"სამგზავრო სავარძელი ფატალურ შედეგებს 90%-მდე ამცირებს" - სპეციალისტი საუბრობს, რატომ არის ბავშვის ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მისი სწორად შერჩევა და დამონტაჟება აუცილებელი - მშობლები

"სამგზავრო სავარძელი ფატალურ შედეგებს 90%-მდე ამცირებს" - სპეციალისტი საუბრობს, რატომ არის ბავშვის ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მისი სწორად შერჩევა და დამონტაჟება აუცილებელი

2026-11-09 09:03:33+04:00

როგორ უნდა დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მანქანით გადაადგილებისას, რა როლი აკისრია ამ პროცესში სამგზავრო სავარძელს და რატომ არის დაუშვებელი მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანა ყოველგვარი დამცავი ატრიბუტიკის გარეშე - თემაზე ორგანიზაცია "Yor Car Seat"-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლანა გიორგიძე, გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს:

- არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენად ამცირებს სამგზავრო სავარძელი ბავშვების დაზიანების რისკს?

- სამგზავრო სავარძელი ფატალურ შედეგებს 90%-მდე ამცირებს. რაც უფრო გადავდივართ სხვა საფეხურზე, უსაფრთხოების დონე იკლებს და ჩვეულებრივი ღვედი ადამიანს მხოლოდ 50%-მდე იცავს. ამიტომ, შესაბამისი სამგზავრო სავარძელი აუცილებელია 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რათა ავტომობილში მათი მაქსიმალური უსაფრთხოება დაცული იყოს.

- ერთია სავარძელი და ღვედი, რომლებიც ასაკის მიხედვით იცვლება და მათ შორის ეგრეთ წოდებული ბუსტერიაცაა, მაგრამ 80-90%-იან დაცვას მხოლოდ სავარძელი ვერ უზრუნველყოფს, თუ ის სწორად არ არის დამონტაჟებული. რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა შევარჩიოთ ის სწორად?

- სწორად აღნიშნეთ - სავარძლის შეძენა პირველი ნაბიჯია, ხოლო მისი სწორად დამონტაჟება - მეორე და აუცილებელი პირობა. არასწორად დამონტაჟებული სავარძელი აზრს კარგავს, რადგან მას სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ბავშვის სიცოცხლეს იცავს მხოლოდ კომპლექსურად, სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სავარძელი და არა უბრალოდ მანქანაში მოთავსებული საგანი. მშობლები ხშირად გვიგზავნიან ფოტოებს, რომლებზეც ჩანს, რომ სავარძელი უბრალოდ დევს ან არასწორი მიმართულებითაა მიმართული და ბავშვი საქარე მინას უყურებს.

- აქვე ვახსენოთ ტერმინი "Isofix" - სისტემა, რომლის საშუალებითაც სავარძელი ავტომობილში მაგრდება. ყველა ავტომობილს არ აქვს ეს ფუნქცია: ზოგს აქვს, ზოგს კი - არა.

- 2003-2005 წლების შემდეგ გამოშვებულ ავტომობილებს, ძირითადად, "Isofix"-ის მხარდაჭერა აქვთ. მშობლებმა ხშირად არ იციან ეს დეტალი, გვიგზავნიან ფოტოებს, ჩვენ ვამოწმებთ ავტომობილის მონაცემებს და ვურჩევთ, შეიძინონ თუ არა კონკრეტული სავარძელი.

- სავარძლის მიმართულებაზეც შევჩერდეთ. ზოგჯერ ბავშვი ისე ზის, რომ საქარე მინას უყურებს, ანუ სახით წინ არის მიმართული. რა ასაკამდეა აუცილებელი, რომ ბავშვი საბარგულისკენ იყოს შებრუნებული?

- 0-დან 2 წლამდე ბავშვი აუცილებლად სახით საბარგულისკენ უნდა იჯდეს. იმიტომ, რომ ამ პოზიციაში ის ხუთჯერ უფრო უსაფრთხოდ მგზავრობს. შეჯახებისას ძირითადი დატვირთვა კისერსა და თავზე მოდის, ამიტომ წინ მიმართულებით ჯდომამ შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიღოს.

- საპირისპირო პოზიციაში კი დარტყმის ძალა მთლიანად სავარძელზე გადადის.

- დიახ, თავის წინ წამოსვლის რისკი ხუთჯერ მცირდება და ბავშვს გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

- სავარძლის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასაკი, არამედ ბავშვის წონა და სიმაღლეც?

- თანამედროვე, ევროსერტიფიცირებული სავარძლები ძირითადად ასაკისა და სიმაღლის მიხედვით განისაზღვრება, წონა კი მეორეხარისხოვანი გახდა. არსებობს როგორც 0-დან 12 წლამდე ასაკისთვის განკუთვნილი უნივერსალური სავარძლები, ისე სიმაღლისა და ასაკის მიხედვით დაყოფილი მოდელები.

- რას ნიშნავს დამაგრების წერტილები? აქვთ თუ არა განსხვავება ძვირიან და იაფფასიან მოდელებს შორის?

- საქმე ფასში არ არის. მთავარია ბრენდის რეპუტაცია, უსაფრთხოების ტესტები და სერტიფიცირება. კარგი ბრენდები გადიან არა მხოლოდ ევროსერტიფიკატის სტანდარტებით გათვალისწინებულ შემოწმებას, არამედ დამოუკიდებელი ორგანიზაციების ქრაშტესტებსაც - როგორც წინა, ისე გვერდითი შეჯახების მიმართულებით. ასეთ ბრენდებს მშობლები თვალდახუჭული უნდა ენდონ.

კარგი სავარძელი, მაგალითად, 0-დან 7 წლამდე ასაკისთვის განკუთვნილი მოდელი, უზრუნველყოფს როგორც თავის, ისე მხრების დაცვას და აქვს "Isofix"-ის სისტემა. შეჯახებისას ენერგიას სავარძლის შიგნით არსებული სპეციალური ქაფი ანაწილებს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სავარძლის შესაბამისი დეტალების სწორად გამოყენება. მაგალითად, ახალშობილის ჩანართი მაშინ ამოიღება, როდესაც ბავშვი იზრდება. 105 სანტიმეტრის სიმაღლის მიღწევისას იხსნება შიდა ხუთწერტილოვანი ღვედები და ბავშვი ავტომობილის ძირითადი ღვედის გამოყენებაზე გადადის.

არსებობს სავარძლის დამატებითი ფეხიც, რომელიც მის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ბავშვის სახით საბარგულისკენ ჯდომას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ფეხები მოხრილი აქვს, ეს დისკომფორტს არ უქმნის. 360 გრადუსით ბრუნავს სამგზავრო სავარძელი. უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია, ეს პოზიცია რაც შეიძლება დიდხანს - მინიმუმ 4, ან თუნდაც 7 წლამდე - შენარჩუნდეს.

ფსიქოლოგების აზრითაც, მოხრილი ფეხებით ჯდომა ბავშვისთვის დისკომფორტს არ წარმოადგენს. ხოლო თუ ბავშვს მგზავრობისას გულისრევის შეგრძნება აქვს, რეკომენდებულია, მგზავრობა მოკლე მანძილებიდან დავიწყოთ და შემდეგ თანდათან გავზარდოთ. საერთაშორისოდ გავრცელებული რეკომენდაციაა საქანელას გამოყენების პრინციპი. როდესაც ბავშვი საქანელაზე ზის, შემდეგ ავტომობილში რყევის დროს ღებინების შეგრძნება მცირდება.

- როდის გადადის ბავშვი ბუსტერზე და შემდეგ უკვე ჩვეულებრივ სავარძელზე?

- 8 წლის ასაკიდან (ან შესაბამისი წონისა და სიმაღლის მიხედვით) ბავშვი გადადის ასამაღლებელ ბალიშზე - ბუსტერზე, ხოლო 12 წლიდან და 150 სანტიმეტრი სიმაღლიდან უკვე ჩვეულებრივი ავტომობილის ღვედით სარგებლობს. თუ, მაგალითად, 10 წლის ბავშვი, 150 სმ-ია, მას შეუძლია, უსაფრთოების ღვედი გამოიყენოს. მთავარია, ღვედი სწორად გადიოდეს ბავშვის მკერდზე და არა კისერზე. თუ ღვედი კისერთან ხვდება, ეს ნიშნავს, რომ ის არასწორადაა დაფიქსირებული. რაც სერტიფიცირებული და საერთაშორისოდ აღიარებული საშუალებებია, მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

როგორ უნდა შეარჩიოთ სამგზავრო სავარძელი ბავშვისთვის
საბურავებზე დაამონტაჟა სავარძელი, რომელიც ველოსიპედზე მიაერთა - ბათუმელმა მამამ ბავშვების გასეირნების კრეატიული ხერხს მიაგნო