მეფე, რომელსაც ბავშვობიდან ემოციების ჩახშობა და დამცირების მოთმენა ასწავლეს და თითქმის არასოდეს ჰქონია ხალხის სიყვარული — ჩარლზ III 78 წლის გახდა - მშობლები

მეფე, რომელსაც ბავშვობიდან ემოციების ჩახშობა და დამცირების მოთმენა ასწავლეს და თითქმის არასოდეს ჰქონია ხალხის სიყვარული — ჩარლზ III 78 წლის გახდა

2026-11-15 12:01:42+04:00

14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III 78 წლის გახდა. ადამიანი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება ტახტზე ასვლას ელოდა, დღეს მონარქია, თუმცა მისი მეფობის წლები მშვიდი და ბედნიერი ნამდვილად არ აღმოჩნდა. მძიმე დიაგნოზი, ოჯახური დაპირისპირებები, მუდმივი სკანდალები და წარსული, რომელიც დღემდე არ ასვენებს — ეს ყველაფერი მისი ცხოვრების ნაწილია.

ჩარლზის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო. ბევრისთვის ის დღემდე პრინცესა დიანას ტრაგიკულ ისტორიასთან ასოცირდება. თუმცა ამ ცნობილი და მტკივნეული სიყვარულის მიღმა კიდევ ერთი ადამიანის - ტახტის მემკვიდრის ბიოგრაფიაა, რომელსაც დაბადებიდანვე განსაზღვრული ჰქონდა მომავალი.

მისი ისტორია მხოლოდ პრივილეგიებზე, სასახლეებსა და სამეფო ტიტულებზე არ არის. ეს არის მარტოსულობაშ გატარებული ბავშვობის, მკაცრი აღზრდის, წლების განმავლობაში დაუფასებლობის განცდის, საკუთარი გზის ძიებისა და სიყვარულის ისტორია, რომელიც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ბავშვი, რომლისთვისაც დედას არასოდეს ეცალა

ip1qhg6cyue2g1bhooqlmsa6zlbpgt3lzthdyxi-pab6fenuqw6web-8oe4ayfy6dsfxhsllezn0r7bv5c0hv9ptposjbe0mhjy09hqhycl3wn9hysknt-ookr-pda7ptzrpph0oroqciaisju6ikmo2fonqfonbqxa7yjx18dxq9rjurq7holxeheyc2kfj-1794731243.jpeg

ჩარლზი 1948 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. ოთხი წლისაც არ იყო, როდესაც დედამისი, ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდა. ამ დღიდან პატარა ბიჭის ცხოვრება კიდევ უფრო მკაცრ სამეფო წესებს დაექვემდებარა.

დედოფალს სახელმწიფო მოვალეობები და ხანგრძლივი ოფიციალური მოგზაურობები ჰქონდა. 1953–1954 წლებში, როდესაც ელისაბედი და პრინცი ფილიპი თანამეგობრობის ქვეყნებში მრავალთვიან ტურნეში იმყოფებოდნენ, ჩარლზი და მისი და, ანა, ბრიტანეთში დარჩნენ.

სამეფო ოჯახში ბავშვებზე ძიძები და აღმზრდელები ზრუნავდნენ. ჩარლზს არაფერი აკლდა მატერიალურად, მაგრამ მშობლების ყოველდღიური სიახლოვე თითქმის არასდროს ჰქონდა.

მოგვიანებით ხშირად განიხილავდნენ მის ურთიერთობას მამასთან, პრინც ფილიპთან. ფილიპი დისციპლინის, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის მომხრე იყო. ჩარლზი კი ბავშვობიდან უფრო მგრძნობიარე, მორცხვი და ხელოვნებისკენ მიდრეკილი ჩანდა. მამა-შვილს ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ, რის გამოც ჩარლზს არაერთხელ უგრძნია, რომ მამის მოლოდინებს ვერ ამართლებდა.

სკოლა, სადაც მომავალი მეფე თავს მარტოსულად გრძნობდა

rkexdwfkcsqn7hds6bja4o-jiqiiwl5luwhoxbljbfbastusxtwq7jf1e16kphwq8ngkfw8jrc7ib7ne53irdhkxcv81y-dd4y1ik7lmkeau9chnqpddertc98mwukw1b8w8jyetbxn7mudfg-p8mmr1ggxclmhunt-lwg67dp5nldpi5vswsldfhqbvzlbe-1794731978.jpeg

ჩარლზის ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი შოტლანდიაში, გორდონსტოუნის სკოლაში სწავლას უკავშირდება.

ეს იყო მკაცრი რეჟიმის მქონე სკოლა, სადაც მოსწავლეებს ფიზიკურ გამძლეობას, დისციპლინასა და დამოუკიდებლობას აჩვევდნენ. სწორედ აქ სწავლობდა მისი მამაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ ასეთი გარემო მომავალ მეფეს ხასიათს გაუმტკიცებდა.

მაგრამ ჩარლზისთვის ეს გამოცდილება მძიმე აღმოჩნდა. თანაკლასელების მხრიდან დაცინვასა და შევიწროებაზე ის პირად წერილებშიც საუბრობდა. მკაცრი ყოველდღიურობა, ცივი ამინდი და თანატოლებთან რთული ურთიერთობა მისთვის სერიოზული გამოცდა იყო.

"აქ ნამდვილი ჯოჯოხეთია, განსაკუთრებით ღამით. თითქმის საერთოდ აღარ მძინავს... ჩემს საძინებელში საშინელი ბავშვები არიან. მთელი ღამე ჩუსტებს ისვრიან, ბალიშებს მირტყამენ ან ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში მორბიან, რომ მთელი ძალით დამარტყან... ისევ მინდა სახლში დაბრუნება. ეს ადგილი საშინელებაა!" - წერდა ჩარლზი.

მისი ბავშვობის ამ პერიოდს ხშირად აღწერენ, როგორც მარტოობისა და დაუცველობის გამოცდილებას. თუმცა მოგვიანებით ჩარლზმა გორდონსტოუნში მიღებული განათლების დადებითი მხარეებიც აღიარა.

შესაძლოა, სწორედ ეს არის მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა: გარემო, რომელმაც მას ბევრი ტკივილი მიაყენა, იმავდროულად გამძლეობაც ასწავლა.

პრინცი, რომელსაც საკუთარი ინტერესები ჰქონდა

gsqhn3ezf17i8ajuxrkvrimyj5optiziururp41jkew0n3pr-pvhoervmxmny0odha1gix7xprvoj6ojsmwd-hy66o02snf-smkyhnsrdh2-twrsazfk0q8r0vbkfmbg9pzt2b4klev9vh-ssvlbt3dl-byw0qdkruqlaya5ofy5rlqicbpslbepfkjnqke-1794732104.jpeg

ჩარლზმა საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. ის კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც თავდაპირველად არქეოლოგიასა და ანთროპოლოგიას ეუფლებოდა, შემდეგ კი ისტორიაზე გადავიდა. 1970 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა.

მას ბავშვობიდან აინტერესებდა მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა და მხატვრობა. უკრავდა ჩელოსა და საყვირზე, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, მოგვიანებით კი აკვარელით ხატვა მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გატაცებად იქცა.

მისი ნახატები გამოფენებზეც გამოჩნდა, რეპროდუქციების გაყიდვით მიღებული თანხა კი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ჩარლზის საქმიანობა მხოლოდ სამეფო ცერემონიებით არ შემოფარგლულა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარემოს დაცვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში დღევანდელივით მნიშვნელოვანი არ იყო, ის საუბრობდა დაბინძურებაზე, ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებასა და მდგრად სოფლის მეურნეობაზე.

1970 წელს გარემოსდაცვით საკითხებზე მისმა გამოსვლამ მაშინ ბევრს უჩვეულოდ მოეჩვენა. ათწლეულების შემდეგ კი ეს თემები მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალურ საკითხებად იქცა.

1976 წელს მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია The Prince's Trust, რომელიც ახალგაზრდებს განათლების, დასაქმებისა და საკუთარი საქმის დაწყების შესაძლებლობების შექმნაში ეხმარებოდა. ორგანიზაციის საქმიანობამ წლების განმავლობაში ასიათასობით ახალგაზრდის ცხოვრება მოიცვა.

ეს მისი ცხოვრების ის მხარეა, რომელიც ხშირად პირადი სკანდალების ჩრდილში რჩებოდა. მიუხედავად კრიტიკისა, ჩარლზმა შეძლო ხანგრძლივი საქველმოქმედო საქმიანობისა და საკუთარი საზოგადოებრივი ინტერესების განვითარება.

ქორწინება, რომელმაც ორი ადამიანი უბედური გახადა

xgrmib7cwuwdjmho-wgadxlbrhmozqkwnb9lwgkr0relqibaspqn-0xvoddreuob4zkzizzkx7vaskvr6xuzodhwy8mi9qnt2k9gozz0qsnifwfdh3e9o1t3yjb46j6hxe9kw-sal-x-uybmrykk1fhrpuzli74-uwdnlu9666kky9e2wahyihaqmb9uztgl-1794732177.jpeg

1981 წელს ჩარლზმა ლედი დიანა სპენსერზე იქორწინა. ზღაპრულ ქორწილს მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ახალგაზრდა, ლამაზი დიანა და მომავალი მეფე იდეალურ წყვილად გამოიყურებოდნენ.

მაგრამ საჯარო სურათი რეალობას არ ასახავდა.

დიანა მხოლოდ 20 წლის იყო, ჩარლზი კი — 32-ის. მათ განსხვავებული ინტერესები, ცხოვრებისეული გამოცდილება და ემოციური მოთხოვნილებები ჰქონდათ. ქორწინების დასაწყისიდანვე ურთიერთობაში არსებობდა სერიოზული სირთულეები.

ამ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა კამილა პარკერ ბოულზს, რომელსაც ჩარლზი დიანაზე ქორწინებამდე იცნობდა და რომელთანაც წლების განმავლობაში ემოციური კავშირი ჰქონდა.

დიანამ მოგვიანებით საჯაროდ ისაუბრა ქორწინებაში განცდილ მარტოობაზე, ქმრის ღალატსა და საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე.

ჩარლზისა და დიანას ქორწინებას თავიდანვე ჩრდილად დაჰყვებოდა კამილა პარკერ ბოულზთან მისი ურთიერთობა. ჩარლზსა და კამილას რომანი ჯერ კიდევ დიანას გამოჩენამდე ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ეს ურთიერთობა ჩარლზის ნიშნობის პერიოდში შეწყდა, დიანა ქორწილამდეც ეჭვობდა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებული არ იყო. მოგვიანებით ჩარლზმა აღიარა ცოლის ღალატი, თუმცა ამტკიცებდა, რომ კამილასთან ურთიერთობა მხოლოდ ქორწინების ფაქტობრივი დანგრევის შემდეგ განაახლა. თავად დიანას მონათხრობი კი გაცილებით უფრო მტკივნეულ სურათს ხატავდა — ის თავს მოტყუებულად გრძნობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი ერთობლივი ცხოვრება იწყებოდა. დიანასგან განსხვავებით, ჩარლზი იშვიათად საუბრობდა საკუთარ ემოციებზე საჯაროდ.

დიანას ტკივილი და ღალატით მიყენებული ზიანი ამ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ტრაგიკული სიკვდილი 1997 წელს ჩარლზის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახა.

სიყვარული, რომელსაც ათწლეულები დასჭირდა

qa7emx9klw9jfbe2trvb4j6muucw-gjhckzzkwq6q7uheiyuh6trucbiiab2ajidfp1if7-puplibcwpwcgkqty7j-noaldwqozcmwrrzhpefz2pqg2bwar7plbxei-j9tayaplimp3sdh3hcmqchcnfest2vm4f1hmb7wdbhga6bflvndjc-4p7fvnked4a-1794732365.jpeg

ჩარლზისა და კამილას ურთიერთობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ისტორიად იქცა.

ისინი ერთმანეთს 1970-იანი წლების დასაწყისში დაუახლოვდნენ, მაგრამ მაშინ არ დაქორწინებულან. მოგვიანებით ორივემ სხვა ადამიანზე იქორწინა.

წლების განმავლობაში მათი ურთიერთობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო. კამილა ხშირად ხდებოდა მწვავე კრიტიკის სამიზნე, ხოლო ჩარლზს დიანას მიმართ მოპყრობას არ პატიობდნენ.

2005 წელს ისინი საბოლოოდ დაქორწინდნენ.ეს ქორწინება ზღაპრული სიყვარულის მარტივი ისტორია არ არის. მას წინ უძღოდა სხვა ადამიანებისთვის მიყენებული ტკივილი, სკანდალები და არაერთი რთული გადაწყვეტილება.

თუმცა დღეს კამილა ჩარლზის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მუდმივი თანამგზავრია. წლების განმავლობაში ის მის გვერდით იყო როგორც ტახტის მემკვიდრეობის ხანგრძლივ პერიოდში, ისე მეფობისას და ავადმყოფობის დროს.

73 წელი ტახტის მოლოდინში

sziyc6k4cxowapo55dghrklr-nbgochctttjedbtzeyoq9wfzcczmot98htuzfo5ryo81qkayujk0cv6lgnjsmoeay6lnzk0ufb9yhusdxgk-2iyq-nafuswatyi82gpnqma1fcwk2sldnyqligmebivhrk2gjwp-pxkdfo7ofi3asurlbhipqcyebtoiij-1794732432.jpeg

ჩარლზი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ტახტის მემკვიდრე გახდა. მან თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა იმ როლში, რომლისთვისაც დაბადებიდან ამზადებდნენ.

2022 წლის 8 სექტემბერს, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 73 წლის ჩარლზი მეფე გახდა. მისი კორონაცია 2023 წლის 6 მაისს გაიმართა.

მეფობის დასაწყისში მას უკვე უკან ჰქონდა მოტოვებული ახალგაზრდობა, მრავალწლიანი ოჯახური კრიზისები და საზოგადოების მხრიდან არაერთი მძიმე შეფასება.

წლების განმავლობაში მეფობისთვის მომზადებულ ადამიანს საბოლოოდ სწორედ მაშინ მოუწია ქვეყნის სათავეში დადგომა, როდესაც ცხოვრების სრულიად სხვა ეტაპზე იმყოფებოდა.

ავადმყოფობა, რომელმაც მისი მეფობა შეცვალა

23x8hozzitoqsyevlyvijabxxfikbi8ayvtose3sasbode2cp0crbbpsl5hqkfm0fhrctl2ztdf3o9hfzrsadvdojhbpc-ctqcavky1eqqdolv7pianbepmo8-i-xfqnusjrcedpgxfqopktnpnhl3aghghdwdqat0xkhy4jmaxajdp4enc-6hblnqgvm1pn-1794732492.jpeg

2024 წლის თებერვალში ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა. დიაგნოზი სხვა სამედიცინო პრობლემის გამოკვლევის დროს გამოვლინდა. დაავადების კონკრეტული სახეობა საჯაროდ არ დასახელებულა.

მეფეს მკურნალობის დაწყება და გარკვეული დროით საჯარო მოვალეობების შეზღუდვა მოუხდა.

იმავე წელს ცნობილი გახდა, რომ სიმსივნე ჰქონდა მის რძალს, უელსის პრინცესა კეიტსაც. ოჯახს, რომელიც გარედან სიმდიდრისა და პრივილეგიების სიმბოლოდ ჩანს, ერთდროულად ორი მძიმე დიაგნოზის გადატანა მოუწია.

კეიტმა 2025 წელს განაცხადა, რომ მისი დაავადება რემისიაში იყო. ჩარლზის მკურნალობა კი გაგრძელდა, თუმცა 2026 წელს მისი ინტენსივობა შემცირდა.

მეფემ საკუთარი ავადმყოფობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის გასავრცელებლადაც გამოიყენა. ის ადამიანებს მოუწოდებდა, დროულად ჩაეტარებინათ გამოკვლევები და ყურადღება მიექციათ ჯანმრთელობისთვის.

მიუხედავად მკურნალობისა, ჩარლზი აქტიურ საქმიანობას აგრძელებს. 2026 წლის ნოემბრის დასაწყისში მან კარიბის ზღვის ქვეყნებში დატვირთული ოფიციალური ტურნეც გამართა.

ორი ვაჟი — და ოჯახი, რომლის გაერთიანებაც ვერ შეძლო

60p3dc1hnqgimzacxfpngxsrnq-8tzyvzjufbllitciovdpagdjffomausqkhfugjg-tr5wyzl3emf5sypkpqzsqr8juyhxz5rsc1bk6mgblxbpqnspt23fsa-apfcodghw9aary62-ihgxs1cxtktzrkeqd70bsuvl5oqpykv9txyfqdtp-kly0owgrl2ft-1794732555.jpeg
ჩარლზის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი უმცროს ვაჟთან, პრინც ჰარისთან ურთიერთობაა.

დიანას გარდაცვალების შემდეგ ჩარლზს ორი მოზარდი ვაჟის აღზრდა მოუწია. უილიამი 15 წლის იყო, ჰარი კი — 12-ის. ორივეს დედის დაკარგვის ტრავმასთან გამკლავება უხდებოდა, თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ.

წლების შემდეგ ჰარიმ საჯაროდ ისაუბრა ბავშვობის მძიმე გამოცდილებაზე, მამასთან ემოციურ დისტანციასა და სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე. 2023 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში მან არაერთი მტკივნეული ეპიზოდი გაიხსენა.

ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო მოვალეობებიდან ჩამოშორებამ, ინტერვიუებმა და საჯარო ბრალდებებმა ოჯახში დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა.

ამ კონფლიქტში ყველა მხარეს თავისი პოზიცია აქვს. ჰარი საკუთარ გამოცდილებასა და განცდებზე საუბრობს, ხოლო სამეფო ოჯახი მის ბრალდებებს საჯაროდ იშვიათად პასუხობს.

ჩარლზისთვის ეს მხოლოდ რეპუტაციის საკითხი ვერ იქნება — საუბარია საკუთარ შვილთან ურთიერთობაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაძაბული რჩება.

განსაკუთრებით მძიმეა ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც მეფე სიმსივნეს ებრძვის და ცხოვრების იმ ასაკშია, როდესაც ოჯახური სიმშვიდე შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს.

თუმცა ჩარლზის პირად განცდებზე მსჯელობა რთულია, ის ამ საკითხებზე საჯაროდ თითქმის არ საუბრობს.

78 წლის მეფე, რომელიც მუშაობას არ წყვეტს

0dw-da7qubuzb5s9xvuv3twepnsmmbrpntlzcqfuaccfe4mf3xb4r52wfkc3kfdicjjddab3ipsua2aimd6uo3qg5r7fuv2vm-tb7jmn-j8mxl7yhtlc2njfar9j2th7qdop-fxctbg23woxnphrkclect47yv3059zzusqbnadjtwcafxfk679-jsdv9cz1-1794732645.jpeg

2026 წლის 14 ნოემბერს ჩარლზმა 78-ე დაბადების დღე აღნიშნა. იუბილე პრინცმა უილიამმა და კეიტმა მას საჯაროდ მიულოცეს.

დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მეფე ლონდონის კროიდონის რაიონში ადგილობრივ ბაზარსა და ხელოვნების საგანმანათლებლო დაწესებულებას ესტუმრა.

დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩარლზი ელტონ ჯონის რადიოგადაცემაშიც გამოჩნდა. საუბრისას მათ მომღერლის ცნობილი სიმღერა I'm Still Standing („მე ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ“) გაიხსენეს, რომელიც ელტონ ჯონმა 40 წლის წინ ჩარლზის საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერ კონცერტზე შეასრულა.

„იმ დაუვიწყარი კონცერტიდან 40 წლის შემდეგ ჩვენც და ჩვენი ფონდიც ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავართ...აქა-იქ რაღაცები უკვე გვიცვდება. სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად ეს საშინელი პრობლემაა“, - თქვა მეფემ.

დღეს The King's Trust, რომელიც მან ჯერ კიდევ ახალგაზრდა პრინცმა შექმნა, მილიონზე მეტ ახალგაზრდას დახმარებია. ეს იმას ნიშნავს, რომადამიანი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ხშირად აკრიტიკებდნენ, მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა პროექტზე, რომელმაც უამრავ ახალგაზრდას საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა მისცა.

ჩარლზი არასოდეს ყოფილა ისეთი პოპულარული და საყოველთაოდ საყვარელი ფიგურა, როგორიც დედამისი, ელისაბედ II, ან პრინცესა დიანა იყვნენ. მის ცხოვრებაში იყო შეცდომები, რომელთა შედეგებიც სხვებმა მძიმედ გადაიტანეს. მაგრამ იყო შრომა, დისციპლინა და საკუთარი ინტერესების ერთგულებაც.

დღეს ის უკვე ასაკოვანი მეფეა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, ოჯახში არსებულ დაპირისპირებას ვერ აგვარებს და მაინც აგრძელებს იმ მოვალეობის შესრულებას, რომლისთვისაც ბავშვობიდან ამზადებდნენ.

შესაძლოა, ჩარლზის ცხოვრების ყველაზე დიდი პარადოქსიც სწორედ ეს არის: მას დაბადებიდან ყველაფერი ჰქონდა, რაზეც მილიონობით ადამიანი ოცნებობს — სიმდიდრე, სასახლეები, ტიტულები და სამეფო მომავალი. მაგრამ ის, რაც ადამიანისთვის ხშირად ყველაზე ძვირფასია — თავისუფალი არჩევანი, დედასთან გატარებული ბავშვობა, პირადი ბედნიერება და ოჯახური სიმშვიდე — მისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

ჩარლზს შეუძლია საჯაროდ მიყვიროს ისე, რომ ყველამ იფიქროს, არარაობა ვარ... ყველაზე გულწრფელმა სიყვარულმაც კი შეიძლება, უბედურება მოგიტანოს... - ემოციური ჩანაწერები პრინცესა დიანას წიგნიდან
პრინცესა დიანას ფარული რომანი, რომელიც სასახლის დაცვამ ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა, ახლა კი სამეფო ბიოგრაფმა აღწერა: ერთხელ საბარგულითაც შეაპარა სასახლეში...
ცხოვრება პრინცესა დიანას ჩრდილში და საზოგადოების სიძულვილი - კამილა პარკერისა და მეფე ჩარლზის სიყვარულის ამბავი, რომელმაც ყველა ქარტეხილს გაუძლო