ავტომობილით გადაადგილებისას ბავშვის უსაფრთხოება მხოლოდ მძღოლის სიფრთხილეზე არ არის დამოკიდებული - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი სამგზავრო სავარძლის შერჩევას, მის სწორად დამონტაჟებასა და გამოყენების წესების დაცვას. როდიდანაა აუცილებელი ბავშვისთვის სპეციალური სავარძლის გამოყენება, როგორ უნდა შევარჩიოთ ასაკისა და სიმაღლის შესაბამისი მოდელი, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად და რატომ შეიძლება, არასწორად დამონტაჟებულმა სავარძელმა დანიშნულება დაკარგოს - ამ საკითხებზე ორგანიზაცია "Yor Car Seat"-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლანა გიორგიძე, გვესაუბრება.
- სამგზავრო სავარძელი ბავშვისთვის აუცილებელია დაბადებიდან 12 წლამდე. უფრო კონკრეტულად, სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან 12 წლის ასაკამდე. ის ბავშვის სიცოცხლეს 90 პროცენტამდე იცავს, ამიტომ მისი გამოყენება პირველივე დღიდან აუცილებელია.
რა თქმა უნდა, სამგზავრო სავარძლები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. ნულიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მათი წონის, სიმაღლისა და ასაკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის სავარძლებია განკუთვნილი.
სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან ერთი წლის ასაკამდე გამოიყენება კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი, რომელსაც დაცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 90 პროცენტი აქვს. ეს ერთგვარი ჯავშანია, რომელშიც ბავშვი ზუსტად ისეა მოთავსებული, როგორც მუცლად ყოფნისას - ემბრიონის პოზაში.
ასაკის მატებასთან და სავარძლის კატეგორიის ცვლილებასთან ერთად, დაცულობის მაჩვენებელიც თანდათან მცირდება. როდესაც ბავშვი უსაფრთხოების ღვედის გამოყენებაზე გადადის, დაცულობა უკვე 50 პროცენტამდეა. ავტომობილის ღვედის გამოყენება კი 150 სანტიმეტრი სიმაღლიდანაა შესაძლებელი.
მანამდე ბავშვი ეტაპობრივად იცვლის სამგზავრო სავარძლებს. არსებობს უნივერსალური სავარძლებიც, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ საჭიროებას ერგება და მხოლოდ დეტალებია შესაცვლელი. მაგალითად, მას აქვს ახალშობილის ჩანართი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ იხსნება. მოგვიანებით იხსნება ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებიც და ბავშვი უკვე ბუსტერის რეჟიმზე გადადის, როდესაც ავტომობილის უსაფრთხოების ღვედს იყენებს.
თანამედროვე სტანდარტები უსაფრთხოების ძალიან ბევრ ნორმას მოიცავს. თუ ადრე სამგზავრო სავარძლებს მხოლოდ წინა შეჯახების დროს ცდიდნენ, ახლა გვერდითი შეჯახების შემთხვევაშიც მათი გამოცდა სავალდებულო გახდა. ამის მიზეზი ის არის, რომ ავარიების საკმაოდ დიდი პროცენტის დროს ბავშვის დაცვა სწორედ გვერდითი შეჯახებისასაა მნიშვნელოვანი.
თითოეულ ბრენდს აქვს თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტები, რომლებიც გვერდითი დაცვის სისტემასაც მოიცავს. ეს სისტემა თავად სავარძელშია ჩაშენებული და ბავშვს გვერდითი შეჯახების დროსაც იცავს.
ევროკავშირი სავარძლებს ამოწმებს და სერტიფიკატს გასცემს. თუმცა, ეს ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ბრენდის თითოეული მოდელი ცალ-ცალკე მოწმდება. მოწმდება ერთი მოდელი და, თუ ის შემოწმებას წარმატებით გაივლის, თითოეული მომდევნო მოდელიც სერტიფიცირებულად ითვლება.
თუმცა, ყველაზე მაღალი სტანდარტი გერმანულ დამოუკიდებელ ორგანიზაცია ADAC-ს აქვს. არსებობს შვედეთის პლუს ტესტიც, თუმცა ADAC უმაღლესი სტანდარტისაა.
საქართველოში შემოტანილი და გასაყიდი სავარძლების უმრავლესობას ADAC-ის შეფასება უკვე გავლილი აქვს - ზოგი დადებითად არის შეფასებული, ზოგი კი უარყოფითად.
საინტერესოა, როგორ ამოწმებს ADAC სავარძლებს - ის მათ როგორც წინა, ისე გვერდითი შეჯახების დროს ცდის. ამასთანავე, ამოწმებს, ხომ არ შეიცავს სავარძელი ქიმიკატებს ან ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ბავშვისთვის შესაძლოა, საზიანო იყოს. მოკლედ, სავარძელს ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით, საფუძვლიანად ამოწმებს.
უკვე ექვს წელზე მეტია, რაც მშობლებს უსასყიდლოდ ვეხმარებით. თავიდან, სიმართლე გითხრათ, მშობლებს არც ADAC-ის და არც თავად სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობა კარგად არ ესმოდათ.
- არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც ჩვენი გვერდის გამომწერები არიან და წლების განმავლობაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დააგროვეს.
როდესაც ახლა, მეორე ან თუნდაც პირველი შვილისთვის ირჩევენ სავარძელს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ტესტირება გავლილი და კარგი შეფასება მიღებული ჰქონდეს. მათი მოთხოვნები და სტანდარტები გაცილებით მაღალია, ვიდრე ადრე იყო.
თუმცა, ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომლებიც ამბობენ: "ჩემს შვილს სავარძელი არაფერში სჭირდება, იმიტომ, რომ ძალიან კარგი მძღოლი ვარ, მე ეს არ დამემართება, თან ძვირია".
როდესაც 1000-ლარიან სავარძელზე ვსაუბრობთ, რომელიც ბავშვს 12 წლის განმავლობაში იცავს, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია.
მესმის, რა ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოში, თუმცა ავტომობილის შენახვა და საწვავიც არც ისე იაფია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელსაც ავტომობილი ჰყავს და მისი შენახვის შესაძლებლობა აქვს, იმის რესურსიც უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოში სამგზავრო სავარძელი შეიძინოს.
სავარძლები სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი. თუ რომელიმე მოდელის ფასი მიუღებელია, შესაძლებელია სხვა, უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტის მოძებნაც. თუმცა, საბოლოოდ ისევ იმავე არგუმენტს ვუბრუნდებით: "ჩემს შვილს სავარძელი არ სჭირდება". ეს უკვე ამოწურული საკითხია.
- დიახ, ზუსტად ასეა. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სავარძელი სწორად შევარჩიოთ, თუმცა, არანაკლებ აუცილებელია მისი სწორად დამონტაჟება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორად შერჩეული სავარძელიც აზრს კარგავს.
ხშირად მინახავს, რომ სავარძელი გვერდით არის შემობრუნებული და ბავშვიც ასე მგზავრობს. 360-გრადუსიანი ბრუნვის ფუნქცია იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ მშობლებს სავარძლის გამოყენება და ბავშვის ჩასმა-ამოყვანა გაუადვილდეთ და არა იმისთვის, რომ ბავშვი გვერდით მიმართულებით მოვათავსოთ და სასურველი პოზიცია შევურჩიოთ.
აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება. ნულიდან ოთხ წლამდე ბავშვი სახით საბარგულისკენ უნდა იყოს მიმართული - ეს რეკომენდაციაა. ევროპის უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის შვედეთის პლუს ტესტის რეკომენდაციით, რომელიც უკვე ვახსენე, ბავშვმა ამ მდგომარეობაში შვიდ წლამდეც უნდა იმგზავროს. ამგვარად ის მეტადაა დაცული და ხუთჯერ უფრო უსაფრთხოდ მგზავრობს.
თუმცა, ორ წლამდე სავალდებულოა, ბავშვი სახით საბარგულისკენ იყოს მიმართული. რაც უფრო დიდხანს მგზავრობს ამ მდგომარეობაში, მით უკეთესია.
შემდეგ უკვე შესაძლებელია სავარძლის მოძრაობის მიმართულებით შემობრუნება, თუმცა აუცილებელია, ის ყველა წესის დაცვით იყოს დამონტაჟებული. მნიშვნელობა არ აქვს, სავარძელი ღვედით დამონტაჟდება თუ ISOFIX-ით - არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს უსაფრთხოების წესები.
ISOFIX-ით მონტაჟი გაცილებით მარტივია, რადგან სისტემას წითელი და მწვანე ინდიკატორები აქვს. თუ ყველა მაჩვენებელი მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ სავარძელი სწორადაა დამონტაჟებული.
რაც შეეხება ღვედით მონტაჟს, ეს უფრო ძველი სტანდარტია. თუმცა, რადგან საქართველოში ძველი ავტოპარკი გვყავს და ავტომობილების უმრავლესობას ISOFIX-ის სისტემა არ აქვს, აუცილებელია ისეთი სავარძლების არსებობაც, რომელთა დამონტაჟება ღვედითაა შესაძლებელი. ასე სავარძლის გამოყენებას ნებისმიერი ტიპის ავტომობილში შეძლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ღვედით მონტაჟიც შესაძლებელია, ის არ იძლევა იმგვარ ვიზუალურ გარანტიას, როგორსაც ISOFIX-ი, რომლის შემთხვევაშიც ფერადი ინდიკატორებით მარტივად ვხვდებით, სწორად არის თუ არა სავარძელი დამონტაჟებული.
ამიტომ აუცილებელია, მშობლებმა ყველაფერი გადაამოწმონ: სწორ პოზიციაშია თუ არა შიდა ღვედები და თავის დამცავი ბალიშები, ხომ არ არის სავარძლიდან შიდა ჩანართი დროზე ადრე ამოღებული. ბევრი ნიუანსია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.
რაც შეეხება სავარძლის განთავსების ადგილს, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ბავშვების წინა სავარძელზე დასმა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ უკანა სავარძელზე უკვე სხედან ბავშვები (ანუ საუბარია სამზე მეტ შვილზე) ან უკანა სავარძელზე სავარძლის დამონტაჟებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების ბალიშის - ე.წ. აირბაგის - გამორთვა.
მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ აირბაგი გამორთოს და ისე იაროს. აირბაგის ფუნქცია ხომ იცით - მან წინა შეჯახების დროს ზრდასრულები უნდა დაიცვას. თუ აირბაგს არ გავთიშავთ, ბავშვი სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ერთი ასეთი რეალური შემთხვევა მოხდა: ბავშვი წინა სავარძელზე იჯდა, აირბაგი გამორთული იყო, ავარია მოხდა, ბავშვი ერთი წელი კომაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაიღუპა.
ამიტომ ყველა მშობელს მოვუწოდებ, არ გარისკონ და ბავშვი წინა სავარძელზე არ დასვან. უკანა სავარძელი ყველაზე უსაფრთხოა. თუ სავარძლის შუაში დასამონტაჟებლად შესაბამისი, სწორი ზედაპირია, მისი განთავსება იქაც შეიძლება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში - წინ.
თუ უკიდურესი აუცილებლობაა, აირბაგი აუცილებლად უნდა გაითიშოს, თუმცა ეს მაინც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. აირბაგმა შექმნის დღიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მისი გაშლის ძალა პატარა ბავშვისთვის შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.
- ასეთი ფაქტი ძალიან ბევრია - როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში.
ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მახსოვს: მშობელს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, ავტომობილი გადავარდა და ძალიან მძიმედ დაზიანდა. თავად მშობელი თვეების განმავლობაში საავადმყოფოში იწვა, თუმცა გადარჩა. ბავშვს კი, რომელიც სამგზავრო სავარძელში იჯდა, ავარიის მომენტში ეძინა, არც კი გაღვიძებია და ნაკაწრიც არ ჰქონია.
მშობელი უბედნიერესი იყო და მადლობის წერილებს გვიგზავნიდა. ასეთი დადებითი მაგალითები მშობლებზე ძალიან კარგად მოქმედებს.
ამ ქალბატონს სავარძელი შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა შეძენილი და ჩვენთანაც გადაამოწმა. ბავშვი დედის კალთაში რომ ყოფილიყო, ძალიან მძიმე შედეგი დადგებოდა…
ფიზიკის კანონებს ვერ გავექცევით: შეჯახებისას ჩვენი სხეულის მუხტი ბავშვს წინ ისვრის. ამიტომ არანაირი ფინანსური დანახარჯი არ ღირს იმად, რომ ბავშვის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.
ხშირად მეკითხებიან: "მაშინ რა ვქნათ, ტაქსით რომ მიგვყავს ბავშვი და სავარძელი არ აქვთო?"
ნულოვანი კატეგორიის (13 კილოგრამამდე) სავარძლის ტარება ძალიან მარტივია და მშობელს შეუძლია, ის თან ჰქონდეს. პრობლემა შემდეგი კატეგორიებიდან იწყება, როდესაც საუბარი 15 კილოგრამამდე და უფრო მეტ წონაზეა.
ამიტომ ტაქსის კომპანიებს თითოეული კატეგორიისთვის შესაბამისი, გამართული სავარძლები უნდა ჰქონდეთ. არსებულ კომპანიებს ვუკავშირდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს ეს სერვისი სათანადოდ არ აქვს მოწესრიგებული.
იგივე ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც - მეტროსა და ავტობუსს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვისთვის გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სამარშრუტო ტაქსი, სადაც მკვეთრი დამუხრუჭებისას მგზავრი შეიძლება, გადმოვარდეს კიდეც.
რაც შეეხება კერძო ავტომობილებსა და ტაქსებს, ამ საკითხზე მშობელმა აუცილებლად თავად უნდა იზრუნოს. მნიშვნელობა არ აქვს, ასი კილომეტრით შორს მიდიხართ თუ უბრალოდ, უბანში გადაადგილდებით. ავარიები უბანშიც ხდება.
- ზოგადი სტანდარტით, ბავშვს სამგზავრო სავარძელი ნულიდან 12 წლამდე სჭირდება. რვა წლიდან უკვე ამაღლებელი ბალიში (ბუსტერი) არის საჭირო, რათა ღვედმა სწორად გაიაროს და ბავშვს კისერთან არ მოხვდეს.
თუ ბავშვმა 150 სანტიმეტრს მიაღწია (მაგალითად, 10 წლის ასაკში), შესაძლებელია, სავარძელი აღარ გამოიყენოს და ავტომობილის ჩვეულებრივი ღვედით ისარგებლოს.
თუმცა, მთავარი წესი ასეთია: ღვედი ბავშვის მკერდთან უნდა გადიოდეს და არა კისერთან. თუ ღვედი კისერზე გადის, ეს არასწორია - შეჯახებისას მან შესაძლოა კისერი დაუზიანოს და ფატალური შედეგიც გამოიწვიოს.
- ჩემი მთავარი რჩევაა, საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე თავად იზრუნონ. არ გაითვალისწინონ სხვა ადამიანების რჩევები, მათ შორის ოჯახის წევრების მოსაზრებაც, თითქოს, სამგზავრო სავარძელი "ზედმეტი მარკეტინგული ხარჯია".
მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა ხშირად სახლთან ახლოს ხდება. ამიტომ, ბავშვების უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტად სწორედ იმ ადგილას უნდა ვიზრუნოთ, სადაც ისინი უფრო დაუცველები არიან, რადგან ჩვენი შვილების სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. არ დასვათ ბავშვები საჭესთან, ასევე, ნუ დასვამთ მძღოლის გვერდით. ალბათ, არაერთხელ გვინახავს, ფანჯრიდან ნახევარი ტანით გადმოწოლილი ბავშვები. მინდა, მშობლებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა. სტატისტიკა შემაშფოთებელი და სამწუხაროა და ეს მხოლოდ რიცხვები არ არის. ეს თითოეული ოჯახისა და მთელი საქართველოს ტრაგედიაა, რომ ამდენი ბავშვი იღუპება ყოველწლიურად იმის გამო, რომ ისინი სამგზავრო სავარძელში არ ისხდნენ. გარდა ფატალური შემთხვევებისა, მძიმედ დაზიანების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიცაა. ბავშვები ხშირად იღებენ ისეთ დაზიანებებს, რომ მთელი ცხოვრება შშმ პირის სტატუსი აქვთ. თუ სავარძელს სწორად შევარჩევთ, დავამონტაჟებთ და გამოვიყენებთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს, ჩვენს შვილებს, მნიშვნელოვნად დავიცავთ.