ვერაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა თათია ჩირგაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს:
მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!
ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. “რეზბალნიცაზე”, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!
ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც.
სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.
მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი, თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“ - თითი „სტკივა“?"
-
მკვლელობა 2026 წლის 22 ივლისს თბილისში, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მოხდა. სროლის შედეგად 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. 23 ივლისს სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ კაპანაძე დააკავეს. სასამართლომ კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში, სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში, პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში. ბოლო მონაცემებით, გამოძიების ვადა გახანგრძლივდა და 27 ოქტომბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომა გადაიდო. პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა, კაპანაძე კი პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ბრალდებულის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა გაცემული არ არის.