier-ის ბეჭდები გვაჩუქა.

ბექას ქორწილში, რომელზეც შემდეგ საუბრობდნენ, მისმა ცოლმა დამპატიჟა... ქორწილი იყო იტალიაში და ძალიან უნდოდათ, რომ ნინა წასულიყო და მეც მითხრეს, რომ ძალიან გაგვიხარდება, თუ შენც იქნებიო. სოფო მართლა ის ადამიანია, რომელმაც ბექასა და ნინას ურთიერთობა დაალაგა. ზოგადად, ყველასთან ურთიერთობის დალაგებაში დიდი წვლილი მიუძღვის... მე და ბექას წლების განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. სოფოს დამსახურებაა, სხვათა შორის, რომ ეს ურთიერთობა გამოსწორდა.

მაშინ ძალიან პატარები ვიყავით... 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი... ღმერთო, რა პატარა ვიყავი! რამ გამათხოვა 18 წლის ასაკში! შვილი რომ არა, ალბათ, ურთიერთობაც აღარ მექნებოდა ბექასთან და საერთოდ კონტაქტიც აღარ გვექნებოდა.

ორი ვაჟისგან 6 რძალი და 8 შვილიშვილი მყავს, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ხათუნა ხოფერია